მინისტრმა ნათია თურნავამ ბანკირებთან შეხვედრა გამართა

ქართული ბანკები ქვეყნის ტურისტული სექტორის მხარდასაჭერად მზად არიან

70
(განახლებულია 13:27 26.07.2019)
კრედიტების უზრუნველყოფის პროგრამა მთლიანად ტურისტულ სექტორზე გადაერთვება.

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა და საქართველოს 12 ბანკის წარმომადგენელმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ბანკების კრედიტების უზრუნველყოფის სისტემაში ჩართვის შესახებ, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.

სახელმწიფო კრედიტების მიღებაში გარანტი იქნება იმ ბიზნესმენებისთვის, რომლებსაც არა აქვთ ქონება ბანკში კრედიტისთვის გირაოს ჩასადებად. გარანტიის თანხა კრედიტის 70%-ია, მაგრამ არაუმეტეს გარანტიით უზრუნველყოფილი კრედიტების საერთო მოცულობის 10%-ისა. ამისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 20 მლნ ლარია გათვალისწინებული.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, ამ სისტემის ამოქმედება მთავრობის გეგმის ნაწილია, რომელიც მან რუსეთიდან ავიარეისების აკრძალვის შემდეგ შეიმუშავა და რომელიც ითვალისწინებს საშუალო და მცირე ტურისტული ბიზნესის მხარდაჭერას ტურისტების ნაკადის შესაძლო შემცირების გამო.

„ჩვენ შევთანხმდით სამოქმედო გეგმაზე, რომლითაც დავეხმარებოდით ტურისტულ ბიზნესს, რომ შეგვერბილებინა ის ნეგატიური ზემოქმედება, რაც მას პოლიტიკურმა არასტაბილურობამ და შემდგომ რუსეთის მხრიდან ფრენების შეწყვეტამ მოუტანა. ამ გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია საკრედიტო-საგარანტიო სქემის ამოქმედება და მისი გადაწყობა ძირითადად ტურისტული ბიზნესის განვითარების მიზნებისთვის", – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, ეს ახალი შესაძლებლობაა სასტუმრო ბიზნესისთვის, ტურისტული ინდუსტრიისთვის, ასევე მცირე ბიზნესისთვის, რომ მიიღოს ახალი დაფინანსება, ახალი სესხები თავისი ბიზნესის გასაფართოებლად, ან ახლის დასაწყებად.

მთავრობამ ტურისტული დარგის გადარჩენის გეგმა შეიმუშავა>>

საქართველოში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას 20 ივნისიდან საპროტესტო ტალღა მოჰყვა. აქციები დღემდე გრძელდება. რუსეთმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა. საქართველოს ხელისუფლება ვარაუდობს, რომ რუსი ტურისტების ნაკადის შემცირების გამო ზარალმა, შესაძლოა, 750 მილიონი დოლარი შეადგინოს.

70
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (344)