სავალუტო ჯიხური

სავალუტო „ატრაქციონის“... რისკები და რჩევები...

1087
(განახლებულია 16:02 09.08.2019)
მოგვატყუეს მაკარ!... არა, ქარვასლა არც ახლა იწვის, მაგრამ ვალუტას ისევ ცეცხლი უკიდია!... არადა, მახსოვს, რომ დაპირება სულ სხვაგვარი იყო.

სამსონ ხონელი

„ლარი დაუბრუნდება თავის ბუნებრივ და მყარ ნიშნულს...“, - ბრძანა პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის წინათ და მკითხველისა არ იყოს, მეც იმედი მომეცა, რომ ეროვნული ვალუტა ცოტა ხნით მაინც შეწყვეტდა ფსკერზე დაშვებას. მამუკა ბახტაძეს მთავრობის ეკონომიკური გუნდის სხვა წევრებმაც აუბეს მხარი... „ლარი წამოვა ქვემოთ და ეს უახლოეს დღეებში მოხდება... ნებისმიერ შემთხვევაში, ჩაერევა თუ არა ეროვნული ბანკი, ლარი გამყარებისკენ სვლას დაიწყებს... საგანგაშო არაფერია. ლარი გამყარდება და ყველა იყოს მშვიდად. საქართველოში ნებისმიერ ბანკს შეგიძლიათ ჰკითხოთ, მათ იციან რომ ლარი გამყარდება“, − გვარწმუნებდა ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი. ეკონომიკისა და მდგადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საფინანსო ბაზარზე აჟიოტაჟის განელებას და ლარის გამყარებას ვარაუდობდა, თუმცა დასძენდა, რომ შესაბამისი ბერკეტები ეროვნული ბანკის ხელშია... ისიც უნდა ითქვას, რომ კობა გვენეტაძის უწყებამ ბოლო წლების განმავლობაში სავალუტო ბაზარზე პირველად განახორციელა ინტერვენცია. 32 მილიონი ამერიკული დოლარის გამოიტანით ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე მეტ-ნაკლებად დაარეგულირა მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი და ორიოდე დღით ხელი შეუწყო ეროვნული ვალუტის გამყარებას... სულ ეს იყო... ლარი კვლავაც დაბლა ეშვება, დღეს ეროვნული ვალუტა ისტორიულ ნიშნულზეა. ასე რომ, შექმნილ რეალობას გაგებით უნდა მოვეკიდოთ...

წინამდებარე სტატიით, ეროვნული ვალუტის პერსპექტივის განხილვას არ ვაპირებ. ამჯერად ვეცდები, მკითხველს დავეხმარო, როგორ გადაწყვიტოს ლოკალური ამოცანები… სხვისი რა გითხრათ, მე კი ეროვნული ვალუტის აიწონა-დაიწონას შემხედვარეს ხშირად მიფიქრია, როგორ მოვიქცე, რა ვიღონო, რომ ლარის გაუფასურებით გამოწვეული რისკები და ზარალი მაქსიმალურად შევამცირო... ბევრი თუ ცოტა თავად მომეხსენება, ფინანსური განათლება, ნუ ჩამითვლით ტრაბახში, მაგრამ საკმარისი მაქვს, ცოტაც საფინანსო სფეროში მომუშავე ძველ მეგობრებს დავეკითხე და მოსმენილს ახლა თქვენც გაგიზიარებთ. 

ფინანსისტები გვირჩევენ ყველა რესურსს ერთ ვალუტაში ნუ შეინახავთო!... კი, მაგრამ სად არის შესანახი ფულიო, - შესაძლოა ბრძანოთ. რა გაეწყობა, განვმარტავ, რომ ეს და მომდევნო რჩევა არის მათთვის, ვისაც შემოსავალი დანაზოგის გაკეთების საშუალებასაც აძლევს.

ნებისმიერი ინვესტორის „ოქროს“ წესია − არსებული ფინანსური სახსრები არ დააბანდოს მხოლოდ ერთ აქტივში. ყველა დანაზოგის ლარში შენახვა არ ღირს, ისევე როგორც − მხოლოდ დოლარში. სასურველია, ჩვენი ფულადი დანაზოგი სხვადასხვა ვალუტებად დავყოთ და ისე შევინახოთ. ვალუტაში დანაზოგის წილი ჩვენს შემოსავალზე უნდა იყოს დამოკიდებული. მაგალითად, თუ ნივთებისა და ტექნიკის უცხოეთში ყიდვას არ ვაპირებთ, დანაზოგის დიდი ნაწილი სჯობს ეროვნულ ვალუტაში შევინახოთ. თუ უახლოეს მომავალში საზღვარგარეთ დასვენებას ვგეგმავთ, მაშინ დანაზოგში უცხოური ვალუტის წილი უნდა გავზარდოთ. კიდევ ერთი  რჩევაა, შენახული ლარებით უმალ დოლარი არ ვიყიდოთ...  ან პირიქით. გვახსოვდეს,

დღეს თუ ლარი დასუსტდა, ვერავინ მოგვემს გარანტიას, რომ ხვალ არ გამყარდება, და დიდი ალბათობით, მას ჩვენ მაქსიმალურად არასასურველი კურსით გადავცვლით. ხშირად კურსის მკვეთრ ცვლილებას მოსდევს ხოლმე ე.წ. „კორექცია“, როდესაც კურსი, თუნდაც დროებით, საპირისპირო მხარეს იხრება. ამიტომ მოთმინებამ და სიმშვიდემ როგორც წესი შეიძლება სერიოზული ფინანსური დანაკარგებისაგან გვიხსნას. ანუ მიდგომა, დროზე გადავცვალო, ყოველთვის მომგებიანი არ არის.

არ იყიდოთო არასაჭირო ნივთები − ესეც მორიგი რჩევაა. ბევრი ჩვენგანი კურსის დაცემის დროს უაზროდ ყიდულობს ნივთებს, მაგალითად, მესამე მაცივარს ან მეოთხე ტელევიზორს. ეს ძალიან ცუდი იდეაა ბევრი მიზეზის გამო. ჯერ ერთი, ამით ძალიან მცირე პრაქტიკულ სარგებელს მივიღებთ - თუ ერთი მაცივარი უკვე გვაქვს, საეჭვოა მეორე რამეში გამოდგეს. მეორეც, თუ ჩვენს შენაძენს ღირებულ აქტივში ინვესტიციად განვიხილავთ, ეს ყველაზე ცუდი არჩევანია − ნივთები საკმაოდ სწრაფად ძველდება, ფიზიკურად და „მორალურად“... ეს განსაკუთრებით სწორედ საყოფაცხოვრებო ტექნიკას და ელექტრომოწყობილობებს ეხება. შეძენილი საქონელი, დიდი ალბათობით ფასს მალევე დაკარგას, ამიტომ არ ღირს დანაზოგის ამ მიმართულებით განკარგვა...

საგულისხმო რეკომენდაციაა, თუ შესაძლებლობა გვაქვს კაპიტალი უძრავ ქონებაში ჩავდოთ. ეს სანდო ინვესტიციაა. უძრავი ქონების ფასი მხოლოდ მატულობს, არ იკლებს, ასე რომ თუკი თავისუფალი ფინანსებით უძრავ ქონებას შევიძენთ, წაგებული არ დავრჩებით. ანალოგიური შეიძლება ითქვას ფერად ლითონებზეც, რომლის ფასიც მზარდ ტენდენციას ინარჩუნებს. ფინანსურ სახსრებთან ერთად, ცოდნაც ხელს თუ გვიწყობს, გავხსენათ საბროკერო ანგარიში და დანაზოგის ნაწილი გადავიყვანოთ ფასიან ქაღალდებში. მაგრამ საამისოდ სერიოზული ცოდნა გვჭირდება. პარადოქსია, მაგრამ საფინანსო ბაზარზე რაც უფრო რთული სიტუაციაა, მით უფრო მეტ ადამიანს მიაჩნია, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე „დიდ“ ფულს იშოვის. ფინანსური აქტივებით მოვაჭრეთა უმრავლესობა ფულს ნაცვლად შოვნისა, კარგავს... ერთი სიტყვით, ბირჟაზე თამაშს, ფინანსური აქტივების ყიდვცა-გაყიდვას ცოდნა სჭირდება და გამოცდილება. ბევრი ბროკერი ბაზარზე ვაჭრობისას ექსპერტ-ანალიტიკოსების ვარაუდებს ეყრდნობა. არადა სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ პროგნოზები, რომელიც მუდმივად ისმის ხშირად, სამწუხაროდ მცდარია. არახალია, რომ ექსპერტულ წრეებში არცთუ იშვიათად გადაჭარბებულად აფასებენ თავიანთ შესაძლებლობებს...

რაც შეეხება კრედიტს, ის იმ ვალუტაში უნდა ავიღოთ, რომელშიც შემოსავალი გვაქვს, თუმცა ახალი რეგულაციებით, სხვაგვარად თითქმის შეუძლებელია. თუ თანხა 200.000 დოლარს არ აღემატება კრედიტი მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა...

და ბოლოს, თავი შევიკავოთ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებისგან, ვიმოქმედოთ ცივი გონებით და მაქსიმალურად მოვთოკოთ ემოციები. აჟიოტაჟი სიკეთის მომტანი არ არის. კარგად დავფიქრდეთ და ყველაფერი ავწონ-დავწონოთ. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ გონივრულად შევაფასოთ თუ როგორ სჯობს მოვიქცეთ, რომ სავალუტო აიწონა-დაიწონამ ჩვენ ჯიბეს არ დაარტყას...

 

1087