ტანკერი ფოთის პორტში

საქართველოს საგარეო ბრუნვა: ექსპორტი იზრდება, იმპორტი მცირდება

84
(განახლებულია 12:49 20.08.2019)
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი.

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. ქართული პროდუქციის ექსპორტი 2019 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 12,4%-ით გაიზარდა და 2,1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.

ექსპორტი რეექსპორტის გარეშე მიმდინარე წლის იანვრიდან 1,6%-ით გაიზარდა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 1,3 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.

ამავე დროს, 2019 წლის დასაწყისიდან იმპორტმა დაახლოებით 5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა – 4,7%-ით ნაკლები, ვიდრე წინა წლის ამავე პერიოდში.

მთლიანობაში, საგარეო ბრუნვა საქართველოში 2019 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0,2%-ით შემცირდა და დაახლოებით 7,1 მლრდ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით დაახლოებით 2,9 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40,5%-ია.

რა გადის საქართველოდან

საქართველოდან საკმაოდ ფართო ასორტიმენტის საქონელი გადის – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ყურძნის ნატურალური ღვინო, ფეროშენადნობები, მინერალური წყლები, მედიკამენტები, მსუბუქი ავტომობილები, დამუშავებული ან ნახევრად დამუშავებული ოქრო, თხილი და სხვ.

საქართველოში საერთაშორისო ვაჭრობის ეროვნული კომიტეტი შეიქმნა>>

სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტი 2019 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით 31,2%-ით გაიზარდა, მსუბუქი ავტომობილების – 56,7%-ით, მედიკამენტების – 54,8%-ით, ყურძნის ნატურალური ღვინის – 7,7%-ით და ა.შ.

ამავე დროს 5%-ით შემცირდა ფეროშენადნობების ექსპორტი.

რატომ მცირდება იმპორტი

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch მიიჩნევს, რომ იმპორტის შემცირება საქართველოში დიდი ენერგეტიკული პროექტების დასრულებას უკავშირდება. გარდა ამისა, სააგენტოს ანგარიშში საქართველოსთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ იმპორტის დინამიკაზე მოქმედებს სამომხმარებლო დაკრედიტების ზრდის შენელება და დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედების შემდეგ შიდა დანაზოგების ზრდა.

„საქსტატის" მონაცემებით, იმპორტი, ძირითადად, ნავთობპროდუქტების მოწოდების 17,3%-ით შემცირების გამო ეცემა.

საწვავის იმპორტის შემცირების მიზეზად ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში მიიჩნევენ შემოტანილი დიზელის საწვავის ოდენობის შემცირებას, რაც ძირითადად უკავშირდება საწვავის ამ სახეობის რეექსპორტის მოცულობის მნიშვნელოვან შემცირებას საქართველოდან თურქეთში. ასევე ჰიბრიდული ტიპის ავტომობილების იმპორტის მნიშვნელოვან ზრდას.

საქართველოში, გარდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტებისა, შემოაქვთ მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადანი და კონცენტრატი, დაფასოებული მედიკამენტები, ხორბალი, ელექტროენერგია, ტელეფონის აპარატები და სხვ.

სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების იმპორტი 2019 წლის პირველ შვიდ თვეში 51,4%-ით გაიზარდა, მედიკამენტების – 10%-ით, მსუბუქი ავტომობილების – 3,9%-ით, ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების – 7%-ით და სხვ.

ვისთან ვაჭრობს საქართველო

საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები წლის დასაწყისიდან არიან თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი. მთლიანობაში ამ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვამ 2019 წლის პირველ შვიდ თვეში დაახლოებით 2,4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საერთო სავაჭრო ბრუნვის 33,8%-ია.

პირველ ადგილზეა თურქეთი.

მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში დაახლოებით 1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს საერთო სავაჭრო ბრუნვის 14,1%-ია. სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0,2%-ით შემცირდა.

თურქეთში 2019 წლის დასაწყისიდან გაიტანეს დაახლოებით 49,3 ათასი ტონა ნახშირბადიანი ფოლადის ნახევარფაბრიკატები, 9,3 ათას ტონაზე მეტი სპილენძის მადნეული და კონცენტრატი, 10 ათას ტონაზე მეტი ფეროშენადნობი, დაახლოებით 1,2 ათასი ტონა ტრიკოტაჟის ნაწარმი და სხვ.

თურქეთიდან ამავე პერიოდში შემოვიდა დაახლოებით 15,1 ათასი ტონა შავი ლითონის კონსტრუქციები, დაახლოებით 4,6 ათასი ტონა იზოლირებული მავთულები და კაბელები, 852 ტონა დაფასოებული მედიკამენტი, დაახლოებით 27,5 ათასი ტონა მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, 1646 მსუბუქი ავტომობილი და სხვ.

მეორე ადგილზეა რუსეთი

2019 წლის იანვარ-ივლისში საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 4%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით და 790,2 მლნ დოლარი შეადგინა – საქართველოს საერთო სავაჭრო ბრუნვის 11,2%.

2019 წლის დასაწყისიდან საქართველოდან რუსეთში გავიდა 78,8 ათასი ტონა ფეროშენადნობი, 22 ათასი ტონა ყურძნის ნატურალური ღვინო, დაახლოებით 54,5 ათასი ტონა მინერალური და მტკნარი წყალი, 39,7 ტონა ცენტრიფუგა, 3,9 ათასი ტონა სპირტიანი სასმელი და ა.შ.

რუსეთი ქართული ღვინის მთავარი იმპორტიორია – 2019 წლის იანვარ-ივლისში რუსეთში დაახლოებით 29,1 მილიონი ბოთლი ღვინო გაიტანეს, რაც 2018 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 2%-ით აღემატება.

ამასთან, რუსეთი საქართველოში საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელია – წლის დასაწყისიდან დაახლოებით 172,1 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტი შემოვიდა.

რუსეთიდან შემოვიდა ასევე 173,2 ათასი ტონა ხორბალი, დაახლოებით 63,6 ათასი ტონა ქვანახშირის კოქსი და ნახევარკოქსი, დაახლოებით 155,8 ათასი ტონა ქვანახშირი და ქვანახშირისაგან მიღებული მყარი საწვავის სახეობები, 53,3 ათასი ტონა ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები და სხვ.

მესამე ადგილზეა აზერბაიჯანი

აზერბაიჯანთან საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 600,6 მლნ დოლარი შეადგინა, რაც საერთო სავაჭრო ბრუნვის 8,5%-ს შეადგენს. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1,8%-ით გაიზარდა.

წლის დასაწყისიდან აზერბაიჯანში გავიდა 10 788 მსუბუქი ავტომობილი, 1,1 ათასი ტონა სიგარები, სიგარილები და სიგარეტები, 459,9 ტონა მედიკამენტები, 844 სატვირთო ავტომობილი და სხვ.

აზერბაიჯანიდან იმპორტირებულია 1 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, 31,6 მლნ დოლარის ღირებულების ელექტროენერგია, დაახლოებით 116,4 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტი, 231 ათასი ტონა ცემენტი, 19,1 ათას ტონაზე მეტი წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე და სხვ.

საქართველოს საგარეო ბრუნვა: ექსპორტი იზრდება, იმპორტი მცირდება>>

საქართველოს სხვა სავაჭრო პარტნიორები

საქართველოს სავაჭრო პარტნიორები არიან ასევე: ჩინეთი – 567,9 მლნ აშშ დოლარი, უკრაინა – 362 მლნ დოლარი, სომხეთი – 334,8 მლნ დოლარი, აშშ – 302 მლნ დოლარი, გერმანია – 277,6 მლნ დოლარი, ბულგარეთი – 238,2 მლნ დოლარი, რუმინეთი – 242,4 მლნ დოლარი.

საქართველო წარმატებით ვაჭრობს ევროკავშირის ქვეყნებთან – საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2019 წლის იანვარ-ივლისში დაახლოებით 1,8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 5,2%-ით ჩამოუვარდება. ექსპორტმა შეადგინა 503,5 მლნ დოლარი – 20,6%-ით მეტი, იმპორტმა – 1,3 მლრდ დოლარი – 12,6%-ით ნაკლები. ევროკავშირის ქვეყნების წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 27,2%-ია.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ 2014 წელს ევროკავშირთან გააფორმა ასოცირების შეთანხმება, რომლის განუყოფელი ნაწილია ხელშეკრულება თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ.

საქართველოს ვაჭრობა დსთ-ის ქვეყნებთან ასევე წარმატებით ვითარდება – სავაჭრო ბრუნვა 2019 წლის პირველ შვიდ თვეში 2,4 მილიარდი დოლარია, რაც 0,7%-ით აღემატება წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს.

ექსპორტმა შეადგინა 1,1 მლრდ დოლარი – 26,6%-ით მეტი 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, იმპორტმა – 1,3 მლრდ დოლარი – 14,3%-ით ნაკლები. დსთ-ის ქვეყნების წილი უარყოფით სავაჭრო ბალანსში 6,9%-ია.

გასაღების ბაზრები ფართოვდება

საქართველო და ინდოეთი თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ – კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობა ორივე მხარისთვის ხელსაყრელი იქნება, აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის 12 იანვრის განცხადებაში.

საექსპორტო ქართულმა ღვინომ მკაცრი კონტროლი გაიარა>>

ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობის კვლევის დაწყების მიზანშეწონილობის შესახებ შეთანხმებას საქართველომ 2017 წლის აპრილში მოაწერა ხელი.

ბოლო პერიოდში საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებები გააფორმა ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრ ქვეყნებთან, თურქეთთან, ჰონკონგთან და ჩინეთთან. გარდა ამისა, მიმდინარეობს განხილვა მსგავსი ხელშეკრულებების იაპონიასთან და აშშ-სთან გაფორმების შესაძლებლობაზე. უკვე დაწყებულია წინასწარი კონსულტაციები დიდ ბრიტანეთთან Brexit-ის შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის თაობაზე მოლაპარაკებების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

84
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (599)
მაღაზია თბილისის ისტორიულ ცენტრში

როგორ გაიზარდა ფასები და შემცირდა ეკონომიკა - კორონაეკონომიკის შედეგები

833
(განახლებულია 22:07 04.06.2020)
ეკონომიკა ციფრებში... რაზე მეტყველებს ოფიციალური სტატისტიკა... რამდენით შემცირდა მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი და როგორია ფასების დინამიკა?

სამსონ ხონელი

ეკონომიკა მცირდება, ფასები იზრდება, ეროვნული ვალუტა უფასურდება! ასეთია ის რეალობა, რომელიც ახალი კორონავირუსის, COVID-19-ის გავრცელებით შეიქმნა... არახალია, - ბრძანებს მკითხველი, თუმცა შესაძლოა მეტი კონკრეტიკით დაინტერესდეს, ჩამეძიოს, მაინც რამდენით? რა გაეწყობა, ვეცდები კითხვას მაქსიმალური სიზუსტით ვუპასუხო და საამისოდ სხვადასხვა სტრუქტირათა მონაცემებს მოვიშველიებ...

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 16.6 პროცენტით შემცირდა, ხოლო პირველი ოთხი თვის საშუალო რეალური ზრდა -3.6 პროცენტია. საგულისხმოა, რომ შემცირება გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგის გარდა.

„შემცირება განსაკუთრებით დაეტყო მშენებლობის, ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტის, სასტუმროებისა და რესტორნების, უძრავი ქონებით ოპერაციების, ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორებს. ამასთან ერთად, აპრილის თვეში საქონლის ექსპორტი 28 პროცენტით, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი 39 პროცენტით შემცირდა. კლება დაფიქსირდა საწარმოთა რეგისტრაციის კუთხითაც. საანგარიშო პერიოდში 307 საწარმო დარეგისტრირდა, რაც გასული წლის აპრილის მაჩვენებელს 93 პროცენტით ჩამორჩება...“, აცხადებს „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე.

არავინ იფიქროს, რომ ქვეყნის ეკონომიკაზე COVID-19-ის უარყოფითი გავლენის ეფექტი სულ ეს არის... ეროვნული ბანკის ცნობით, საზღვრების დახურვის შედეგად, ქვეყანა შემოსავლებს კარგავს ტურიზმიდან. კობა გვენეტაძის უწყების მონაცემებით, პანდემიის გამო, მხოლოდ აპრილში ქვეყანას ტურიზმიდან შემოსავლები 97 პროცენტით შეუმცირდა. აქვე შეგახსენებთ, საქართველო საერთაშორისო ვიზიტორებისთვის საზღვრების გახსნას 1 ივლისს გეგმავს, ხოლო 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი გახდება დასაშვები.    

ეროვნულმა ბანკმა ქვეყანაში აპრილში შემოსული ფულადი გზავნილებიც დააჯამა და გაირკვა, რომ გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება 42.3 პროცენტია. ყველაზე მეტად ფულადი გზავნილები რუსეთიდან, ესპანეთიდან და საფრანგეთიდან შემცირდა. მთელი წლის განმავლობაში დანაკარგი, სავარაუდოდ, რამდენიმე ასეული ათასი დოლარი იქნება. არადა, მსოფლიო ბანკის შეფასებით, ჩვენი ქვეყანა ფულად გზავნილებზე დამოკიდებულებით მსოფლიოში ხომ 24-ე ადგილზეა?! ქვეყნის ეკონომიკის 11.6 პროცენტს კი სწორედ საზღვარგარეთ დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების მიერ გამოგზავნილი სახსრები აკმაყოფილებს.

ერთი სიტყვით, კორონაეკონომიკის პირობებში პრაქტიკულად გაუარესდა ყველა ის ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრი, რომელიც ეროვნული ვალუტის კურსს აყალიბებს და სიმყარეს განსაზღვრავს. შედეგად, მიმდინარე წლის იანვრის მესამე დეკადიდან მოყოლებული ლარმა პოზიციები დათმო და მარტის თვეში რეკორდულად, 22 პროცენტით გაუფასურდა...   

ექსპერტ-ანალიტიკოსთა შეფასებებით, ქვეყნის ეკონომიკაზე პანდემიით გამოწვეული ძლიერი შოკი მოსალოდნელი იყო. მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირება ეკონომიკურ საქმიანობაზე დაწესებული სამთვიანი შეზღუდვების ლოგიკური შედეგია და ეს ადვილად პროგნოზირებადი იყო. საქართველო გამონაკლისი არ არის, მსოფლიოს უდიდეს ნაწილში ეკონომიკური რეცესიაა და ეს პროცესი ქვეყნის მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე აისახება.

„ეკონომიკური აქტივობის გაჩერებამ გამოიწვია აპრილში ეკონომიკის შემცირება და რაც უფრო მყიფე და სუსტი არის ეკონომიკა, მით უფრო მეტად მცირდება ის. ახლა კი პრინციპულად მნიშვნელოვაია, რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით ვუპასუხოთ ამ შემცირებას...“, აცხადებს ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი და დასძენს, რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკა პირველ რიგში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან და მეგობარი ქვეყნებიდან მიღებული სესხებისა და ფულადი დახმარების ეფექტურ გამოყენებასა და ეკონომიკის სტიმულირებას გულისხმობს.

მოსახლეობისთვის მთავარი და დრამატული გამოწვევა ფასების კატასტროფული ზრდაა... ათეულობით პროცენტით გაძვირდა საკვები პროდუქტი, კერძოდ, რძის ნაწარმი, ხილი, შაქარი, ხორცი. საგრძნობლად მომატებულია პურის ფასიც... სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილში 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხილი 45 პროცენტით, რძე და რძის ნაწარმი 23 პროცენტით, ხორცპროდუქტები 15 პროცენტით, ხოლო პურპროდუქტები 8.4 პროცენტით გაძვირდა. აპრილის თვეში ფასებმა 5 პროცენტით მოიმატა ჯანდაცვის მიმართულებითაც. წლიური ინფლაციის დონემ კი 6.9 პროცენტი შეადგინა. ერთი სიტყვით, ცხოვრება საგრძნობლად გაძვირდა. სპეციალისტები ფასების ასეთ ზრდას პანდემიით გამოწვეული მიწოდების პრობლემებით, სავალუტო კურსის ცვლილებით, იმპორტირებული პროდუქციის გაძვირებით და დეფიციტის მოლოდინით ხსნიან. ფასების მატება მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვება, განსაკუთრებით მცირეშემოსავლიან ნაწილს. არ უნდა დავივიწყოთ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2019 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 19.5 პროცენტი სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით იმყოფება...

კიდევ ერთი პრობლემური საკითხია საგანგებო მდგომარეობის მოთხოვნათა დარღვევისთვის ცხრა ათასამდე მოქალაქისათვის გამოწერილი ჯარიმები და საურავები... შეგახსენებთ, რომ დაწესებული შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი 3 ათასი, იურიდიული პირი კი 15 ათასი ლარით ჯარიმდებოდა... საგანგებო მდგომარეობის დროს.

ჩამოიწერება თუ არა ჯარიმები? შესაბამისი ინიციატივა მმართველი გუნდის ოპონენტებს ეკუთვნით. პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ახლა ჯარიმების ჩამოწერა იმის მანიშნებელი იქნება, რომ მომავალში მსგავსი პრევენციული ღონისძიება აღარ იმოქმედებს.

„არ დაგვავიწყდეს, პანდემია გრძელდება და არავინ იცის, შემზღუდავი ღონისძიებების მიღება როდის და რა დროით მოგვიწევს. ჩვენ ვერავის მოვუწოდებთ ამ ჯარიმების გაუქმებისკენ. ეს ყველას უნდა გვესმოდეს, შემდგომში ამ ინსტრუმენტების შემაკავებელი ძალა არ იმუშავებს. ეს საკანონმდებლო ხელისუფლების პრეროგატივაა და ჩვენ აქ ვერანაირ მითითებას ვერ მივცემთ პარლამენტს...“, - განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას. როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმრავლესობა ჯარიმების შემსუბუქების საკითხს უკვე განიხილავს და უახლოეს დღეებში საბოლოო გადაწყვეტილებას შევიტყობთ...

ეკონომიკას დავუბრუნდეთ... რა იქნება ხვალ? საზოგადოებაში არის მცირე ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ გამოჩენილი სიფრთხილე და ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებები იყო და არის გადამეტებული, რომ ვირუსის შიშით ჩვენ „მოვკალით ეკონომიკა და ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავაგდეთ მომავალი“... გავბედავ და ვიტყვი, ეს მცდარი აზრია... ეკონომიკურად.

მოლოდინების თვალსაზრისით, არჩეული პოლიტიკა გამართლებულია – როდესაც ქვეყნის მოსახლეობა ვირუსთან ბრძოლაში თავს გრძნობს დაცულად, როდესაც ხვდება, რომ მთავრობა აკონტროლებს სიტუაციას და მაქსიმალურად ეფექტიანად მუშაობს და თან ისე, რომ არ დგამს ზედმეტად მკაცრ ნაბიჯებს, მისი მოქმედებები უფრო რაციონალურია, რამდენადაც ეს შესაძლებელია ასეთ სიტუაციაში, შესაბამისად, მომავალიც განჭვრეტადია და ეს არის მთავარი.

 

833
ვალუტის გაცვლის პუნქტი

დოლარი ვარდნას განაგრძობს თურნავა მიზეზებზე საუბრობს

139
(განახლებულია 20:48 04.06.2020)
მაისის დასაწყისიდან ლარი დოლარის მიმართ 7,5%-ით გამყარდა, მაგრამ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს მაინც ისევ ორჯერ აჭარბებს.

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. დაბალანსებულმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ, მონეტარულმა და ფულად-საკრედიტო ბერკეტებმა საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსის გამყარება შეძლო, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ლარის კურსმა დოლარის მიმართ ვარდნის მორიგი ეტაპი 9 მარტიდან დაიწყო, როდესაც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ გაურკვევლობას მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნაც დაერთო. მარტში ლარი 20%-ით გაიაფდა, ხოლო შემდეგ 3,2 GEL/$1 დონეზე დასტაბილურდა. თუმცა უკვე მაისის ბოლოსთვის ლარის კურსმა გამყარება დაიწყო და ეროვნულმა ბანკმა 4 ივნისისთვის ლარის გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 3,0416 GEL/$1.ნიშნულზე დაადგინა.

„ლარის გამყარება – ეს არის რამდენიმე ფაქტორის კომპლექსი. ეს არის ჩვენი დაბალანსებული მაკროეკონომიკური პოლიტიკა, დაბალანსებული მონეტარული და ფულად-საკრედიტო ბერკეტები, რასაც ვიყენებთ და ეს ნორმალურია“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, ეკონომიკური აქტივობის შენელებაც თავის როლს ასრულებს, მაგრამ ეს არის დამაბალანსებელი პროცესი, რომელიც საბოლოოდ დადებითად აისახება, რადგან იმპორტირებული საქონლის ფასებზე ეს პოზიტიურად მოქმედებს და, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს იმასაც, რომ ინფლაცია დაუბრუნდება მიზნობრივ მაჩვენებელს.

პანდემიის ფონზე საქართველოში ინფლაცია უწინდებურად 6%-ზე ზემოთ რჩება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში ინფლაციის დონემ 6,5% შეადგინა მაშინ, როცა მიზნობრივი მაჩვენებლი 3%-ია.  

აპრილში ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის თანდათანობით შერბილების გადაწყვეტილება მიიღო და რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით, 8,5%-მდე დასწია. ეს არის გასული წლის სექტემბრის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთის პირველი შემცირება. მაშინ ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნის და ინფლაციის ზრდის ფონზე ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის მაქსიმალურად გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.

რატომ არ ელოდება საქართველოს ეროვნული ბანკი ფასების ზრდას>>

სავალუტო ბაზარი რომ დაესტაბილურებინა, ეროვნულმა ბანკმა სამი თვის განმავლობაში ხუთი აუქციონი გამართა, რომლებზეც 160 მილიონი დოლარი გაყიდა. ამასთან, მარეგულირებელმა განაცხადა, რომ ფასების სტაბილურობის  უზრუნველსაყოფად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, სავალუტო ინტერვენციების ჩათვლით.

139
თემები:
ლარის კურსი დღეს
აქციის ჩახშობა მინეაპოლისში

რუსეთის საგარეო უწყებაში აშშ-ში მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს

0
აშშ-ში პროტესტები უკვე მეორე კვირაა მიმდინარეობს და ზოგიერთ ქალაქში არეულობაში და მაროდიორობაში გადაიზარდა

თბილისი, 5 ივნისი - Sputnik. მოსკოვი აკვირდება მოვლენების განვითარებას აშშ-ში, სადაც პოლიციელის მიერ აფროამერიკელი ჯორჯ ფლიოდის მკვლელობის გამო არ ცხრება მასობრივი პროტესტი, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

„უკვე მეორე კვირაა მთელს ქვეყანაში მიმდინარეობს მასობრივი გამოსვლები, როგორც გაცხადებულია, პოლიციური ძალადობისა და რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ. გუშინდელი დღის განმავლობაში დემონსტრაციების ტალღამ გადაუარა 27 შტატს, 200 დასახლებულ პუნქტში კომენდანტის საათი დაწესდა. პოლიციის გარდა, ჩართულია აშშ-ის ეროვნული გვარდიის 20 ათასი სამხედრო მოსამსახურე“, - განაცხადა ზახაროვამ ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, მოსკოვმა საპროტესტო გამოსვლების დროს ამერიკული სამართალდამცავი ორგანოების ქმედებებს ყურადღება მიაქცია.

„აშშ-ის ქალაქებში გადაღებულ მრავალრიცხოვან კადრებზე ყველამ დაინახა, როგორ გამოიყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, სხვა სპეცსაშუალებები, ფაქტობრივად უწყვეტად მიმდინარეობს დაპატიმრებები, დაკავებები, მონაწილეების დასაშინებლად გამოიყენებოდა ვერტმფრენები, გამოსვლების და მიტინგების დროს დაშავდნენ სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები, მათ შორის რუსეთის“, - განაცხადა ზახაროვამ.

მან აღნიშნა, რომ მაროდიორობის და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების აღსაკვეთად განხორციელებული ღონისძიებების დროს ხელისუფლება ამერიკელების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას არ უნდა არღვევდეს.

რა ხდება აშშ-ში

მინეაპოლისსა და აშშ-ის სხვა ქალაქებში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 25 მაისს პოლიციის თანამშრომლებს აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი შემოაკვდათ. ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ხელბორკილიანი მამაკაცი ასფალტზე წევს, ხოლო პოლიციელი კისერზე მუხლით ებჯინება. დაკავებული რამდენჯერმე იმეორებს, რომ სუნთქვა და მოძრაობა უჭირს, შემდეგ კი ლაპარაკს წყვეტს. მოგვიანებით ის რეანიმაციაში გარდაიცვალა. მისმა გარდაცვალებამ საზოგადოებაში აღშფოთების ტალღა გამოიწვია.

მინეაპოლისში დაწყებული პროტესტი სხვა შტატებსაც მოედო. ანტიპოლიციური პროტესტმა მოიცვა ასობით ქალაქი, ნიუ-იორკის და ვაშინგტონის ჩათვლით, სადაც მომიტინგეები თეთრ სახლთან იკრიბებიან. ათობით ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა.

მშვიდობიანი მსვლელობები იმართება ასევე ავსტრალიაში, ბრიტანეთში და სხვა ქვეყნებში.

დემონსტრაციების დაწყების შემდეგ სამსახურიდან ოთხი პოლიციელი გაათავისუფლეს, ერთ მათგანს - დერეკ ჩავენს - გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდება წაუყენეს. გამოძიებაში ჩაერთო გამოძიების ფედერალური ბიურო, რომელმაც საქმე პრიორიტეტულად გამოაცხადა. ამჟამად პოლიციის ყოფილი ოფიცერი ჩავენი მინესოტას მკაცრი რეჟიმის ციხეში იმყოფება.

აქტივისტები დანარჩენი სამი პოლიციელის დასჯასაც ითხოვენ, რომლებიც არ ჩაერივნენ მიმდინარე მოვლენებში და ჩავენს ფლოიდის მოკვლის საშუალება მისცეს. მინესოტას გენერალურმა პროკურორმა კიტ ელისონმა განაცხადა, რომ სხვა ბრალდებები შეიძლება „ძალიან მალე“ გამოჩნდეს, თუმცა თარიღი არ დაუზუსტებია.

0
თემები:
მსოფლიო დღეს