მძიმე ტექნიკა თუშეთისკენ მიმავალ გზას წმენდს

ყველაზე პრობლემური თუშეთის გზა ორ წელიწადში უსაფრთხო გახდება

91
(განახლებულია 11:21 15.08.2019)
თუშეთს ქვეყნის დანარჩენ ნაწილთან ერთდერთი გზა აკავშირებს

თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. თუშეთისკენ მიმავალი ყველაზე საშიში გზა საქართველოში 2021 წლისთვის აბსოლუტურად უსაფრთხო იქნება, განაცხადა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძემ.

თუშეთის გზა გახსნილია მაისიდან ოქტომბრამდე, დანარჩენი ექვსი თვე, დიდთოვლობის გამო, დაკეტილია. ეს გზა ერთადერთია, რომელიც თელავსა და მაღალმთიან სოფელ ომალოს აკავშირებს. მისი სიგრძეა 72 კილომეტრი.

„სნო–ჯუთა–როშკა–შატილი–ომალო – ეს გზა ხუთ მუნიციპალიტეტს აკავშირებს. და ამ მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვან მონაკვეთზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. ისინი ხუთ ლოტად არის დაყოფილი. მაგალითად, მიმართულება შატილი–მუცო–არჩილო. და 2021 წელს ეს უკვე უსაფრთხო გზა იქნება“, – განაცხადა ქარსელაძემ ტელეკომპანია Imedi–ს ეთერში.

გზების უსაფრთხოება საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტული საკითხია. ამისთვის მიმდინარე წელს ბიუჯეტიდან 15 მილიონი ლარია გამოყოფილი.

ქარსელაძის განცხადებით, უკვე გამოცხადებულია ტენდერი ფშაველი–აბალო–ომალოს გზის 56–ე კილომეტრზე საინჟინრო გადაწყვეტილებაზე, რომელიც სტიქიური უბედურების ზონაა, რაც საბოლოოდ გადაწყვეტს ამ პრობლემას.

ტრაგედია თუშეთში - ნაპოვნია კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი>>

საავტომობილო გზების დეპარტამენტი აგვისტო–სექტემბერში გეგმავს ტენდერის გამოცხადებას ზგის 72–ე კილომეტრის რეკონსტრუქციაზე, მოდერნიზებასა და რემონტზე, რათა მთელი მონაკვეთი უსაფრთხო გახდეს.

91
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (112)