ეროვნული ვალუტა

ლარი ვარდნას განაგრძობს: მთავრობას ეროვნული ბანკის სჯერა

109
ეროვნული ბანკი აქტიურად უნდა ჩაერიოს კურსის ფორმირების პროცესში, მიაჩნია ექსპერტს

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. ეროვნულ ბანკს აქვს ყველა საშუალება იმისთვის, რომ კურსი ინფლაციაზე არ აისახოს, მიაჩნიათ საქართველოს პირველ პირებს.

20 ივნისიდან ლარის კურსი დოლარის მიმართ 6,6%-ით დაეცა. თუ 20 ივნისს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული ეროვნული ვალუტის კურსი დოლარის მიმართ 2,7871 ლარი იყო, 1 აგვისტოსთვის მან უკვე ახალ ანტირეკორდულ მაჩვენებელს – 2,9718-ს მიაღწია. ეროვნულმა ბანკმა 1 აგვისტოს აუქციონზე 32 მლნ დოლარზე მეტი გაყიდა, რის შედეგადაც ლარი 1,4%-ით გამყარდა. თუმცა 7 აგვისტოსთვის ლარის გაცვლითი კურსი კვლავ დაეცა - 2,9321 GEL/$.

„ეროვნულ ბანკს აქვს საშუალება და ყველანაირი მექანიზმი, გადადგას პრინციპული ნაბიჯები. რაც შეეხება კურსს, ანალიზი აჩვენებს და გასული კვირის შედეგად ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა დაადასტურა, რომ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები ჯანსაღია. რა თქმა უნდა, ის დამოუკიდებელი სტრუქტურაა და გადაწყვეტილება თვითონ უნდა მიიღოს", – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა კობახიძემ ჟურნალისტებთან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ამ სიტუაციაში სრულად ენდობა ეროვნულ ბანკს.

„ჩვენ დავინახეთ, რომ ეროვნული ბანკი ჩაერია, რამეთუ მისი მოვალეობაა მართოს ინფლაციური პროცესი. იმედი მაქვს, ჩარევა, რაც მოხდა და რაც შესაძლოა, მომავალშიც აქვს დაგეგმილი ეროვნულ ბანკს. ის მაქსიმალურად შეძლებს ყველაფერს, რომ ეს კურსი ინფლაციაზე არ აისახოს. რაც შეეხება ეკონომიკურ მიმართულებას, სახელმწიფოს ძალიან პოზიტიური გეგმები აქვს და ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ამ მძიმე ვითარების დაძლევას", – განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, „ახალგაზრდა ფინანსისტებისა და ბიზნესმენების ასოციაციის" პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკი უკვე უნდა ჩაერიოს კურსის ფორმირების პროცესში.

„სწორედ ამ დროს უნდა ჩაერიოს ეროვნული ბანკი. ამიტომ მთავრობა და ეკონომისტები სწორად მოუწოდებენ ეროვნულ ბანკს მოქმედებებისკენ. ბოლო დროს ყველა საუბრობს კურსის არაადეკვატურ ვარდნაზე, ერთადერთი, ვინც ამაში პრობლემას ვერ ხედავს ეროვნული ბანკი და მისი პრეზიდენტია", - განაცხადა ბაირახტარმა.

თავის მხრივ, ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც მიუთითა, რომ საკუთარი ფუნქციების შესრულებაში დამოუკიდებელია პოლიტიკური თუ სხვა სახის ზემოქმედებისგან და მოქმედებს კონსტიტუციით განსაზღვრული მანდატის ფარგლებში. ეროვნულმა ბანკმა ასევე აღნიშნა, რომ ინფლაციის თარგეთირების პირობებში ცენტრალური ბანკების მიზანი კურსის გრძელვადიანი სტაბილურობაა, რაც ეროვნული ბანკისთვის აუცილებელი პირობაა - ფასებისა და საფინანსო სისტემების სტაბილურობა.

109
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (399)