პრემიერი: ანაკლიის პორტს სერიოზული ინვესტორები სჭირდება, რომლებიც არ გვყავს

© photo: Parliament of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანაკლია, როგორც ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, ქვეყნის განვითარებას ემსახურება, მიიჩნევს პრემიერი.

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სჭირდება პასუხისმგებლიანი, სერიოზული კერძო ინვესტორები, რომლებიც, სამწუხაროდ, არ გვყავს, განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს.

ეკონომიკის მინისტრი: ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება>>

პორტის მშენებლობით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმია" დაკავებული. ის ქართულმა კომპანია TBC Holding-მა და ამერიკულმა კომპანია Conti International LLC-მ დააფუძნეს, აგვისტოს შუა რიცხვებში ამერიკულმა კომპანია Conti group-მა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან" გასვლის შესახებ განაცხადა, ამის გამო პროექტის განხორციელება საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა.

„ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ყოველთვის ვამბობდი – ის რომ წარმატებით განხორციელდეს, მას სჭირდება პასუხისმგებლიანი და სერიოზული ინვესტორები. ჩვენ ვამბობთ, რომ სახელმწიფო ყველა თავის ვალდებულებას ასრულებდა და შეასრულებს. ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სჭირდება პასუხისმგებლიანი, სერიოზული კერძო ინვესტორები, რომლებიც სამწუხაროდ, არ გვყავს. ეს არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პრობლემა", – განაცხადა გახარიამ.

გახარიამ ასევე გააკეთა კომენტარი TBC Holding-ის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ბოლო განცხადებებზე, რომელსაც ფულის გათეთრებაში წაუყენეს ბრალი.

მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
დადებს თუ არა ლელოს „ლელო" არჩევნებზე: პოლიტიკურ არენაზე ხაზარაძის მოძრაობა გამოჩნდა

ხაზარაძე ამტკიცებს, რომ სისხლის სამართლის საქმე მის წინააღმდეგ იმისთვის აღძრეს, რომ პორტის მშენებლობას შეუშალონ ხელი. ხაზარაძის თქმით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ბრიტანელ ინვესტორებს ანაკლიის პორტის დაფინანსებაზე უარი უთხრა, რადგან ხელისუფლებას ამ პროექტის განხორციელება არ სურს.

„საერთოდ, ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე, განსაკუთრებით, ამ ბოლო დროს ბატონი ხაზარაძე. წერილი, ოქმი და კიდევ ბევრი რაღაც. მოიტანოს, გვანახოს ეს ოქმი. არ არის კარგი, როდესაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პროექტი პოლიტიკური ჭორაობის და სპეკულირების საგანი ხდება", – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ანაკლია არც ერთ ფიზიკურ პირს არ ეკუთვნის.

„ანაკლია არ ეკუთვნის არც ერთ ფიზიკურ პირს. ღრმაწყლოვანი პორტი, როგორც პროექტი, ემსახურება ქვეყნის განვითარებას და ყველა ცოტა უფრო პასუხისმგებლობით უნდა მოექცეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს", – აღნიშნა პრემიერმა.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალად ედება 2008 წელს დაახლოებით 17 მლნ დოლარის გათეთრება კომპანიების „სამგორი თრეიდის" და „სამგორი М"-ის მეშვეობით. ივლისის ბოლოს სასამართლომ აღკვეთის ზომა თითოეულს გირაოს სახით 700 ათასი ლარის გადახდა დააკისრა და პროკურატურის ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა.

მთავრობა ანაკლიის პორტის ინვესტორთან დაკავშირებული პრობლემის გადაწყვეტას ელოდება>>

ფულის გათეთრებაში ხელშეწყობის ბრალდება წარუდგინეს ზემოაღნიშნული კომპანიების დამფუძნებელს ავთანდილ წერეთელს. სასამართლომ ის 500 ათასი ლარის გირაოს გადახდის საფუძველზე გაათავისუფლა.

ყველა ახალი ამბავი
0