ანაკლიის პორტის მშენებლობა

ანაკლიის პორტის მშენებლობა: პროგრესი ჯერჯერობით არ არის

91
(განახლებულია 13:32 24.07.2019)
მთავრობა პორტის მშენებლობის კრედიტორებისგან ახალ წინადადებებს ელოდება.

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. სახელმწიფოსა და ინვესტორ ბანკებს შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე მოლაპარაკებებში პროგრესი არ არის, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. სამუშაოებს აწარმოებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი", რომელიც ქართული „თი-ბი-სი ჰოლდინგისა" და ამერიკული კომპანია Conti International LLC-ის დაფუძნებულია. კონსორციუმში გაერთიანებული არიან ასევე SSA Marine (აშშ), British Wondernet Expres (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd (ბულგარეთი).

რა ვითარებაა ანაკლიის პორტის ირგვლივ: მშენებლობა გრძელდება>>

ამჟამად კონსორციუმი პორტის მშენებელ კომპანიას ეძებს, რომელთანაც 15 აგვისტოს შეთანხმება უნდა გაფორმდეს.

„15 ოქტომბრისთვის ველოდებით წინასწარ პირობებს ბანკებიდან საკუთარი დაფინანსების მოზიდვის ნაწილში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ და იმედი გვაქვს, ეს პროცესი წარიმართება. თუმცა მინდა ასევე ვთქვა, ერთგვარი სიფრთხილითაც ალბათ უნდა შევხედოთ ამ პროცესს, რადგან უკვე ბევრი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ბანკებთან გვქონდა მოლაპარაკება და რაც ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ და ჯერ, სამწუხაროდ, კონსორციუმისა და ბანკების მხრიდან დიდი პროგრესი არ ჩანს", – განუცხადა ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, სახელმწიფო ბანკებისა და კონსორციუმის ყველა პირობას დათანხმდა, გარდა ტვირთების კომერციული რისკების დაზღვევისა.

პორტის მუშაობის დაწყება 2021 წლისთვის არის დაგეგმილი, ანუ ორ წელიწადში იქ უკვე უნდა იყოს მოწყობილი მთელი ინფრასტრუქტურა გემების მისაღებად, ტვირთის ტრანსპორტირებისა და შენახვისთვის. ამისთვის კი ფინანსებია საჭირო.

პორტის პირველი ფაზის მშენებლობისთვის 600 მილიონ დოლარზე მეტია საჭირო. სახელმწიფომ 100 მლნ დოლარის კრედიტის პირობა დადო, ხოლო კონსორციუმს 120 მლნ საკუთარი ინვესტიციების ჩადება მოუწევს. დანარჩენი 400 მლნ კონსორციუმმა უცხოელი ინვესტორებისგან კრედიტის სახით უნდა მოიზიდოს.

ფინანსური გარიგება უნდა დახურულიყო 2017 წლის 15 აგვისტოს და ამის შემდეგ დაწყებულიყო მშენებლობის აქტიური ფაზა. თუმცა, კონსორციუმის ინიციატივით ეს ვადა რამდენჯერმე გადაიდო. ახლა ფინანსური გარიგების დახურვის ვადა 15 ივნისიდან კიდევ ნახევარი წლით გადაიდო.

ფინანსური გარიგება ანაკლიის პორტთან დაკავშირებით დადგენილ ვადაში არ დაიხურება>>

ამასთან, ამ პროცესში სახელმწიფომ კონსორციუმს 11 მილიონ დოლარზე მეტი ჯარიმა პირველადი ვადების დარღვევისთვის უკვე აპატია.

91
თემები:
ანაკლია – მომავლის ქალაქი (44)
დოლარები და ლარები

ლარის კურსის სტაბილურობისთვის: რეგულატორმა დოლარების მორიგი პარტია გაყიდა

14
სავალუტო ბაზრის სტაბილურობის შესანარჩუნებლად ხუთი თვის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა ჩაატარა ათი აუქციონი, რომლებზეც დაახლოებით 289,65 მილიონი დოლარი გაყიდა.

თბილისი, 13 აგვისტო - Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო აუქციონი ჩაატარა, რომელზეც 20 მილიონი დოლარი გაყიდა. ბირჟაზე ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა დოლარის მიმართ შეადგინა 3, 0705  GEL/$1.

სავალუტო ბაზრის სტაბილურობის შესანარჩუნებლად ხუთი თვის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა ჩაატარა ათი აუქციონი, რომლებზეც დაახლოებით 289,65 მილიონი დოლარი გაყიდა.

ეროვნული ბანკის ამასწინანდელი განცხადებით, იგი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის, სავალუტო ინტერვენციებს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

„ახლა, როდესაც სავალუტო ბაზარი არასტაბილურია, ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს ბაზრისთვის საჭირო ლიკვიდურობას როგორც უცხოურ, ისე ეროვნულ ვალუტაში“, - განაცხადა რეგულატორმა.

სავალუტო აუქციონების გარდა, ეროვნული ბანკი კურსის რყევის შესამცირებლად ყოველდღიურად ახორციელებს ინტერვენციებს. კერძოდ, როდესაც გაცვლითი კურსი დღის განმავლობაში წინასწარ დადგენილ ნიშნულს ასცდება, ეროვნული ბანკი ვაჭრობაში გარკვეული მოცულობის უცხოური ვალუტით ერთვება.

გარდა ამისა, წელს ეროვნული ბანკი ინტერვენციისთვის იმ ვალუტას იყენებს, რომელსაც ქვეყანა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან კრედიტებისა თუ გრანტების სახით კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად იღებს.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პარასკევისთვის ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3, 0728 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0057 ლარით გამყარდა.

დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება.

 

14
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
თეა წულუკიანი

მასშტაბური რეფორმა რა სიახლეები შევა მეწარმეთა შესახებ ახალ კანონპროექტში

78
(განახლებულია 19:44 13.08.2020)
მინისტრის თქმით, ახალი კანონპროექტის თითოეული თავი სხვადასხვა სამართლებრივი ფორმის სამეწარმეო ორგანიზაციებს ეთმობა.

თბილისი, 13 – Sputnik. დღეს ჩვენ დავასრულეთ სრულიად ახალ კანონპროექტზე მუშაობის მრავალწლიანი პროცესი, რომელსაც ჰქვია საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მინისტრმა განმარტა, ეს კანონი 1994 წელს მიღებულ მეწარმეთა შესახებ კანონს ჩაანაცვლებს, რომელიც, მიუხედავად 2008 წელს განხორციელებული ცვლილებებისა, საერთოდ არ პასუხობს თანამედროვეობას, ბიზნეს-წრეების ინტერესებსა და გამჭვირვალობის პრინციპებს, რომელიც თავისუფალი მეწარმეობისთვის აუცილებელია.

რა საჭიროა ანტიდემპინგური კანონი და რა სარგებელს მოუტანს ის ქართულ ბაზარს>>

წულუკიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ისეთი ახალი რეგულაცია შემოდის, რომელიც დავის შემთხვევაში სახელმძღვანელო გახდება როგორც მეწარმეების, ასევე მოსამართლეებისთვის.

„მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ბევრი ახალი რეგულაცია შემოდის, რომელიც არასავალდებულო ხასიათისაა, ანუ დისპოზიციურია, მაგრამ სახელმძღვანელო იქნება როგორც მეწარმეებისთვის, ასევე მოსამართლეებისთვის – დავის შემთხვევაში. რასაკვირველია, არის იმპერატიული ნორმებიც, მაგრამ ამ კანონით იქმნება სრულიად თავისუფალი, რეგულირებული და განჭვრეტადი ატმოსფერო და ბიზნეს-კლიმატი კიდევ უფრო უნდა გაუმჯობესდეს“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, ახალი კანონპროექტის თითოეული თავი სხვადასხვა სამართლებრივი ფორმის სამეწარმეო ორგანიზაციებს ეთმობა, იქნება ეს სააქციო საზოგადოება, შპს, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კოოპერატივი თუ კომანდიტური საზოგადოება. ასევე შემოდის სხვადასხვა ევროპული სტანდარტი, მათ შორის, სადამფუძნებლო დოკუმენტების საჯარო რეესტრში წარდგენის მიმართულებით.

„ესაა მასშტაბური რეფორმა, ესაა ის რეფორმა, რომელსაც არა მხოლოდ დარგობრივი უწყებები, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები, არამედ ჩვენი ბიზნესმენებიც მრავალი წელია ელოდნენ და 2013 წელს მათთან ერთად დაწყებული ეს პროცესი დღეს დასრულდა“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

თეა წულუკიანის თქმით, ახალი კანონპროექტი ორი კვირის განმავლობაში გამოქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

პარლამენტის მიერ პროექტის დამტკიცების შემთხვევაში ახალი რეგულაციები ძალაში 2021 წლის 1 იანვრიდან შევა.

78