ბათუმი

საგარეო სავაჭრო ბრუნვა: რითი ვაჭრობს საქართველო

111
(განახლებულია 13:24 20.09.2019)
საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი.

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2019 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 0,01%-ით გაიზარდა და 8,1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.

იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში საქართველოდან გაიტანეს 2,4 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქცია, ანუ 12,4%-ით მეტი გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით. ექსპორტი რეექსპორტის გარეშე წლის დასაწყისიდან, 2018 წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით, 2,4%-ით გაიზარდა და დაახლოებით, 1,5 მლრდ დოლარი შეადგინა.

ამავე დროს, 2019 წლის დასაწყისიდან იმპორტმა 5,7 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა – 4,4%-ით ნაკლები, ვიდრე წინა წლის ამავე პერიოდში.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით 3,3 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40,6%-ია.

რითი ვაჭრობს საქართველო

საქართველოდან საკმაოდ ფართო ასორტიმენტის საქონელი გადის – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ყურძნის ნატურალური ღვინო, ფეროშენადნობები, მინერალური წყლები, მედიკამენტები, მსუბუქი ავტომობილები, დამუშავებული ან ნახევრადდამუშავებული ოქრო, თხილი და სხვ.

საექსპორტო ქართულმა ღვინომ მკაცრი კონტროლი გაიარა>>

სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტი 2019 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით 34,9%-ით გაიზარდა, მსუბუქი ავტომობილების – 57,5%-ით, მედიკამენტების – 48,8%-ით, ყურძნის ნატურალური ღვინის – 8,7%-ით და ა.შ.

ამავე დროს 10,1%-ით შემცირდა ფეროშენადნობების ექსპორტი.

რატომ მცირდება იმპორტი

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch მიიჩნევს, რომ იმპორტის შემცირება საქართველოში დიდი ენერგეტიკული პროექტების დასრულებას უკავშირდება. გარდა ამისა, სააგენტოს ანგარიშში საქართველოსთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ იმპორტის დინამიკაზე მოქმედებს სამომხმარებლო დაკრედიტების ზრდის შენელება და დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედების შემდეგ შიდა დანაზოგების ზრდა.

„საქსტატის" მონაცემებით, იმპორტი, ძირითადად, ნავთობპროდუქტების მოწოდების 17,8%-ით შემცირების გამო ეცემა.

საწვავის იმპორტის შემცირების მიზეზად ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში მიიჩნევენ შემოტანილი დიზელის საწვავის ოდენობის შემცირებას, რაც ძირითადად უკავშირდება საწვავის ამ სახეობის რეექსპორტის მოცულობის მნიშვნელოვან შემცირებას საქართველოდან თურქეთში. ასევე ჰიბრიდული ტიპის ავტომობილების იმპორტის მნიშვნელოვან ზრდას.

საქართველოში, გარდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტებისა, შემოაქვთ მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადანი და კონცენტრატი, დაფასოებული მედიკამენტები, ხორბალი, ელექტროენერგია, ტელეფონის აპარატები და სხვ.

სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების იმპორტი 2019 წლის პირველ რვა თვეში 44,5%-ით გაიზარდა, მედიკამენტების – 7,5%-ით, მსუბუქი ავტომობილების – 4,2%-ით, ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების – 5,6%-ით და სხვ.

ვისთან ვაჭრობს საქართველო

საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები წლის დასაწყისიდან არიან თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი. მთლიანობაში ამ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვამ 2019 წლის პირველ რვა თვეში დაახლოებით 2,7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საერთო სავაჭრო ბრუნვის 33,5%-ია.

პირველ ადგილზეა თურქეთი. თურქეთთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში 1,1 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც საქართველოს საერთო სავაჭრო ბრუნვის 14%-ია. სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1,2%-ით გაიზარდა.

მეორე ადგილზეა რუსეთი. საგარეო ბრუნვამ რუსეთთან წლის დასაწყისიდან დაახლოებით 903,9 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო ბრუნვის 11,1%-ია, ხოლო ბრუნვის ზრდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით – 2,8%.

მესამე ადგილზეა აზერბაიჯანი. საგარეო ბრუნვამ ამ ქვეყანასთან შეადგინა 682,5 მლნ დოლარზე მეტი, რაც საგარეო ბრუნვის 8,4%-ია, ზრდა – 1,8%.

საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში არიან: ჩინეთი (დაახლოებით 670,5 მლნ დოლარი), უკრაინა (დაახლოებით 417,3 მლნ დოლარი), სომხეთი (დაახლოებით 390,4 მლნ დოლარი), აშშ (დაახლოებით 331,3 მლნ დოლარი), გერმანია (დაახლოებით 318 მლნ დოლარი), რუმინეთი (დაახლოებით 279,1 მლნ დოლარი), ბულგარეთი (დაახლოებით 273,2 მლნ დოლარი).

მსოფლიოში ქართული ღვინის პოპულარობა იზრდება>>

საქართველო წარმატებით ვაჭრობს ევროკავშირის ქვეყნებთან — 2019 წლის იანვარ-აგვისტოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 2,1 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემთან შედარებით 3,7%-ით ნაკლებია. ექსპორტმა ამ თანხიდან შეადგინა 571,1 მლნ დოლარი – 25,3%-ით მეტი, ხოლო იმპორტმა – დაახლოებით 1,5 მლრდ დოლარი – 11,6%-ით ნაკლები. ევროკავშირის ქვეყნების წილმა მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 27,5% შეადგინა.

საქართველომ 2014 წელს ევროკავშირთან ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.

საქართველო ასევე წარმატებით ვაჭრობს დსთ-ის ქვეყნებთან – სავაჭრო ბრუნვამ 2019 წლის პირველ რვა თვეში დაახლოებით 2,8 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 0,3%-ით ნაკლებია.

გასაღების ბაზრები ფართოვდება

საქართველო და ინდოეთი თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ – კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობა ორივე მხარისთვის ხელსაყრელი იქნება, აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის 12 იანვრის განცხადებაში.

ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობის კვლევის დაწყების მიზანშეწონილობის შესახებ შეთანხმებას საქართველომ 2017 წლის აპრილში მოაწერა ხელი.

საქართველოში ბენზინის მოწოდების მხრივ კვლავ რუსეთი ლიდერობს>>

ბოლო პერიოდში საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებები გააფორმა ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრ ქვეყნებთან, თურქეთთან და ჰონგ-კონგთან და ჩინეთთან. გარდა ამისა, მიმდინარეობს განხილვა მსგავსი ხელშეკრულებების იაპონიასთან და აშშ-თან გაფორმების შესაძლებლობაზე. უკვე დაწყებულია წინასწარი კონსულტაციები დიდ ბრიტანეთთან Brexit-ის შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის თაობაზე მოლაპარაკებების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

111
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (845)
პრემიერი გიორგი გახარია

პრემიერი 2021 წლის ბიუჯეტის პროექტზე: ეს არის დაბალანსებული ბიუჯეტი

15
(განახლებულია 12:54 03.12.2020)
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, რომელზედაც  მთავრობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად მუშაობდა, საკანონმდებლო ორგანოს უკვე წარედგინა და ის ახალმა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი მიზნებია პანდემიასთან ბრძოლა, მოსახლეობის მიზნობრივი სოციალური დახმარება, ბიზნესის დახმარება და ეკონომიკის მომზადება პოსტკრიზისული აღდგენისთვის, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

„მოგეხსენებათ, ჩვენ პარლამენტში წარვადგინეთ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც არის უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ეს არის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ჩვენ უნდა ვიცხოვროთ 2021 წელს, ფინანსური დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს იმას, თუ როგორი იქნება ქვეყანა ერთი წლის შემდეგ“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას თქმით,  პარლამენტისთვის წარდგენილი ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა სავალუტო ფონდთან ერთად მიმდინარეობდა. 

„წარმოდგენილია დაბალანსებული ბიუჯეტი, რომელიც ითვალისწინებს ყველა იმ ძირითად კომპონენტს, რომელიც აუცილებელია კრიზისში, აუცილებელია პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავებაში“, – განაცხადა გახარიამ.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მთლიანობაში ბიუჯეტის ხარჯები 18,384 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო შემოსულობები – 16,758 მილიარდს.

შეზღუდვების გამკაცრებასთან ერთად საქართველოს მთავრობამ მოსახლეობისა და ბიზნესის დასახმარებლად ახალი ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავა, რომლის პროგრამების დიდი ნაწილი ექვს თვეზეა გათვლილი.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, გამოყოფილი 1,42 მილიარდი ლარიდან 280 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება 2020 წელს, ხოლო 1,14 მილიარდის – 2021 წელს.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საერთო თანხიდან 450 მილიონი ლარი ჯანდაცვის სფეროს მოხმარდება, აქედან 400 მილიონ ლარს მიიღებს ჯანდაცვის სამინისტრო, ხოლო 50 მილიონს – ეკონომიკის სამინისტრო.

სოციალურ დახმარებაზე გამოიყოფა 540 მილიონი ლარი, საიდანაც 230 მილიონი 2020 წელს 300-ლარიან ერთჯერად დახმარებაზე და ნოემბერ-დეკემბერში მოსახლეობის კომუნალური ხარჯების დასაფარად დაიხარჯება. დარჩენილი თანხა – 310 მილიონი ლარი 2021 წელზე გადანაწილდება.

მომავალი წლის 1 იანვრიდან პენსიები იზრდება>>

ბიუჯეტში ასევე გათვალისწინებულია ბიზნესის დახმარება – 430 მილიონი ლარით. აქედან 260 მილიონი ლარი 1,5 ათას ლარამდე ხელფასის მქონე პირების 750 ლარამდე თანხის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას მოხმარდება. 2020 წელს ზარალი გადასახადებზე 220 მილიონ ლარს შეადგენს.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ახალმა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

15
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (845)
თბილისი

ქამარმოჭერილი ბიზნესი და არაპროგნოზირებადი ეკონომიკა...

28
(განახლებულია 23:24 02.12.2020)
როგორი ზამთარი და გაზაფხული გველოდება წინ, რა ელის ქვეყნის ეკონომიკას ე.წ. "ლოქდაუნის" მეორე ეტაპის შემდეგ, როდემდე იქნება ეკონომიკა პანდემიის მძევალი და გაუძლებს თუ არა ბიზნესი მკაცრ შეზღუდვებს?..

სამსონ ხონელი

მძიმე ზამთარი გველოდება, − ასეთია მოსახლეობის დიდი ნაწილის მოლოდინი, რასაც ბოლო დღეების მოვლენებიც ადასტურებს. არ ცდება, ვინც ვარაუდობს, რომ არც გაზაფხული იქნება მარტივი... გართულებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო, ხელისუფლებამ მიმდინარე წელს ეკონომიკური საქმიანობა მეორედ შეზღუდა. მოგეხსენებათ, COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოებისა და გამკაცრების გადაწყვეტილება მთავრობათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გიორგობისთვის 26 რიცხვში მიიღო...

უკვე ორი დღის შემდეგ ეკონომიკა ფაქტობრივად სრულად ჩაიკეტა. მთავრობის ამ ვერდიქტს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთა უკმაყოფილება მოჰყვა.

კერძო სექტორში დასაქმებული თუ თვითდასაქმებული მოსახლეობის საკმაოდ დიდმა ნაწილმა მთავრობას გადაწყეტილების გადასინჯვისკენ მოუწოდა და მკაცრი შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის ვადების საკუთარი ვარიანტები შესთავაზა...

მოქალაქეების კიდევ ერთმა ნაწილმა პროტესტის ფორმასაც მიმართა... გაისმა კითხვაც, რა მნიშვნელობა აქვს, კორონავირუსი მომკლავს თუ შიმშილი?!.. საინტერესოა, რამდენად არსებობს საკითხის ამგვარად დაყენების საფუძველი და რა შედეგებამდე მიიყვანს შექმნილი ვითარება ქვეყნის ეკონომიკას?.. მომდევნო სტრიქონები ამ რთულ კითხვაზე პასუხის გაცემის მოკრძალებული მცდელობაა...

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა სულ 3.9 პროცენტით, ხოლო პირველ ცხრა თვეში – 5.1 პროცენტით შემცირდა. ანალიტიკოსთა შეფასებით, წლის ბოლოს გაცილებით უფრო მძიმე შედეგი გველოდება. ზოგადად, დეკემბრის თვე ეკონომიკური აქტიურობის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია, მაგრამ შეზღუდვების მეორე ეტაპის შედეგად, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაუარესდება... ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, როგორ აისახება ეს გაუარესება ციფრებში. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის გაზაფხულზე ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად სრული ჩაკეტვის შედეგად, ეკონომიკა დაახლოებით 15 პროცენტით შემცირდა. როგორც ანალიტიკურ წრეებში აღნიშნავენ, ამჯერად სავარაუდოდ, ასეთი მკვეთრი კლება მოსალოდნელი არ არის, მაგრამ დიდი სხვაობაც არ იქნება. დაახლოებით ანალოგიურ სურათს მივიღებთ, ხოლო შეზღუდვების მეორე ეტაპის ნეგატიური გავლენა დიდწილად მომავალი წლის შედეგებზე აისახება...

„მთავრობა ვარაუდობდა, რომ ქვეყნის ეკონომიკა მომავალ წელს, დაახლოებით, 5 პროცენტით გაიზრდებოდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის 4.3 პროცენტით ზრდას პროგნოზირებდა. ახალ რეალობაში, როცა მცირე და საშუალო ბიზნესი ფაქტობრივად გაჩერებულია, პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია. ვეჭვობ, რომ 2021 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 3 პროცენტს გადააჭარბოს. მიმდინარე წლის უარყოფითი მოვლენები თავს სწორედ 2021 წელს იჩენს. სავარაუდოდ, ბევრი კომპანია გაკოტრდება... შესაძლოა, ვირუსული პანდემიიდან გაკოტრების პანდემიამდეც მივიდეთ...“, - აცხადებს ანალიტიკოსი გოჩა თუთბერიძე. მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკა 2019 წლის მდგომარეობას რომ დაუბრუნდეს, ამას 3-4 წელი მაინც დასჭირდება...

მსჯელობის კიდევ ერთი საკითხია, რამდენად საკმარისია ის 1.1 მილიარდი ლარი, რომლის დახარჯვასაც მთავრობა ერთის მხრივ ბიზნესის წასახალისებლად და მეორეს მხრივ სხვადასხვა სოციალური პროგრამების განსახორციელებლად  გეგმავს... გააჩნია ვისთვის, რისთვის და რა ვადაში? − ბრძანებს მკითხველი და მართალიც იქნება. რა გაეწყობა, განვმარტავ, ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვებით ბიზნესსა და მოსახლეობაში გამოწვეული ნეგატიური ზეგავლენის, სოციალური შოკის შესასუსტებლად... ექსპერტთა შეფასებით, საკომპენსაციოდ გამოყოფილი თანხა დიდი ვერეფერი ნუგეშია და სხვა ტიპის ღონისძიებებია საჭირო. რეალური რეფორმები უნდა გატარდეს... მათ შორის, ხელისუფლებამ რეალურად უნდა მოუჭიროს ქამრებს... უნდა შემცირდეს ბიურაკრატიის შენახვაზე გამოყოფილი თანხები. აუცილებელია გადასახადების შემცირებაც. პირველ რიგში ეს ეხება დამატებითი ღირებულების გადასახადს. შესაძლებელია აქციზის გადასახადის შემცირებაც.

არახალია, მკითხველის განსაკუთრებულ ინტერესს ეროვნული ვალუტის პერსპექტივა იწვევს. წონასწორობის რა ნიშნულს დაიკავებს ლარი? საკამათო არ არის, ყველაფერი დამოკიდებულია რამდენ ხანს გასტანს შეზღუდვები, როდიდან და რა სიმძლავრით ამუშავდება ბიზნესი...

„დღეს ეკონომიკა ეპიდსიტუაციისა და ჯანდაცვის სისტემის მძევალია. როდის იქნება ვაქცინა ან ეფექტური სამკურნალო საშუალება, შეძლებს თუ არა მედიცინა უხილავი, მკვლელი ვირუსი უახლოეს მომავალში დაამარცხოს? პირველ რიგში, სწორედ ამ კითხვებზე მიღებული პასუხები განსაზღვრავს, როდიდან დაიქოქება ეკონომიკა. სწორედ ამის შემდეგ გვიჩვენებს ეკონომიკური ზრდის ტემპი მაკროეკონომიკური პარამეტრების დინამიკას და ეროვნული ვალუტის ბედის განჭვრეტას, მეტ-ნაკლებად, მაშინ შევძლებთ.

შექმნილმა ვითარებამ მკაფიოდ დაგვანახა, რომ აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკის დივერსიფიკაცია და რეალური სექტორის განვითარებაზე ზრუნვა. არ შეიძლება, ეკონომიკის და შესაბამისად, ეროვნული ვალუტის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი ტურიზმის სფეროდან მიღებული შემოსავლები იყოს...", − განაცხადა ანალიტიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.

მანვე ყურადღება გაამახვილა, რომ ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურების შესაჩერებლად, სავალუტო რეზერვებს ხარჯავს და მიმდინარე წელს კობა გვენეტაძის უწყებამ სავალუტო ბაზარს უკვე მილიარდამდე დოლარი მიაწოდა. პარალელურად ეროვნული ბანკი იძულებულია, რომ საბანკო სექტორს ლიკვიდურობის შესანარჩუნებლად ფულადი რესურსი მიაწოდოს. ანუ ზრუნავს, რომ ბანკები არ გაკოტრდეს. ერთი სიტყვით, ეროვნული ბანკი ფულს ერთი ჯიბიდან იღებს და მეორეში იდებს... ბუნებრივია, შედეგი არ ჩანს, ლარი ფსკერზე ეშვება და დღეს არავინ იცის, რა სიღრმეზეა ეს ფსკერი.

ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი თავის განცხადებებში კდევ უფრო მკაცრი და რადიკალურია...

„თუ გაზაფხულზე შეზღუდვები შეცდომა იყო, ახლა ეს უკვე არჩევანია, რადგან ერთსა და იმავე შეცდომას ორჯერ არ იმეორებენ. ეს არჩევანი მთავრობამ გააკეთა მაღალშემოსავლიანი ფენების სასარგებლოდ, ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კი შიმშილისთვის გაიწირა. ვინც დღეს ამ გადაწყვეტილებას ამართლებს, ან ვერ აცნობიერებს მის ტრაგიკულ შედეგებს ეკონომიკასა და სოციალურ მდგომარეობაზე, ან ამის გაცნობიერება არ სურს...“, − აცხადებს ანალიტიკოსი, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი.

მისი თქმით, კომენდანტის საათის გამკაცრებას ემატება ტრანსპორტის, სავაჭრო სფეროსა და სამასპინძლო დაწესებულებების გაჩერება. არადა, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ფორმირებაში წამყვან ადგილებს ეს სექტორები იკავებენ, საერთო სიკეთის 20 პროცენტი მათი წილია. მთლიანი შიდა პროდუქტის 12 პროცენტზე მეტი ტურიზმზე მოდიოდა.

„ცხადია, ეს არ არის ჯანსაღი ეკონომიკისთვის დამახასიათებელი, თუმცა მოქმედი ეკონომიკური გუნდის არჩევანია და სწორედ ამაზე მუშაობდნენ წლების განმავლობაში, ეს გვესმოდა დღენიადაგ, რომ ტურიზმი უნდა ყოფილიყო საქართველოს ეკონომიკის ლოკომოტივი... სწორედ ამ პოლიტიკამ ჩააგდო ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაში. საზღვრები დაკეტილია, ტურიზმიდან შემოსავლები 97 პროცენტით შემცირდა. ტურიზმის ინდუსტრიისთვის და მისი მომიჯნავე დარგებისთვის, ერთადერთი წყარო შიდა ტურიზმია. მთავრობამ შეზღუდვები ამ მიმართულებითაც დააწესა, როცა ზამთრის კურორტები ჩაკეტა. ეს ყველაფერი უკვე ჩვენი ეკონომიკის 40 პროცენტს აღწევს და 40 პროცენტით გაჩერებულ ეკონომიკას წერტილოვნად შეზღუდული ვუწოდოთ, ცოტა უხერხულია...“, – აცხადებს პაატა ბაირახტარი.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, დამატებითი შეზღუდვების ამოქმედებით, დაახლოებით, სამასი ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგება, არადა, ასი ათასი  სამუშაო ადგილი წინა „ლოქდაუნის“ დროს უკვე დაიკარგა, რაც ნიშნავს კიდევ უფრო გაღარიბებულ მოსახლეობას და წინა გამოცდილებიდან გამომდინარე ორნიშნა ეკონომიკურ ვარდნას.

რაც შეეხება სოციალურ პაკეტებს, რომლებიც მთავრობამ შეზღუდვების საპირწონედ აამოქმედა, პაატა ბაირახტარის თქმით, ორი ტიპის სოციალური პაკეტი გვაქვს − ერთჯერადი - 300 ლარის და ექვსთვიანი 1200 ლარის ოდენობით.

სავაჭრო სფეროში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც რეგულაციების გამო გაჩერდებიან, მთავრობისგან მიიღებენ ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას. რადგან შეზღუდვები ორი თვის განმავლობაში იმოქმედებს, ეს დახმარება თვეში სულ 150 ლარი გამოდის.

1200-ლარიანი დახმარება ექვს თვეზე ნაწილდება და მიიღებენ ისინი, ვინც ოფიციალურად იყო დასაქმებული და სამსახური პანდემიის დროს დაკარგა.

„მკითხველმა თავად განსაჯოს, რამდენად შესაძლებელია ზრდასრულმა ადამიანმა თვეში 200 ან 150 ლარად გაიტანოს თავი. ეს თანხა ოფიციალურ საარსებო მინიმუმზეც ნაკლებია. სხვა საკითხია ამ საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგია და რეალურობა. შეიძლება ითქვას, მთავრობამ ამ გადაწყვეტილებით მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილისთვის გაწირა... ეს სოციალური პაკეტები ვერ პასუხობს გამოწვევებს, და საკითხავია, მათი ამოწურვის შემდეგ მოქალაქეები შეძლებენ კი ახალი სამსახურის შოვნას, ვინაიდან ბიზნესების უდიდესი ნაწილი რეანიმირებას ვეღარ შეძლებს...“, − აცხადებს პაატა ბაირახტარი.

ერთი სიტყვით, ანალიტიკოსთა უმრავლესობის შეფასებები მწვავე და კრიტიკულია, ხოლო რაც შეეხება პროგნოზს − რბილად რომ ვთქვათ, არაოპტიმისტური... თუმცა ფინანსთა სამინისტრო გვაიმედებს, რომ ეკონომიკა 2021 წლის მეორე ნახევარში გაჯანსაღების პროცესს გააქტიურებს... რა გაეწყობა, დაველოდოთ... მანამდე კი ქვეყნის პირველ ფინანსიტს, ივანე მაჭავარიანს და მის მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, ჯანმრთელობა ვუსურვოთ...

 

28
Главный офис правящей партии Грузинская мечта

„ქართული ოცნება“: „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირეებს ესხმის თავს

0
მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობას” პროდასავლურობას ამოფარებულ, დესტრუქციულ ძალას უწოდებს და ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებზე თავდასხმაში ადანაშაულებს

თბილისი, 3 დეკემბერი - Sputnik. პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” „ნაციონალურ მოძრაობას” ქვეყანაში ანტიდასავლურ განწყობების დათესვაში ადანაშაულებს და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.

როგორც საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუციებზე მიაქვს იერიში, არამედ შეუნიღბავად ესხმის თავს ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირეებსაც.

„ოფიციალურად გვსურს მოვუწოდოთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, მთელ საზოგადოებას - გამოხატონ საკუთარი პოზიცია ნაციონალური მოძრაობის მიერ ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების დათესვის უკიდურესად სახიფათო ფაქტებთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას თავი შეიკავონ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორზე თავდასხმებისგან“, -განაცხადა კუჭავამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განმარტებით, ნატო-საქართველოს არსებითი გაძლიერებული პაკეტის დამტკიცებისა და ამ პაკეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით ნატოს გენერალური მდივნის მაღალი შეფასებების ფონზე, „ნაცმოძრაობის“ მხრიდან არ წყდება შეტევები სახელმწიფოს მთავარი მოკავშირეებისა და სტრატეგიული პარტნიორების მიმართ.

„ამას ახორციელებს პროდასავლურობას ამოფარებული, მთავარი ანტისახელმწიფოებრივი და დესტრუქციული ძალა ქართულ პოლიტიკაში. ჩვენ გვახსოვს მათი კრიმინალური წასულის მქონე ლიდერების ღია თავდასხმები საერთაშორისო დამკვირვებლებზე, ევროპულ ინსტიტუტებზე, ევროსაბჭოსა და სტრასბურგის სასამართლოზე. ამ ტიპის განცხადებები ყოველ ჯერზე გვარწმუნებს, რომ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ თანმიმდევრულად ყალიბდება მთავარ ანტიდასავლურ ძალად საქართველოში“, - განაცხადა კუჭავამ.

კუჭავას ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას მიერ „მთავარი არხის” ეთერში გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. მელია გამოეხმაურა ოპოზიციონერი ლიდერების სასამართლო საქმეების განახლებას და განაცხადა, რომ ეს მმართველი პარტიის მხრიდან ვაჭრობის პროცესის გახსნა იყო იმ ფონზე, როცა ელჩების შუამავლობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მელიას თქმით, მას მოლოდინი ჰქონდა, რომ აშშ-ს და ევროკავშირის ელჩები გარკვეული პოზიციებს დააფიქსირებდნენ. 

0