რატი აბულაძე: საქართველოს საგარეო ვალი თითოეული ოჯახის პირდაპირი თუ ირიბი „ხარკია“

© photo: Rati Abuladze / FBრატი აბულაძე
რატი აბულაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რა კავშირშია საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი თითოეული ოჯახის ბიუჯეტთან, ამაზე „Sputnik–საქართველოსთან“ ეკონომიკის დოქტორმა რატი აბულაძემ ისაუბრა.

პარლამენტისთვის წარდგენილ „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტში საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა იზრდება 43.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 1 273.0 მლნ ლარით. გავრცელებული ინფორმაციით, დამატებითი რესურსის გამოყოფის საჭიროება ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობამ გამოიწვია.

ეკონომიკის დოქტორ რატი აბულაძის აზრით, ვალების გასტუმრებაში ბიუჯეტიდან გაღებული ყოველი ლარი ფაქტობრივად თითოეული ოჯახისა და თითოეული მოქალაქის პირდაპირ თუ ირიბ „ხარკს“ წარმოადგენს და მძიმე ტვირთად აწვება საზოგადოებას.

„ვალის მომსახურებაზე გაღებული ასეულობით მილიონი ლარი აკლდება საზოგადოების კეთილდღეობას, ამცირებს ბიზნესის სტიმულირებისათვის საჭირო სახსრებს, ფინანსურად ზღუდავს მთავრობის სოციალურ თუ პოლიტიკურ აქტივობას”, – აღნიშნა რატი აბულაძემ „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას.

თბილისი - დროშა - Sputnik საქართველო
გზავნილი პოტენციურ მევალეებს: საქართველო სანდო მოვალეა!

ეკონომისტის განმარტებით, არც ისე დიდი ბიუჯეტის და ეკონომიკის პირობებში საგარეო ვალის გადახდა ნიშნავს: ახალი ვალების აღებას ძველის გასტუმრების მიზნით, საშინაო ვალის ზრდას, საზოგადოებისთვის პრიორიტეტული სფეროების დაფინანსების შეკვეცას, სტრატეგიული მიმართულებების განვითარებისათვის საჭირო რესურსების სიმცირეს, სახელმწიფო პროექტების განხორციელებას ისევ ვალებით, „ისტორიული ვალების“ მემკვიდრეობით გადაცემას მომავალი თაობებისთვის, ახალი და ამბიციური პროექტების განხორციელებისთვის ფინანსურად „ხელ-ფეხის შეკვრას“.

მიმდინარე წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 5 387 მლნ დოლარს შეადგენს.

ეკონომისტის თქმით, სახელმწიფო საგარეო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისთვის საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულია 1.230 მლნ ლარი. საგარეო ვალის მომსახურება პროცენტულად ბიუჯეტის შემოსავლებთან 9.8%-ს შეადგენს. ამას გარდა 2021 წელს საქართველოს მთავრობას უწევს 500 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ევრობონდის დაფარვაც.

„მართალია, დღეს სახელმწიფო ვალის მოცულობა საგანგაშო არ არის, რადგან დადგენილი ზღვარი მშპ-ის 60%-ია, თუმცა მისი სრულად გასტუმრება ასეთი ეკონომიკური განვითარების რიტმით შეუძლებელია“, – აღნიშნა რატი აბულაძემ.

საართველოს და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო
ათეულობით მილიარდი საგარეო ვალი – ვისი და რამდენი მართებს ქვეყანას

საგარეო ვალი ყველა ქვეყანას აქვს, თუმცა ამ ვალს შესაბამისი ვალდებულებებიც ახლავს. მიუხედავად იმისა, ქვეყნის საგარეო ვალი შესაბამისობაში მოდის თუ არა მის საბიუჯეტო შემოსავლებთან და მშპ-ის მოცულობასთან, ვალი გადასახადების გადამხდელებს მძიმე ტვირთად აწვება.

ეკონომისტს მიაჩნია, რომ საშინაო და საგარეო ვალების გასტუმრების გზა ბიუჯეტის შევსების ახალი წყაროების ფორმირებასა და ახალი ეკონომიკური პოლიტიკის შექმნაშია. მაგრამ დღეს ქვეყანაში ბიუჯეტის შევსების ახალი წყაროების წარმოქმნაზე მეტად ახალი ვალების წარმოქმნა ხდება.

ნატა პატარაია

ყველა ახალი ამბავი
0