ბანკომატი

ეროვნული ბანკის პოლიტიკის გამკაცრება ეკონომიკაზე შეიძლება უარყოფითად აისახოს

44
(განახლებულია 10:05 25.10.2019)
საქართველოში რეფინანსირების განაკვეთის ზრდა კრედიტების საპროცენტო განაკვეთის გაზრდასაც გამოიწვევს

 

თბილისი, 25 ოქტომბერი - Sputnik. რეფინანსირების განაკვეთის მორიგი ზრდა გამოიწვევს როგორც დადებით, ისე უარყოფით შედეგებს, აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებისა და ბანკების“ ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში. 

ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, სექტემბრიდან მოყოლებული, უკვე მესამედ გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა. ამჯერად რეფინანსირების განაკვეთი 8,5%-მდე გაიზარდა.

ნახევარ წელიწადში ლარის კურსი დოლართან მიმართებით 10%-ით გაუფასურდა და დღეს დაფიქსირებულია ნიშნულზე - 2,9515 GEL/$1.

„საზოგადოებისა და ბანკების“ წარმომადგენელთა აზრით, უკვე გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებში, რეფინანსირების განაკვეთის კიდევ უფრო ზრდა დიდ ტვირთად დააწვება როგორც მომხმარებელს, ასევე ქვეყნის ეკონომიკას. რეფინანსირების ასეთი მაღალი ნიშნული არ დაფიქსირებულა 2008 წლის შემდეგ, როდესაც რთული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, რეფინანსირების განაკვეთი კლების ტენდენციით ხასიათდებოდა“, - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

 „რეფინანსირების განაკვეთის 8,5%-მდე ზრდას ექნება როგორც დადებითი, ისე უარყოფითი შედეგები“, - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა აზრით, დადებითი შედეგები იქნება ინფლაციაზე წნეხის შემცირება ერთი ან ორი კვარტალის პერიოდში და ლარის კურსზე წნეხის შემცირება. 

რეფინანსირების განაკვეთის ზრდის მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებია: სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზრდა, ლარიზაციის პოლიტიკის შეფერხება, ეკონომიკური აქტივობის შენელება, ლარის რესურსის გაძვირება და კიდევ უფრო შეზღუდული წვდომა  ფინანსებზე.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, 1 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 5310 მლნ ლარის მოცულობის 102 700 სესხია გაცემული, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული კრედიტები:

კრედიტების სახეები   კრედიტების რაოდენობა კრედიტების მოცულობა
იპოთეკური    37,5 ათასი     1,7 მლრდ ლარი
ბიზნეს–კრედიტები     33,1 ათასი      2,7 მლრდ ლარი
სამომხმარებლო     28,3 ათასი    667,1 მლნ ლარი
ავტოკრედიტი   800      12,9 ათასი ლარი

გაურკვეველი მიზნობრიობის კრედიტი

  2,8 ათასი       71,6 მლნ ლარი

 ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე და მთავრობა ლარის გაუფასურებას უკავშირებენ „საგარეო შოკს“, კერძოდ, ტურისტების რაოდენობის ზრდის მოლოდინს, რომელიც არ გამართლდა.

რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტია და ფინანსურ სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად მიიჩნევა.

44
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (649)
კაფე

შემოსავლიანი ვიზიტორები საზღვარს უპრობლემოდ გადმოკვეთენ: მთავრობის ახალი ინიციატივა

43
(განახლებულია 15:23 16.07.2020)
მთავრობა გამონაკლისის წესით დაუშვებს ყველა ქვეყნის მოქალაქის საზღვრის კვეთას, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე სულ მცირე, ექვსი თვით ცხოვრების უფლება ექნება.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. უცხოეთის მოქალაქეებს, რომლებიც თვითდასაქმებული არიან, ან შეუძლიათ საკუთარი ბიზნესის მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მართვა, შესაძლებლობა ეძლევათ საქართველოში განსაკუთრებული რეჟიმით შემოვიდნენ, იუწყება საქართველოს ეკნომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

შესაბამისი გადაწყვეტილება, ქვეყნის ეტაპობრივი გახსნის სტრატეგიის ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მოამზადა.

პროექტი გათვლილია იმ უცხოელებზე, რომლებიც არიან ფრილანსერები (თვითდასაქმებულები), მუშაობენ დისტანციურად, ან შეუძლიათ საკუთარი ბიზნესი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მართონ.

„ჩვენ ამ მიზნობრივ აუდიტორიას ვიწვევთ საქართველოში და სპეციალური პირობებით ჩვენს ქვეყანაში ცხოვრებას ვთავაზობთ. საქართველოს მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი აქვს და ჩვენ ამ შესაძლებლობის გამოყენება გვინდა – საუბარია საზღვრის გახსნაზე ისე, რომ ერთი მხრივ, მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა ჯანმრთელობა, მაგრამ, მეორე მხრივ, საქართველოში შემოვუშვათ უკლებლივ ყველა ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ზემოხსენებულ კატეგორიას მიეკუთვნება", – განაცხადა ნათია თურნავამ.

პროექტის თანახმად, მთავრობა გამონაკლისის წესით დაუშვებს ყველა ქვეყნის მოქალაქის საზღვრის კვეთას, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე სულ მცირე, ექვსი თვით ცხოვრების უფლება ექნება.

საქართველოში გრძელვადიანი პერიოდით ყოფნის მსურველებისთვის შემუშავდა განაცხადების მიღების ელექტრონული პლატფორმა.

გრძელვადიანი პერიოდით ვიზიტორის ქვეყანაში შემოსვლისთვის სავალდებულოა სამივე კატეგორიის მოგზაურმა შეავსოს სავალდებულო აპლიკაცია და მიიღოს ქვეყნის საზღვრის კვეთისთვის საჭირო წინასწარი დასტური. განცხადებაში პირები წარმოადგენენ პირად ინფორმაციას, ცნობას დამსაქმებლის ან კონტრაქტორის შესახებ, წინასწარ დასტურს სავალდებულო 14-დღიანი კარანტინის გავლის თაობაზე და ა.შ.

ე.წ. გრძელვადიანი ვიზიტორები 14-დღიან კარანტინს კომერციული ტარიფით, საკუთარი ხარჯით გაივლიან, ასევე განიხილება ექვსთვიანი სამოგზაურო დაზღვევის ქონა.

თურნავას თქმით, ინიციატივის წყალობით, საქართველოში ფინანსურად უფრო შეძლებული ვიზიტორები შეძლებენ ჩამოსვლას.

„ეს ადამიანები საქართველოში დიდი ხნით იცხოვრებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დავეხმარებით ბინის გაქირავების ბიზნესსაც, რომელიც პანდემიამ ძალიან დააზარალა, ასევე სასტუმროების სექტორს კარანტინის დროს, სარესტორნო ბიზნესს და სხვ. პროექტი ხელს შეუწყობს ასევე ტურისტულ კომპანიებს, ტრანსპორტისა და გიდების სერვისების აქტიურად გამოყენებას, რადგან გრძელვადიანი ვიზიტორები ქვეყანაში მხარჯველუნარიანი ტურისტები იქნებიან", – განაცხადა თურნავამ.

პროექტი საჯარო განხილვაზე უახლოეს დღეებში გავა, რათა მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენლებს ჰქონდეთ საშუალება, დაიწყონ აპლიკაციების შევსება, იმოგზაურონ საქართველოში და საკუთარი ბიზნეს-საქმიანობა აქედან აწარმოონ.

43
თემები:
COVID-19 საქართველოში
გიორგი გახარია

გახარია: სახელმწიფო გააგრძელებს შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების დახმარებას

101
(განახლებულია 18:42 16.07.2020)
პრემიერი, მთლიანობაში, კმაყოფილია იმით, თუ როგორ უმკლავდება ქვეყნის ეკონომიკა კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილ ვითარებას და როგორ გამოდის კრიზისიდან.

თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. მთავრობა მოიზიდავს საჭირო ფინანსურ რესურსებს, რათა კიდევ ერთხელ დაეხმაროს მოქალაქეებს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ხუთშაბათს.

„რქაწითელი" და „კახური მწვანე": მთავრობა რთვლის სუბსიდირებას გეგმავს>>

სახელმწიფოსგან სოციალური დახმარების პაკეტებით ამ დროისთვის უკვე ისარგებლა 721 ათასმა მოქალაქემ. ფულად კომპენსაციებს, მათ შორის, იღებენ თვითდასაქმებულები, ასევე ის დასაქმებულები, რომლებმაც შემოსავალი ან სამუშაო პანდემიის დროს დაკარგეს. გარდა ამისა, ერთჯერად დახმარებას იღებენ ის მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში სეზონურად მუშაობდნენ.

„მიუხედავად იმ შედარებით პოზიტიური ტენდენციისა, რომელსაც დღეს ქართული ეკონომიკა აჩვენებს, რა თქმა უნდა, პანდემიის შოკის ზემოქმედება ჩვენს ეკონომიკაზე მინიმუმ წლის ბოლომდე გაგრძელდება. ამიტომ ჩვენ შეძლებისდაგვარად კიდევ ერთხელ უნდა გადავამოწმოთ ყველა სოციალური ჯგუფი და სადაც განსაკუთრებული აუცილებლობა არსებობს, მოვიზიდოთ რესურსები იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს მივეხმაროთ“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერმა ფინანსთა სამინისტროს დაავალა, გადახედოს იმ მოქალაქეების სიას, რომლებსაც სახელმწიფო სოციალურ მიზნობრივ დახმარებას უწევს და იფიქროს, რისი გაკეთება შეიძლება დამატებით მათთვის.

ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობა დინამიკურად ვითარდება. მისი თქმით, სახელმწიფოს დახმარების პროგრამით უკვე 70 ათასზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა. პრემიერმა სოფლის მეურნეობის მინისტრს რთვლისა და თხილის მოსავლის აღების სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით ამ სფეროებისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა დაავალა.

პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ გუშინ თელავისა და ყვარლის რაიონებში სეტყვისგან რამდენიმე სოფელი დაზარალდა და პირობა დადო, რომ მთავრობა ფერმერებზე იზრუნებს.

ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც ველოდებოდით

მიუხედავად ნეგატიური მოლოდინებისა, საქართველოს ეკონომიკაში გარკვეული პოზიტიური ძვრები შეინიშნება, ასევე აშკარად იზრდება აქტიურობა ტურისტული სექტორის მიღმა. დადებითი მაჩვენებლებია ფინანსურ სექტორში როგორც საგადასახადო შემოსავლების, ისე მიმდინარე ანგარიშის ბალანსის თვალსაზრისით. ეს საკითხები გამოყო პრემიერმა.

„უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ექსპორტში, მიუხედავად ჩვენი პესიმისტური საპროგნოზო ციფრებისა, თუ არ ჩავთვლით რეექსპორტს, რაც პირველ რიგში აჩვენებს ეკონომიკის მდგომარეობას რეგიონში, ექსპორტის კლება არის დაახლოებით 6-7 პროცენტი, ჩვენი გათვლები უფრო პესიმისტური იყო“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, რამდენიმე დარგში, განსაკუთრებით სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის გამოცხადების შემდეგ, აშკარად გაიზარდა აქტიურობა. მაგალითად, სამშენებლო სექტორში ბოლო თვეებში მნიშვნელოვნად გაიზარდა უძრავი ქონების გაყიდვები.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ეს იმის შედეგია, რომ ქვეყანამ მოქალაქეებთან ერთად მოახერხა და კიდევ ახერხებს კორონავირუსის ეფექტურ მართვას და ეს „არის გასაღები შემდგომი ეკონომიკური სწრაფი და ეფექტური აღდგენის“.

101
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (649)
დავით ზალკალიანი

საქართველო ყურადღებით აკვირდება ვითარებას სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე ზალკალიანი

0
(განახლებულია 18:08 16.07.2020)
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მხარეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და დაძაბულობის დეესკალაციის პროცესი დაიწყონ

თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. საქართველო აქტიურად ადევნებს თვალს სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ სიტუაციას, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

ზალკალიანის თქმით, მხარეები აუცილებლად უნდა დაუბრუნდნენ 14 ივლისამდე, საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ვითარებას.

„ახლო კომუნიკაციაში ვარ ჩემს კოლეგა მინისტრებთან. ორივე მინისტრთან მქონდა სატელეფონო საუბრები და გამოვხატე ჩვენი გულწრფელი დამოკიდებულება და წუხილი სიტუაციასთან დაკავშირებით. მათ იციან ჩვენი პოზიცია – ჩენ არანაირად არ ვართ დაინტერესებულნი სიტუაციის შემდგომი ესკალაციით, პირიქით, აუცილებელია, რომ მხარეები დაუბრუნდნენ სიტუაციას, რომელიც იყო 14 ივლისამდე, ანუ, სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ამასთან, ზალკალიანმა აღნიშნა, რომ კონფლიქტი პირველად გასცდა მთიანი ყარაბაღის არეალს და სომხეთ–აზერბაიჯან ის საზღვარზე გადაინაცვლა.

„ამიტომ კიდევ უფრო მეტი წინდახედულება და სიფრთხილეა საჭირო. აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის მეტი და აქტიური ჩრთულობა პროცესში, პირველ რიგში ეუთოს მინსკის ფორმატის თანათავმჯდომარეების გააქტიურება და ყველა იმ საერთაშორისო მექანიზმის ამოქმედება, რომელიც ამ კონფლიქტის მოწესრიგების საფუძველი და ფუნდამენტია“, – განაცხადა მინისტრმა.

ზალკალიანმა მხარეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და პროცესი საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და მექანიზმების მეშვეობით დეესკალაციისა და მშვიდობიანი მოგვარების კალაპოტში დააბრუნონ.

შეიარაღებული დაპირისპირება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 12 ივლისს დაიწყო.

0
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა