ბათუმის პორტი

ბათუმისა და კონსტანცას პორტებს შორის საკონტეინერო გემი იმოძრავებს

49
(განახლებულია 12:37 23.08.2019)
პირდაპირი საზღვაო ხაზი საქართველოსა და რუმინეთს შორის ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიტანის დროს შეამცირებს.

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. ბათუმისა და კონსტანცას პორტებს შორის საკონტეინერო გემი ინიშნება, ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის" განცხადებაში.

„საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ მონაწილეობა მიიღო ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) გაერთიანებაში შემავალი ქვეყნებისა და კომპანიების წარმომადგენელთა შეხვედრაში.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მიმდინარე წლის სექტემბრიდან ბათუმისა და ფოთის პორტებიდან რუმინეთის პორტ კონსტანცას მიმართულებით და პირიქით რეგულარული საზღვაო–საკონტენიერო ხაზი იფუნქციონირებს.

მხარეები პროექტის ტექნიკური და კომერციული ასპექტების შემაჯამებელ ვარიანტზე შეჯერდნენ, რომლის საფუძველზე შემუშავდა ახალი საზღვაო–საკონტეინერო ხაზის ბათუმი–კონსტანცა–ბათუმის ტარიფები. გარდა ამისა, საქართველოს გავლით, კერძოდ, რკინიგზით ევროპა–ჩინეთი–ევროპის და ევროპა–ცენტრალური აზია–ევროპის სატრანზიტო ტვირთები გადაიზიდება.

ახალი საკონტეინერო მარშრუტის მეშვეობით საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული როგორც საზღვაო, ისე სარკინიგზო გადაზიდვების კუთხით.

აზიას ევროპასთან საქართველოს გავლით ახალი სატრანსპორტო დერეფანი დააკავშირებს>>

პროექტის განხორციელების შედეგად საქართველოსა და რუმინეთის პირდაპირი საზღვაო ხაზი ტვირთის დანიშნულების ადგილამდე მიტანის დროს შეამცირებს. ტვირთს ერთი მიმართულებით ხუთ დღეში გადაიტანენ.

გეგმის თანახმად, საკონტეინერო გემები რეისებს ათ დღეში ერთხელ შეასრულებენ.

ჩინეთმა 2013 წელს განაცხადა ეკონომიკური განვითარების ახალი სტრატეგიის „ერთი გზა – ერთი სარტყელი" შესახებ, რომელიც ევრაზიის ქვეყნების ინფრასტრუქტურის შექმნისა და კავშირების დამყარებისკენ არის მიმართული. სტრატეგია განვითარების ორ მიმართულებას მოიცავს – აბრეშუმის გზის ეკონომიკურ სარტყელსა და აბრეშუმის საზღვაო გზას. საუბარია სავაჭრო დერეფნის შექმნაზე შეღავათიან პირობებში საქონლის პირდაპირი მიწოდებისთვის აღმოსავლეთიდან დასავლეთში.

აბრეშუმის გზის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ის ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს. ამასთან დაკავშირებით ძირითადი ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით შენდება, „აბრეშუმის გზის" შემადგენელი ნაწილია. მათ შორისაა ავტომაგისტრალი „აღმოსავლეთი–დასავლეთი", რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო განშტოება და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.

49
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (112)