მცირე სასტუმროების მშენებლობისთვის აღებულ სესხებს მთავრობა დააფინანსებს

გამოწერა
სახელმწიფო მეწარმეებს მცირე და საშუალო სასტუმროების მშენებლობის დასრულებაში დაეხმარება

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დააიმედა ისინი, ვინც მცირე თუ საშუალო სასტუმროს აშენება დაიწყო, მაგრამ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო შიშობს, შეძლებს თუ არა აღებული ბიზნეს-სესხის გასტუმრებას.

საქართველოს მთავრობას რუსი ტურისტებისა და რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნება სურს >>

საქართველოში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის გამო ატეხილი აჟიოტაჟის და შემდგომი საპროტესტო ტალღის საპასუხოდ რუსეთმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა. ბოლო დრომდე საქართველოში ტურისტების რაოდენობით რუსები პირველ ადგილზე იყვნენ. ზარალმა შეიძლება 750 მილიონი დოლარი შეადგინოს.

„მათ დიდ ნაწილს აქვს საბანკო სესხები, რათა განევითარებინათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, და ამ პროცენტების თანადაფინანსება მოხდება. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ რადგან ტურიზმი იყო ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი საქართველოში, ბევრ მეწარმეს ჰქონდა გეგმა, გაეფართოებინა თავისი სასტუმრო ან ახალი აეშენებინა“, - განაცხადა ბახტაძემ მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, ხელისუფლებამ მეწარმეების დასახმარებლად ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი აამოქმედა.

შოკური დარტყმა და ფინანსური დანაკარგები - არჩილ თალაკვაძე მიმდინარე მოვლენებზე - Sputnik საქართველო
შოკური დარტყმა და ფინანსური დანაკარგები – არჩილ თალაკვაძე მიმდინარე მოვლენებზე

„მექანიზმი, რომელიც შევქმენით ევროკავშირთან ერთად, ეს არის საკრედიტო-საგარანტიო სქემა, სრულად იქნება მიმართული ჩვენ მეწარმეებზე, რომლებიც დასაქმებული არიან სასტუმროს სექტორში. ანუ ყველა პროექტს, რომლის მშენებლობაც იგეგმებოდა და ახლა შეიძლება ჰქონდეს ბარიერი, რადგან გამოწვევები არსებობს, ჩვენ დავეხმარებით სახელმწიფო გარანტიით, რათა აუცილებლად დასრულდეს“, - აღნიშნა ბახტაძემ.

მისი თქმით, „არც ერთი სასტუმრო, საოჯახო ტიპის თუ საშუალო ზომის, რომლის მშენებლობაც იგეგმებოდა, არ უნდა გაჩერდეს. ეს არის ჩვენი მიდგომა. ჩვენს მეწარმეებს ვეხმარებით როგორც მიმდინარე საქმიანობაში, ასევე დეველოპმენტის თვალსაზრისითაც. ეს არის ორი ძირითადი მექანიზმი, რომელიც ჩვენ გვაქვს“.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2019 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოს მიერ საერთაშორისო მოგზაურებისგან მიღებულმა შემოსავალმა 1,5 მლრდ დოლარი შეადგინა (+7%).

ზურაბიშვილი: საქართველო რუს ტურისტებს კვლავ ჩვეული სტუმართმოყვარეობით იღებს >>

როგორ აისახება ბოლოდროინდელი მოვლენები ტურიზმის სფეროზე, აგვისტოში გამოჩნდება, როდესაც ივლისის მონაცემები შეჯამდება. სპეციალისტები სასტუმროების ჯავშნების რაოდენობის მკვეთრ შემცირებაზე საუბრობენ.

ყველა ახალი ამბავი
0