ნათია თურნავა

გაიზრდება თუ არა გაზის ტარიფი რისი სწამს ეკონომიკის მინისტრს

94
(განახლებულია 20:20 02.08.2019)
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, განცხადებები, რომ გაზის ფასი გაიზრდებოდა შარშან, წინასაახალწლოდაც იყო, მაგრამ   გაზის ტარიფები პირიქით, შემცირდა.

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. გაზზე ტარიფების ზრდა არ მოხდება, ასეთი შინაგანი რწმენა მაქვს, განუცხადა ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ  მთავრობის სხდომის შემდეგ.

1 აგვისტოს  ბუნებრივი აირის სექტორში მოქმედი კომპანიებისათვის გეგმური ტარიფების დადგენის მიზნით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო.

„ივლისის თვეში წლიური ინფლაციის დონე არის 4,6%, რაც ზომიერი ინფლაციაა. პანიკის საფუძველი არ არსებობს. მინდა მოგიწოდოთ, ნუ შევქმნით ნეგატიურ მოლოდინებს ამასთან დაკავშირებით. არ მოხდება გაზზე ტარიფების ზრდა. მე ასეთი შინაგანი რწმენა მაქვს და ჩემმა შინაგანმა რწმენამ შარშანაც გაამართლა“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინსიტრის განცხადებით, მცდელობა და სხვადასხვა განცხადება,  რომ გაზის ფასი გაიზრდებოდა, შარშანაც იყო და ეს არათუ გამართლდა, არამედ გაზის ტარიფები შემცირდა კიდეც.

„ასე რომ, შეგიძლიათ სრულიად გვენდოთ ამ თვალსაზრისით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

გაზისა და ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი დადგინდა მაშინ, როდესაც ლარის გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 2,5-ს შეადგენდა. 1 აგვისტოს მონაცემებით, ლარის კურსმა დოლარის მიმართ 2,9718 შეადგინა. ექსპერტების თვალსაზრისით, ტარიფების გადახედვას ბიძგი სწორედ ამ ფაქტორმა მისცა.

საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ სატარიფო განაცხადის გეგმური გადახედვის ფარგლებში, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფის დადგენის მიზნით. კომპანიებმა შპს „ყაზტრანსგაზ თბილისის“ (ამჟამად „თბილისის ენერჯი“), შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზის“, სს „ენერგოკავშირის“, შპს „ვარკეთილაირის“, სს „საჩხერეგაზის“, შპს „ტაბას“, შპს „არზუ გაზის“, შპს „თელავგაზის“ ასევე დაიწყეს წარმოებები სატარიფო განაცხადების გეგმური გადახედვის ფარგლებში ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით.

შუქი და გაზი ძვირდება?>>

თუმცა, კომისიის თავმჯდომარის ირინა მილორავას განმარტებით წარმოებების დაწყება არ ნიშნავს, რომ ტარიფი გაიზრდება.

„თბილისის ენერჯის“ (ყოფილი „ყაზტრანსგაზის“) აბონენტები 2019 წლის 1 იანვრიდან ერთ კუბურ მეტრ გაზში 46,139 თეთრს იხდიან. Socar-ის აბონენტები - 49,5 თეთრს, „საქორგაზის“ – 50,02 თეთრს.

94
თემები:
საქართველოს ენერგეტიკა (51)