მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერი: ლარი მყარ ნიშნულს დაუბრუნდება

90
(განახლებულია 18:08 02.08.2019)
საქართველოს ეკონომიკა დადებით ტენდენციებს აჩვენებს და ამიტომ ლარი ზედმეტად გაუფასურებულია, მიაჩნია მამუკა ბახტაძეს.

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. ეროვნული ვალუტა ლარი თავის მყარ და ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარასკევს გამართულ ბრიფინგზე.

მაია ცქიტიშვილი: ლარის სტაბილურობას პოლიტიკური სტაბილურობა სჭირდება>>>

20 ივნისიდან ლარის კურსი დოლარის მიმართ 6,6%-ით დაეცა. თუ 20 ივნისს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული ეროვნული ვალუტის კურსი დოლარის მიმართ 2,7871 ლარი იყო, 1 აგვისტოსთვის მან უკვე ახალ ანტირეკორდულ მაჩვენებელს – 2,9718-ს მიაღწია. ამ დღეს ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 32 მლნ დოლარზე მეტი გაყიდა, რის შედეგადაც ლარი 1,4%-ით გამყარდა.

„ეროვნული ვალუტა ორი დღეა გამყარების ტენდენციას აჩვენებს, რაც მოსალოდნელიც იყო, რადგან ნებისმიერი ანალიზი ცხადყოფდა, რომ ლარი ზედმეტად იყო გაუფასურებული და ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები იყო ჯანსაღი", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი სიტყვებით, ლარი ზედმეტად გაუფასურდა, რასაც ხელი შეუწყო ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში არსებულმა ნეგატიურმა ფონმა და ამ ფონით გამოწვეულმა ნეგატიურმა მოლოდინებმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეკონომიკის განვითარების ძირითადი პარამეტრები, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტით დაწყებული და ექსპორტის მოცულობით დამთავრებული, საკმაოდ პოზიტიურია და მყარ დინამიკას აჩვენებს.

„ყველა უწყების შეფასება, მათ შორის კომერციული ბანკების, არის ერთნაირი, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ლარის ზედმეტ გაუფასურებასთან, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ ლარი დაუბრუნდება თავის ბუნებრივ და მყარ ნიშნულს“, – აღნიშნა ბახტაძემ.

ამასთან, მთავრობის მეთაურმა აღიარა, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შედეგად ტურიზმის სფეროში შემოსავლების შემცირება შეიმჩნევა.

"ჩვენ გვქონდა ძალიან მაღალი ზრდის ტემპი ტურიზმის სექტორში. მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, რომ აჭარაში თითქმის 40%-იანი ზრდა გვქონდა ივნისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და საზოგადოებას შეუძლია თვითონ გააკეთოს დასკვნები, თუ რა მასშტაბის შემოსავალს ელოდებოდა ქართული ეკონომიკა ტურიზმის სექტორიდან. სამწუხაროდ, იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც დადგა, რა თქმა უნდა, იგივე ტრენდის გაგრძელება უახლოეს თვეებში გაგვიჭირდება", – განაცხადა ბახტაძემ.

ამასთანავე პრემიერი დარწმუნებულია, რომ ერთობლივი ღონისძიებები, რომლებიც ამ სფეროში დასაქმებულ კომპანიებთან ერთად არის დაგეგმილი, აუცილებლად შეუწყობს ხელს ტურიზმის სექტორში მზარდი დინამიკის დაბრუნებას.

„და ტურიზმი, როგორც იყო საქართველოს ეკონომიკის განვითარების მთავარი ლოკომოტივი, ასეთად დარჩება მომდევნო პერიოდის განმავლობაში", – აღნიშნა ბახტაძემ.

თბილისში საპროტესტო აქციებისა და პირველი პირების მკვეთრი განცხადებების ფონზე რუსეთმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა, რუსეთის ტუროპერატორებმა კი საქართველოში ტურებზე განაცხადების გაფორმება შეწყვიტეს. ბოლო დრომდე ტურისტების რაოდენობით საქართველოში რუსეთი ლიდერობდა. ადრე საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციაში აღნიშნეს, რომ რუსული სანქციების შემდეგ საქართველოში ზარალმა შეიძლება 2,1 მლრდ ლარს მიაღწიოს.

90
თემები:
ლარის კურსის დაცემა (27)