Airbus-320 „დომოდედოვოს“ აეროპორტში

პირდაპირი ავიამიმოსვლა აშშ-თან: თურნავა მოლაპარაკებებს იწყებს

100
საქართველოდან აშშ-ში პირდაპირი ფრენები ავიაკომპანიებისთვის კომერციულად მიმზიდველი იქნება

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გაემგზავრა აშშ-ში, სადაც ორ წამყვან ამერიკულ ავიაკომპანიასთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების შესახებ მოლაპარაკებებს გამართავს.

WizzAir-ი საქართველოდან შვიდ ახალ მიმართულებას ამატებს >>

თურნავა შეხვდება მსოფლიოს უმსხვილესი ავიაკომპანიების - Delta Air Lines და United airlines-ის წარმომადგენლებს და საქართველოს შესახებ დეტალურ პრეზენტაციას წარუდგენს.

აშშ-თან პირდაპირი ავიამიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება ნათია თურნავამ ჯერ კიდევ აგვისტოში დააანონსა. მისი თქმით, სამინისტროს მიერ ჩატარებულმა დეტალურმა კვლევამ დაადასტურა, რომ საქართველოდან აშშ-ში პირდაპირი ფრენები კომერციულად მიმზიდველია.

დღეისათვის აშშ-დან ტურისტების რაოდენობა არც ისე დიდია - 2019 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოდან აშშ-ში დაახლოებით შვიდი ათასი ვიზიტი დაფიქსირდა, ხოლო 2018 წელს - დაახლოებით 41,9 ათასი.

2018 წლის მონაცემებით, საშუალოდ ამერიკელი ტურისტი საქართველოში ხარჯავდა 1,1 ათას დოლარს ერთი ვიზიტის დროს, რომელიც საშუალოდ 8 დღე-ღამეს გრძელდება. 2018 წელს ამერიკელი ვიზიტორების ხარჯებმა 47 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ყველა ვიზიტორის ხარჯების 0,03%-ს შეადგენს.

აშშ საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის. საქართველოსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2018 წელს დაახლოებით 520 მილიონი დოლარი შეადგინა. მათ შორის საქართველოდან ექსპორტმა 160 მილიონ დოლარს მიაღწია, ხოლო იმპორტმა - 359,8 მილიონ დოლარს.

100
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (686)
თბილისი

ეროვნული ბანკი: საქართველოს ეკონომიკის ვარდნა მოსალოდნელზე მეტი იქნება

268
(განახლებულია 13:40 08.08.2020)
მსოფლიოში ეკონომიკური ვითარება იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო, რამაც საქართველოში მშპ-ის ზრდის პროგნოზის შემცირება გამოიწვია, განაცხადა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა

 

თბილისი, 8 აგვისტო - Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის განახლებული პროგნოზის თანახმად, 2020 წელს ქვეყნის ეკონომიკა 5%-ით შემცირდება, განაცხადა მარეგულირებლის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

ადრინდელი პროგნოზის თანახმად, საქართველოს მშპ-ის 4%-ით შემცირება იყო მოსალოდნელი. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ივნისში შემუშავდა ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტი. 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, მსოფლიოში ზოგადად რთული ვითარებაა, ვინაიდან პანდემიამ ეკონომიკაზე ძლიერი ზეგავლენა იქონია, ნეგატიური შედეგების გადალახვა კი ბევრ პრობლემას უკავშირდება.

 „პანდემიის დასაწყისში სსფ პროგნოზირებდა 3%-იან გლობალურ ეკონომიკურ ზრდას, მაგრამ ამას წინათ გამოაქვეყნა უკვე განახლებული პროგნოზი, რომელიც უფრო პესიმისტურია და რომლის თანახმადაც მსოფლიო ეკონომიკა 4,9%-ით შემცირდება. სწორედ ესაა მიზეზი და ეს გახდა ერთ-ერთი ფაქტორი, რომელმაც საქართველოში ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვა გამოიწვია“, - განუცხადა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს.

საქართველოს ეკონომიკა წლის პირველ ნახევარში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, ივნისში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მშპ 7,7%-ით შემცირდა. შესადარებლად: მაისში ვარდნის მაჩვენებელი იყო 13,5%, აპრილში - 16,6%.

„წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკური აქტივობა ივნისში წლიურად 7,7%–ით შემცირდა. თუმცა, აპრილ-მაისთან შედარებით, სახეზეა ადგილობრივი მოთხოვნის გაჯანსაღების ნიშნები, რაც ფისკალურ სტიმულს და საკრედიტო აქტივობისა და გზავნილების მოსალოდნელზე კარგ დინამიკას უკავშირდება“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ წინასწარი მონაცემებით, ივნისში საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავალი წლიურად 97%–ით შემცირდა. ექსპორტზე მოთხოვნაც სუსტი რჩება და ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14%–იანი კლება დაფიქსირდა. საექსპორტო შემოსავლების კლებასთან ერთად, იმპორტიც წლიურად 22%–ით შემცირდა.

მეორე მხრივ, ივნისში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 17,8%-ით გაიზარდა საქართველოში ფულადი გზავნილები და 169,2 მლნ დოლარს მიაღწია. თუმცა, პირველ ექვს თვეში საზღვარგარეთიდან ფულადი შემოსულობების მოცულობა კვლავ ნაკლებია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - ვარდნა 4,6%-ს შეადგენს.  

კრიზისის მიზეზები და შედეგები

ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი, პროფესორი სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში აშკარაა შემცირება, შიდა მოთხოვნილებისა და წინადადებების შემცირება, მოსახლეობის მსყიდველობის უნარის ვარდნა და მთლიანად ბიზნესის საქმიანი აქტივობის ხელშესახები შემცირება. 

 „მთელი ამ პროცესის სტიმულირებისთვის, ნეგატიური ტენდენციების გადასალახავად აუცილებელია რაიმე იმპულსი, ბიძგი გვერდიდან. და აქ დახმარება შეუძლია მხოლოდ ინსტიტუტს, რომელიც მართლზომიერად განახორციელებს ასეთ გლობალურ პროცესებს. ეს, ერთი მხრივ, შეიძლება იყოს მთავრობა, აღმასრულებელი ხელისუფლება, მეორე მხრივ - საბანკო სექტორი, მხედველობაში მაქვს ეროვნული ბანკი“, - განუცხადა არჩვაძემ „Sputnik-საქართველოს“.

მისი სიტყვებით, ჰიპერინფლაციის ან სხვა ნეგატიური ტენდენციების საფრთხე ინფლაციის თვალსაზრისით არ არის მოსალოდნელი, რადგან მოსახლეობას არა აქვს იმდენი ფული, რომ ეს მოხდეს.

„ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა ფეხი აუბას ცვლილებებს და შეამცირა რეფინანსირების განაკვეთი. ეს ნიშნავს კრედიტების, რესურსების გაიაფებას, ერთი მხრივ, ბიზნესისთვის და, მეორე მხრივ, მოსახლეობისთვის, მათ შორის, სამომხმარებლო კრედიტის გაიაფების მიმართულებით. და საბოლოო მიზანი საქმიანი აქტივობისა და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის გაზრდაა“, - აღნიშნა არჩვაძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 5 აგვისტოს რეფინანსირების განაკვეთის 8,25%-დან 8%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. 

მისი აზრით, ეს ყველაფერი უნდა გადაიზარდოს ეკონომიკისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაში და ჩვენ აუცილებლად დავინახავთ წლის მეორე ნახევარში უფრო დადებით ტენდენციას ეკონომიკაში, ვიდრე ეს მარტიდან ივნისამდე იყო.

 „ეს ეკონომიკის გასაჯანსაღებლად ერთადერთი სტიმული არ არის, თუმცა, ამ ნაბიჯის გარეშე ჩვენ ვერ შევძლებდით იმ რესურსების სრულად ამოქმედებას, რომლებიც საზოგადოებაში ამჟამად არსებობს. საკრედიტო რესურსების გაიაფება ეკონომიკის გაუმჯობესებისა და მისი ზრდის ერთ-ერთი ფუძემდებელი ფაქტორია“, - აღნიშნა ექსპერტმა.

პესიმისტური და ოპტიმისტური პროგნოზები

საერთაშორისო ორგანიზაციები წელს უარყოფით ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებენ, თუმცა, ამავე დროს აცხადებენ, რომ 2021 წელს საქართველო ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. ამასთან, საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 4%-მდე დაეცემა.

ყველაზე პესიმისტური, როგორც საქართველოში ფიქრობენ, არის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზი. 14 მაისს გამოქვეყნებული პროგნოზის თანახმად, მშპ საქართველოში 2020 წელს 5,5%-ით დაეცემა, 2021 წელს კი 5,5%-ით მოიმატებს.  

სსფ ვარაუდობს, რომ საქართველოს ეკონომიკის ვარდნა 2020 წელს 4% იქნება, ხოლო ინფლაცია - 4,6%. სსფ-ს 2021 წლის პროგნოზი კი საკმაოდ ოპტიმისტურია. ფონდის შეფასებით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 3%-ით მოიმატებს, ინფლაცია კი 3,7%-მდე შემცირდება.

 „ერთმნიშვნელოვნად შემიძლია განვაცხადო, რომ 2021 წლიდან საქართველოში ეკონომიკა ზრდას დაიწყებს და, ვიმედოვნებ, რომ მსოფლიო ეკონომიკაში იმ დროისთვის რეცესიის გადალახვის პირველი ნიშნები გამოჩნდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ 2021 წელს ყველა პრობლემა დასრულდება“, - მიაჩნია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას.

მისი თქმით, კიდევ რამდენიმე წელი იქნება საჭირო ბიზნესის დასახმარებლად და ახალი ინვესტიციების მოსაზიდად.

268
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (686)
ბენზინგასამართი სადგური

საქართველოში რომელი მარკის ბენზინია ხარისხიანი? ექსპერტების დასკვნა ცნობილია

188
(განახლებულია 13:25 08.08.2020)
საწვავის მხოლოდ ერთი ნიმუში არ შეესაბამებოდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმას. 

თბილისი, 8 აგვისტო  — Sputnik.  2020 წლის მაისში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს მასშტაბით 252 ერთეული regular–ის მარკის ბენზინის საწვავის სინჯი აიღეს,  საიდანაც მხოლოდ ერთმა ვერ გაიარა შემოწმება, ნათქვამია უწყები მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ყველა ნიმუში 251 აგვოგასამართი სადგურიდან აიღეს. სინჯები შემდგომი კვლევისათვის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გაიგზავნა და მხოლოდ ერთი ნიმუში არ შეესაბამებოდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმას. კერძოდ, ნიმუშში ოქტანური რიცხვის მნიშვნელობამ შეადგინა 90, იმ დროს, როდესაც იგი უნდა იყოს არანაკლებ 91.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინა.

მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს ხელისუფლებამ საწვავის ხარისხზე კონტოლის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის ინიციატივით სანქციები მკაცრდება უხარისხო ბენზინის ან დიზელის საწვავის საქართველოში იმპორტზე, წარმოებასა და რეალიზაციაზე.

ცვლილებების პაკეტი ითვალისწინებს არა მხოლოდ ჯარიმების გაზრდას, არამედ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებასაც.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი: „საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის იმპორტი, წარმოება ან/და მიწოდება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს“.

188
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (686)
ძველი წიგნი

ამბავი ათაბაგის ლაშქრობისა და დუქნის კარზე ყურით მიჭედებული უსტაბაშისა

0
(განახლებულია 14:21 09.08.2020)
ეს ამბავი, რომელსაც ქვემოთ გიამბობთ, ხუთასზე მეტი წლის წინ, 1483 წლის აგვისტოს ერთ ცხელ დღეს მომხდარა

მესხი ვაჭრის, გვარად გოკიელისთვის ნუხის ქალაქ არეშში (დღევანდელი საინგილოს ქალაქი შექი) იქაურ სოვდაგართა  უსტაბაშს, ვინმე დერვიშ-ჰუსეინს ათი საპალნე აბრეშუმი წაურთმევია და თან სასტიკად უცემია. გოკიელს დაუქადნია, ყველაფერს სამცხის დიდ ათაბაგ ყვარყვარე ჯაყელს მოვახსენებო.

შენი მთავრით მაშინებ არა?! მაგანაც ერთბაშად დუქნის კარებზე ფეხი არ მიკრას და შუაბოძზე ყურით არ მიმაჭედოსო, მასხრად აუგდია გოკიელი უსტაბაშს.

იმ დროს საქართველო დასუსტებულ-დაქუცმაცებული იყო და ამადაც ბრძანებულა დიდ გულზე დერვიშ-ჰუსეინი. ეგონა, პასუხს არავინ მოსთხოვდა და ყველაფერი ხახვივით შერჩებოდა.

მაგრამ გაბითურებულმა ვაჭარმა მართლაც ყველაფერი შეატყობინა ათაბაგ ჯაყელს. ბუნებით ამაყმა, მოუსვენარმა და დაუდეგარმა მთავარმა განრისხება ვერ დამალა. მთავრის ბრძანებით ხუთასი მესხი ლაშქრად დადგა და ამბის შეტყობიდან უკვე მეხუთე დღეს ახალციხიდან თითქმის ხუთასი კილომეტრით დაშორებულ ქალაქ არეშში შეაჭენა ცხენები. თავისთან მოიხმო ათაბაგმა არდაშელ-გოკიელი. უთხრა:

— არა შენი სურვილისათვის, არა შენი გალახვისათვის, არამედ ჩემი შეგინებისა და უფრო მეტად იმისათვის, რომ ქართველ კაცს არავინ აწყენინოს ამ ქვეყანაზე, მოვედი დღეს აქ. ახლა კი მიმიყვანე მკრეხელთან, რათა ისე დავსაჯო, ამ ქალაქში ქართველის დანახვის ეშინოდეთ!

მიადგა მესხთა მხედრობა დერვიშ-ჰუსეინის ფანჩატურებს, ერთიანად დაარბია იქაურობა და ბოლოს მაინც იპოვეს სოვდაგართა უსტაბაში, სამალავიდან გამოათრიეს და ყვარყვარეს ფეხებთან დასაკლავი ცხვარივით წამოაქციეს.

— მაშ, შენ გინდა, რომ დარაბას ფეხი გიკრა და დუქნის შუაბოძზე ყურით მიგაჭედო, აღა? ასეც იქნება, მაგრამ ჯერ კუთვნილი აბრეშუმი მიუთვალე არდაშელ-გოკიელს, მისხალიც არ გვინდა მეტი.

მიუთვალა დერვიშ-ჰუსეინმა გოკიელს კუთვნილი აბრეშუმი...

ცხენიდან ჩამოხდა ყვარყვარე, ფეხი ისე ძლიერ ჰკრა დუქნის დარაბას, ერთიანად ჩალეწა. მერე სულთნის ფაიქებსა და თავშეყრილ არეშელებს მიუბრუნდა:

— თუ რომელიმე ქართველს აქ ერთი ღერი თმა ჩამოუვარდება, თავი არ შეგრჩებათ არცერთს! ახლა ეს ღორი დუქნის შუაბოძზე გააკარით!

და მესხმა აზნაურებმა ახალციხეს ნაწრთობი სამსჭვალებით ყურებით მიაჭედეს დერვიშ-ჰუსეინი საკუთარ დუქანს. მერმე კვლავ ამხედრდნენ და მესხეთის გზას გაუყვნენ. არეშელები კი კიდევ დიდხანს იდგნენ და შლეგ გურჯებს გასცქეროდნენ, რომლებმაც ამხელა გზა მხოლოდ იმისთვის გამოიარეს, რომ ვიღაც დერვიშ-ჰუსეინისთვის ჭკუა ესწავლებინათ.

არეშიდან უკან გაბრუნებულმა ყვარყვარე ჯაყელის მეომრებმა 1483 წლის 13 აგვისტოს სოფელ არადეთთან სასტიკი ბრძოლა გაუმართეს ქართლის მეფე კონსტანტინე მეორის ერთგულ მეომრებს. მეფემ არაფერი იცოდა არეშის დარბევის შესახებ, სამაგიეროდ შიდა ქართლის ფეოდალები: ციციშვილები, ჯავახიშვილები, მაჩაბლები ფხიზლობდნენ, რომლებიც მტრად მოჰკიდებოდნენ სამცხის ათაბაგს. ყველაზე მეტად მაინც ციცი და ზაზა ციციშვილები მტრობდნენ მას, რომლებიც სამცხიდან, ფანასკერტიდან გამოქცეულიყვნენ, ხოლო მათი მამულები ჯაყელს დაესაკუთრებინა. და ახლა „კარაბადინის“ შემოქმედი შურის საძიებლად არადეთთან ჩაუსაფრდა ყვარყვარეს. 

უპირატესობაში დარწმუნებულმა ქართლელებმა, რომლებიც რიცხვით ბევრად აღემატებოდნენ მესხებს, ათაბაგს რუისის ეპისკოპოსი მიუგზავნეს და უბრძოლველად დანებება მოსთხოვეს. მე თქვენთან სადავო არაფერი მაქვსო, უთქვამს ეპისკოპოსისთვის ყვარყვარეს. 

„ჩემს მტერს პასუხ ვუყავ არეშს და ამით ქართველთა სახელი განვადიდე. თქვენ რა სიმართლით მიდგებით წინ?!“ — უკითხავს მთავარს.

— განა არ იცი, მთავარო, ძალა აღმართს ხნავს? — უპასუხია რუისელს.

და მიუხედავად მცირერიცხოვანი ლაშქრისა, ამ ბრძოლაში ყვარყვარე ათაბაგმა გაიმარჯვა. დატყვევებული ქართლელები კი ჯერ სამცხეს წაასხა, იქიდან კი უკლებლივ ყველა ოსმალეთში გაყიდა. ძმათამკვლელ შერკინებაში „გამარჯვებულებმა“ არც რუისელი ეპისკოპოსი დაინდეს — წვერებით ათრიეს იგი.

„უკეთუ ძალა არმართს ხნავს, დაე, ნებამ ფარცხოს დაღმართი!“ — ასეთი იყო ყვარყვარეს სასტიკი განაჩენი.

ვერაფერს იტყვი, უცნაური ლოგიკაა: ჯერ ქართველთა ღირსების დასაცავად ასობით კილომეტრი გაიარო, შეურაცხმყოფელი ყურით ბოძს გააკრა, მერე კი შენს სისხლსა ხორცს შეეჯახო და დამარცხებული ტყვედ გაყიდო უცხო მხარეში...

0
თემები:
იცით თუ არა, რომ...