აზიური ფაროსანა

აზიურმა ფაროსანამ დასავლეთ საქართველოს კვლავ შეუტია

130
ექსპერტთა თქმით, ამჟამად ფაროსანა გამოსაზამთრებლად თავს აფარებს საცხოვრებელ სახლებს

თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში კვლავ გამოჩნდა, განსაკუთრებით მომრავლდა მავნებელი ხობის რაიონსა და პატარა ფოთში. ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, მავნებელი ანადგურებს ხურმისა და თხილის ბაღებს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ხილის ბაღების გარდა, მავნებელი მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებს უტევს. ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ სადეზინფექციო სამუშაოების მიუხედავად, ფაროსანას განადგურება მაინც ვერ მოხერხდა.

ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ფაროსანა არის ყველგან, იმ საჭმელშიც კი, რომელსაც ისინი ამზადებენ.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის განადგურებულია აზიური ფაროსანას 90%, ხოლო ტერიტორიის შეწამვლა დღემდე გრძელდება.

„მავნებლის ბიოლოგიიდან გამომდინარე, ახლა არის პერიოდი, როდესაც ის გამოსაზამთრებლად სახლებისკენ მიემართება... სახელმწიფო ვერ შეძლებს ყველა ოჯახში მისვლას, ამიტომ, როდესაც მოსახლეობა თავის კარ–მიდამოსთან აზიურ ფაროსანას ნახავს, უნდა გაანადგუროს“, – განაცხადა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ.

საქართველოში აზიურ ფაროსანას ებრძვიან
საქართველოში აზიურ ფაროსანას ებრძვიან

ფაროსანა საქართველოში 2015 წელს, სავარაუდოდ, აფხაზეთიდან გავრცელდა. მავნებელმა თხილისა და ციტრუსების უდიდესი ნაწილი გაანადგურა.

შარშან ფაროსანასთან ბრძოლისათვის სახელმწიფომ 49 მილიონი ლარი გამოყო, წელს – 45 მლნ ლარი.

საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა მავნებელთან ბრძოლის სპეციალური პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სამ ძირითად მიმართულებას: აქტიურ საინფორმაციო კამპანიას, სრულმასშტაბიან მონიტორინგსა და ქიმიურ შეწამვლას. ფაროსანასთან საქართველოს ბრძოლის მეთოდი მსოფლიოში ერთ–ერთ სამაგალითოდ აღიარეს და დღეს იგი გამოცდილებას სხვა ქვეყნებს უზიარებს.

აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ ბოლოსდაბოლოს შეძლო ფაროსანას დამარცხება და თავისუფლად ამოისუნთქა, რადგან დასავლეთ საქართველოში მავნებელი თითქმის აღარ გვხვდება.

 

130
თემები:
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა (20)