ლარი

რა ელოდება ლარს? ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კომენტარს აკეთებს

151
(განახლებულია 16:08 29.08.2019)
ბოლო თვეებში ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 5,5%-ით გაუფასურდა.

თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეროვნული ვალუტის – ლარის მცურავი კურსის პირობებში პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, განაცხადა ქვეყნის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

ბოლო სამ თვეში ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 5,5%-ით გაუფასურდა. თუ 29 მაისს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური კურსი დოლარის მიმართ 2,7876 GEL/$1 იყო, 29 აგვისტოს მან 2,9415 GEL/$1-ს მიაღწია.

ფინანსთა მინისტრი: ლარი თავის წონასწორულ კურსს იპოვის>>

მას შემდეგ, რაც 1 აგვისტოს ლარმა ახალი ანტირეკორდი დაამყარა – 2,9718, ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 32 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა, რის შემდეგაც ლარი 1,4%-ით გამყარდა, თუმცა ლარის გაცვლითმა კურსმა 8 აგვისტოდან კვლავ ვარდნა დაიწყო.

„მცურავი კურსის ფარგლებში შეუძლებელია კურსზე პროგნოზების გაკეთება. ლარის კურსზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს... ის ანგარიში, რომელიც არის დღეს, იქნება ბევრად უკეთესი, ვიდრე ჩვენ ვპროგნოზირებდით", – განაცხადა გვენეტაძემ.

მან აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შედეგების საფუძველზე შექმნილ დეტალურ ანგარიშს მომდევნო კვირაში წარმოადგენს.

გვენეტაძის თქმით, ეროვნული ბანკის მთავარი საზრუნავი ინფლაციაა.

„იმ შემთხვევაში, თუ ჩავთვლით, რომ ზომებია მისაღები, მივიღებთ ყველა ზომას, რომ ინფლაციამ იმოძრაოს მიზნობრივ მაჩვენებელში. ინფლაცია შეიძლება იყოს თარგეთის ფარგლებში ზევით ან ქვევით, თუმცა არ უნდა გასცდეს მიზნობრივ მაჩვენებელს", – აღნიშნა ბანკის პრეზიდენტმა.

ექსპერტებმა ეკონომიკის საკითხებში არაერთხელ აღნიშნეს, რომ საქართველოში შექმნილმა პოლიტიკურმა ვითარებამ, რომელიც 20 ივნისის შემდეგ დაიძაბა, მოსახლეობაში აჟიოტაჟი გამოიწვია, ნეგატიური მოლოდინების გამო ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა საჭიროების გარეშე დაიწყეს უცხოური ვალუტის შესყიდვა.

151
თემები:
ლარის კურსის დაცემა (35)
თხილი

საქართველოდან 41 მილიონი დოლარის თხილის ექსპორტი განხორციელდა

40
(განახლებულია 22:12 26.10.2020)
2020 წელს მაღალი ხარისხის თხილის საპროგნოზო მოსავალი 50 ათასი ტონაა. წელს თხილის დაბინავების პროცესში ჩართულია 30-ზე მეტი საწარმო.

თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. 1 აგვისტოდან 25 ოქტომბრამდე პერიოდში საქართველოდან 7 684 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 41.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 2 252 ტონით – 41%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მაჩვენებელს, ხოლო ღირებულება 14.3 მლნ აშშ დოლარითაა გაზრდილი. 

ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში (2 233 ტონა), იტალიაში (1 507 ტონა), ჩეხეთში (470 ტონა), პოლონეთში (298 ტონა), ბულგარეთში (220 ტონა), ესპანეთში (209 ტონა), საფრანგეთში (191 ტონა), ლიეტუვაში (203 ტონა), საბერძნეთში (97 ტონა), ესტონეთში (88 ტონა), ლატვიაში (62 ტონა), სლოვაკეთში (37 ტონა), ავსტრიასა (22 ტონა) და ხორვატიაში (10 ტონა).

ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, უკრაინა, ალჟირი, ბრაზილია, კანადა, საუდის არაბეთი, მექსიკა, ერაყი, დიდი ბრიტანეთი, აშშ და სხვ.

2016 წლიდან, აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების შედეგად, საქართველოში თხილის წარმოება და, შესაბამისად, ექსპორტი მცირდებოდა. 2018 წელს ექსპორტის მაჩვენებელმა მინიმალურ ნიშნულს – 17 ათას ტონას მიაღწია.

2020 წელს მაღალი ხარისხის თხილის საპროგნოზო მოსავალი 50 ათასი ტონაა. წელს თხილის დაბინავების პროცესში ჩართულია 30-ზე მეტი საწარმო.

40
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ვაშლი

საქართველოდან ვაშლის ექსპორტი გაიზარდა

30
(განახლებულია 21:00 26.10.2020)
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სამჯერ არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით ვაშლის საპროგნოზო მოსავალიც და ის წელს 120 ათას ტონაზე მეტს შეადგენს.

თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოდან, ბოლო მონაცემებით, 3 005 ტონა ვაშლია ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით თითქმის რვაჯერ მეტს შეადგენს, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

უწყების ინფორმაციით, 1 აგვისტოდან 25 ოქტომბრამდე პერიოდში ექსპორტირებული ვაშლის ღირებულებამ 1,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1,1 მლნ დოლარით მეტია.

„წელს ქართული ვაშლის ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა, სადაც 2 894 ტონა ვაშლი გავიდა“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაშლის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში არიან ასევე ყაზახეთი, სომხეთი, სინგაპური და ჰონკონგი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სამჯერ არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით ვაშლის საპროგნოზო მოსავალიც და ის წელს 120 ათას ტონაზე მეტს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები საქართველოს მასშტაბით 1 128 ჰექტარზე გაშენდა.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში სახელმწიფოს თანადაფინანსებამ 9 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

პროგრამას „დანერგე მომავალი“ სოფლის განვითარების სააგენტო 2015 წლიდან ახორციელებს. სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მათი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

30
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა
სპეცოპერაცია ზუგდიდში

ზუგდიდში მძევლების აყვანა: პოლიციამ ეჭვმიტანილის სახლში ჩხრეკა დაასრულა

21
ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსმა პოლიციაში ეჭვმიტანილის მამა, ტარიელ ესებუა სამხარეო პოლიციაში პირადად გადაიყვანა

თბილისი, 26 ოქტომბერი - Sputnik. პოლიციამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერწკარში დაასრულა ჩხრეკა ბადრი ესებუას სახლში, რომელსაც ზუგდიდში ბანკის ძარცვა და მძევლების აყვანა ედება ბრალად.

პირველი არხის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაადასტურეს, რომ ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, თუმცა არ დაუზუსტებიათ, იყო თუ არა ამოღებული სახლიდან რაიმე ნივთები.

გარდა ამისა, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსმა ირაკლი ფაცაციამ ეჭვმიტანილის მამა, ტარიელ ესებუა პირადად გადაიყვანა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში. 

საგამოძიებო მოქმედებები ასევე დასრულდა ბადრი ესებუას ძმის, ბიძინა ესებუას სახლში. გამოკითხვაზე არიან გადაყვანილნი ბიკენტი და ბიძინა ესებუები. ასევე, გამოკითხვაზე გადაიყვანეს ბადრი ესებუას დეიდა და დეიდაშვილი.

შსს-მ დღეს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. შსს-მ ასევე მისი ფოტო გაავრცელა. მიმდინარეობს დამნაშავის ძებნის სპეცოპერაცია.

21
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა