ანაკლიის პორტი

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" იხურება?

104
(განახლებულია 16:32 09.10.2019)
კონსორციუმის ხელმძღვანელობა უარყოფს კომპანიის დახურვას, მაგრამ თანამშრომლების შემცირებას არ გამორიცხავს.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი", რომელიც ანაკლიის პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობით არის დაკავებული, ნოემბერში შეიძლება დაიხუროს, ირწმუნება ტელეკომპანია Rustavi 2.

კონსორციუმი ქართულმა კომპანია TBC Holding-მა (მამუკა ხაზარაძე) და ამერიკულმა კომპანია Conti International LLC-მ დააფუძნეს. კონსორციუმში შედიან ასევე SSA Marine (აშშ), British Wondernet Expres (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd. (ბულგარეთი). აგვისტოს შუა რიცხვებში ამერიკულმა კომპანია Conti group-მა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან" გასვლის შესახებ განაცხადა, ამის გამო პროექტის განხორციელება საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თანამშრომლები კომპანიის შესაძლო დახურვის თაობაზე უკვე გააფრთხილეს და კომპენსაციის გადახდის პირობაც მისცეს. თბილისში მდებარე კონსორციუმის ოფისში დაადასტურეს, რომ თანამშრომლების ნაწილი იქ უკვე აღარ მუშაობს.

თათბირის ჩატარების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა, რომელმაც დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

„ჩვენ არ ვამთავრებთ მუშაობას, ჩვეულებრივი ტემპით ვმუშაობთ, შეთანხმების თანახმად ვაგრძელებთ ვალდებულებების შესრულებას და არც ოფისი, და არც კომპანია არ იხურება. რაც შეეხება თანამშრომლებს, გუშინ მათთან საუბარი გვქონდა სამომავლო გეგმებზე და შეიძლება რომელიმე თანამშრომელმა ეს, როგორც კომპანიის დახურვა, ისე გაიგო. ჩვენ ამას არ ვადასტურებთ", – განაცხადა ახვლედიანმა.

რაც შეეხება თანამშრომლების შემცირებას, ახვლედიანის სიტყვებით, ყველაფერი 15 ოქტომბრის შემდეგ გადაწყდება. ამ დღეს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" თანხების გამოყოფის თაობაზე ინვესტორებთან შეთანხმებები უნდა წარმოადგინოს.

„15 რიცხვს ველოდებით, მუშაობა მიდის ჩვეულებრივი ტემპით, ყველა მუშაობს, ოფისშია ყველა. შეგიძლიათ მიხვიდეთ და ნახოთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც აგვისტოში კონსორციუმის მმართველობის საბჭო დატოვა, თუმცა კომპანიის ერთ-ერთ მფლობელად რჩება.

სექტემბრის შუა რიცხვებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის საჭიროა პასუხისმგებლიანი, სერიოზული კერძო ინვესტორები, რომლებიც საქართველოში, სამწუხაროდ, არ არიან.

104
თემები:
ანაკლია – მომავლის ქალაქი (44)
თბილისი

ეროვნული ბანკი: საქართველოს ეკონომიკის ვარდნა მოსალოდნელზე მეტი იქნება

337
(განახლებულია 13:40 08.08.2020)
მსოფლიოში ეკონომიკური ვითარება იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო, რამაც საქართველოში მშპ-ის ზრდის პროგნოზის შემცირება გამოიწვია, განაცხადა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა

 

თბილისი, 8 აგვისტო - Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის განახლებული პროგნოზის თანახმად, 2020 წელს ქვეყნის ეკონომიკა 5%-ით შემცირდება, განაცხადა მარეგულირებლის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

ადრინდელი პროგნოზის თანახმად, საქართველოს მშპ-ის 4%-ით შემცირება იყო მოსალოდნელი. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ივნისში შემუშავდა ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტი. 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, მსოფლიოში ზოგადად რთული ვითარებაა, ვინაიდან პანდემიამ ეკონომიკაზე ძლიერი ზეგავლენა იქონია, ნეგატიური შედეგების გადალახვა კი ბევრ პრობლემას უკავშირდება.

 „პანდემიის დასაწყისში სსფ პროგნოზირებდა 3%-იან გლობალურ ეკონომიკურ ზრდას, მაგრამ ამას წინათ გამოაქვეყნა უკვე განახლებული პროგნოზი, რომელიც უფრო პესიმისტურია და რომლის თანახმადაც მსოფლიო ეკონომიკა 4,9%-ით შემცირდება. სწორედ ესაა მიზეზი და ეს გახდა ერთ-ერთი ფაქტორი, რომელმაც საქართველოში ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვა გამოიწვია“, - განუცხადა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს.

საქართველოს ეკონომიკა წლის პირველ ნახევარში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, ივნისში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მშპ 7,7%-ით შემცირდა. შესადარებლად: მაისში ვარდნის მაჩვენებელი იყო 13,5%, აპრილში - 16,6%.

„წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკური აქტივობა ივნისში წლიურად 7,7%–ით შემცირდა. თუმცა, აპრილ-მაისთან შედარებით, სახეზეა ადგილობრივი მოთხოვნის გაჯანსაღების ნიშნები, რაც ფისკალურ სტიმულს და საკრედიტო აქტივობისა და გზავნილების მოსალოდნელზე კარგ დინამიკას უკავშირდება“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ წინასწარი მონაცემებით, ივნისში საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავალი წლიურად 97%–ით შემცირდა. ექსპორტზე მოთხოვნაც სუსტი რჩება და ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14%–იანი კლება დაფიქსირდა. საექსპორტო შემოსავლების კლებასთან ერთად, იმპორტიც წლიურად 22%–ით შემცირდა.

მეორე მხრივ, ივნისში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 17,8%-ით გაიზარდა საქართველოში ფულადი გზავნილები და 169,2 მლნ დოლარს მიაღწია. თუმცა, პირველ ექვს თვეში საზღვარგარეთიდან ფულადი შემოსულობების მოცულობა კვლავ ნაკლებია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - ვარდნა 4,6%-ს შეადგენს.  

კრიზისის მიზეზები და შედეგები

ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი, პროფესორი სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში აშკარაა შემცირება, შიდა მოთხოვნილებისა და წინადადებების შემცირება, მოსახლეობის მსყიდველობის უნარის ვარდნა და მთლიანად ბიზნესის საქმიანი აქტივობის ხელშესახები შემცირება. 

 „მთელი ამ პროცესის სტიმულირებისთვის, ნეგატიური ტენდენციების გადასალახავად აუცილებელია რაიმე იმპულსი, ბიძგი გვერდიდან. და აქ დახმარება შეუძლია მხოლოდ ინსტიტუტს, რომელიც მართლზომიერად განახორციელებს ასეთ გლობალურ პროცესებს. ეს, ერთი მხრივ, შეიძლება იყოს მთავრობა, აღმასრულებელი ხელისუფლება, მეორე მხრივ - საბანკო სექტორი, მხედველობაში მაქვს ეროვნული ბანკი“, - განუცხადა არჩვაძემ „Sputnik-საქართველოს“.

მისი სიტყვებით, ჰიპერინფლაციის ან სხვა ნეგატიური ტენდენციების საფრთხე ინფლაციის თვალსაზრისით არ არის მოსალოდნელი, რადგან მოსახლეობას არა აქვს იმდენი ფული, რომ ეს მოხდეს.

„ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა ფეხი აუბას ცვლილებებს და შეამცირა რეფინანსირების განაკვეთი. ეს ნიშნავს კრედიტების, რესურსების გაიაფებას, ერთი მხრივ, ბიზნესისთვის და, მეორე მხრივ, მოსახლეობისთვის, მათ შორის, სამომხმარებლო კრედიტის გაიაფების მიმართულებით. და საბოლოო მიზანი საქმიანი აქტივობისა და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის გაზრდაა“, - აღნიშნა არჩვაძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 5 აგვისტოს რეფინანსირების განაკვეთის 8,25%-დან 8%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. 

მისი აზრით, ეს ყველაფერი უნდა გადაიზარდოს ეკონომიკისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაში და ჩვენ აუცილებლად დავინახავთ წლის მეორე ნახევარში უფრო დადებით ტენდენციას ეკონომიკაში, ვიდრე ეს მარტიდან ივნისამდე იყო.

 „ეს ეკონომიკის გასაჯანსაღებლად ერთადერთი სტიმული არ არის, თუმცა, ამ ნაბიჯის გარეშე ჩვენ ვერ შევძლებდით იმ რესურსების სრულად ამოქმედებას, რომლებიც საზოგადოებაში ამჟამად არსებობს. საკრედიტო რესურსების გაიაფება ეკონომიკის გაუმჯობესებისა და მისი ზრდის ერთ-ერთი ფუძემდებელი ფაქტორია“, - აღნიშნა ექსპერტმა.

პესიმისტური და ოპტიმისტური პროგნოზები

საერთაშორისო ორგანიზაციები წელს უარყოფით ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებენ, თუმცა, ამავე დროს აცხადებენ, რომ 2021 წელს საქართველო ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. ამასთან, საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 4%-მდე დაეცემა.

ყველაზე პესიმისტური, როგორც საქართველოში ფიქრობენ, არის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზი. 14 მაისს გამოქვეყნებული პროგნოზის თანახმად, მშპ საქართველოში 2020 წელს 5,5%-ით დაეცემა, 2021 წელს კი 5,5%-ით მოიმატებს.  

სსფ ვარაუდობს, რომ საქართველოს ეკონომიკის ვარდნა 2020 წელს 4% იქნება, ხოლო ინფლაცია - 4,6%. სსფ-ს 2021 წლის პროგნოზი კი საკმაოდ ოპტიმისტურია. ფონდის შეფასებით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 3%-ით მოიმატებს, ინფლაცია კი 3,7%-მდე შემცირდება.

 „ერთმნიშვნელოვნად შემიძლია განვაცხადო, რომ 2021 წლიდან საქართველოში ეკონომიკა ზრდას დაიწყებს და, ვიმედოვნებ, რომ მსოფლიო ეკონომიკაში იმ დროისთვის რეცესიის გადალახვის პირველი ნიშნები გამოჩნდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ 2021 წელს ყველა პრობლემა დასრულდება“, - მიაჩნია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას.

მისი თქმით, კიდევ რამდენიმე წელი იქნება საჭირო ბიზნესის დასახმარებლად და ახალი ინვესტიციების მოსაზიდად.

337
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
ბენზინგასამართი სადგური

საქართველოში რომელი მარკის ბენზინია ხარისხიანი? ექსპერტების დასკვნა ცნობილია

220
(განახლებულია 13:25 08.08.2020)
საწვავის მხოლოდ ერთი ნიმუში არ შეესაბამებოდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმას. 

თბილისი, 8 აგვისტო  — Sputnik.  2020 წლის მაისში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს მასშტაბით 252 ერთეული regular–ის მარკის ბენზინის საწვავის სინჯი აიღეს,  საიდანაც მხოლოდ ერთმა ვერ გაიარა შემოწმება, ნათქვამია უწყები მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ყველა ნიმუში 251 აგვოგასამართი სადგურიდან აიღეს. სინჯები შემდგომი კვლევისათვის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გაიგზავნა და მხოლოდ ერთი ნიმუში არ შეესაბამებოდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმას. კერძოდ, ნიმუშში ოქტანური რიცხვის მნიშვნელობამ შეადგინა 90, იმ დროს, როდესაც იგი უნდა იყოს არანაკლებ 91.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინა.

მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს ხელისუფლებამ საწვავის ხარისხზე კონტოლის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის ინიციატივით სანქციები მკაცრდება უხარისხო ბენზინის ან დიზელის საწვავის საქართველოში იმპორტზე, წარმოებასა და რეალიზაციაზე.

ცვლილებების პაკეტი ითვალისწინებს არა მხოლოდ ჯარიმების გაზრდას, არამედ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებასაც.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი: „საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის იმპორტი, წარმოება ან/და მიწოდება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს“.

220
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში 11 აგვისტოს

0
(განახლებულია 17:31 09.08.2020)
დედაქალაქში სამშაბათს ძირითადად მოღრუბლული ამინდი იქნება, მაგრამ სიცხე შენარჩუნდება – დღისით ჰაერი 34 გრადუსამდე მოიმატებს

თბილისი, 9 აგვისტო - Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით თბილისში სამშაბათს, 11 აგვისტოს უპირატესად მოღრუბლული ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა ღამით იქნება +21, ხოლო დღისით +34 გრადუსი.

ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 06:05 საათზე ამოვა და 20:06 საათზე ჩავა.

0
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში