ივანე მაჭავარიანი მოსახლეობასთან შეხვედრაზე

ფინანსთა მინისტრი: 2020 წლის ბიუჯეტი მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინებით შედგება

64
(განახლებულია 18:54 20.07.2019)
ივანე მაჭავარიანმა გადაწყვიტა პირადად გაეცნოს მოსახლეობის საჭიროებებს

თბილისი, 20 ივლისი - Sputnik. მნიშვნელოვანია პრობლემების შესახებ შევიტყოთ უშუალოდ მოსახლეობისგან, რათა ეს სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმარებისას გავითვალისწინოთ, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ქედისა და შუახევის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ.

ყველაზე დიდი პრობლემა, პარტიების რეიტინგი და რუსეთთან ურთიერთობა – IRI–ს კვლევა >>

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი ვარიანტი ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს პარლამენტს უკვე სექტემბერში, საშემოდგომო სესიაზე უნდა წარუდგინოს. ამის შემდეგ ბიუჯეტის პროექტი შენიშვნების საფუძველზე ორჯერ დაუბრუნდება სამინისტროს დასახვეწად და საბოლოოდ 2019 წლის დეკემბერში დამტკიცდება.

„ფინანსთა სამინისტროს დაწყებული აქვს 2020 წლის ბიუჯეტირების პროცესი და ჩემთვის მნიშვნელოვანია, ზუსტად ვიცოდე, თუ რა საკითხებია პრიორიტეტული რეგიონის მოსახლეობისთვის, რათა მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას, შეძლებისდაგვარად, მოხდეს ამ საკითხების გათვალისწინება და ასახვა 2020 წლის ბიუჯეტში“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მისი თქმით, მოსახლეობასთან საუბარი ძალიან გულახდილი იყო.

„ისინი ზუსტად ხედავენ იმ პრობლემებს, რაც გვაქვს და მათი მოთხოვნები არის რეალისტური. ჩვენი მიზანი სწორედ ისაა, რომ ეს ხმა მოვისმინოთ და გავითვალისწინოთ, იქნება ეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თუ სახელმწიფო ბიუჯეტის დონეზე“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

მან აღნიშნა, რომ მოსახლეობასთან შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება.

„ჩემი მთავარი მიზანია, ბიუჯეტის დაგეგმარებისას გავიგო, რასაც სამინისტროებიდან და მუნიციპალიტეტებიდან ფურცელზე მიგზავნიან და რასაც ხალხი ლაპარაკობს, ხომ არ არის მათ შორის შეუსაბამობა“, - ხაზგასმით აღნიშნა მაჭავარიანმა.

ბახტაძე: რომელ პარტიებთან არ ითანამშრომლებს „ქართული ოცნება“ >>

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გააქტიურების შესახებ 17 ივლისს პარტიის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ აქტივი (მთავრობიდან, პარლამენტიდან და საკრებულოდან) მთავრობიდან, პარლამენტიდან და საკრებულოდან უკვე გაემგზავრა რეგიონებში. „სექტემბრიდან მაქსიმალურად გავაქტიურდებით“, - აღნიშნა მან.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის შემოდგომაზე გაიმართება. 20 ივნისიდან მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეების ზეწოლის შედეგად მმართველმა პარტიამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა დააჩქარა და ნულოვანი ბარიერის დაწესება გადაწყვიტა. ეს გადაწყვეტილება ბევრ პარტიას პარლამენტში მოხვედრის შესაძლებლობას მისცემს.

ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ პარლამენტში ადგილების უმეტესობას მოიპოვებს, მაგრამ ეს, მისი სიტყვებით, ახალი საარჩევნო სისტემის პირობებში უკვე რთული იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტია მზადაა, შექმნას კოალიციური მთავრობა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, გარდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“.

 

64
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (198)