რკინიგზა

საქართველო და ირანი სახმელეთო სატვირთო გადაზიდვებს განავითარებენ

84
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის და შეიმუშავებენ ღონისძიებათა გეგმას ამ მიმართულებით

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. საქართველო და ირანი „სპარსეთის ყურე - ჩრდილოეთის“ სატრანსპორტო დერეფნის ერთობლივ განვითარებაზე შეთანხმდნენ, იუწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

ეს საკითხი ერთ-ერთი ცენტრალური იყო ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შერეული კომისიის სხდომის დღის წესრიგში, რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილის ადოლჰაშემ ჰასან ნიას ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

სხდომის დასრულების შემდეგ ოქმი გაფორმდა, რომელშიც სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში ორივე მხარის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები აისახა. საქართველოს მხრიდან ოქმს ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა მოაწერა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ სატრანსპორტო დერეფნის განვითარების კუთხით და შეიმუშავებენ ღონისძიებათა გეგმას ამ მიმართულებით.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, არის კვოტები საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებისთვის ორ ქვეყანას შორის 2019 – 2020 წლებისთვის.

სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს განსაზღვრული აქვს ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და ირანს შორის ფუნქციონირებდეს სახმელეთო სატვირთო გადაზიდვების გამართული სისტემა.

ირანმა სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა: საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს >>

საქართველოსა და ირანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის მაისში დამყარდა. ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმი 2011 წელს ამოქმედდა. საქართველომ ირანის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივი წესით 2013 წელს დააწესა, საქართველოს ხელისუფლებამ მაშინ თავისი გადაწყვეტილება გაეროს რეკომენდაციებით ახსნა. თუმცა, 2016 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობამ საკუთარი გადაწყვეტილება შეცვალა და ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმი აღდგა.

84
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (226)