რთველი

მევენახეებმა კახეთში კვლავ საპროტესტო აქცია გამართეს

170
(განახლებულია 12:16 14.09.2019)
რთველის დაწყებიდან ფერმერებმა უკვე მეორე საპროტესტო აქცია გამართეს

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. გურჯაანის რაიონის მევენახეებმა გამართეს აქცია და ყურძნის ჩაბარების ფასის გაზრდა მოითხოვეს.

კახელი მევენახეები ყურძნის ფასის გაზრდას მოითხოვენ: აქცია ყვარელში >>

აქციაში მონაწილეობა მიიღო ახაშენის, ზეგაანისა და მუზუკანის დაახლოებით 100-მა მევენახემ. რთველის დაწყებიდან ეს უკვე მეორე საპროტესტო აქციაა. პირველი აქცია ყვარელში გაიმართა.

„მერის მოწვევით აქციის ყველა მონაწილე მოვიდა გურჯაანის მერიაში, სადაც გაიმართა შეხვედრა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მათი მთავარი მოთხოვნაა ყურძნის ფასის გაზრდა, ითხოვენ სუბსიდირებას“, - განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ მერიის პრესსამსახურის თანამშრომელმა.

დღეს საწარმოებში 1 კგ ყურძნის ჩაბარების ფასია 70 თეთრი, რაც, მევენახეების თქმით, მიზერული თანხაა. ისინი ამტკიცებენ, რომ ვენახების მოვლის ხარჯების ანაზღაურება და რაიმე მოგების მიღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყურძენი სულ მცირე 1 ლარი იღირება.

აქციის მონაწილეებს შეხვდნენ გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს უფროსი ლევან მეხუზლა და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი.

შეხვედრაზე მევენახეებს კვლავ განუმარტეს, რომ სახელმწიფო რთველის სუბსიდირებას აღარ განახორციელებს. ამაზე ხელისუფლებამ უარი 2017 წელს თქვა. ყურძნის ჩაბარების ფასს თავად ბაზარი განსაზღვრავს.

ფერმერებს აუხსნეს, რომ თანხები დაიხარჯა მელიორაციის სისტემაზე, მეხამრიდებზე და შეღავათიან აგროკრედიტებზე.

წელს მთავრობამ 20 მილიონი ლარი გამოყო იმისათვის, რომ რქაწითელის ჯიშის ყურძნის ფასი 70 თეთრზე დაბალი არ იყოს. მთავრობა აფინანსებს საწარმო „აკურას“ კახეთში, რომელიც ამ ფასად იბარებს ისეთ ყურძენსაც, რომელიც კერძო ქარხნებმა უფრო იაფად შეაფასეს.

საკოორდინაციო შტაბი „რთველი 2019“, რომელიც ქალაქ თელავში ფუნქციონირებს, მევენახეებს ჩამბარებლის მოძებნაში ეხმარება.

მსოფლიოში ქართული ღვინის პოპულარობა იზრდება >>

აღსანიშნავია, რომ წელს კახეთში ყურძნის მდიდარ მოსავალს ელოდებიან, თუმცა მისი რეალიზაციის საკითხი კვლავ პრობლემატურია. პროგნოზების თანახმად, ყურძენზე მოთხოვნა დაბალი იქნება. კერძო კომპანიები რუსეთის მიერ დაწესებულ ემბარგოს უფრთხიან და ცდილობენ, სანამ ვითარება სტაბილური არ გახდება, რისკებს თავი აარიდონ.

 

170
თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა (67)
ვალუტის გაცვლის პუნქტი

ლარის კურსი 27 მაისს

56
(განახლებულია 08:28 27.05.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის, ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ არ შეცვლილა.

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,1916 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის, ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ არ შეცვლილა.

ლარის კურსი 27 მაისს
ლარის კურსი 27 მაისს
56
თემები:
ლარის კურსი დღეს
უფასო WiFI-ს ნიშანი

ქართულ სოფლებში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის გაყვანა დაიწყება

70
(განახლებულია 00:25 27.05.2020)
პირველი, საპილოტე ეტაპი უახლოეს დღეებში დაიწყება, დანარჩენი ეტაპები, სავარაუდოდ, უახლოეს თვეებში ამოქმედდება, განაცხადა მინისტრმა

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. უახლოეს მომავალში საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა „ოუფენ ნეტის“ (OpenNet) საპილოტე ნაწილი დაიწყება, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

აღნიშნული პროექტის მთავარ ამოცანას წარმოადგენს სოფლების და დაბების ინტერნეტით უზრუნველყოფა, რადგან დიდი ქალაქებისთვის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მეტნაკლებად ხელმისაწვდომია. საუბარია 800 დასახლებულ პუნქტზე.

მინისტრის თქმით, მსოფლიო ბანკმა დაადასტურა მზადყოფნა, რომ დააფინანსებს აღნიშნულ პროექტს ქვეყნის მთავრობასთან ერთად.

თურნავას თქმით, აღნიშნული პროექტის შემდგომი დაჩქარების გეგმა მსოფლიო ბანკთან ერთად კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე მომზადდა.

„პროექტი დაყოფილია ორ ეტაპად. პირველი, საპილოტე ეტაპი დაიწყება უახლოეს დღეებში და შემდგომი დანარჩენი ეტაპი უკვე მსოფლიო ბანკთან შეთანხმების კვალობაზე, სავარაუდოდ უახლოეს თვეებში“, - განაცხადა თურნავამ.

თურნავას თქმით, კორონავირუსის პანდემიის ეპოქაში უფრო მეტი აქტუალობა შეიძინა პირადმა თუ სამსახურთან ან განათლებასთან დაკავშირებულმა ონლაინ ურთიერთობებმა. სწორედ ამიტომ გადაწყდა პროექტის განხორციელების პროცესის დაჩქარება.

„საპილოტე ნაწილი დაიწყება, უკვე დასრულდა ტენდერი და გვყავს გამარჯვებული კომპანია, მშენებლობა დაიწყება და მერე, შემდგომი პროექტიც მიყვება, ძალიან მალე დასრულდება“, - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია დამონტაჟდეს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი და შესაბამისი აპარატურა იმისთვის, რომ მოხდეს იმ სოფლების ინტერნეტიზაცია, რომლებიც დღესდღეობით ვერ სარგებლობს ინტერნეტით ან სადაც დაბალი ხარისხის ინტერნეტია.

ხევსურეთი online! – სოფელ როშკაში ინტერნეტი ჩაირთო >>

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, საქართველოში ინტერნეტის ქსელში სულ 901,8 ათასი აბონენტია რეგისტრირებული, მათ შორის არის როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები. აბონენტების უმრავლესობა დაფიქსირებულია თბილისში, ბათუმსა და რუსთავში, ამასთან, მთიან რეგიონებში არის სოფლები, რომლებშიც დღემდე არ არის ინტერნეტი. ყველაზე მძიმე სიტუაცია მთიან აჭარაში - შუახევში, ქედასა და ხულოში, ასევე თიანეთის და სვანეთის მუნიციპალიტეტებში.

70
თემები:
თანამედროვე ტექნოლოგიები
სატვირთო

გახარია: ქვეყანაში კორონავირუსი კონტროლს ექვემდებარება

0
(განახლებულია 12:46 27.05.2020)
განსაკუთრებული რისკის შემცველ ჯგუფს ასევე წარმოადგენს საერთაშორისო გადაზიდვები, რაზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და ვამკაცრებთ კონტროლს, აღნიშნა გიორგი გახარიამ

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება კონტროლს ექვემდებარება და ეს საზოგადოებასთან ერთობლივი მუშაობის შედეგია, განაცხადა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. 

მისი სიტყვებით, ის, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელება კონტროლს ექვემდებარება, რამდენიმე ფაქტი ამტკიცებს. მათ შორის ის, რომ ინფიცირების შემთხვევები ძირითადად საკარანტინე სივრცეებს უკავშირდება, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ კარანტინის ფორმა სწორი გადაწყვეტილება იყო, აღნიშნა გახარიამ. ამასთან, მან განმარტა, რომ ახალი შემთხვევები  უკვე ცნობილ წყაროებს უკავშირდებიან.

 „განსაკუთრებული რისკის შემცველ ჯგუფსს ასევე წარმოადგენს საერთაშორისო გადაზიდვები, რაზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და ვამკაცრებთ კონტროლს. ქვეყანაში ინფექციის, პანდემიის  გავრცელება კონტროლს ექვემდებარება. ეს საზოგადოებასთან ერთობლივი მუშაობის შედეგია. ამიტომ შემდეგი ამოცანა ეკონომიკის უფრო სწრაფა ამოქმედებაა“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერის სიტყვებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა წარმოადგინა კვლევის შედეგები, რომელიც ამტკიცებს, რომ ვირუსის შიდა გავრცელების მასშტაბი დიდი არაა და რისკი შემცირებულია. 

მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი ჯერ დამარცხებული არ არის და იგი არსად წასულა, აუცილებელ მოთხოვნად რჩება სოციალური დისტანცია, პირბადეების ტარება და ჰიგიენის წესების დაცვა, აღნიშნა გახარიამ.

საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მთავრობამ 29 მაისიდან ყველა სახის ტრანსპორტის მუშაობის განახლების გადაწყვეტილება მიიღო.

კორონავირუსის პანდემიის გამო დაკეტილი რესტორნები და კაფე–ბარები მუშაობას 8 ივნისიდან განაახლებენ. ღია სივრცის მქონე რესტორნები კი მოქალაქეებს 1 ივნისიდან მოემსახურებიან.

ამჟამად კორონავირუსი დადასტურებული აქვს 735 ადამიანს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 557-ს (73,7%) მიაღწია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3076, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 250 პაციენტია. გარდაიცვალა 12 ადამიანი.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისამდე გაგრძელდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში