ნაადრევი შემოდგომა, ჭარბი მოსავალი და ჩვენებურად თრობის პერსპექტივა...

© SPUTNIK / DENIS ASLANOVრთველი
რთველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რთველი დაიწყო... რამდენ ტონა ყურძენს ელიან მევენახეები, რა განწყობაა მეღვინეებში, რატომ ეშინიათ ჭარბი მოსავლის, როგორია ქართული ღვინის ექსპორტის პერსპექტივა და რას იწვევს ჩვენში ბახუსი?

სამსონ ხონელი

შემოდგომა მოგვადგა... პირდაპირი მნიშვნელობით ფოთოლცვენა ჯერ არ დაწყებულა, მეტიც, აშკარად მწვანე ფერი დომინირებს... ეს ბუნებაშია ასე, თორემ ყვითელი ჩვენში მთელი წლის განმავლობაში ჭარბად არის. „შემოდგომას სულ პირველად რუსთაველზე გაიგებ...“, − წერდა პოეტი იოსებ ნონეშვილი... მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ახლა რუსთაველზე გაიგონებ, რომ „სირცხვილია“, თუმცა კითხვა − რა არის სირცხვილი? შესაძლოა, პასუხგაუცემელი დაგრჩეს... დარწმუნებული ვარ, მკითხველი ვარაუდობს, რომ წინამდებარე სტატია ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების აქტუალურ საკითხებს ეხება. არადა, არ არის ასე. მიზეზი კი მხოლოდ ის როდია, რომ გონიერთათვის ქართულმა პოლიტიკამ უკვე დიდი ხანია დაკარგა აქტუალობა, არამედ, ვიდრე პოლიტიკური ფსევდოელიტის და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები არკვევენ, სად იქნება ქვეყნის მთავარი არხი, რთველი დაიწყო... საიდან სადაო?! − ბრძანებს მკითხველი და ამ რეპლიკას უპასუხოდ არ დავტოვებ. ვენახი! აქ არის მოსავალი, პირდაპირი და, თუ გნებავთ, ირიბი მნიშვნელობით. ის ისტორიულად გლეხკაცს მოჰყავს და ხელს თუ არავინ და არაფერი შეუშლის, ხომ კარგი...

რთველი - Sputnik საქართველო
რთველი 2019: კახეთში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

დარგის სპეციალისტები, თავად მევენახეები წელს მარტო კახეთის რეგიონში ჭარბ მოსავალს ელოდებიან. მათი ვარაუდით, დაახლოებით 250 ათასი ტონა ყურძენი მოიკრიფება. ზოგჯერ თურმე ასეც ხდება, მოსავალი შეიძლება ჭარბი იყოს. ასეა, მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი ლექსიკასაც განსაზღვრავს. დიახ, როგორც სპეციალისტები ამბობენ, წლევანდელი მოსავლის მოცულობამ, შესაძლოა, თავისუფალ ბაზარზე ყურძენზე, განსაკუთრებით კი თეთრ ყურძენზე მეღვინეების მხრიდან მოთხოვნის შემცირება გამოიწვიოს. არადა, მეტი ყურძენი ხომ მეტ ღვინოს ნიშნავს? იმასაც შეგახსენებთ, რომ ჩვენში თრობა უყვართ. ვინ ძალაუფლებით და ვინ კიდევ ღვინით არის ნაბახუსევი.

ღვინის საერთაშორისო ინსტიტუტის სამი წლის წინანდელი ინფორმაციით (სამწუხაროდ, მას შემდეგ მონაცემები არ განახლებულა), ჩვენი ქვეყანა წლიურად ერთ სულ მოსახლეზე 17 ლიტრ ღვინოს მოიხმარს და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მხოლოდ 41-ე ადგილზეა! არადა, კაცმა რომ გვკითხოს, ღვინის სმაში ბადალი არ გვყავს. ეჰ, ტრაბახი გვიყვარს, ტრაბახი... არა მგონია, სამი წის თავზე სურათი „სასიკეთოდ“ შეცვლილიყო. ამავე კვლევის მონაცემებით, მსოფლიოს 15 ქვეყნიდან, სადაც ყველაზე მეტ ღვინოს მოიხმარენ, 14 ევროპაშია. ღვინის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მაღალი ვატიკანშია, ის წელიწადში თითო მოქალაქეზე 54 ლიტრს შეადგენს. რეიტინგში მეორეა ევროპის კიდევ ერთი მცირე ზომის სახელმწიფო ანდორა, სადაც წლიურად ერთი მომხმარებელი საშუალოდ 46 ლიტრ ღვინოს სვამს. სამეულშია ხორვატია, წლიურად 44 ლიტრი ღვინის მოხმარებით. ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, ამერიკის შეერთებული შტატები „ფხიზელი ცხოვრების წესს მისდევს“, იქ ერთი სული მოსახლე ყოველწლიურად მხოლოდ 10 ლიტრ ღვინოს მოიხმარს. ვფიქრობ, ინფორმაცია, სად რამდენს სვამენ, საგულისხმო მათთვის არის, ვინც ღვინის ექსპორტით არის დაკავებული. სავარაუდოდ ექნებათ კიდეც, მაგრამ მომდევნო ორი აბზაცის წაკითხვის შემდეგ მკითხველი აუცილებლად ჩამეძიება – „გამოადგათ, რო?!“

ვენახი - Sputnik საქართველო
მევენახეები კადასტრის ამონაწერის გარეშე ყურძენს ვერ ჩააბარებენ

არაახალია, მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს განვითარებული მოვლენების გამო ქართული ღვინის ყველაზე მსხვილ საექსპორტო ბაზარზე − რუსეთის ბაზარზე ექსპორტის შემცირებამ და რუსეთის მიერ ქართული ღვინის იმპორტზე სანქციების შესაძლო დაწესების მოლოდინმა მეღვინეებში ნეგატიური ფონი გააჩინა. არადა, პირველი შვიდი თვის მაჩვენებელი ურიგო არ იყო. ნათქვამის დასადასტურებლად კონკრეტულ ციფრებს მოვიშველიებ: ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, წელს, ივლისის ჩათვლით, საქართველოდან მსოფლიოს 47 ქვეყანაში ექსპორტირებულია 47.2 მილიონი ბოთლი (0.75 ლ) ღვინო. ეს წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 4 პროცენტით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 114.2 მილიონ ამერიკულ დოლარს აჭარბებს, რაც 2018 წლის ამავე მონაცემზე 6 პროცენტით მეტია.

ღვინის ექსპორტმა საგრძნობლად მოიმატა ამერიკის შეერთებულ შტატებში − 60 პროცენტით, შემდეგი პოზიცია ისრაელს უკავია 51 პროცენტით, სამეულშია ნიდერლანდები – 42 პროცენტით. უკვე მომდევნო ადგილებზე არიან: ჩეხეთი 42 პროცენტით, ლიეტუვა 41 პროცენტით, დიდი ბრიტანეთი 39 პროცენტით, მონღოლეთი 35 პროცენტით, ბულგარეთი 25 პროცენტით. ჩვენ მთავარ, ტრადიციულად ყველაზე დიდ, რუსეთის ბაზარზე მატება მხოლოდ 2 პროცენტია. უნდა აღინიშნოს, რომ საანგარიშო პერიოდში ქართული ღვინის ექსპორტის არა ზრდის, არამედ მისი მთლიანი მოცულობის პირველ ათეულს სათავეში კვლავაც რუსეთი უდგას. შემდეგი პოზიციებზე არიან: უკრაინა, ჩინეთი, პოლონეთი, ყაზახეთი, ბელარუსი, ლატვია, ამერიკის შეერთებული შტატები, ლიეტუვა და ესტონეთი. ღვინის ექსპორტი განახორციელა 243-მა კომპანიამ.

რთველი - Sputnik საქართველო
რთველი 2019-ის მოლოდინში: იქნება ბევრი ყურძენი და ნაკლები ღვინო

ღვინის გარდა მსოფლიოს 18 ქვეყანაში ექსპორტირებულია 14.5 მილიონი ბოთლი (0.5 ლ) ბრენდი, რაც 46 პროცენტით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 31.5 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. ეს კი წინა წლის ამავე მონაცემზე 57 პროცენტით მეტია. ღვინოს და ბრენდს არც ეროვნული არაყი ჩამორჩა. თავად განსაჯეთ, 24 ქვეყანაში ექსპორტირებულია 306.2 ათასი ბოთლი (0.5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის მოცულობის მატებამ 40 პროცენტი შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 810.2 ათას ამერიკულ დოლარს აღწევს და საანგარიშო პერიოდში ზრდა 27 პროცენტია.

მკითხველი დამეთანხმება – ციფრები კარგია. არა, მჯობნის მჯობნი არ დაილევა, მაგრამ რაც ვნახეთ, მხოლოდ დადებით ტენდენციაზე მიანიშნებს. მიუხედავად ამისა, მეღვინეებში სულ სხვა მოლოდინები გაჩნდა. მიზეზი კი ერთია – მარნებში მაჭარი დადუღდა, მაგრამ საშველი არ დაადგა პოლიტიკური ვნებების დადუღებას. მავანთ ვერაფრით გაიაზრეს, რომ პოლიტიკური არასტაბილურობა ნეგატიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე, ურტყამს თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯიბეს და კიდევ უფრო ამძიმებს სოციალურ ფონს. ან ეგებ ვცდები და მუდმივი სწრაფვა დესტაბილიზაციისკენ ამ გააზრების შედეგია?!  

რთველი კახეთში - Sputnik საქართველო
დაზიანებულ ხილსა და ყურძენს წელს „აფენის“ ლუდის ქარხანა ჩაიბარებს

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ღვინის ეროვნული სააგენტო მობილიზებულია, რომ მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ შეექმნათ და მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩეთ. როგორც უწყების პირველი პირი ლევან დავითაშვილი აცხადებს, მევენახეობა-მეღვინეობის დარგი გაძლიერებულია და ის გასული წლის მსგავსად აღარ საჭიროებს სუბსიდიის ფორმით მხარდაჭერას. მისივე სიტყვებით, დარგში წინსვლა სახეზეა – გაშენებულია ახალი ვენახები, შექმნილია ახალი და გაფართოებულია ღვინის ძველი საწარმოები, უკვე ფუნქციონირებს აგროკრედიტის და აგროდაზღვევის სისტემა, გაზრდილია ღვინის ექსპორტის მოცულობა, საექსპორტო ბაზრები დივერსიფიცირებულია.

რამდენიმე დღის წინ რთველის საკოორდინაციო შტაბში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიც ესწრებოდა. სხვა საკითხებთან ერთად ყურადღება ყურძნის შესასყიდ ფასზეც გამახვილდა. მინისტრმა განაცხადა, რომ ყურძნის ფასებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციების გავრცელება ქვეყანაში რთველის პოლიტიზირების მცდელობაა. „ამ ინფორმაციას ავრცელებენ ოპონენტები, ისინი, ვინც წლების განმავლობაში ანგრევდნენ დარგს, ცდილობენ მოსახლეობის დეზინფორმაციას... ხაზგასმით მინდა ვთქვა, წელს ინდუსტრიული ჯიშის ყურძენზე ფასები შარშანდელზე ნაკლები არ იქნება“, − აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

რთველი ყვარელში - Sputnik საქართველო
ყურძნის ჩაბარებას ქარხნებში კომპიუტერი გააკონტროლებს

სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეგვიძლია „ცხელ ხაზზე“ – 1501.

რთველი ჯერ ახალი დაწყებულია და საბოლოო შედეგებს, ყველაზე გვიან, ღვინობისთვის შუა რიცხვებში დავითვლით, მაშინ, როცა ყვითელი ფერი ბუნებასაც შემოსავს. მერე კი მოსავალი დაბინავდება, ღვინო დადგება და თუ თრობა გარდაუვალია, ეგება ძალაუფლებით თრობას გავეშვათ და ყურძნის ნაჟურს მივაწვეთ?.. 

 

ყველა ახალი ამბავი
0