ეროვნული ბანკის შენობა

რატომ არ უყვართ მთავარი ბანკირი?

1066
(განახლებულია 15:53 25.07.2019)
საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებით, მოსახლეობის დიდი ნაწილი ეროვნული ბანკის საქმიანობას უარყოფითად აფასებს... რატომ? ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესი რამდენად მოქმედებს მოქალაქეთა გრძნობებზე?

სამსონ ხონელი

დიდი დრო არ გასულა, სულ რაღაც არასრული ერთი კვირა, რაც საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) გაზაფხულ-ზაფხულის გასაყარზე ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. 20 მაისიდან 11 ივნისამდე პერიოდში წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე საარჩევნო უფლების მქონე 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. განზრახული მქონდა, სხვადასხვა საკითხზე მოქალაქეთა პოზიციას თუ დამოკიდებულებას, ისე, როგორც მანამდე ყველა სხვა შემთხვევაში, ახლაც კრებსითად, მხოლოდ ერთი სტატიით გამოვხმაურებოდი. მსურდა ანალიტიკოსების მოსაზრებებთან ერთად ჩემეული ხედვაც წარმომედგინა, თუ მაინც რისი თქმა სურთ კვლევის დამკვეთებსა და შემსრულებლებს, რა იკითხება ციფრებში და სტრიქონებს მიღმა... ამ მისიით მოვიმარჯვე კალამი, თუმცა „პირველ ჩვენებას“ ვუღალატე და გადავწყვიტე, რომ უმჯობესია კვლევის ცალკეული შედეგები თემატურ სტატიებში მიმოვიხილო...

მივყვეთ თანმიმდევრულად. ამჯერად თქვენს ყურადღებას მთავარი საფინანსო ინსტიტუტის, ეროვნული ბანკის დაბალ რეიტინგზე გავამახვილებ. მაღალი რატომ უნდა იყოს?! − შესაძლოა ჩამეძიოს მკითხველი. რეპლიკას კომენტარის გარეშე არ დავტოვებ და მოგვიანებით ვუპასუხებ.      

მანამდე კი, თუ კვლევის ავტორებს დაეჯერებათ, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, 62 პროცენტი ეროვნული ბანკის საქმიანობას ნეგატიურად აფასებს. საინტერესოა, რატომ, რამ განაპირობა კობა გვენეტაძის უწყებისადმი საზოგადოების ამგვარი დამოკიდებულება?

ექსპერტ-ანალიტიკოსთა დიდ ნაწილს მოქალაქეთა ასეთი განწყობა არ უკვირს. ბოლო წლებია ეროვნული ვალუტა უფასურდება, რაც მძიმედ აისახება ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მათი შეფასებით, ხალხის განაწყენებას იწვევს ის ფაქტი, რომ ეროვნული ბანკი არ ერევა კურსის ფორმირების პროცესში, როცა ლარი ეცემა, ხოლო საკმარისია ეროვნული ვალუტა, თუნდაც ნელი ტემპით, რამდენიმე პუნქტით გამყარდეს, ეროვნული ბანკი უმალ რეაგირებს და ქვეყნის სავალუტო რეზერვების შევსების მოტივით საფინანსო ბაზარზე მილიონობით დოლარს იძენს. ეს კი ლარის გამყარების პროცესს ანელებს ან საერთოდ ამუხრუჭებს. მათივე განმარტებით, საზოგადოება ხედავს და საკუთარ თავზე გრძნობს, როგორ მანიპულირებს ლარის გაცვლითი კურსით ეროვნული ბანკი ე.წ. დომინანტური ბანკების დაკვეთით.

ანალიტიკოსები იმასაც აღნიშნავენ, რომ ეროვნული ბანკის რეიტინგის ვარდნა არახალია და ეს ჯერ კიდევ ათი წლის წინ დაიწყო...

ანალიტიკოსი თემურ ბასილია: „სამწუხაროდ, ბოლო 10-12 წლის წინ დაიწყო ეროვნული ბანკის დეგრადაცია. შეგახსენებთ, რომ მაშინდელ ხელისუფლებას მცდელობა ჰქონდა, რომ საერთოდ გაეუქმებინა ეროვნული ბანკი. ამის შემდეგ დაიწყო მთლიანად საბანკო სექტორის გამოყენება პოლიტიკური მიზნით, როდესაც ეს სისტემა ეკონომიკის განვითრების მასტიმულირებელი კი არა, მისი შემაფერხებელი გახდა. გავიხსენოთ არაპროფილური აქტივების ფლობის უფლების მიცემა, რამაც პრაქტიკულად მოკლა კონკურენცია; ასევე რეფინანსირების სესხები და სხვ. სამწუხაროდ, ეს პროცესი ახლაც გრძელდება ინერციით... არადა, საშუალო და უფროსი თაობის ადამიანებს ახსოვთ, რომ 15-20 წლის წინ ეროვნული ბანკი იყო ერთ-ერთი ნათელი წერტილი ხელისუფლებაში. იგი ატარებდა გონივრულ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას, რაც იმ რთულ პერიოდშიც კი უზრუნველყოფდა ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას. მნიშვნელოვანი იყო, რომ მუდმივი კონტაქტი ჰქონდა საზოგადოებასთან, ის არ გაურბოდა პასუხისმგებლობას და, შესაბამისად, საზოგადოების მაღალი ნდობით სარგებლობდა...“

ერთი სიტყვით, ანალიტიკოსების ერთი ნაწილი აცხადებს, რომ ხალხში ეროვნული ბანკის მიმართ კითხვები დაგროვდა, მაგრამ კობა გვენეტაძის უწყება ამ კითხვებზე პასუხის გაცემას გაურბის და საზოგადოებასთან კომუნიკაციას თავს არიდებს. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ არის განსხვავებული მოსაზრებაც. კერძოდ, ანალიტიკურ წრეებში ამბობენ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზი მთავრობის ეკონომიკური გუნდის პოლიტიკაში უნდა ვეძიოთ. მათი შეფასებით, ლარის კურსის ვარდნა ეროვნული ბანკის ღონისძიებების შედეგი არ არის.  

ანალიტიკოსი ირაკლი ყიფიანი: „ეროვნული ბანკის ფუნქცია არის ფასების სტაბილურობასა და  ეკონომიკის ინფლაციური პროცესებისგან დაცვაზე ზრუნვა. თუ ეროვნულ ბანკს ვეტყვით, რომ სავალუტო რეზერვები გამოიტანოს და დახარჯოს, ეს დროებით, მცირე პერიოდით გამოიწვევს ლარის გამყარებას, თუმცა საბოლოოდ ლარი კვლავ გაუფასურდება, რადგან ის ფაქტორები, რითიც უფასურდება ეროვნული ვალუტა, გამოსწორებული არ იქნება. დღეს რომ ეს შედეგი არ გვქონოდა, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს უნდა განეხორციელებინა რეფორმები. ბევრი წლის განმავლობაში ძირითადი ტენდენცია იყო გადასახადების შემცირება. ბოლოს მივიღეთ აქციზის გადასახადის ზრდა, ანუ საგადასახადო კუთხით ქვეყანაში მიმზიდველობის დაქვეითება. ასევე კითხვებია სასამართლო ხელისუფლებასთან – რამდენად დაცულია საკუთრების უფლება? უნდა აღვნიშნოთ, რომ დაბალია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპი, ცალკე საკითხია ბიუჯეტის არათანაბარი ხარჯვა. ერთი სიტყვით, უამრავი პრობლემაა ფისკალური მიმართულებით. თუმცა, მთავარია, არ ჩანს გუნდი, რომელიც იზრუნებს, რომ ინვესტიციები შემოვიდეს...“

ლარი
© Sputnik / Alexander Imedashvili

საფინანსო სფეროს სპეციალისტების განმარტებით, არასტაბილირობა არასწორ მოლოდინებს ქმნის. ლოგიკურია, რომ ბაზრის მოთხოვნას დიდხანს ვერ შეაკავებ, რადგან ბიზნესს თავიანთ უცხოურ პარტნიორ კომპანიებთან ფინანსური ვალდებულებები აქვთ. დოლარზე მოთხოვნა გაზრდილია, რაც ლარის გაცვლით კურსზეა ასახული. რამე განსაკუთრებული ბოლო პერიოდში არ მომხდარა. ბიზნესი დააკვირდა – გამყარდებოდა თუ არა ეროვნული ვალუტის კურსი მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ რუსეთი არ აპირებდა საქართველოსთვის დამატებითი სანქციების დაწესებას. რეალურად, გამყარება მართლაც დაფიქსირდა და პოზიტიურმა ტენდენციამ ორი დღე გასტანა, შემდეგ კვლავ დაღმასვლა დაიწყო და დღეს ლარი ისევ რჩება გაუფასურების ისტორიულ ნიშნულზე. დღეს სულ უფრო და უფრო ცოტაა მათი რაოდენობა, ვისაც სჯერა, რომ ეროვნული ვალუტა მნიშვნელოვან გაუფასურამდე არსებულ ნიშნულს დაუბრუნდება. მეტიც, არის მოლოდინი, რომ ლარის კურსი შესაძლოა კიდევ უფრო დაეცეს... ამ რეალობაში რთული არ არის უპასუხო კითხვას – რატომ არ უყვართ მთავარი ბანკირი?..

1066
ვალუტის გაცვლის პუნქტი

ლარის კურსი 26 სექტემბერს

41
(განახლებულია 23:28 25.09.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0435 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 26 სექტემბერი  — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,3332 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0435 ლარით გაუფასურდა.

ლარის კურსი 26 სექტემბერს
ლარის კურსი 26 სექტემბერს
41
თემები:
ლარის კურსი დღეს
ღვინის სექციაა

ცნობადობის გაზრდა: რამდენს ხარჯავს საქართველო ღვინის ბაზრების ათვისებაზე

62
(განახლებულია 20:29 25.09.2020)
ქართული მეღვინეობა კორონავირუსის პანდემიისა და ქვეყნებს შორის სავაჭრო ოპერაციების შემცირების გამო ზარალს განიცდის.

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. საქართველო ახალი საექსპორტო ბაზრების ასათვისებლად წელიწადში დაახლოებით 9 მილიონ ლარს ხარჯავს, ამასთან, არც ერთი თეთრი არ დახარჯულა რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე, განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, როდესაც მან 2012 წელს ღვინის ეროვნულ სააგენტოში დაიწყო მუშაობა, მარკეტინგული ბიუჯეტი შეადგენდა დაახლოებით 1,5 მლნ ლარს, რომლის მხოლოდ მესამედი იქნა გამოყენებული. 

„ახალი ბაზრების ასათვისებლად დღეს ჩვენ დაახლოებით 9 მილიონ ლარს ვხარჯავთ. ეს არის სახელმწიფოს დანახარჯი, რომელსაც, რა თქმა უნდა, ემატება კერძო კომპანიების მარკეტინგული აქტივობა და არც ერთი თეთრი არ დახარჯულა რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის პრომოციაზე“, – განაცხადა მინისტრმა ტელეარხ „იმედის“ ეთერში.

სტატისტიკური მონაცემებით, ქართული ღვინო ყველაზე დიდი რაოდენობით რუსეთში გადის – 2019 წელს ქართული ღვინის მთელი ექსპორტის 62,1%-ზე მეტი რუსეთში გავიდა.

„ყველა დანახარჯი რუსული ბაზრის მიღმაა, იმისთვის, რომ ქართული ღვინის ცნობადობა სხვა ქვეყნებშიც გაიზარდოს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან მინისტრმა დასძინა, რომ დიდი პროგრესის მიუხედავად, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი.

„არ მინდა საზოგადოებას შთაბეჭდილება შეექმნას, რომ ჩვენ კმაყოფილი ვართ ჩვენი შედეგებით და ვამბობთ, რომ ყველაფერი კარგად არის. არც სოფლის მეურნეობაში და არც ერთი სხვა მიმართულებით არ ვართ კმაყოფილი და ძალიან ბევრია გასაკეთებელი, თუმცა, არ შეიძლება, პროგრესი არ დავინახოთ“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

მისი აზრით, სოფლის მეურნეობა განვითარების გზის დასაწყისშია და ეს მეღვინეობის სექტორსაც ეხება.

„ჩვენ ვსაუბრობთ განვითარების დინამიკაზე და არა იმაზე, რომ სასურველ შედეგს მივაღწიეთ. მაგალითად, ჩემი მოლოდინია, რომ ღვინო მილიარდის შემომტანი იყოს საქართველოსთვის. ამის პოტენციალი ამ ქვეყანას გააჩნია, თუმცა ამას მრავალწლიანი, თანმიმდევრული მუშაობა სჭირდება“, – განაცხადა დავითაშვილმა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის ფლაგმანი

სოფლის მეურნეობის მინისტრის აზრით, მეღვინეობას ეკონომიკურად მნიშვნელოვანი პოზიცია უჭირავს, რადგან ღვინის ექსპორტი ქვეყნის საერთო ექსპორტის თითქმის 10%-ს შეადგენს და უამრავი ადამიანია დაკავშირებული და ჩართული ღვინის ინდუსტრიაში, რომელიც სწრაფად იზრდება.

მისი თქმით, ღვინო საქართველოს იდენტობის ნაწილია და სახელმწიფო ყველა ღონეს ხმარობს ამ სექტორის შესანარჩუნებლად.

„ჩვენ ყველას გვესმის, რომ 2020 წელს კორონავირუსმა მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით, საქართველოში დააზარალა ღვინის სექტორი, რადგანაც ის გაყიდვის ძირითადი არხი, რომელიც უკავშირდებოდა სასტუმროებს, რესტორნებს, ბარებს, მთელი გაზაფხულის მანძილზე იყო დაკეტილი და თუ ყველა სხვა სექტორში ჩვენ გვაქვს ზრდა, მიუხედავად პრობლემებისა, ღვინის სექტორში ძალიან მძიმე სიტუაცია იყო“, – აღნიშნა მინისტრმა. 

მისი სიტყვებით, სახელმწიფოს ამიტომაც მოუწია დიდი თანხის გამოყოფა ქართული ღვინის კომპანიების მსყიდველობითი უნარის ასამაღლებლად. მათ შორის არის სახელმწიფო კომპანიაც, რომელიც ჭარბ მოსავალს იბარებს ბაზარზე ფერმერების მდგომარეობის შესანარჩუნებლად.

„თუ დარგს ზურგს შევაქცევთ, ერთ წელიწადში ისეთ ზიანს მივიღებთ, რომლის გამოსწორება ძალიან რთული იქნება. ამიტომ დარგისთვის მდგრადობის შენარჩუნება არის აუცილებელი და მჯერა, რომ ღვინის სექტორი საქართველოს სოფლის მეურნეობის ფლაგმანია და იქნება მომავალში და ძალიან დიდ როლს შეასრულებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ქართული მეღვინეობა კორონავირუსის პანდემიისა და ქვეყნებს შორის სავაჭრო ოპერაციების შემცირების გამო ზარალს განიცდის. საქართველოდან ღვინის ექსპორტი ბოლო წლების განმავლობაში პირველად შემცირდა. „საქსტატის“ მონაცემებით, ღვინის ექსპორტი 2020 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8,6%-ით დაეცა.

კორონავირუსამდე

საქართველოდან 2019 წელს ღვინის რეკორდული რაოდენობის ექსპორტი განხორციელდა – მსოფლიოს 53 ქვეყანაში 94 მლნ ბოთლი გავიდა, რაც 9%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და ამავდროულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, აცხადებდა საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო. 

2019 წელს ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ 240 მლნ დოლარს მიაღწია – 17%-ით მეტი 2018 წლის მაჩვენებელზე. 2019 წელს საზღვარგარეთ ღვინო 341-მა კომპანიამ გაიტანა.

2019 წელს ყველაზე მეტი ღვინო რუსეთში გავიდა. ლიდერი ქვეყნების ხუთეულში მოხვდნენ ასევე უკრაინა, ჩინეთი, პოლონეთი და ყაზახეთი.

საზღვარგარეთ ყველაზე პოპულარული ქართული ღვინო ნახევრადტკბილი „ქინძმარაულია“ – 2019 წელს საქართველოდან 17,4 მილიონი ბოთლი „ქინძმარაული“ გავიდა. ყველაზე პოპულარული ქართული ღვინოების ხუთეულშია ასევე „მუკუზანი“, „წინანდალი“, „ახაშენი“ და „ხვანჭკარა“.

62
თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა
ხატია წერეთელი

„ცხვირი მოვიჭერი...“ - ხატია წერეთელმა ახალი „ჩელენჯი“ წამოიწყო - ფოტო

0
(განახლებულია 15:11 25.09.2020)
ხატია წერეთელი სოციალურ ქსელში შოკის მომგვრელ ფოტოს აქვეყნებს. მომღერალს ფოტოზე ცხვირი აქვს შეხვეული. ნახეთ რა შეემთხვა მას

მომღერალმა ხატია წერეთელმა ორი დღის წინ ფოტოსურათი გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ ცხვირის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. მომღერლის თქმით, ცხვირის ის 2 მილიმეტრი მოიჭრა, რომელიც საზოგადოებას ასე აწუხებდა, ახლა კი ის ცხვირები აწუხებს, რომლებსაც მის პირად ცხოვრებაში ყოფენ, შესაბამისად, ახალ „ჩელენჯს“ იწყებს და საზოგადოებას იწვევს.

ცოტა ხნის წინ მომღერალმა კიდევ ერთი თამამი განცხადება გააკეთა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ანორექსიას ებრძვის. მომღერალმა აღნიშნა, რომ უჭირს წონასწორობის დაცვა და მხედველობაც უქვეითდება და ბევრჯერ ჰქონდა ამ დაავადების გამო მძიმე წუთები ცხოვრებაში.

ხატია წერეთელი საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც მსმენელმა მისი ეროტიკული ხასიათის კლიპი ქართული ბაზრისთვის - „შენთან სექსი მაგარია“ იხილა. კლიპი მართლაც რომ პროვოკაციული აღმოჩნდა, ხატია კი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ ის საყვარელ „ვალენტინს“ მიუძღვნა, რომელზეც ყურებამდეა შეყვარებული.

კლიპში მონაწილე იმედა ვახტანგიშვილმა და ხატია წერეთელმა დაადასტურეს, რომ პარტნიორები იყვნენ და ერთად ყოფნა მოსწონდათ, თუმცა ამ ურთიერთობას შეყვარებულების სახელს მაინცდამაინც არ არქმევდნენ.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება