ანაკლიის პორტის მომავალი აკვატორია

მთავრობა ანაკლიის პორტის ინვესტორთან დაკავშირებული პრობლემის გადაწყვეტას ელოდება

94
(განახლებულია 16:53 22.08.2019)
გამოცდილი და ფინანსურად ძლიერი ინვესტორის გარეშე პროექტის განხორციელება შეუძლებელია, მიიჩნევენ ეკონომიკის სამინისტროში.

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისგან" ელოდება, რომ Conti group-ს ჩაანაცვლებს ასეთივე გამოცდილი და გავლენიანი უცხოელი პარტნიორი, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ამერიკულმა კომპანია „კონტი ჯგუფმა" კონსორციუმიდან გასვლის შესახებ წინა კვირაში განაცხადა.

„Conti group იყო ის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი სტრატეგიული ინვესტორი „კონსორციუმში", რომელსაც ჰქონდა შესაბამისი გამოცდილება და შესაბამისი ფინანსური რესურსი, რაც თავის დროზე ტენდერის პირობებშიც იყო მოთხოვნილი. ჩვენ ველოდებით, რომ „კონსორციუმი" შეძლებს ამ დანაკლისის ჩანაცვლებას ადეკვატური ფინანსური რესურსის და ადეკვატური გამოცდილების მქონე პარტნიორით, და ეს არის ახლა გამოწვევა", – განაცხადა მინისტრმა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

როგორც უფრო ადრე რეგიონული განვითარების სამინისტროში განაცხადეს, ღრმაწყლოვანი ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება გამოცდილი და ფინანსურად ძლიერი ინვესტორის გარეშე შეუძლებელია. უწყებაში აღნიშნავენ, რომ პორტის მშენებლობის ტენდერში გამარჯვება „კონსორციუმს" სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობამ მოუტანა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" საქართველოში პირველ ღრმაწყლოვან პორტს აშენებს. კონსორციუმი არის „თიბისი ბანკისა" და ამერიკული კომპანია Conti International LLC-ის მიერ დაფუძნებული. კონსორციუმში შედიან ასევე SSA Marine (აშშ), British Wondernet Expres (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd. (ბულგარეთი).

Conti group-ს აქვს 113-წლიანი ისტორია და დიდი გამოცდილება მრეწველობის სხვადასხვა დარგში, მათ შორის მანქანათმშენებლობაში, ენერგიის განახლებად წყაროებში, ტექნოლოგიებში და სხვ.

პორტის მუშაობის დაწყება 2021 წელს არის დაგეგმილი. პორტის განვითარება ცხრა ფაზად განხორციელდება.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დოკუმენტების წარმოდგენის ვადა გაუხანგრძლივეს>>

პირველი ფაზა გულისხმობს პორტის ამუშავების შემდეგ წელიწადში 900 ათასი კონტეინერის მიღებას. ეს არ ნიშნავს, რომ პორტში ამ რაოდენობის ტვირთი პირველივე წელიწადს შემოვა, მაგრამ ეს იქნება მაქსიმალური დასაშვები მოცულობა, აცხადებენ პროექტის ავტორები. პირველ და მეორე ფაზებს შორის სამ-ოთხწლიანი შუალედი იქნება. მომდევნო ნაბიჯების გეგმა კი პირველი ფაზის მსვლელობისას შემუშავდება.

რა პირობა წაუყენა მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“>>

პირველი ორი ფაზის დასასრულისთვის ანაკლიის პორტი დაახლოებით 14 მილიონი ტონა ტვირთის მიღებას შეძლებს. პროექტის ავტორების გათვლით, ამ მაჩვენებელს პორტი 2030 წლისთვის მიაღწევს. ყველა ცხრა ფაზის განხორციელებას 50 წელზე მეტი დასჭირდება. იმ დროისათვის პორტი, კონსორციუმის პროგნოზით, შეძლებს ყოველწლიურად 100 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთის მიღებას.

პროექტის საერთო ღირებულება 2,5 მილიარდი აშშ დოლარია.

94
თემები:
ანაკლია – მომავლის ქალაქი (42)
ბალი

„დანერგე მომავალი“ - ფერმერებმა პირველი მოსავალი მიიღეს

99
(განახლებულია 12:45 05.07.2020)
პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერით ქვეყნაში ეტაპობრივად პირველადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით უზრუნველყოფა და იმპორტის ჩანაცვლება ხდება

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. სახელმწიფოს მხარდაჭერით გაშენებულ ბაღში ფერმერებმა პირველი მოსავალი მიიღეს, ნათქვამია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისში, ფერმერმა ანტონ ჯამელაშვილმა ახალი ხეხილის ბაღი 2015 წელს გააშენა. ფერმერმა 8 ჰექტარზე ბლის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 72 ათასი ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მათ შორის 49 ათასი ლარი ნერგების შესაძენად, ხოლო 23 ათასი ლარი წვეთოვანი სისტემის მოწყობისთვის. წელს იგი პირველი მოსავლის სახით 30 ტონა ბალს ელოდება. ბაღში 32 ადგილობრივია დასაქმებული.

„მთელი საქართველოს მასშტაბით, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებული ბაღები 10 ათას ჰა-მდე ფართობს შეადგენს. შიდა-ქართლის რეგიონში, სხვადასხვა ხეხილის ბაღი, ჯამში, 2 ათას 400 ჰა-მდე მიწის ფართობზე გაშენდა, გაცემულმა თანადაფინანსებამ 16 მლნ-მდე ლარი შეადგინა“, - განახადა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერით ქვეყნაში ეტაპობრივად პირველადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით უზრუნველყოფა და იმპორტის ჩანაცვლება ხდება, აღნიშნავენ სააგენტოში.

პროგრამას „დანერგე მომავალი“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 2015 წლიდან ახორციელებს. „ერთიან აგროპროექტი“ გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

99
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ძროხები

საქართველოში ყირიმ-კონგოს დაავადების პრევენციული ღონისძიებები გატარდა

129
(განახლებულია 15:30 04.07.2020)
სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს ყირიმ-კონგოს დაავადების საწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებებს.

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ყირიმ-კონგოს დაავადების პრევენციის მიზნით სამცხე-ჯავახეთის რეგიონსა და შიდა ქართლში ინსექტოაკარიციდული პრეპარატით 3090 სული მსხვილფეხა პირუტყვი დაამუშავეს, იუწყება სურსათის ეროვნული სააგენტო.

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ცხოველის და ადამიანის ვირუსული დაავადებაა და წარმოადგენს ბუნებრივ კეროვან ინფექციას. ვირუსის ძირითადი გადამტანი ტკიპაა (Hyalomma). ცხოველი და ადამიანი მისი კბენის შედეგად ინფიცირდება.

ცხოველებში დაავადება კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს, ხოლო ადამიანის შემთხვევაში, დაგვიანებულ მკურნალობას შესაძლოა ლეტალური შედეგი მოჰყვეს.

დაავადების მაღალი რისკის ქვეშ არიან ცხოველებთან კონტაქტში მყოფი (მწყემსები, ფერმერები) ადამიანები.

სააგენტოს ცნობით, ტკიპა ცხოვრების ციკლიდან გამომდინარე წლის თბილ და ცხელ პერიოდში აქტიურდება.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე ცხოველები, ინსტრუქციის წესების გათვალისწინებით, ინსექტოაკაროციდული პრეპარატით დაამუშაონ, ცხოველებს ტკიპები ხელთათმანისა და პინცეტის გამოყენებით მოაშორონ, პროფილაქტიკის მიზნით, მინდორში მუშაობისას ატარონ დახურული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ხოლო დაავადების ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართონ ექიმს.

სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს ყირიმ-კონგოს დაავადების საწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებებს.

129
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა
დაკავება

ფოთში მკვლელობის საქმეზე პოლიციამ კიდევ ერთი ბრალდებული დააკავა

0
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა 44 წლის მამაკაცს ჯერ სცემეს, შემდეგ კი ბასრი საგნით და ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები მიაყენეს

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ფოთში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.

შაბათს პოლიციის თანამშრომლებმა ამავე საქმეზე სამი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თანმხლებ პირებთან ერთად, 44 წლის ვ.ტ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი, სავარაუდოდ, ბასრი საგნისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. უგონო მდგომაროებაში მყოფი ვ.ტ. გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მალევე გარდაიცვალა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

უწყების ცნობით, საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში