გვირაბი „სამხედრო გზაზე

საქართველო ქვეშეთი–კობის გვირაბის მშენებლობისთვის ინვესტიციებს იზიდავს

75
(განახლებულია 17:42 03.10.2019)
ახალი გზა სატრანზიტო მოძრაობას წელიწადის ნებისმიერ დროს უზრუნველყოფს.

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ავტომაგისტრალზე ცხრაკილომეტრიანი გვირაბის მშენებლობისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 60 მილიონი აშშ დოლარი გამოყო, ნათქვამია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

ისტორიული პროექტი: კობი-გუდაურის გზის მშენებლობა წლის ბოლომდე დაიწყება>>

ახალი გვირაბის მშენებლობა ე.წ. საქართველოს სამხედრო გზაზე მასშტაბური გეგმის ნაწილია, რომელიც ხელს შეუწყობს სატრანსპორტო ქსელის განვითარებას და საქართველოს დამკვიდრებას რეგიონის სავაჭრო და ტურისტულ ცენტრად.

ქვეშეთი–კობის გზის მშენებლობა დაყოფილია ორ მონაკვეთად. ჯამში დაგეგმილია ორზოლიანი 22.7-კილომეტრიანი ასფალტ-ბეტონის გზის, ექვსი ხიდისა და ხუთი გვირაბის მშენებლობა. გვირაბს გაიყვანენ ჯვრის უღელტეხილის ქვეშ – სოფელ წკერედან სოფელ კობამდე.

ქვეშეთი–კობის 9-კილომეტრიანი გვირაბი 15 მეტრის სიგანის იქნება, რაც საკმაოდ იშვიათია არა მარტო ამიერკავკასიაში, არამედ მსოფლიო მასშტაბით. ის უზარმაზარი დიამეტრის მქონე გვირაბების სიაში შევა, აღნიშნავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში. გზა რთულ გეოგრაფიულ მარშრუტს აუვლის გვერდს, რომელიც ზამთარში დიდთოვლობით გამოირჩევა.

ქვეშეთი-კობის გზას ჩინური კომპანია ააშენებს>>

პროექტის სავარაუდო ღირებულება 558,6 მლნ დოლარია. გზების მშენებლობას დააფინანსებს აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, რომლებმაც საქართველოს, შესაბამისად, 415 მლნ და 60 მლნ დოლარის მოცულობის კრედიტი გამოუყვეს. პროექტში ასევე მონაწილეობს საქართველოს მთავრობა, რომელმაც 83,6 მლნ დოლარი გამოყო.

ერთ-ერთ მონაკვეთს ააშენებს ჩინური კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co, რომელმაც შესაბამის ტენდერში გაიმარჯვა.

75
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (152)