ქართულმა თაფლმა კანადაში მაღალი შეფასება დაიმსახურა

გამოწერა
ქართველ თაფლის მწარმოებლებს წელს პირველად მიეცათ შესაძლებლობა გამოფენაზე საკუთარი პროდუქცია წარედგინათ.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. კანადაში, ქალაქ მონრეალში გამართულ უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაზე Apimondia 2019 წარდგენილმა ქართული თაფლის ნიმუშებმა დარგის სპეციალისტებისა და გამოფენის სტუმრების მაღალი შეფასება დაიმსახურა, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან.

წელს კანადაში გამართულ 46-ე გამოფენის ძირითად თემად განისაზღვრა მეფუტკრეობის როლი სოფლის მეურნეობის განვითარებაში.

უწყების ცნობით, უდიდეს საერთაშორისო გამოფენაზე ქართველ თაფლის მწარმოებლებს წელს პირველად მიეცათ შესაძლებლობა  საკუთარი პროდუქცია წარედგინათ და 80-მდე ქვეყნის დელეგაციების წარმომადგენლებისა და ვიზიტორებისთვის გაეცნოთ.

თაფლი - Sputnik საქართველო
ტკბილი და სასარგებლო: ბათუმი თაფლის ფესტივალზე გეპატიჟებათ

კერძოდ, გამოფენაზე მაღალი შეფასება დაიმსახურეს „დასავლეთ საქართველოს მეფუტკრეთა ალიანსის“, „ქართული ტრადიციული მეღვინეობის“, „ნენას" და Mercy Corps-ის მიერ წარდგენილმა თაფლის ნიმუშებმა.

გამოფენის ფარგლებში მონრეალში მეფუტკრეობის საერთაშორისო კონგრესი და სიმპოზიუმიც გაიმართა.

„სიმპოზიუმზე შვიდი თემატური ჯგუფი შეიქმნა. ეს ჯგუფებია: დაავადებასთან ბრძოლა; კლიმატის ცვლილებების შედეგად წარმოშობილი ახალი რეალობა; ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი სიახლეები; სოფლის განვითარებაში მეფუტკრეობის როლი; მედიცინაში ფუტკრის და მისგან ნაწარმოები პროდუქტების მნიშვნელობა; ფუტკრის გენეტიკური გაუმჯობესება; პესტიციდების გავლენა ფუტკარზე“, – აღნიშნეს სამინისტროში.

მონრეალში გამართულ ღონისძიებებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე, ასევე ქართული თაფლის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თაფლი - Sputnik საქართველო
ფუტკრის თაფლი – მავნე და სასარგებლო თვისებები

გამოფენა Apimondia 2019 მეფუტკრეობის დარგში უახლესი ტექნოლოგიების მიღწევებს ეძღვნება, სადაც მწარმოებლებს საშუალება ეძლევათ სამეცნიერო მიმართულების ცოდნა და გამოცდილება გაიზიარონ.

Apimondia (მეფუტკრეების ასოციაციების საერთაშორისო ფედერაცია) ხელს უწყობს მეფუტკრეობის განვითარებას და ამ სფეროში ჩართულ პირთა თანამშრომლობას. Apimondia 1897 წლიდან მოყოლებული აწყობს მეფუტკრეების კონგრესებს, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნები მასპინძლობენ.

ყველა ახალი ამბავი
0