იუსტიციის სახლი თბილისში

აზიის განვითარების ბანკმა ეროვნულ ვალუტაში ფასიანი ქაღალდები გამოუშვა

84
საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ ლარით დენომინირებული ობლიგაციების გამოშვება ხელს შეუწყობს საქართველოს ეონომიკის დედოლარიზაციის პროცესს, მიაჩნიათ ეროვნულ ბანკში

თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოში 60 მილიონი ლარის ღირებულების ორტრანშიანი ადგილობრივი ფასიანი ქაღალდები გამოუშვა, აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფასიანი ქაღალდები თანაბრად არის გადანაწილებული ტრანშებად - ერთი 30 მილიონი ლარის ოდენობის ტრანში სამწლიანი ვადით, ხოლო მეორე 30 მილიონი ლარის ოდენობის ტრანში ხუთწლიანი ვადითა და ცვალებადი პროცენტით, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატის ტარიფებთან.

ორივე შემთხვევაში, ფასიანი ქაღალდების განთავსება უზრუნველყო სააქციო საზოგადოება Galt & Taggart-მა და სრულად არის გამოწერილი საქართველოში ინსტიტუციური ინვესტორების მიერ.

ფასიანი ქაღალდებიდან მიღებული შემოსავლები სესხის სახით გადაეცემა სააქციო საზოგადოება „კრედო ბანკს“ (Credo) ახალი პროდუქტების გამოსაშვებად, მათ შორის, სოფლად და დედაქალაქის გარეუბნებში მცხოვრები მცირეშემოსავლიანი ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და იპოთეკურ სესხებზე გასაცემად.

„კრედო ბანკის“ გრძელვადიანი სესხები განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება ოჯახებისთვის, რომლებსაც ქალები ხელმძღვანელობენ და რომლებიც ბანკის კლიენტების დიდ უმრავლესობას წარმოადგენენ. კრედოს ეს გრძელვადიანი სესხები წაადგება არა მხოლოდ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, არამედ მშენებლობის გზით სოფლად შემოსავლის მიღების შესაძლებლობების გაზრდას“, - ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

ეროვნული ბანკი მიესალმება ADB-ს მიერ ობლიგაციების გამოშვებას

ლარით დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვება სულ უფრო მიმზიდველი ხდება საქართველოში მომუშავე კომპანიებისთვის, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისთვის, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აქტიურობა ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ხელს უწყობს საქართველოს ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურულ და ინსტიტუციონალურ განვითარებას.

საქართველოს საფონდო ბირჟაზე EBRD-ს ობლიგაციები განთავსდა >>

„ხაზგასასმელია, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები საქართველოს ბაზარზე ლარით გამოშვებული ფასიანი ქაღალდებიდან მიღებულ სახსრებს სხვადასხვა პროექტების ლარით დასაფინანსებლად იყენებენ, რაც თავის მხრივ, ქვეყანაში ლარიზაციას უწყობს ხელს“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

რამდენი ობლიგაციაა გამოშვებული ქართულ ბაზარზე

საქართველოს კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის მოცულობა 2019 წლის მეორე კვარტალში წინა წელთან შედარებით 20%-ით გაიზარდა და დაახლოებით 12 მილიარდი ლარი შეადგინა, განაცხადა ბროკერული კომპანია „თიბისი კაპიტალის“ ხელმძღვანელმა მერი ჩაჩანიძემ პირველი არხის ეთერით.

მისი თქმით, საქართველოს ობლიგაციების ბაზარი სახელმწიფო სახაზინო ობლიგაციებისგან, კომპანიების მიერ გამოშვებული ევროობლიგაციებისა და ადგილობრივ საფონდო ბირჟაზე გამოშვებული ობლიგაციებისგან შედგება.

„ობლიგაციების ბაზარი ჯამურად 12 მილიარდ ლარს აღწევს. ეს ციფრები ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმაზე, რომ კომპანიები ცდილობენ, თავიანთი დაფინანსების რაც შეიძლება მეტი დივერსიფიცირება მოახდინონ და საფინანსო ინსტიტუტების სესხების გარდა, კაპიტალის ბაზრიდან მოზიდულ რესურსებზე იყვნენ დამოკიდებული“, – განმარტა მერი ჩაჩანიძემ.

მისი თქმით, ობლიგაციების საერთო მოცულობაში კერძო ობლიგაციების წილი მნიშვნელოვნად იზრდება და ზრდამ მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, წინა წელთან შედარებით, 50 პროცენტი შეადგინა.

„კერძო ობლიგაციების წილი მნიშვნელოვნად იზრდება. უშუალოდ ადგილობრივი კორპორატიული ობლიგაციები 50 პროცენტით არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით. ტემპი მაღალია და, ვფიქრობთ, ეს არათუ შენარჩუნდება, არამედ გაიზრდება. ვფიქრობ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მომავალში აუცილებლად გაიზრდება ისეთი კომპანიების რიცხვი, რომლებიც მზად იქნებიან ინვესტორებისთვის საინტერესო ფასიანი ქაღალდები გამოუშვან“, - აღნიშნა ჩაჩანიძემ.

84
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (350)