რუსთავის მეტალურგიული ქარხანა

საქართველოს ეკონომიკის ზრდა ნათელია „საქსტატი" მონაცემებს აქვეყნებს

49
(განახლებულია 20:06 01.08.2019)
აპრილში ზრდა შეიმჩნეოდა მრეწველობის, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების სფეროებში.

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეკონომიკა ზრდას აგრძელებს – 2019 წლის ივნისში რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა, წინასწარი მონაცემებით, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით, 5% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში. 

2019 წლის ივნისში ზრდა დაფიქსირდა მრეწველობის, უძრავი ქონებით ოპერაციების, საყოფაცხოვრებო მომსახურების, მშენებლობის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, რესტორნებისა და სასტუმროების სფეროებში. კლება დაფიქსირდა საფინანსო საქმიანობაში.

„საქსტატის" მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ივნისში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4,9% შეადგინა.

გასულ წელს საქართველოს მშპ-ის ზრდამ, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4,7% შეადგინა.

2019 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკური სიტუაცია მსოფლიოში კვლავ უმჯობესდებოდა. თუმცა მეორე კვარტლის ბოლოს ქვეყანაში შეიქმნა დამატებითი რისკები ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მოსალოდნელი შემცირების კუთხით.

თბილისში საპროტესტო აქციებისა და პირველი პირების მკვეთრი განცხადებების ფონზე რუსეთმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა, რუსეთის ტუროპერატორებმა კი საქართველოში ტურებზე განაცხადების გაფორმება შეწყვიტეს. ბოლო დრომდე საქართველოში ტურისტების რაოდენობით რუსეთი ლიდერობდა. საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციაში აღნიშნეს, რომ რუსული სანქციების შემდეგ საქართველოში ზარალმა შეიძლება 2,1 მლრდ ლარს მიაღწიოს.

„ამ ეტაპზე არსებული შეფასებით, ამ შოკის ჩათვლითაც კი მოსალოდნელია, რომ 2019 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გაუმჯობესდება. საგარეო მოთხოვნის მოსალოდნელი შესუსტების ფონზე (ტურიზმის ექსპორტი), განახლებული შეფასებით, 2019 წლის რეალური მშპ-ის ზრდა 4,5 პროცენტი იქნება", – ნათქვამია ეროვნული ბანკის პრეს-რელიზში.

საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზები

კონსალტინგური კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2019 წლის მეორე ნახევარში ეკონომიკური ზრდა იქნება 4,3% - რუსეთში 260 მლნ დოლარის ღირებულების ქართული ღვინის შეტანაზე შესაძლო ემბარგოსა და ტურიზმიდან შემოსავლების სავარაუდო დაკარგვის გამო.

წლის განმავლობაში ეკონომიკა 4,5%-ით გაიზრდება, რამდენადაც 2019 წლის პირველ ორ კვარტალში ზრდამ 4,8% შეადგინა, მიაჩნიათ კომპანიის ანალიტიკოსებს.

ამასთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს 2019 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არ შეუცვლიათ. კერძოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი 2019 წელს საქართველოში ეკონომიკის ზრდას 4,6%-ის დონეზე პროგნოზირებენ.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,5%-ს შეადგენს. რაც შეეხება შემდგომი წლების პროგნოზს, სავარაუდოდ, 2020 წლისთვის ეკონომიკური ზრდა 6% იქნება.

49
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (585)
გაზგამანაწილებელი სადგური

თურნავა: საქართველოს მოლაპარაკებები  ბუნებრივი აირის მომწოდებლებთან წარმატებულია

33
(განახლებულია 16:04 28.05.2020)
ეკონომიკის მინისტრის თქმით, ამ პროცესს ხელს უწყობს ორი ფაქტორი – მსოფლიოში ბუნებრივ აირზე ფასის კლება და  კონკურენტული ბაზრის პირობებში მომწოდებლებთან წარმატებული მოლაპარაკებები.

 

თბილისი, 28 მაისი — Sputnik.  ქართული მხარის მოლაპარაკებები ბუნებრივი აირის ყველა მომწოდებელთან, მათ შორის, „გაზპრომთანაც“ არის წარმატებული, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან.

ადრე გავრცელებული ინფორმაციით, საქართველომ ბუნებრივი აირის შესყიდვის ფასის შემცირების მიზნით „გაზპრომთან“ შეთანხმებას გადახედა.

თურნავამ აღნიშნა, რომ „გაზპრომთან“ კონტრაქტი არ არის ახალი და მას ხელი გასულ წელს, მიმდინარე  წლის ბოლომდე ვადით მოეწერა. 

 „კონტრაქტში კიდევ ერთი დაზუსტება შევიდა,რაც ემსახურება უფრო მეტად კონკურეტნული გარემოს შექმნას საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ იგი კომერციული საიდუმლოებაა და ჩვენ კონკრეტულად  ვერ ვისაუბრებთ ფასებსა და დეტალებზე,  თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ, რომ  ქართულ ბაზარზე ბუნებრივი აირზე  საბითუმო ფასები იკლებს“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, ფასების კლება ვრცელდება როგორც გაზგამანაწილებელ სადგურებზე,  ისე საწარმოებზე.

 „აქედან გამომდინარე, ეს არის სრულიად მისაღები, კომფორტული და კონკურენტული პირობები და თითოეული შემდგომი დაზუსტება ემსახურება პირობების გაუმჯობესებას“,- განაცხადა მინისტრმა.

მისი აზრით,  ბაზარზე ფასების კლება კონკურენციის შედეგია.

 „ფასები ბაზარზე, თქვენ თუ ატყობთ, იკლებს. ეს არის კონკურენციის შედეგი. ეს არის ჩვენს და  „გაზპრომს“  შორის დადებული შეთანხმების შედეგი. გარდა ამისა, ეს  აზერბაიჯანული გაზის კლების ტენდენციაცაა. ისეთ რთულ რესურსშიც კი, რომელიც ჩვენთან პრაქტიკულად არ მოიპოვება – ნავთობი და ბუნებრივი აირი, კონკურენტული ვითარების წყალობით  ჩვენ ფასების შემცირებას ვიწყებთ“,- აღნიშნა თურნავამ. 

მინისტრის თქმით, ამ პროცესს ხელს უწყობს ორი ფაქტორი – მსოფლიოში ბუნებრივ აირზე ფასის კლება და  კონკურენტული ბაზრის პირობებში მომწოდებლებთან წარმატებული მოლაპარაკებები.

ქართულმა მხარემ რუსულ კომპანია „გაზპრომთან“ საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთში გაზის მიწოდების თაობაზე შეთანხმებას 2019 წლის მარტში მოაწერა ხელი. მხარეებს შორის ტრანზიტთან დაკავშირებული ანგარიშსწორება მთლიანად მონეტიზებულია. ახალი შეთანხმებით ტრანზიტის ღირებულება გაიზარდა, ხოლო შესყიდვის ფასი, თუ საქართველოს შესყიდვა დასჭირდება, შემცირდა.

ბუნებრივი აირის ბალანსის თანახმად, საქართველოში 2020 წელს გაზის მოხმარება ნავარაუდევია 2,5 მილიარდი კუბომეტრის დონეზე. აქედან რუსეთიდან შემოვა 170 მლნ კუბომეტრი. დანარჩენის შემოტანა აზერბაიჯანიდან იგეგმება.

33
თემები:
საქართველოს ენერგეტიკა
გიორგი გახარია

კოლოსალური ზარალი და მოსახლეობის დახმარება: პრემიერი ბიუჯეტის ახალი პროექტის შესახებ

92
(განახლებულია 14:35 28.05.2020)
საქართველოს ბიუჯეტის პროექტი უკვე შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მასში მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ყველა სახის დახმარებაა შეტანილი.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი საქართველოს ეკონომიკის აღორძინების გეგმაზე მუშაობს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

საქართველოს ხელისუფლება მოქალაქეთა იპოთეკური სესხების სუბსიდირებას განახორციელებს>>

საქართველოს ეკონომიკა პანდემიისა და გლობალური კრიზისის ფონზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. საერთაშორისო ორგანიზაციები წელს უარყოფით ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებენ, ამავე დროს, აცხადებენ, რომ უკვე 2021 წელს საქართველო ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება. საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ –4%-მდე დაეცემა.

„ჩვენ დაგვაკლდება საბიუჯეტო შემოსავლები, დაახლოებით 1 800 მილიონი საბიუჯეტო სახსრების ნაწილში, 600 მლნ ლარით ჩვენ შევამცირებთ ხარჯებს, ეს იქნება 300 მლნ მიმდინარე ხარჯები და 300 მლნ კაპიტალური ხარჯები. ეს ის კაპიტალური ხარჯებია, რომლის გადავადებაც შესაძლებელია ქვეყნისთვის მეტ-ნაკლები ზიანისა და ზარალის გარეშე, ან ის ტურისტული პროექტებია, რომლებიც უახლოესი წლის განმავლობაში არ იქნება აქტუალური“, – განაცხადა გახარიამ.

ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ ანტიკრიზისული გეგმის შესასრულებლად, რომელიც ითვალისწინებს როგორც სახელმწიფოს მიერ კრედიტების სუბსიდირებას, ისე მოსახლეობის ფინანსურ დახმარებას, საჭიროა 3 მლრდ ლარი.

გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან (სსფ) დახმარებას მიიღებს.

„საერთაშორისო დონორმა ორგანიზაციებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ დამატებით 1 500 მლნ დოლარიც არის მზად იმ შემთხვევაში, თუ შეიქმნება ლიკვიდობის პრობლემა. კორექტირებულ ბიუჯეტს ჩვენ უახლოეს პერიოდში, ეს იქნება უახლოესი კვირა, ან 10 დღე, შემოვიტანთ და ეს იქნება ის, სადაც გვექნება შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ ვისაუბროთ“, – განაცხადა გახარიამ.

საქართველოს ბიუჯეტის პროექტი უკვე შეთანხმებულია სსფ-თან და მასში მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ყველა სახის დახმარებაა შეტანილი.

„საქართველო ვერც ერთ დამატებით ხარჯს, დამატებით დახმარებას ვერ გასწევს, თუ ეკონომიკა არ იქნა დაბალანსებული და ეს დაბალანსებული ბიუჯეტი ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, დონორ ორგანიზაციებთან და სავალუტო ფონდთან არ იქნა შეთანხმებული“, – განმარტა პრემიერმა.

ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ საქართველომ უკვე დაიწყო პოსტკრიზისულ გეგმაზე მუშაობა.

„გარდა ადგილობრივი ჯგუფებისა, ექსპერტებისა, ჩვენს პოსტკრიზისულ ეკონომიკური აღორძინების გეგმაზე მუშაობს კემბრიჯში ძალიან სერიოზული პროფესორების ჯგუფი და ამაში გვეხმარებიან ჩვენი დონორები, საერთაშორისო პარტნიორები, ისევე, როგორც ნიუ-იორკის Deloitte-ის ოფისიც“, – განაცხადა გახარიამ.

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა საზოგადოებას აპრილის ბოლოს წარუდგინეს. ის ითვალისწინებს ფულადი კომპენსაციების გაცემას უმუშევრად დარჩენილებისთვის, საგადასახადო შეღავათებს მეწარმეებისთვის, კრედიტების გადავადებას.

92
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (585)
პოლიეთილენის პაკეტები

დავიცვათ ბუნება: გორში ბიოდეგრადირებადი პარკების საწარმო ამოქმედდა

0
(განახლებულია 17:23 28.05.2020)
ბიოდეგრადირებადი პარკები მზადდება ბუნებრივი პროდუქტისგან და ადვილად იხრწნება მიწასთან შეხებისას  და გარემოზე უარყოფით ეფექტს არ ახდენენ.

თბილისი, 28 მაისი - Sputnik. გორში ბიოდეგრადირებადი პარკების საწარმო ამოქმედდა, ნათქვამია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წარმოების პროცესს შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი გაეცნო.

 „ეკო ჯორჯია“ საქართველოში ერთადერთი საწარმოა,  სადაც არა მხოლოდ ბიოდეგრადირებადი პარკები, არამედ მისთვის საჭირო ნედლეულიც მზადდება. 

საწარმო ,,ეკო ჯორჯია" სახელმწიფო პროგრამის - ,,აწარმოე საქართველოში” ფარგლებში ამოქმედდა და გორში 3 355 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე  შენობა-ნაგებობები სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცა.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით სამი მილიონი ლარია. ამ დროისთვის ადგილზე 25 ადამიანია დასაქმებული, თუმცა, მომავალში იგეგმება 100–ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნა.

ბიოდეგრადირებადი პარკები მზადდება ბუნებრივი პროდუქტისგან და ადვილად იხრწნება მიწასთან შეხებისას.  შესაბამისად, ისინი  გარემოზე უარყოფით ეფექტს არ ახდენენ.

საქართველოს მაღაზიებში  პოლიეთილენის პაკეტების გამოყენება  2019 წლის 1 აპრილიდან აკრძალულია. გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, ცვლილებები შევიდა „პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის შესახებ" ტექნიკურ რეგლამენტში.

რეგულირების წესების დარღვევისთვის მეწარმე სუბიექტი პირველ ჯერზე 500 ლარით, ხოლო იგივე ქმედების განმეორების შემთხვევაში – 1000 ლარით დაჯარიმდება. გარდა ამისა, მოხდება საქონლის კონფისკაცია.

პოლიეთილენის პაკეტის გამოყენება გლობალური მასშტაბის პრობლემაა. ბუნებაში მის დაშლას არანაკლებ 400 წელი სჭირდება.


0
თემები:
გარემოს დაცვა და ეკოლოგია