ნათია თურნავა

თურნავა: ლარის მცირედით გაძვირებამ, შესაძლოა, ნეგატიურად იმოქმედოს ეკონომიკურ ზრდაზე 

49
(განახლებულია 08:51 25.10.2019)
მთავრობას  ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიმართულებით რიგი ღონისძიებები აქვს დაგეგმილი

 

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik.  ლარში სასესხო რესურსების გაძვირება ნეგატიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა, ამის დაბალანსება რამდენიმე გზით შეიძლება, განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. 

ეროვნულმა ბანკმა 23 ოქტომბერს რეფინანსირების განაკვეთი  1 პროცენტული პუნქტით 8,5%–მდე გაზარდა.

თურნავას სიტყვებით, ეროვნული ბანკის ძირითადი ქმედებები ორიენტირებულია ინფლაციის პრევენციაზე. აღნიშნული პროცესი ძალზე მნიშვნელოვანია ქვეყნისა და მისი მოქალაქეებისთვის, რათა სამომხმარებლო პროდუქციის გაძვირების თავიდან აცილების მიზნით პროფილაქტიკური ღონისძიებები გატარდეს.

 „რა თქმა უნდა, შეიძლება ლარის რესურსის ცოტაოდენმა გაძვირებამ გარკვეული ნეგატიური ზემოქმედება იქონიოს ეკონომიკურ ზრდაზე, მაგრამ მერწმუნეთ, არსებობს სხვა ფაქტორები, რომლითაც შეიძლება ვეცადოთ და დავაბალანსოთ ეს“, – განაცხადა თურნავამ.

ღონისძიებებს შორის მან დაასახელა  სახელმწიფო ქონების, უმოქმედო აქტივების უფრო სწრაფი ჩართვა ეკონომიკურ საქმიანობაში, მიწის რეგისტრაცია  და სხვა.

 „აქედან გამომდინარე, გვაქვს მთელი კომპლექსი ღონისძიებების, რომელსაც ვახორციელებთ, რათა ეკონომიკური ზრდა დაჩქარდეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის სიტყვებით, მთელი ეკონომიკური გუნდი მუშაობს იმაზე, რომ განხორციელდეს ინფლაციის პრევენცია და  შენარჩუნდეს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები.

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი  პირველად 4 სექტემბერს (6,5%-დან 7%-მდე) გაზარდა, მეორედ კი 25 სექტემბერს (7,5%-მდე).  27 სექტემბერს კი, როდესაც ლარმა ახალი ანტირეკორდი (2,9808 GEL/$1) მოხსნა, ეროვნულმა ბანკმა საკუთარი რეზერვებიდან 40 მლნ დოლარი გაყიდა.  მთავრობამ მხარი დაუჭირა ეროვნული ვალუტის გამყარების მიზნით გატარებულ ღონისძიებებს, თუმცა, ამ შემთხვევაში შედეგი მოკლევადიანი იყო.

რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.

49
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (649)
კაფე

შემოსავლიანი ვიზიტორები საზღვარს უპრობლემოდ გადმოკვეთენ: მთავრობის ახალი ინიციატივა

44
(განახლებულია 15:23 16.07.2020)
მთავრობა გამონაკლისის წესით დაუშვებს ყველა ქვეყნის მოქალაქის საზღვრის კვეთას, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე სულ მცირე, ექვსი თვით ცხოვრების უფლება ექნება.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. უცხოეთის მოქალაქეებს, რომლებიც თვითდასაქმებული არიან, ან შეუძლიათ საკუთარი ბიზნესის მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მართვა, შესაძლებლობა ეძლევათ საქართველოში განსაკუთრებული რეჟიმით შემოვიდნენ, იუწყება საქართველოს ეკნომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

შესაბამისი გადაწყვეტილება, ქვეყნის ეტაპობრივი გახსნის სტრატეგიის ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მოამზადა.

პროექტი გათვლილია იმ უცხოელებზე, რომლებიც არიან ფრილანსერები (თვითდასაქმებულები), მუშაობენ დისტანციურად, ან შეუძლიათ საკუთარი ბიზნესი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მართონ.

„ჩვენ ამ მიზნობრივ აუდიტორიას ვიწვევთ საქართველოში და სპეციალური პირობებით ჩვენს ქვეყანაში ცხოვრებას ვთავაზობთ. საქართველოს მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი აქვს და ჩვენ ამ შესაძლებლობის გამოყენება გვინდა – საუბარია საზღვრის გახსნაზე ისე, რომ ერთი მხრივ, მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა ჯანმრთელობა, მაგრამ, მეორე მხრივ, საქართველოში შემოვუშვათ უკლებლივ ყველა ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ზემოხსენებულ კატეგორიას მიეკუთვნება", – განაცხადა ნათია თურნავამ.

პროექტის თანახმად, მთავრობა გამონაკლისის წესით დაუშვებს ყველა ქვეყნის მოქალაქის საზღვრის კვეთას, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე სულ მცირე, ექვსი თვით ცხოვრების უფლება ექნება.

საქართველოში გრძელვადიანი პერიოდით ყოფნის მსურველებისთვის შემუშავდა განაცხადების მიღების ელექტრონული პლატფორმა.

გრძელვადიანი პერიოდით ვიზიტორის ქვეყანაში შემოსვლისთვის სავალდებულოა სამივე კატეგორიის მოგზაურმა შეავსოს სავალდებულო აპლიკაცია და მიიღოს ქვეყნის საზღვრის კვეთისთვის საჭირო წინასწარი დასტური. განცხადებაში პირები წარმოადგენენ პირად ინფორმაციას, ცნობას დამსაქმებლის ან კონტრაქტორის შესახებ, წინასწარ დასტურს სავალდებულო 14-დღიანი კარანტინის გავლის თაობაზე და ა.შ.

ე.წ. გრძელვადიანი ვიზიტორები 14-დღიან კარანტინს კომერციული ტარიფით, საკუთარი ხარჯით გაივლიან, ასევე განიხილება ექვსთვიანი სამოგზაურო დაზღვევის ქონა.

თურნავას თქმით, ინიციატივის წყალობით, საქართველოში ფინანსურად უფრო შეძლებული ვიზიტორები შეძლებენ ჩამოსვლას.

„ეს ადამიანები საქართველოში დიდი ხნით იცხოვრებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დავეხმარებით ბინის გაქირავების ბიზნესსაც, რომელიც პანდემიამ ძალიან დააზარალა, ასევე სასტუმროების სექტორს კარანტინის დროს, სარესტორნო ბიზნესს და სხვ. პროექტი ხელს შეუწყობს ასევე ტურისტულ კომპანიებს, ტრანსპორტისა და გიდების სერვისების აქტიურად გამოყენებას, რადგან გრძელვადიანი ვიზიტორები ქვეყანაში მხარჯველუნარიანი ტურისტები იქნებიან", – განაცხადა თურნავამ.

პროექტი საჯარო განხილვაზე უახლოეს დღეებში გავა, რათა მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენლებს ჰქონდეთ საშუალება, დაიწყონ აპლიკაციების შევსება, იმოგზაურონ საქართველოში და საკუთარი ბიზნეს-საქმიანობა აქედან აწარმოონ.

44
თემები:
COVID-19 საქართველოში
გიორგი გახარია

გახარია: სახელმწიფო გააგრძელებს შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების დახმარებას

105
(განახლებულია 18:42 16.07.2020)
პრემიერი, მთლიანობაში, კმაყოფილია იმით, თუ როგორ უმკლავდება ქვეყნის ეკონომიკა კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილ ვითარებას და როგორ გამოდის კრიზისიდან.

თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. მთავრობა მოიზიდავს საჭირო ფინანსურ რესურსებს, რათა კიდევ ერთხელ დაეხმაროს მოქალაქეებს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ხუთშაბათს.

„რქაწითელი" და „კახური მწვანე": მთავრობა რთვლის სუბსიდირებას გეგმავს>>

სახელმწიფოსგან სოციალური დახმარების პაკეტებით ამ დროისთვის უკვე ისარგებლა 721 ათასმა მოქალაქემ. ფულად კომპენსაციებს, მათ შორის, იღებენ თვითდასაქმებულები, ასევე ის დასაქმებულები, რომლებმაც შემოსავალი ან სამუშაო პანდემიის დროს დაკარგეს. გარდა ამისა, ერთჯერად დახმარებას იღებენ ის მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში სეზონურად მუშაობდნენ.

„მიუხედავად იმ შედარებით პოზიტიური ტენდენციისა, რომელსაც დღეს ქართული ეკონომიკა აჩვენებს, რა თქმა უნდა, პანდემიის შოკის ზემოქმედება ჩვენს ეკონომიკაზე მინიმუმ წლის ბოლომდე გაგრძელდება. ამიტომ ჩვენ შეძლებისდაგვარად კიდევ ერთხელ უნდა გადავამოწმოთ ყველა სოციალური ჯგუფი და სადაც განსაკუთრებული აუცილებლობა არსებობს, მოვიზიდოთ რესურსები იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს მივეხმაროთ“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერმა ფინანსთა სამინისტროს დაავალა, გადახედოს იმ მოქალაქეების სიას, რომლებსაც სახელმწიფო სოციალურ მიზნობრივ დახმარებას უწევს და იფიქროს, რისი გაკეთება შეიძლება დამატებით მათთვის.

ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობა დინამიკურად ვითარდება. მისი თქმით, სახელმწიფოს დახმარების პროგრამით უკვე 70 ათასზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა. პრემიერმა სოფლის მეურნეობის მინისტრს რთვლისა და თხილის მოსავლის აღების სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით ამ სფეროებისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა დაავალა.

პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ გუშინ თელავისა და ყვარლის რაიონებში სეტყვისგან რამდენიმე სოფელი დაზარალდა და პირობა დადო, რომ მთავრობა ფერმერებზე იზრუნებს.

ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც ველოდებოდით

მიუხედავად ნეგატიური მოლოდინებისა, საქართველოს ეკონომიკაში გარკვეული პოზიტიური ძვრები შეინიშნება, ასევე აშკარად იზრდება აქტიურობა ტურისტული სექტორის მიღმა. დადებითი მაჩვენებლებია ფინანსურ სექტორში როგორც საგადასახადო შემოსავლების, ისე მიმდინარე ანგარიშის ბალანსის თვალსაზრისით. ეს საკითხები გამოყო პრემიერმა.

„უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ექსპორტში, მიუხედავად ჩვენი პესიმისტური საპროგნოზო ციფრებისა, თუ არ ჩავთვლით რეექსპორტს, რაც პირველ რიგში აჩვენებს ეკონომიკის მდგომარეობას რეგიონში, ექსპორტის კლება არის დაახლოებით 6-7 პროცენტი, ჩვენი გათვლები უფრო პესიმისტური იყო“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, რამდენიმე დარგში, განსაკუთრებით სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის გამოცხადების შემდეგ, აშკარად გაიზარდა აქტიურობა. მაგალითად, სამშენებლო სექტორში ბოლო თვეებში მნიშვნელოვნად გაიზარდა უძრავი ქონების გაყიდვები.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ეს იმის შედეგია, რომ ქვეყანამ მოქალაქეებთან ერთად მოახერხა და კიდევ ახერხებს კორონავირუსის ეფექტურ მართვას და ეს „არის გასაღები შემდგომი ეკონომიკური სწრაფი და ეფექტური აღდგენის“.

105
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (649)
ხანდაზმული მამაკაცები კოტე აფხაზის ქუჩაზე

პანდემიის შედეგად კომპენსაციის სახით 80 მილიონ ლარზე მეტი გაიცა

0
(განახლებულია 20:07 16.07.2020)
სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა პირველ აგვისტომდე გახანგრძლივდა.

თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. პანდემიის დროს დაზარალებულებზე კომპენსაციის სახით უკვე 80 883 700 ლარი გაიცა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 16 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 215 826 პირი. მათგან 121 525 პირმა მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 36 457 500 ლარი.

რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, სააგენტოს ინფორმაციით, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 221 131 პირს. გადარიცხული თანხა შეადგენს 44 426 200 ლარს, აქედან მაისის თვის კომპენსაცია – 14 426 200 ლარი 72 131 პირზე და ივნისის თვის კომპენსაცია – 30 მლნ ლარი 150 000 პირზე. თანხები ეტაპობრივად ირიცხება.

სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა პირველ აგვისტომდე გახანგრძლივდა. უკვე რეგისტრირებულ პირებსაც ეძლევათ შესაძლებლობა, არასრული/დაუზუსტებელი მიმაგრებული დოკუმენტაცია განაახლონ 2020 წლის პირველ აგვისტომდე.

ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეების სოციალური დახმარების პროგრამის მიზნობრიობა თვითდასაქმებულების ნაწილში გაფართოვდა და დახმარებით საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანებიც სარგებლობენ.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში