ეკონომიკური ზონა ფოთში

საგარეო ფაქტორები და ქართული ეკონომიკა... როგორ ავიცილოთ შოკი?

866
(განახლებულია 14:21 22.07.2019)
საქართველოს ეკონომიკა შესაძლოა აღმოჩნდეს ორმაგი საგარეო შოკის ზეგავლენის ქვეშ. რატომ? ქვეყანა მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ შეინარჩუნოს ტრადიციული ბაზრები და პარალელურად ახალ ბაზრებზეც გავიდეს. სად და როგორ?

სამსონ ხონელი

რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტ-ანალიტიკოსების შეხვედრა გაიმართა. ფორუმს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დაესწრო. წარმომადგენლობით თავყრილობაზე დეტალურად განიხილეს ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია და ქვეყნის ეკონომიკაზე საგარეო ფაქტორების შესაძლო გავლენებზეც იმსჯელეს. სხვა მრავალ საკითხთა შორის განსაკუთრებული ყურადღება სავაჭრო კავშირების განვითარებასა და ბაზრების დივერსიფიკაციის პრობლემაზე გამახვილდა.          

ექსპერტულ წრეებში არსებული მოსაზრების თანახმად, ჩვენი ეკონომიკა გაცილებით მაღალი ტემპით რომ იზრდებოდეს და უფრო დივერსიფიცირებული იყოს, მაშინ შევძლებდით სავაჭრო კავშირების ზეგავლენისთვის ნაკლები ყურადღების დათმობას. ახლა კი არა თუ რუსული ბაზრის ჩაკეტვა, არამედ ჩრდილოეთ სამეზობლოში თუნდაც ზომიერი ეკონომიკური შოკი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიურ ზეგავლენას იქონიებს როგორც ფულადი გზავნილების, ასევე ექსპორტის შემცირების თვალსაზრისით. ექსპერტ-ანალიტიკოსები თუ დარგის სპეციალისტები მოსაზრებას არგუმენტებით ამყარებენ, იხსენებენ არცთუ შორეული წარსულის პროცესებს. კერძოდ, 2015 წელს რუსეთში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო, რომელიც ძირითადად რუსეთისთვის 2014 წელს დაკისრებულმა სანქციებმა განაპირობა, საქართველოს ექსპორტი რუსეთში 112 მილიონი ამერიკული დოლარით, ანუ 41 პროცენტით შემცირდა. ფულადი გზავნილების მოცულობამაც დაიკლო 369 მილიონი ამერიკული დოლარით, ანუ 46 პროცენტით. ჯამში კი ქვეყანაში თითქმის ნახევარი მილიარდი ამერიკული დოლარით ნაკლები თანხა შემოვიდა. ისიც უნდა ითქვას, რომ მიუხედავად ამისა 2015 წელს ეკონომიკას ზრდა არ შეუწყვეტია და ის 4.8 პროცენტით გაიზარდა, მაგრამ ეს შემცირებული პარამეტრები ნეგატიურად აისახა ეროვნულ ვალუტაზე. ეს სწორედ ის პერიოდია, როცა ლარის კურსი ამერიკული დოლარის მიმართ საგრძნობლად გაუფასურდა – 1.78-დან 2.16 ნიშნულამდე...  

საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ახდენს კიდევ ერთ წამყვან სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში – თურქეთში მიმდინარე პროცესები. 2015 წელს ეკონომიკის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი იმ პერიოდში თურქეთის ეკონომიკის დადებითმა ტენდენციებმა. თურქეთს 2015-2016 წლებში ჰქონდა ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 7.4 პროცენტი. ახლა კი, თურქეთში პოლიტიკური კრიზისისა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაძაბული ურთიერთობის გამო, ბოლო 10 წლის მანძილზე პირველად ეკონომიკის მაღალი რეცესიაა. ანალიტიკოსების შეფასებით, ამის მიზეზი ინვესტიციების მკვეთრი შემცირებაა. თურქეთის ეკონომიკურმა ზრდამ გასულ წელს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი – 2.5 პროცენტი შეადგინა. სავარაუდოდ, თურქეთს ფინანსური დახმარებაც შეუმცირდება, რადგან ამ დღეებში ევროკავშირის საბჭომ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე თურქეთს სანქციები დაუწესა. თურქეთ-ამერიკის დაძაბული ვითარების გათვალისწინებით, სანქციები მოსალოდნელია ამერიკის შეერთებული შტატებისგანაც. ასე რომ, თურქეთის ეკონომიკის ვარდნა, დიდი ალბათობით, კვლავ გაგრძელდება.

ლარი
© Sputnik / Alexander Imedashvili

ანალიტიკოსების შეფასებით, შედეგად საქართველოს ეკონომიკა შესაძლოა აღმოჩნდეს ორმაგი საგარეო შოკის ზეგავლენის ქვეშ...

ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე: „თუ 2015 წელს საგარეო შოკის ზეგავლენა სავალუტო კურსზე აისახა, ორმაგი შოკის პირობებში ზეგავლენა იქნება როგორც სავალუტო კურსზე, ასევე მთლიანად ეკონომიკაზე და, შესაბამისად, ზრდის შენელებასაც გამოიწვევს. ხოლო პროცესების ამ სცენარით განვითარება, ზრდის ტემპების შენელება, მისი თანმდევი ნეგატიური შედეგებით, უკვე მომავალ წელს რეალური გახდება. ამ თვალსაზრისით ეკონომიკაზე მიყენებული ზარალი ცოტა არ იქნება, რადგან ფულადი გზავნილები, ტურიზმიც და ექსპორტიც ყველაზე მაღალი ხვედრითი წილით სწორედ ამ ორ წამყვან სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაზე მოდის...

ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ 20-21 ივნისის შემდგომ განვითარებული მოვლენებიდან სულ რაღაც ერთ თვეში საკურორტო ზონებში სეზონი ფაქტობრივად ჩავარდა. არადა ბოლო წლების განმავლობაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მზარდი იყო. „საქსტატის“ მონაცემებით, 2006-2007 წლებში ტურიზმის სფეროდან შემოსავლების თანაფარდობა სავაჭრო ბრუნვაში 7.2 პროცენტი იყო, გასულ წელს − 65 პროცენტი. ანალიტიკოსები კიდევ ერთ ფაქტორზე ამახვილებენ ყურადღებას. კერძოდ, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდის წამყვანი გენერატორი ბოლო ორი წელია რუსი ტურისტების მიერ გაწეული ხარჯებია, და სწორედ ტურიზმი, ღვინის და მინერალური წყლების ინდუსტრია, სოფლის მეურნეობის პროდუქციასთან ერთად ქმნის ყველაზე მეტ სამუშაო ადგილს ქვეყანაში, რომ აღარაფერი ითქვას მის გავლენაზე სავალუტო კურსზე და ინფლაციაზე.

ანალიტიკოსების შეფასებით, უკვე დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება არა უბრალოდ რომელიმე ბაზრის ჩანაცვლება, რაც არასწორია, არამედ ეკონომიკის დივერსიფიკაცია გასაღების ახალ გლობალურ ბაზრებზე გასვლით... ქვეყანა მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ შეინარჩუნოს ტრადიციული ბაზრები და პარალელურად ახალ ბაზრებზეც გავიდეს. აქვე ანალიტიკურ წრეებში მიანიშნებენ, რომ ახალი ბაზრების მოძიებისას მნიშვნელოვანია თავად საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციაც...

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე: „საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ამას საექსპორტო პროდუქციის გაცილებით მეტი და, რაც მთავარია, კონკურენტუნარიანი სასაქონლო პროდუქცია და მაღალტექნოლოგიური ინვესტიციები სჭირდება, ხოლო ეკონომიკის გადაწყობას დრო ესაჭიროება. ღვინო და მინერალური წყლები იგივე უკრაინაში ისედაც იყიდება.

ევროკავშირის და, უახლოეს პერსპექტივაში, ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარი სწორედ მაღალტექნოლოგიური მიმართულებით არის სტრატეგიულად პრიორიტეტული. უკვე ვხედავთ დადებით ტენდენციებს. ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ სულ უფრო მზარდია საგარეო სავაჭრო ბრუნვის სტატისტიკა, რამაც ჩვენი ეკონომიკა კიდევ უფრო დივერსიფიცირებული გახადა... უნდა დაჩქარდეს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე ხელშეკრულების ხელმოწერა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც მსოფლიოს პირველ ეკონომიკასთან, რაც საშუალებას მოგვცემს შევინარჩუნოთ ეკონომიკის ზრდის ტემპები...“

ერთი სიტყვით, ანალიტიკოსთა და დარგის სპეციალისტთა უმრავლესობა აცხადებს, რომ ქვეყნის ეკონომიკაზე საგარეო შოკების ნეგატიური ზეგავლენის შემცირების ერთადერთი მექანიზმი არის როგორც არსებული სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნება, ისე მათი გაღრმავება... ეს რეგიონი უნდა გადაიქცეს ეკონომიკურ და სატრანსპორტო ჰაბად. საამისოდ პირველ რიგში აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკის დივერსიფიკაცია, ტრადიციულ დარგებთან ერთად ახალი მიმართულებების ათვისება... ცოდნაზე ბაზირებული ეკონომიკის ჩამოყალიბებით შესაძლებელია აქ წარმოებული კიდევ უფრო მეტი პროდუქცია გავიდეს საერთაშორისო ბაზრებზე...     

866
ავლაბარი

საქართველოში საშემოსავლო და ქონების გადასახადი 2021 წლის 1 იანვრამდე გადავადდა

47
(განახლებულია 21:41 02.12.2020)
მთავრობის გადაწყვეტილებით, მომავალ წელს ქონების გადასახადისგან მთლიანად თავისუფლდებიან სასტუმროები, კვების ობიექტები და ტურისტული კომპანიები.

თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს, რომელთაც მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად საშემოსავლო და ქონების გადასახადი ოთხი თვის ვადით ჰქონდათ გადავადებული, აღნიშნული ვადა 1 იანვრამდე გაუხანგრძლივდათ, ნათქვამია საქართველოს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, კომპანია ვალდებულია შემოსავლების სამსახურს გადასახადების შესახებ დეკლარაცია წარუდგინოს. მთავრობის გადაწყვეტილებით, ტურისტულ კომპანიებს საშეღავათო პერიოდით სარგებლობის უფლება 1 დეკემბრამდე ჰქონდათ. ამჯერად კი სახელმწიფომ 1 იანვრამდე ვადა დეკლარაციის ორ მუხლთან – ქონებისა და საშემოსავლო გადასახადთან მიმართებით გაახანგრძლივა. 

„აღნიშნული გადავადებით უკვე 652-მა კომპანიამ ისარგებლა და მათ დეკლარაციის წარდგენის ვადა 1 იანვრამდე მიეცათ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მოუწოდებს იმ კომპანიებს, რომელთა იდენტიფიცირებაც ვერ მოხერხდა, გადავადების შესახებ განცხადებით უწყებას დროულად მიმართონ, რათა მათ მიმართ არ განხორციელდეს დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებები. 

უწყებაში პირობას დებენ, რომ განცხადებების განხილვა უმოკლედ ვადებში მოხდება, რათა კომპანიამ აღნიშნული შეღავათებით ისარგებლოს.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ახალი გეგმის თანახმად, 2021 წელს ქონების გადასახადისგან მთლიანად თავისუფლდებიან სასტუმროები, კვების ობიექტები და ტურისტული კომპანიები.

47
გუდაური

გუდაურში წყალმომარაგების პრობლემა აღმოიფხვრება

21
(განახლებულია 21:17 02.12.2020)
პროექტების განხორციელების შედეგად საკურორტო ზონა წყლისა და წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით და 24-საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. დაბა გუდაურში წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს, ნათქვამია „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია გუდაურში მიმდინარე პროექტებს ადგილზე გაეცნო და არსებული ვითარება შეაფასა.

უწყების ცნობით, ამ დროისათვის გუდაურში როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული რამდენიმე პროექტი მიმდინარეობს.

კერძოდ, პროექტებით გათვალისწინებულია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა, რომელიც ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით განახორციელებს. ასევე აშენდება რეზერვუარი, 34 კილომეტრამდე საკანალიზაციო და 3 კილომეტრამდე წყალმომარაგების ქსელი.

დასრულების ეტაპზეა სათავე ნაგებობებისა და ჭაბურღილების მოწყობა.

კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად გუდაურის მოსახლეობა და იქ ჩასული დამსვენებლები 24-საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგებითა და წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით იქნებიან უზრუნველყოფილი. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობები მნიშვნელოვნად შეამცირებს ეკოლოგიური დაბინძურების რისკებს რეგიონში.

დაბა გუდაურის წყალმომარაგების პროექტების ჯამური ღირებულება დაახლოებით 40 მლნ ლარს შეადგენს.

მიმდინარე წლის დასაწყისში ზამთრის ორ კურორტზე – გუდაურსა და ბაკურიანში წყალმომარაგების პრობლემა წარმოიშვა. კურორტებზე აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიური სამუშაოები ტარდებოდა. როგორც მაშინ განმარტეს, გუდაურსა და ბაკურიანში წყლის პრობლემა თოვლის არარსებობით იყო გამოწვეული, რადგან დაიცალა რეზერვუარები, რომლებიც თოვლით ივსება.

21
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 3 დეკემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 14:08 02.12.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

  • 3 დეკემბერი, ხუთშაბათი. ამ დღეს იუპიტერი მართავს. კლებადი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია.

ესაა სენტიმენტური გრძნობების, ემოციური მერყეობის დღე, მგრძნობირობა მატულობს, ამიტომ საჭიროა დიპლომატიურობა.

ამ დროს ძლიერდება რომანტიკული განწყობა, ადამიანები უფრო მეოცნებენი ხდებიან და მოგონებებს ეძლევიან. საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობები უფრო სულიერი და ემოციურად სავსე ხდება.

სიყვარულში მგზნებარება უკან იხევს და წინა პლანზე სინაზე გამოდის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორს აჩვენოთ თქვენი თანაგრძნობა, ზრუნვა, ნდობა. ამავე დროს, აუცილებლად უნდა გააკონტროლოთ თქვენი გრძნობები და ემოციები. ასევე არის საშიშროება, რომ სხვისი გავლენის ქვეშ მოექცეთ.

ამ დღეს დაწყებული ურთიერთობები ძალიან ხშირად ქორწინებით გვირგვინდება.

რეკომენდებულია მშვიდი მუშაობა, მარტივი ფინანსური საკითხების გადაჭრა, მნიშვნელოვანი საქმეების გადადება, ირგვლივ მიმდინარე მოვლენებისა და ნათქვამის მიმართ ყურადღებით ყოფნა, ადამიანებთან ურთიერთობებში მოქნილობა და არასტადარტული დამოკიდებულება, ნიუანსებისადმი ყურადღება, ინდივიდუალური და არა გუნდური მუშაობა.

არარეკომენდებულია რთულ პროექტებზე შეჭიდება, მოლაპარაკებების წარმოება, ზედმეტი აქტიურობა, დინების წინააღმდეგ წასვლა, სხვისი გავლენის ქვეშ მოქცევა და მის წინადადებაზე დათანხმება.

არახელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: კირჩხიბის დღეები ძალზე მგრძნობიარეა ნებისმიერი პროცედურის მიმართ. ამ დღეს არაა რეკომენდებული თმის შეჭრა, შეღებვა. კარგი დღეა სახის ნიღბისთვის.

ასევე არახელსაყრელი დროა მანიკურისთვის.

მებაღეობა: კირჩხიბი ერთ–ერთი ნაყოფიერი ნიშანია. შეიძლება სინესტის მოყვარული და დეკორატიულ–ფოთლოვანი ხეების დარგვა, ფორმის მიმცემი გასხვლა, ნაყოფიანი ხეებისა და ბუჩქების შეწამვლა, ოთახისა და აივნის მცენარეების მორწყვა.

არასასურველია ისეთი მცენარეების დარგვა–დათესვა, რომლებიც დიდი სიმაღლის იზრდებიან, ხილის ხეებისა და ბუჩქებისთვის გამხმარი ტოტების მოშორება.

0