ლოკოკინა

ხობში ლოკოკინების ფერმა გაიხსნა

222
(განახლებულია 12:18 21.09.2019)
ფერმა წელიწადში საშუალოდ 50 ტონა ლოკოკინას ხორცს აწარმოებს

თბილისი, 21 სექტემბერი - Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ გაიხსნა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს Facebook-გვერდი.

არსებული ინფორმაციით, ფერმა წელიწადში საშუალოდ 50 ტონა ლოკოკინას ხორცს აწარმოებს. პროდუქციის რეალიზაცია საექსპორტო ბაზრებზე ხდება, ძირითადად კი იტალიაში. იგეგმება ადგილობრივ ბაზარზე გასვლაც.

ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,41 მლნ ლარი დაიხარჯა, საიდანაც 1,26 მლნ ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო.

„ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა.

საწარმოში 10 ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული.

ლოკოკინების ფერმა მოინახულეს და საწარმოო პროცესს გაეცნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი, ოთარ შამუგია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 200 ახალი საწარმო დაფინანსდა, საიდანაც სამეგრელოს რეგიონში 25 ახალი საწარმო გაიხსნა, აცხადებენ სამინისტროში.

გარდაბანში თანამედროვე სტანდარტების მეფრინველეობის ფერმა გაიხსნა >>

„ერთიან აგროპროექტს“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს.  პროექტი  გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

222
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (43)