ეროვნული ბანკის მთავარი ოფისი

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი კიდევ ერთხელ გაზარდა

132
(განახლებულია 18:01 24.10.2019)
სამომხმარებლო ფასების ზრდასთან ერთად სესხებიც ძვირდება.

ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის მოთოკვის მიზნით კიდევ უფრო გაამკაცრა რეგულაციები. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ბოლო ორ თვეში რეფინანსირების განაკვეთი უკვე მესამედ, ამჟამად ერთბაშად 1%-ით, 8,5%-მდე გაზარდა. ეროვნული ბანკი ამ გზით ცდილობს ბაზარზე ლარის მასა შეამციროს და, შედეგად, ეროვნული ვალუტის კურსმა გაუფასურებას თავი დააღწიოს. სწორედ ლარის გაუფასურება გახდა სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. თუმცა, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ფასების ზრდას მთავრობის პოლიტიკაც უწყობს ხელს. კერძოდ, აქციზურ საქონელზე აქციზის განაკვეთების მატებას ამ პროდუქციის გაძვირება მოჰყვა.

ინფლაციის შედეგი

სექტემბერში ინფლაციის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა დაგეგმილ პარამეტრებს. ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული „ფისკალური სექტორის მაკროეკონომიკური რისკების ანალიზის“ დოკუმენტის მიხედვით, ინფლაციის მაჩვენებელი 2018 წლიდან 3% უნდა ყოფილიყო, თუმცა რეალობა მნიშვნელოვნად განსხვავებულია.

საქართველოში ფასების საერთო დონე იზრდება – სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მიერ 3 ოქტომბერს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 6.4% შეადგინა. ეს ბოლო ორი წლის განმავლობაში ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელია. მსგავსი სურათი 2017 წლის შემდგომ არ ყოფილა.

ინფლაციის ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების გაძვირებამ გამოიწვია. „საქსტატის“ ინფორმაციით, სურსათის ფასები 11%-ით, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში 14.6%-ით, ხოლო ჯანდაცვის ჯგუფში ფასები 4%-ით არის გაზრდილი.

„ინფლაციის მაჩვენებელი, რომელიც გამოქვეყნდა, ეს ერთი უბედურებაა, მაგრამ მეორე უბედურება არის პირველადი დანიშნულების საქონელზე ფასის საგანგაშო მატება. საშუალოდ რომ ავიღოთ, სურსათის ნაწილში 11%-ზე მეტია ინფლაციის მაჩვენებელი. მოგეხსენებათ, რაც უფრო ღარიბია ადამიანი, მასზე ინფლაციის მაჩვენებელი მეტ წნეხს ახდენს, რადგან მათ კალათაში ყველაზე მეტია სურსათის წილი.

ინფლაციაზე ორმა მომენტმა მოახდინა უარყოფითი ზეგავლენა. ერთია სურსათის მასობრივი გაძვირება და აქციზი, მეორე კი ეროვნული ვალუტის გაუფასურება. ეს ყველაფერი კი იმიტომ მოქმედებს ასე ძალიან, რომ 70-75%-ით ვარ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა.

ეროვნულმა ბანკმა კატასტროფის მოახლოება იგრძნო და ბოლო პერიოდში გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი, ხოლო კომერციული ბანკებისთვის შეამცირა დოლარში სარეზერვო მოთხოვნა. ეს არის ამ ეტაპზე ერთადერთი იმედი, რომელიც გრძელვადიან პერიოდში მაინც იქნება შედეგის მომტანი. მიუხედავად ამისა, სებ-ის ნაბიჯი უკან მიდევნებული ლამპარივითაა“, – განუცხადა გაზეთ „რეზონანსს“ სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლადო პაპავა ყურადღებას ამახვილებს ინფლაციის მაჩვენებელზე. პაპავამ გასულ კვირაში განაცხადა, რომ „ეროვნულ ბანკს უპასუხისმგებლო ხელმძღვანელობა ჰყავს, რომელიც თავისი შეცდომებით ანგრევს ქვეყანას“. მისი თქმით, სებ-ის არასწორი პოლიტიკა ლარის გაუფასურებასაც იწვევს და, შესაბამისად, ინფლაციის ტემპიც მატულობს.

„ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის მიმართ ჩემი ხსენებული მწვავე შეფასება განაპირობა მათ მიერ გაკეთებულმა განცხადებამ იმის შესახებ – ფულის აგრეგატების ზრდას არ მოჰყვება ინფლაცია და ეს არც ლარის გაუფასურებას გამოიწვევსო. მათი პოზიცია არა მარტო უსუსური, არამედ აღმაშფოთებელიცაა. ამაზე იტყვიან „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო“ – NDI-ს ბოლო გამოკითხვის შედეგად ცნობილი გახდა, რომ გამოკითხულთა 34 პროცენტისთვის ინფლაცია არის მთავარი ეკონომიკური პრობლემა, ხოლო გამოკითხულთა 49 პროცენტი თვლის, რომ ქვეყანა არასწორი გზით ვითარდება, რაც არის კორელაციაში ლარის გაუფასურებასთან. ყოველივე ეს კი ხდება ეროვნული ბანკის მიერ ფულის აგრეგატების ზრდის კვალობაზე“, – ამბობს ლადო პაპავა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

რას ნიშნავს რეფინანსირების განაკვეთის ზრდა

რეფინანსირების განაკვეთი – ეს არის პროცენტის მოცულობა, რომელსაც კომერციული ბანკები ეროვნული ბანკისგან გამოყოფილი კრედიტებისთვის იხდიან.  შესაბამისად, რაც უფრო მაღალია რეფინანსირების განაკვეთი, მით მეტს უხდის კომერციული ბანკი ეროვნულ ბანკს, შედეგად კი სესხი უძვირდება საბოლოო მომხმარებელს. არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციით, ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად სესხი 102 700 მომხმარებელს გაუძვირდა.

რეფინანსირების განაკვეთის აწევის შემდეგ ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ოპტიმიზმის შენარჩუნებას ცდილობს: 

„პროგნოზის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივი დონის ზემოთ დარჩება, მომავალი წლის მარტიდან შემცირებას დაიწყებს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება“.

საქართველოს ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ უწყება მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2019 წლის 11 დეკემბერს ჩატარდება. ასწევს თუ არა რეფინანსირების განაკვეთს კიდევ ერთხელ ეროვნული ბანკი, ამ დღეს გახდება ცნობილი, თუ მანამდე მას ამისთვის ისევ რიგგარეშე სხდომის ჩატარება არ მოუწია, როგორც ეს 25 სექტემბერს მოხდა.

თემურ იოსელიანი

132
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

მოსახლეობის საყურადღებოდ: 8 ივნისიდან სავალუტო ჯიხურები იხსნება

64
(განახლებულია 13:45 03.06.2020)
მომავალი კვირიდან საქართველოს მოსახლეობა ვალუტის ყიდვას ან გადაცვლას ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში შეძლებენ

 

თბილისი, 3 ივნისი  - Sputnik.  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, რომლებმაც მუშაობა კორონავირუსის პანდემიის გამო შეაჩერეს, საქმიანობას 8 ივნისიდან განაახლებენ, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა მუშაობა 31 მარტს შეაჩერეს. ამ ეტაპზე მოქალაქეებს ვალუტის გადაცვლა მხოლოდ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში შეუძლიათ.

 „ერთობლივი ქმედებებით ჩვენ სწრაფად შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეროვნული ბანკი მოუწოდებს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მფლობელებს მკაცრად დაიცვან პროფესიონალთა რეკომენდაციები და რჩევები. 

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა და 23 მაისამდე მოქმედებდა. მთავრობა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დაჩქარებულ ტემპში მოხსნის პროცესს აგრძელებს.

შეზღუდვების მოხსნის გეგმა ექვსეტაპიანია და მისი განხორციელება ქვეყანაში ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული. გეგმის თანახმად, შეზღუდვები სრულად 6 ივლისისთვის უნდა იყოს გაუქმებული. მანამდე კი ქვეყანაში დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება აუცილებელი პირობაა.

64
თემები:
COVID-19 საქართველოში
თბილისი

ასმილიონიანი შეთანხმება: საქართველო კრიზისთან ბრძოლისთვის თანხას მიიღებს

48
(განახლებულია 14:02 03.06.2020)
აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი თანხები საშუალებას იძლევა, შემსუბუქდეს კრიზისის ნეგატიური გავლენა ბიზნესზე და გამოიყოს თანხები მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად.

თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. საქართველომ ხელი მოაწერა შეთანხმებას აზიის განვითარების ბანკთან (ADB) 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კრედიტის მიღების თაობაზე, რომელიც მიიმართება კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი პრობლემების გადასაწყვეტად, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და საქართველოში ADB-ს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა შეინ როზენტალმა.

მაჭავარიანის განცხადებით, აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორია და პანდემიის პირობებში მასთან თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ADB-ს ფინანსური დახმარება მიმართული იქნება პროგრამის CARES (ხარჯვითი დახმარება) მხარდაჭერაზე. დაფინანსება მოხმარდება პანდემიით შექმნილი ვითარების ეკონომიკური ხარჯების შემსუბუქებას, მაკროეკონომიკური პირობებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას; ძირითადი აქცენტი გაკეთდება მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე, რომელთა საარსებო წყაროზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა პანდემიამ.

აქტიური რეაგირება და ხარჯვითი დახმარება

პროგრამა CARES (ხარჯვითი დახმარება) საბიუჯეტო დახმარებას გაუწევს მთავრობას და დააფინანსებს მის კომპლექსურ ანტიკრიზისულ გეგმას. დაფინანსება მოიცავს გადასახადების გადავადებას 4 ათასზე მეტი მცირე და საშუალო ტურისტული საწარმოსთვის, ასევე კრედიტების სუბსიდირებას მინიმუმ 2 ათასი მცირე და საშუალო სასტუმროსთვის.

კრედიტი ასევე მოხმარდება მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებს. დროებით ფინანსურ დახმარებას მიიღებს დაახლოებით 350 ათასი მოქალაქე, რომლებიც პანდემიის გამო სამსახურის დაკარგვის რისკის ქვეშ არიან, 250 ათასი თვითდასაქმებული მოქალაქე, აგრეთვე მოხმარდება 1,2 მილიონი მოქალაქის კომუნალური ხარჯების სუბსიდირებას. ამას გარდა, ნახევარი წლის განმავლობაში ცხრა ძირითად პროდუქტზე იქნება ფიქსირებული ფასები.

აზიის განვითარების ბანკის პაკეტი შემუშავდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და სხვა პარტნიორებთან ერთად საქართველოში COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად კოორდინირებული სამუშაოების ფარგლებში.

აზიის განვითარების ბანკის მიზანია აზია–წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებული, მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა. ამასთან, ის განაგრძობს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. ორგანიზაცია, რომელიც 1966 წელს დაარსდა, აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა.

ნიკა შენგელია: ემიგრანტები საქართველოში სულ უფრო ნაკლებს გადმორიცხავენ>>

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მხარს 2007 წლიდან უჭერს და მისი ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია. საქართველოსთვის დღემდე გამოყოფილი ვალების საერთო რაოდენობა 2,8 მილიარდ დოლარს შეადგენს.

48
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
ქართველი მაშველები ვერტმფრენით

ოთხფეხა მეგობრები მაშველების გვერდით: ზვავქვეშ მოყოლილების ძებნაში ძაღლები ჩაერთვებიან

0
(განახლებულია 16:52 03.06.2020)
ძაღლი გაივლის იქ, სადაც ამას ადამიანი ვერ შეძლებს, ხოლო სპეციალურად გაწვრთნილი მაშველებს მიუთითებს, სად უნდა ეძებონ ზვავქვეშ მოყოლილი ადამიანი

თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. „მთის კურორტების განვითარების კომპანია“, ახალი პროექტის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (Austrian Development Agency) მხარდაჭერით, ორ გაწვრთნილ ბელგიურ ძაღლსა და შესაბამის საწვრთნელ აღჭურვილობას შეიძენს კინოლოგებისთვის, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეს–სამსახური.

ტრაგედია თუშეთში: ზვავში მოყოლილ 62 წლის მამაკაცს მესამე დღეა უშედეგოდ ეძებენ>>

ძაღლების გაწვრთნის პროექტმა „ზვავში გადარჩენილთა ძებნა: გაწვრთნილი მაშველი ძაღლები ზვავში დაშავებულთა გადარჩენის გარანტი“ სამთო-სათხილამურო კურორტებზე თეთნულდსა და გუდაურში მაშველი ძაღლების წვრთნისა და გამოყენების პრაქტიკა უნდა დანერგოს.

კინოლოგების უნარების სპეციალურ სწავლებას გაივლიან ასევე სამაშველო სამსახურის თანამშრომლებიც.

„პირველად საქართველოში დაინერგება ზვავში მაშველი ძაღლების წვრთნისა და გამოყენების პრაქტიკა, რაც გაზრდის სამთო-სათხილამურო კურორტების მომსახურების ხარისხს სამაშველო-საზვავე უსაფრთხოების კუთხით და უზრუნველყოფს ზვავში დაშავებულთა დროულ ძებნასა და გადარჩენას,“ - განაცხადა „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორმა ირაკლი ჭირაქაძემ.

მიუხედავად კვალიფიცირებული მაშველებისა, ბოლო ოთხ წელიწადში გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ზვავის ჩამოწოლის გამო დაშავდნენ ან დაიღუპნენ. მაშველებს არ ჰქონდათ სპეციალური აღჭურვილობა რთულად მისადგომ ადგილებში საძიებო სამუშაოების წარმოებისთვის, რაც ხშირად იწვევდა ადამიანების დაღუპვას.

0