ძველი თბილისი

რას მოუტანს სასტუმროების ბიზნესს მთავრობის ახალი ინიციატივა

91
(განახლებულია 14:59 22.07.2019)
საქართველოში ტურიზმის სფერო აქტიურად ვითარდება, ყოველწლიურად ქვეყანაში იხსნება ახალი სასტუმროები, ხდება მომსახურე პერსონალის და გიდების გადამზადება.

ნატა პატარაია

თბილისში საპროტესტო აქციების ფონზე რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა, ხოლო რუსმა ტუროპერატორებმა შეწყვიტეს განაცხადების მიღება საქართველოში გამგზავრებასთან დაკავშირებით.

იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო დრომდე საქართველოში ტურისტების რაოდენობით რუსები პირველ ადგილზე იყვნენ, ქვეყნისთვის მიყენებულმა ზარალმა შეიძლება 750 მილიონი დოლარი შეადგინოს.

ტურიზმის ბიზნესისთვის ზიანის შესამსუბუქებლად საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება – უზრუნველყოს მცირე სასტუმროებისთვის საბანკო სესხების პროცენტების თანადაფინანსება. საუბარია ასევე ტურისტული სექტორისთვის საკრედიტო-საგარანტიო სქემის ამუშავებაზე და მარკეტინგული ღონისძიებების დაფინანსებაზე.

ლარი
© Sputnik / Alexander Imedashvili

ხელისუფლების ეს ინიციატივა დადებითად შეაფასა ეკონომიკის დოქტორმა იოსებ არჩვაძემ. მისი აზრით, ადამიანურ დონეზე, რა თქმა უნდა, მისასალმებელია მსგავსი გადაწყვეტილება, თუმცა შეიძლება სასურველი შედეგი ვერ მოიტანოს.

„როცა ვინმე გასაჭირშია, დახმარების ხელის გაწვდენა ჰუმანური აქტია, მით უმეტეს, როცა ამას სახელმწიფო აკეთებს საკუთარი მოქალაქეებისთვის. სახელმწიფოს ფუნქციაც ეს არის – მაქსიმალურად დაიცვას საკუთარი მოქალაქეების პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტერესები გარეშე ფაქტორებისგან. თუმცა ეს პრობლემა იმდენად სერიოზულია, რომ უფრო რადიკალური ზომების მიღებას საჭიროებს“, – განაცხადა იოსებ არჩვაძემ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.

იოსებ არჩვაძის განმარტებით, მთავრობის ინიციატივა საბანკო პროცენტში თანადგომას გულისხმობს და არა მთლიანად თანხის გადახდას, ხოლო თუ ტურისტი ბევრი არ იქნება, სესხის ამღებს გაუჭირდება არა თუ პროცენტის გადახდა, არამედ აღებული ვალისაც.

მისი თქმით, მართალია ბოლო დროს მასმედიაში საუბრობენ იმაზეც, რომ საქართველოში ჩამოსული რუსი ტურისტები ევროპელებთან შედარებით ნაკლებს ხარჯავდნენ, მაგრამ მათი დახარჯული თანხა წვრილ და საშუალო ბიზნესს რჩება, ხოლო ევროპელების – მსხვილ კომპანიებს.

მაგალითად, ერთი რუსი ტურისტი დაახლოებით სამჯერ ნაკლებს ხარჯავს, ვიდრე ერთი ესპანელი. მაგრამ ევროპიდან ჩამოსული ტურისტები შედარებით მაღალვარსკვლავიანი სასტუმროების კონტინგენტს წარმოადგენენ და მათ მიერ გადახდილი თანხა მსხვილი ბიზნესის ჯობეში მიდის, ხოლო რუსული ტურისტული ნაკადი ჰოსტელებზე და შედარებით იაფ სასტუმროებზეა ორიენტირებული და, შესაბამისად, მათ მიერ დახარჯული ფული წვრილ და საშუალო ბიზნესს რჩება. ამიტომ აისახება რუსეთიდან ტურისტული ნაკადის შემცირება ძირითადად საშუალო და მცირე სასტუმროების მფლობელებზე

„თუ ტურისტული ნაკადი არ შემოვიდა, ეს სერიოზული პრობლემაა. აქ უფრო რადიკალურ ზომების მიღებაა საჭირო და რამდენად არის მზად ამისთვის მთავრობა ან რამდენად უნდა იკოსროს მან ეს, ვფიქრობ, განსჯის საგანია“, – აღნიშნა იოსებ არჩვაძემ.

ისინი, ვინც მცირე თუ საშუალო სასტუმროს აშენება დაიწყო, მაგრამ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო შიშობს, შეძლებს თუ არა აღებული ბიზნეს-სესხის გასტუმრებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დააიმედა.

პრემიერის თქმით, ხელისუფლებამ მეწარმეების დასახმარებლად ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი აამოქმედა.

„მექანიზმი, რომელიც შევქმენით ევროკავშირთან ერთად, ეს არის საკრედიტო-საგარანტიო სქემა. ის სრულად იქნება მიმართული ჩვენს მეწარმეებზე, რომლებიც დასაქმებული არიან სასტუმროს სექტორში. ანუ ყველა პროექტს, რომლის მშენებლობაც იგეგმებოდა და ახლა შეიძლება ჰქონდეს ბარიერი, რადგან გამოწვევები არსებობს, ჩვენ დავეხმარებით სახელმწიფო გარანტიით, რათა აუცილებლად დასრულდეს“, – აღნიშნა ბახტაძემ.

საქართველო–რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის გაუქმების საკითხზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ისაუბრა საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-სთან ინტერვიუში.

„რაც შეეხება 8 ივლისიდან ძალაში შესულ რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებას, რომლის თანახმად, საქართველოში ავიაგადაზიდვები აიკრძალა, იგი დროებით ხასიათს ატარებს. მისი გაუქმების პირობები ნათლად არის გაწერილი: საქართველოში სტაბილიზაცია, რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის არსებული ნებისმიერი სახის საფრთხეების აღმოფხვრა", – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2019 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოს მიერ საერთაშორისო მოგზაურებისგან მიღებულმა შემოსავალმა 1,5 მლრდ დოლარი შეადგინა (+7%).

როგორ აისახება ბოლოდროინდელი მოვლენები ტურიზმის სფეროზე, აგვისტოში გამოჩნდება, როდესაც ივლისის მონაცემები შეჯამდება. სპეციალისტები სასტუმროების ჯავშნების რაოდენობის მკვეთრ შემცირებაზე უკვე საუბრობენ.

 

91
გაზგამანაწილებელი სადგური

თურნავა: საქართველოს მოლაპარაკებები ბუნებრივი აირის მომწოდებლებთან წარმატებულია

39
(განახლებულია 18:55 28.05.2020)
ეკონომიკის მინისტრის თქმით, ამ პროცესს ხელს უწყობს ორი ფაქტორი – მსოფლიოში ბუნებრივ აირზე ფასის კლება და კონკურენტული ბაზრის პირობებში მომწოდებლებთან წარმატებული მოლაპარაკებები.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. ქართული მხარის მოლაპარაკებები ბუნებრივი აირის ყველა მომწოდებელთან, მათ შორის, „გაზპრომთანაც“ არის წარმატებული, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან.

ადრე გავრცელებული ინფორმაციით, საქართველომ ბუნებრივი აირის შესყიდვის ფასის შემცირების მიზნით „გაზპრომთან“ შეთანხმებას გადახედა.

თურნავამ აღნიშნა, რომ „გაზპრომთან“ კონტრაქტი არ არის ახალი და მას ხელი გასულ წელს მოეწერა – მიმდინარე წლის ბოლომდე ვადით. 

„კონტრაქტში კიდევ ერთი დაზუსტება შევიდა, რაც ემსახურება უფრო მეტად კონკურენტული გარემოს შექმნას საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ იგი კომერციული საიდუმლოებაა და ჩვენ კონკრეტულად ვერ ვისაუბრებთ ფასებსა და დეტალებზე, თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ, რომ ქართულ ბაზარზე ბუნებრივ აირზე საბითუმო ფასები იკლებს“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, ფასების კლება ვრცელდება როგორც გაზგამანაწილებელ სადგურებზე, ისე საწარმოებზე.

„აქედან გამომდინარე, ეს არის სრულიად მისაღები, კომფორტული და კონკურენტული პირობები და თითოეული შემდგომი დაზუსტება ემსახურება პირობების გაუმჯობესებას“, – განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, ბაზარზე ფასების კლება კონკურენციის შედეგია.

„ფასები ბაზარზე, თქვენ თუ ატყობთ, იკლებს. ეს არის კონკურენციის შედეგი. ეს არის ჩვენსა და „გაზპრომს“ შორის დადებული შეთანხმების შედეგი. გარდა ამისა, ეს აზერბაიჯანული გაზის კლების ტენდენციაცაა. ისეთ რთულ რესურსშიც კი, რომელიც ჩვენთან პრაქტიკულად არ მოიპოვება – ნავთობი და ბუნებრივი აირი, კონკურენტული ვითარების წყალობით ჩვენ ფასების შემცირებას ვიწყებთ“, – აღნიშნა თურნავამ. 

მინისტრის თქმით, ამ პროცესს ხელს უწყობს ორი ფაქტორი – მსოფლიოში ბუნებრივ აირზე ფასის კლება და კონკურენტული ბაზრის პირობებში მომწოდებლებთან წარმატებული მოლაპარაკებები.

ქართულმა მხარემ რუსულ კომპანია „გაზპრომთან“ საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთში გაზის მიწოდების თაობაზე შეთანხმებას 2019 წლის მარტში მოაწერა ხელი. ამჟამად მხარეებს შორის ტრანზიტთან დაკავშირებული ანგარიშსწორება მთლიანად მონეტიზებულია განსხვავებით წინა წლებისგან, როდესაც საქართველო გატარებული გაზის 10%-ს ნატურით იღებდა. ახალი შეთანხმებით ტრანზიტის ღირებულება გაიზარდა, ხოლო შესყიდვის ფასი, თუ საქართველოს შესყიდვა დასჭირდება, შემცირდა.

ბუნებრივი აირის ბალანსის თანახმად, საქართველოში 2020 წელს გაზის მოხმარება ნავარაუდევია 2,5 მილიარდი კუბომეტრის დონეზე. აქედან რუსეთიდან შემოვა 170 მლნ კუბომეტრი. დანარჩენის შემოტანა აზერბაიჯანიდან იგეგმება.

39
თემები:
საქართველოს ენერგეტიკა
გიორგი გახარია

კოლოსალური ზარალი და მოსახლეობის დახმარება: პრემიერი ბიუჯეტის ახალი პროექტის შესახებ

95
(განახლებულია 14:35 28.05.2020)
საქართველოს ბიუჯეტის პროექტი უკვე შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მასში მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ყველა სახის დახმარებაა შეტანილი.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი საქართველოს ეკონომიკის აღორძინების გეგმაზე მუშაობს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

საქართველოს ხელისუფლება მოქალაქეთა იპოთეკური სესხების სუბსიდირებას განახორციელებს>>

საქართველოს ეკონომიკა პანდემიისა და გლობალური კრიზისის ფონზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. საერთაშორისო ორგანიზაციები წელს უარყოფით ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებენ, ამავე დროს, აცხადებენ, რომ უკვე 2021 წელს საქართველო ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება. საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ –4%-მდე დაეცემა.

„ჩვენ დაგვაკლდება საბიუჯეტო შემოსავლები, დაახლოებით 1 800 მილიონი საბიუჯეტო სახსრების ნაწილში, 600 მლნ ლარით ჩვენ შევამცირებთ ხარჯებს, ეს იქნება 300 მლნ მიმდინარე ხარჯები და 300 მლნ კაპიტალური ხარჯები. ეს ის კაპიტალური ხარჯებია, რომლის გადავადებაც შესაძლებელია ქვეყნისთვის მეტ-ნაკლები ზიანისა და ზარალის გარეშე, ან ის ტურისტული პროექტებია, რომლებიც უახლოესი წლის განმავლობაში არ იქნება აქტუალური“, – განაცხადა გახარიამ.

ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ ანტიკრიზისული გეგმის შესასრულებლად, რომელიც ითვალისწინებს როგორც სახელმწიფოს მიერ კრედიტების სუბსიდირებას, ისე მოსახლეობის ფინანსურ დახმარებას, საჭიროა 3 მლრდ ლარი.

გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან (სსფ) დახმარებას მიიღებს.

„საერთაშორისო დონორმა ორგანიზაციებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ დამატებით 1 500 მლნ დოლარიც არის მზად იმ შემთხვევაში, თუ შეიქმნება ლიკვიდობის პრობლემა. კორექტირებულ ბიუჯეტს ჩვენ უახლოეს პერიოდში, ეს იქნება უახლოესი კვირა, ან 10 დღე, შემოვიტანთ და ეს იქნება ის, სადაც გვექნება შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ ვისაუბროთ“, – განაცხადა გახარიამ.

საქართველოს ბიუჯეტის პროექტი უკვე შეთანხმებულია სსფ-თან და მასში მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ყველა სახის დახმარებაა შეტანილი.

„საქართველო ვერც ერთ დამატებით ხარჯს, დამატებით დახმარებას ვერ გასწევს, თუ ეკონომიკა არ იქნა დაბალანსებული და ეს დაბალანსებული ბიუჯეტი ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, დონორ ორგანიზაციებთან და სავალუტო ფონდთან არ იქნა შეთანხმებული“, – განმარტა პრემიერმა.

ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ საქართველომ უკვე დაიწყო პოსტკრიზისულ გეგმაზე მუშაობა.

„გარდა ადგილობრივი ჯგუფებისა, ექსპერტებისა, ჩვენს პოსტკრიზისულ ეკონომიკური აღორძინების გეგმაზე მუშაობს კემბრიჯში ძალიან სერიოზული პროფესორების ჯგუფი და ამაში გვეხმარებიან ჩვენი დონორები, საერთაშორისო პარტნიორები, ისევე, როგორც ნიუ-იორკის Deloitte-ის ოფისიც“, – განაცხადა გახარიამ.

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა საზოგადოებას აპრილის ბოლოს წარუდგინეს. ის ითვალისწინებს ფულადი კომპენსაციების გაცემას უმუშევრად დარჩენილებისთვის, საგადასახადო შეღავათებს მეწარმეებისთვის, კრედიტების გადავადებას.

95
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
ჯარიმა პარკირების წესების დარღვევისთვის

საჯარიმო ქვითრის ჩაბარების პროცედურა იცვლება

0
მოქმედი კანონმდებლობით, გზავნილის განმახორციელებელი ვალდებულია, პირის რეგისტრაციის მისამართზე მიიტანოს გზავნილი და ჩაუბარებლობის შემთხვევაში, შესაბამისი წერილობითი უკუგზავნილი შეადგინოს.

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. პირებს, რომლებიც საჯარიმო ქვითრის ჩაბარებისას მის მიღებაზე უარს ორჯერ განაცხადებენ, ქვითრის ჩაბარება მაინც ჩაეთვლებათ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, მათი ინიციატორები ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია, კობა ლურსმანაშვილი და გოგა გულორდავა არიან.

ინიციატორების განმარტებით, ცვლილებების მომზადების მიზეზი არსებული პრაქტიკაა, რომელიც ცხადყოფს, რომ ჯარიმების აღსრულების მოქმედი მექანიზმი ეფექტური არ არის. კერძოდ, პრობლემურია პირისთვის საჯარიმო ქვითრის ჩაბარების პროცედურა.

„სამართალდამრღვევი მიმართავს სხვადასხვა ხერხს, რათა ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით ექვს თვეს შეადგენს, თავი აარიდოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებას. არსებული მონაცემებით, კალენდარული წლის განმავლობაში დაფიქსირებულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გაცემული ჯარიმების რაოდენობის მხოლოდ დაახლოებით 50 პროცენტის აღსრულება ხდება. შესაბამისად, აღნიშნული ნათლად წარმოაჩენს აღწერილი აღსრულების მექანიზმის არაეფექტურობას“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის თანახმად, საჯარიმო ქვითარი ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ მის მიღებაზე უარს იტყვიან სამართალდამრღვევი პირის ოჯახის წევრები. ესენი კი არიან – მეუღლე, შვილი, ნაშვილები, შვილიშვილი, შვილიშვილის შვილი და მისი შვილი, მშობელი და მშვილებელი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა, ბიძა, დეიდა, ბიცოლა, მამიდა და მასთან მუდმივად მცხოვრები სხვა სრულწლოვანი პირი.

მოქმედი კანონმდებლობით, გზავნილის განმახორციელებელი ვალდებულია, პირის რეგისტრაციის მისამართზე მიიტანოს გზავნილი და ჩაუბარებლობის შემთხვევაში, შესაბამისი წერილობითი უკუგზავნილი შეადგინოს.

0
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში