თხილის პლანტაცია

მავნებლის ძიებაში: მოძრავი ლაბორატორია ქართულ სოფლებს ამოწმებს

64
(განახლებულია 10:50 07.09.2019)
ქართველ ფერმერებს ეცოდინებათ, ხომ არ აზიანებს მათ ნარგავებს აზიური ფაროსანა ან სოკოვანი დაავადება

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. აზიური ფაროსანასა და სხვა მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დასაცავად დასავლეთ საქართველოს სოფლებს მობილური მანქანა-ლაბორატორია მოემსახურება, რომელიც მცენარეებს, ბოსტნეულსა და ხილს სხვადასხვა დაავადებებზე შეამოწმებს, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

მოძრავი ლაბორატორია აღჭურვილია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესამოწმებლად საჭირო თანამედროვე აპარატურითა და ხელსაწყოებით.

მობილური ლაბორატორიის მეშვეობით ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება, ადგილზე შეამოწმოს მცენარეების ნიმუშები და მავნებლების ან სხვა დაავადებების აღმოჩენის შემთხვევაში, სპეციალისტებისგან მიიღოს საჭირო რეკომენდაციები.

პროექტის მიზანია მცენარეთა მავნე ორგანიზმების საწინააღმდეგო ფიტოსანიტარიული ზომების მიღება და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვის სისტემის გაძლიერება.

მავნებელი საქართველოში 2015 წელს, სავარაუდოდ, აფხაზეთიდან გავრცელდა. ფაროსანამ თხილისა და ციტრუსების დიდი ნაწილი გაანადგურა.

საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა მავნებელთან ბრძოლის სპეციალური პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სამ ძირითად მიმართულებას: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ეს მეთოდი მსოფლიოში სანიმუშოდ აღიარეს და ახლა საქართველო სხვა ქვეყნებს თავის გამოცდილებას უზიარებს.

აგვისტოში საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყანამ შვება იგრძნო. დასავლეთ საქართველოში მავნებელი პრაქტიკულად აღარ არის.

64
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (37)