ანაკლიის პორტის მშენებლობა

საქართველოში გემთსაშენ საწარმოს ააგებენ

706
გემთსაშენის აღდგენაში საქართველოს კომპანია DAMEN-ი დაეხმარება

თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. ჰოლანდიური კომპანია DAMEN-ი საქართველოში პირველ გემთსაშენ საწარმოს ააგებს. ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს Facebook-გვერდზეა აღნიშნული.

მსხვილი ჰოლანდიური გემთმშენებელი კომპანია DAMEN-ის წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში საქართველოს ეწვევიან და ადგილზე შეისწავლიან გემთსაშენი საწარმოსთვის შერჩეულ ინფრასტრუქტურას, რის შემდეგაც ქართულ მხარესთან თანამშრომლობის ფორმატს შეარჩევენ. გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჰოლანდიური კომპანიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე იქნა მიღებული.

„ჩვენ მოხარული ვართ, ვითანამშრომლოთ ისეთ მსხვილ გემთმშენებელ კომპანიასთან, როგორიცაა DAMEN და ერთად ავაღორძინოთ საქართველოს გემთმშენებლობა, რისი დიდი ტრადიციაც გაგვაჩნია“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ.

მისი თქმით, საქართველოში ასეთი საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიის შემოსვლა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს საზღვაო პოტენციალის გაძლიერებასა და ქვეყნის სატრანსპორტო ჰაბად გარდაქმნის პროცესს.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საინვესტიციო წინადადება, რომელიც კომპანია DAMEN–ისთვის ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა. ის ითვალისწინებს გემთსაშენი საწარმოს აშენებას და სათანადო ინფრასტრუქტურის განვითარებას.

საზღვაო სტრატეგია

წლის დასაწყისიდან საქართველოში დაიწყო მუშაობა პირველ საზღვაო სტრატეგიაზე, რომელიც ითვალისწინებს სატრანსპორტო გემების სტანდარტებისა და უსაფრთხოების წესების შემუშავებას, ასევე გემების დატვირთვისა და დაცლის პროცედურებისა და მოთხოვნების ჰარმონიზებას. ამ სტრატეგიის განვითარება ქვეყნის მთავრობის ერთ–ერთი პრიორიტეტია.

ალავიძის სიტყვებით, საქართველო, როგორც საზღვაო ქვეყანა, დიდ ყურადღებას უთმობს საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის, გემთსაშენისა და გემების შემკეთებელი წარმოების განვითარებას.

რას წარმოადგენს DAMEN-ი

DAMEN – მსოფლიოში წამყვანი გემთმშენებელი კომპანიაა, რომელიც 1927 წლიდან ოპერირებს. კომპანია 33 გემთსაშენს მართავს მსოფლიოს 16 ქვეყანაში, რომელთა შორის არის ჰოლანდია, ჩინეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, რუმინეთი.

წლის განმავლობაში როგორც სამხედრო, ისე კომერციული დანიშნულების დაახლოებით 180 მცურავ საშუალებას უშვებს. გარდა გემების აშენებისა, წელიწადში 1500-ზე მეტი გემის შეკეთებასაც ახორციელებს. კომპანიის წლიური ბრუნვა 2 მილიარდ ევროზე მეტია.

Damen-ის მიერ აშენებული გემები გამოირჩევა განსაკუთრებული უნიკალური ნოვატორული დიზაინით და კონკურენტუნარიანი ფასებით.

706
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (637)
ძროხები

საქართველოში ყირიმ-კონგოს დაავადების პრევენციული ღონისძიებები გატარდა

80
(განახლებულია 15:30 04.07.2020)
სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს ყირიმ-კონგოს დაავადების საწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებებს.

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ყირიმ-კონგოს დაავადების პრევენციის მიზნით სამცხე-ჯავახეთის რეგიონსა და შიდა ქართლში ინსექტოაკარიციდული პრეპარატით 3090 სული მსხვილფეხა პირუტყვი დაამუშავეს, იუწყება სურსათის ეროვნული სააგენტო.

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ცხოველის და ადამიანის ვირუსული დაავადებაა და წარმოადგენს ბუნებრივ კეროვან ინფექციას. ვირუსის ძირითადი გადამტანი ტკიპაა (Hyalomma). ცხოველი და ადამიანი მისი კბენის შედეგად ინფიცირდება.

ცხოველებში დაავადება კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს, ხოლო ადამიანის შემთხვევაში, დაგვიანებულ მკურნალობას შესაძლოა ლეტალური შედეგი მოჰყვეს.

დაავადების მაღალი რისკის ქვეშ არიან ცხოველებთან კონტაქტში მყოფი (მწყემსები, ფერმერები) ადამიანები.

სააგენტოს ცნობით, ტკიპა ცხოვრების ციკლიდან გამომდინარე წლის თბილ და ცხელ პერიოდში აქტიურდება.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე ცხოველები, ინსტრუქციის წესების გათვალისწინებით, ინსექტოაკაროციდული პრეპარატით დაამუშაონ, ცხოველებს ტკიპები ხელთათმანისა და პინცეტის გამოყენებით მოაშორონ, პროფილაქტიკის მიზნით, მინდორში მუშაობისას ატარონ დახურული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ხოლო დაავადების ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართონ ექიმს.

სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს ყირიმ-კონგოს დაავადების საწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებებს.

80
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ბაზრის მოვაჭრეები და მყიდველები პირბადეებით ბაზარში

საქართველოში სურსათი გაიაფდა: ივნისში დაფიქსირდა დეფლაცია

150
(განახლებულია 11:00 04.07.2020)
საქართველოში წლიური ინფლაცია (2020 წლის ივნისი 2019 წლის ივნისთან შედარებით) კვლავ მაღალ დონეზე რჩება - 6,1%. მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. ივნისში, მაისთან შედარებით, ინფლაციის დონე უარყოფითი აღმოჩნდა - დეფლაციამ 1,4% შეადგინა, ნათქვამია „საქსტატის“ პრესრელიზში.

უწყების მონაცემებით, ყველაზე შესამჩნევად გაიაფდა კვების პროდუქტები - 4,8%-ით, მათ შორის ბოსტნეული, ხილი, რძის პროდუქტები და თევზი.

თუმცა წლიური ინფლაცია (2020 წლის ივნისი 2019 წლის ივნისთან შედარებით) კვლავ მაღალ დონეზე რჩება - 6,1%. მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს.

როგორ იცვლებოდა ინფლაცია წლის დასაწყისიდან

წლიურმა ინფლაციამ 2019 წელს 7% შეადგინა. მის შესაკავებლად ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო. რეფინანსირების განაკვეთი ამ პერიოდში 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, ბოლოჯერ ის 2019 წლის დეკემბერში გაიზარდა.

წლის დასაწყისიდან ინფლაციის წლიურმა დონემ კლება დაიწყო - იანვარსა და თებერვალში მან 6,4% შეადგინა, მარტში - 6,1%. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ხელისუფლებამ 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოაცხადა. ეკონომიკური სტიმულირებისთვის ეროვნულმა ბანკმა აპრილსა და ივნისში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8,25%-მდე შეამცირა.

თუმცაღა, ივნისში სურსათზე ფასები 13,6%-ით გაიზარდა, მათ შორის ხილზე - 45,5%-ით, რძეზე, ყველასა და კვერცხზე - 17,2%-ით, ხორცზე - 13,1%-ით, პურპროდუქტებზე - 10%-ით. პანდემიის გამო შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, 7,5%-ით გაძვირდა ჯანდაცვის მომსახურების ფასები, მათ შორის ამბულატორიულ მომსახურებაზე - 11,6%-ით.

ეროვნული ბანკი დარწმუნებულია, რომ წლის ბოლოსთვის ინფლაციის დონე შემცირდება

მაისში წლიურმა ინფლაციამ 6,5% შეადგინა, ივნისში - 6,1%. ეროვნული ბანკის პროგნოზებით, ინფლაცია განაგრძობს კლებას წლის დანარჩენ თვეებშიც და თავის მიზნობრივ დონეს (3%) 2021 წლის პირველ ნახევარში მიაღწევს.

„ინფლაციის მოსალოდნელი დინამიკა განისაზღვრება როგორც მოთხოვნის, ისე მოწოდების მხრივ არსებული ფაქტორების ურთიერთქმედებით“, - აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.

კერძოდ, ვირუსის გავრცელების პრევენციულმა ღონისძიებებმა ზოგიერთი საქონლის მიწოდების ღირებულების და მომსახურების გაძვირება გამოიწვია, თუმცა ეს ინფლაციაზე მხოლოდ ხანმოკლე გავლენას ახდენს.

მეორეს მხრივ, ინფლაციაზე როგორც გარე, ისე შიდა მოთხოვნის მნიშვნელოვანი შესუსტების გავლენა მაჩვენებლის პროგნოზების შემცირებას გამოიწვევს. იმავე დროს, ეროვნული ბანკის ანალიტიკოსების თვალსაზრისით, ხანგრძლივი დროით მიზნობრივთან შედარებით უფრო მაღალ დონეზე ინფლაციის შენარჩუნება ინფლაციური მოლოდინების გაზრდის რისკებს უკავშირდება.

მოთხოვნის კლება ფასების კლებას გამოიწვევს

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ ზოგადი სიტუაციის შეფასებისას ცხადად ჩანს, რომ ახლა მოსახლეობაში მსყიდველუნარიანი მოთხოვნა გაცილებით დაბალია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო.

„ეს ყველაფერი უკავშირდება კორონავირუსული პანდემიის შედეგებს, რადგან ორ თვეზე მეტია ძირითადი დარგები და საქმიანობის სახეები იყო გაჩერებული, ეკონომიკა იმყოფებოდა წარმოების განახლებაზე ნებართვის მოლოდინის მდგომარეობაში, ეს კი მოსახლეობის ერთობლივ შემოსავლებზე აისახა“, - განაცხადა არჩვაძემ Sputnik-საქართველოსთან ინტერვიუში.

მისი თქმით, მოთხოვნის შემცირება ნიშნავს, რომ ზეგავლენა ბაზარზე, მათ შორის კომერციის სფეროში, გაცილებით ნაკლებია. ანუ საქართველოს ეკონომიკაში ადრინდელთან შედარებით გაცილებით ნაკლები ფულადი სახსრები ცირკულირებს.

კორონავირუსი და ფასები: ყველაფერი გაძვირდა, ეს – გაიაფდა >>

„ეს, ერთის მხრივ, ნიშნავს, რომ სამომხმარებლო მოთხოვნის თვალსაზრისით ინფლაციის ზრდა ნაკლებად მოსალოდნელია. როდესაც საფრთხე გაივლის, შესაძლებელია კვლავ რეგულირების წესების შერბილება და საკრედიტო რესურსების მეტნაკლებად გაიაფება, რასაც გამოიწვევს კიდევაც რეფინანსირების განაკვეთის ამჟამინდელი შემცირება“, - აღნიშნა არჩვაძემ.

ლარის კურსი როგორც ინფლაციური ფაქტორი

სავალუტო ბაზრის სტაბილიზების მიზნით ეროვნულმა ბანკმა სამ თვეში უკვე რვა აუქციონი გამართა რომლებზეც 229,65 მილიონი დოლარი გაყიდა.

უფრო ადრე ეროვნულმა ბანკმა აღნიშნა, რომ ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის, სავალუტო ინტერვენციებს და პოლიტიკის განაკვეთს.

სავალუტო აუქციონების გარდა ეროვნული ბანკი რყევების შესამცირებლად ყოველდღიურ ინტერვენციებს იყენებს. კერძოდ, როდესაც დღის განმავლობაში გაცვლითი კურსის რყევები აჭარბებს წინასწარ განსაზღვრულ ნიშნულს, ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტით ვაჭრობაში გარკვეული თანხით ერთვება.

გარდა ამისა, წელს ეროვნული ბანკი ინტერვენციებისთვის გამოიყენებს ვალუტას, რომელსაც ქვეყანა კრედიტების ან გრანტების სახით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან იღებს.

150
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (637)
დაკავება

საქართველოში მკვლელობის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

0
გამოძიება „განზრახ მკვლელობის“ მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში აზერბაიჯანის მოქალაქეს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს 28 წლის აზერბაიჯანის მოქალაქე დმანისის მუნიციპალიტეტში თავისი ნაცნობის, 20 წლის მკვლელობის ბრალდებით, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიების მონაცემებით, ბრალდებულმა თავისი ნაცნობი ცივი იარაღით დაჭრა და მიიმალა. დაშავებული მიღებული ჭრილობისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული აღიარებს დანაშაულს.

გამოძიება „განზრახ მკვლელობის“ მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში