ლარი

პოლიტიკის მძევალი...

1081
(განახლებულია 15:15 12.07.2019)
ეროვნული ვალუტის სამი "რეკორდი" და მომავლის გათვლები, ეროვნული ბანკის პოლიტიკა და თავისუფლად მიშვებული მცურავი კურსი, ლარის პოლიტიკური თავგადასავალი...

სამსონ ხონელი

ეროვნული ვალუტის ბოლო პერიოდის ავადობაზე ბევრი დაიწერა და ითქვა. გასაკვირიც არ არის, ლარის ჯანმრთელობის მდგომარეობა ხომ ყოველი ჩვენგანის ჯიბესა და, შესაბამისად, ხასიათზეც მყისიერად აისახება. ამ მოცემულობიდან გამომდინარე დარწმუნებული ვარ, რომ მოულოდნელი არ უნდა იყოს, თუ მკითხველის ყურადღებას ეროვნული ვალუტის „რეკორდებზე“ გავამახვილებ. მესამე კვარტლიდან მოყოლებული, ლარმა სწრაფი ტემპით დაიწყო ფსკერზე დაშვება. ბოლო ორ თვეში კი გაუფასურების სამი ანტირეკორდი დამყარდა...

პირველად ეროვნულმა ვალუტამ ჯერ მაისის თვეში „იყოჩაღა“, როცა ერთი ამერიკული დოლარის ღირებულებამ 2.80 ლარი შეადგინა. ანალიტიკოსების შეფასებით, მაშინ ლარის გაუფასურება ორ ძირითად ფაქტორს უკავშირდებოდა: პირველი − 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის ორი მილიარდი ლარით გაიზარდა ფულის მასა, რომელიც ზეწოლას ახდენდა კურსზე, და მეორე − თურქული ლირის მკვეთრი გაუფასურება და მისგან გამოწვეული ფსიქოლოგიური ფაქტორი, რაც, სრული საინფორმაციო ვაკუუმის პირობებში, პანიკაში გადაიზარდა. ექსპერტების შეფასებით, ამ გარემოებათა განეიტრალება ეროვნულ ბანკს შეეძლო სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკით, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა...

ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი: „ერთადერთი, რაც ეროვნული ბანკისგან გაჟღერდა, იყო ის, რომ საზოგადოებას საპანიკო არაფერი ჰქონდა, ისიც დაგვიანებით, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბაზარზე ერთი დოლარის ღირებულება უკვე 2.80 ნიშნულს აჭარბებდა. აჟიოტაჟისა და პანიკის გადავლის შემდეგ ლარმა იმ პოზიტიური მაკროეკონომიკური პარამეტრების შეთვისება დაიწყო, რომელიც იმხანად გვქონდა ბაზარზე და ივნისიდან გამყარება დაიწყო. თუმცა, აქ უკვე ეროვნულმა ბანკმა „არ დააყოვნა“ და ინტერვენცია განახორციელა, სავალუტო ბაზრიდან 10 მილიონი ამერიკული დოლარი ამოიღო, რითიც შეაჩერა ლარის გამყარება და წაახალისა გაუფასურება. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ქვეყნის ეროვნული ბანკის რეზერვები რეკომენდებულზე დაბალია და კობა გვენეტაძის უწყება ყველა ხელსაყრელ დროს მის შევსებას ცდილობს, თუმცა ფაქტებმა ნათლად აჩვენა, რომ რეზერვების შესავსებად ეროვნული ბანკის ბოლო ინტერვენცია სრულიად გაუმართლებელი იყო...“

ანალიტიკურ წრეებში გავრცელებული მოსაზრებებით, სწორედ ეროვნული ბანკის ინტერვენცია „დაეხმარა“ ლარს მეორე „რეკორდის“ დამყარებაში. ეროვნულმა ვალუტამ ამჯერად გასული თვის მიწურულს „ივაჟკაცა“, როცა ერთი ამერიკული დოლარის ღირებულებამ 2.86 ლარი შეადგინა. რა იყო მორიგი „წარმატების“ მიზეზი? ანალიტიკოსთა შეფასებით, გაუფასურების მეორე ტალღაც რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა: პირველი − ეროვნული ბანკის ინტერვენცია, რამაც წაახალისა გაუფასურების ტრენდი და მეორე − რუსეთის მხრიდან დაანონსებული სანქციები.

ლარის მესამე და ჯერჯერობით ბოლო „რეკორდი“ 9 ივლისით თარიღდება. ერთი ჟურნალისტის „ეთიკური“ მონოლოგის შემდეგ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბირომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების პაკეტის შემოღებას მხარი დაუჭირა. ის რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვას, საქართველოში ფულადი გზავნილების შეჩერებას ითვალისწინებდა. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ იყო ძალაში შესული, თუმცა მყისიერად აისახა ეროვნული ვალუტის კურსზე. იმ დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.95 ლარს შეადგენდა. იყო მოლოდინი, რომ უკვე მომდევნო დღეს ეროვნული ვალუტა გადალახავდა ფსიქოლოგიურ ბარიერს და ერთი ამერიკული დოლარი ეღირებოდა 3 ლარი და... როგორც ერთ-ერთ სტატიაში აღვნიშნე, „თეთრების რაოდენობა ჯერ არ არის აქტუალური...“ მოლოდინი არ გამართლდა. „ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემიდან გამომდინარე და რუსულ-ქართული ურთიერთობების შენარჩუნების მიზნით საქართველოსთვის სანქციების შემოღება არ ღირს...“, − ბრძანა რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა და ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაც უმალ დაეტყო ლარის კურსს. ეროვნული ვალუტა დაბრუნდა „მწვერვალზე“, რომელიც ივნისის ბოლოს დაიპყრო.

ბოლო პერიოდში ძალზე აქტუალურია კითხვა − რამდენად რეალურად შეუძლია უკვე არსებულ სანქციებს მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენოს ქვეყნის ეკონომიკას. მოგეხსენებათ, სანქციები ორ მიმართულებას ითვალისწინებს: პირველი − რუსეთის ტუროპერატორებისთვის საქართველოს საგზურების შეზღუდვა და, მეორე − საქართველოში ფრენების აკრძალვა. ანალიტიკოსთა დიდი ნაწილის მოსაზრებაა, რომ ლარის მყისიერი გაუფასურება სანქციების შემოღებით საზოგადოებაში გამოწვეულ ნეგატიურ მოლოდინებს უკავშირდება და არა უშუალოდ ამ სანქციების ეკონომიკურ შედეგებს.

ანალიტიკოსი შოთა გულბანი: „რუსეთის ფედერაციის ტუროპერატორების მომსახურებით რუსი ვიზიტორების 1.7 პროცენტი სარგებლობდა. სახმელეთო გზით კი შემოდიოდა რუსი ტურისტების დაახლოებით 90 პროცენტი. თუ გაუფასურების მეორე ტალღას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ მკვეთრი გაუფასურება სანქციების დაანონსების მეორე დღესვე დაიწყო. მოყვანილი სტატისტიკა რომც არ მოვიშველიოთ, დროის მოკლე მონაკვეთში ტექნიკურად არანაირ სანქციას არ შუძლია, ეროვნულ ვალუტაზე მსგავსი დარტყმის მიყენება. ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. შესაბამისად, მივდივართ აჟიოტაჟურ კურსთან. არც ეკონომიკური გუნდიდან და არც ცენტრალური ბანკიდან არავის გაუკეთებია დროული განმარტება, არავის აუხსნია საზოგადოებისთვის, ჰქონდათ თუ არა პანიკის საფუძველი. შესაბამისად, ბაზრის მონაწილეებმაც სწრაფად დაიწყეს ლარის მოშორება, რამაც უკვე ტექნიკურად გაზარდა წნეხი ეროვნულ ვალუტაზე...“

კიდევ ერთი აქტუალური კითხვაა − გაუფასურების თავიდან ასაცილებლად ეროვნულ ბანკს უნდა მოეხდინა თუ არა სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია? ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა და ერთი კონკრეტული მიდგომა არ არსებობს. ფაქტი კი ერთია − ჩვენ შემთხვევაში კურსი სრულად იყო მიშვებული და გაუფასურების შესაჩერებლად არანაირ ჩარევას არ ჰქონია ადგილი. მეტიც, თუ პროცესებს გადავხედავთ, კარგად დავინახავთ, რომ სიტუაციის მართვა შესაძლებელი იყო სწორი და დროული კომუნიკაციით. მაგალითად, შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ ეროვნული ბანკის წერილობითი განმარტების შემდეგ ლარის კურსმა გაჯანსაღება დაიწყო.

და, ბოლოს, საფინანსო ბაზარზე მომენტალურად აისახება პოლიტიკური კლიმატი. შესაბამისად, ნუ გვიკვირს ლარის გაუფასურება, როცა ეს კლიმატი მძიმეა და გამოდარებასაც არ უჩანს პირი...

1081
დაკეტილი სასტუმროები, კაფე–ბარები

შრომის ინსპექციამ წესების დარღვევისთვის სამი ობიექტი დააჯარიმა

21
(განახლებულია 09:56 19.01.2021)
ბოლო დღეებში შრომის ინსპექციამ 500-ზე მეტი სხვადასხვა ობიექტი შეამოწმა, აქედან გააფრთხილეს 485  ობიექტი

თბილისი, 19 იანვარი - Sputnik. საქართველოში კოვიდ-შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ 48 ათასზე მეტი ობიექტი შემოწმდა, განაცხადა შრომის პირობების ინსპექტირების უფროსმა ბექა ფერაძემ.

ფერაძის განმარტებით, ახალი შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ, 28 ნოემბრიდან 17 იანვრის ჩათვლით პერიოდში ზედამხედველობა განხორციელდა 48 589 ობიექტზე, რეკომენდაციები კი გაიცა 26 841 ობიექტზე.

14-17 იანვარს  შემოწმდა 553 ობიექტი, მათგან 485-ს ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება მიეცა, 65 ობიექტი კი საქმიანობას პროტოკოლის სრული დაცვით ახორციელებდა.

„ამავე პერიოდში 322-ე დადგენილების მიხედვით აკრძალული საქმიანობის განხორციელებისთვის სამი ობიექტი დაჯარიმდა. მათგან ერთ-ერთი ახორციელებდა დახურულ სოციალურ ღონისძიებას, რომელსაც 100-ზე მეტი ფიზიკური პირი ესწრებოდა“, -აღნიშნა ფერაძემ.

საქართველოში ინფიცირებულთა ზრდის მაჩვენებლის შეკავების მიზნით ხელისუფლებამ 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები დააწესა. არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, კაფე–რესტორნები, ფიტნეს–დარბაზები და აუზები და ა.შ. გარდა ამისა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება ქუჩაში როგორც ქვეითების, ისე ტრანსპორტის გადაადგილება.

21
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
„ენგურჰესი

თურნავა: „ენგურჰესის“ რემონტი მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის

22
(განახლებულია 08:49 19.01.2021)
სარემონტო–აღდგენითი სამუშაოები განუწყვეტლივ რეჟიმში ჩატარდება, რათა „ენგურჰესმა“ დროულად განაახლოს ფუნქციონირება

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. საქართველოში ყველაზე მძლავრი სადგურის – „ენგურჰესის“ რემონტის პროექტი მასშტაბურია და კრიტიკულად მნიშვნელოვანი საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

დერივაციული (ჰიდროტექნიკური) გვირაბის დაგეგმილი სამუშაოების გამო სადგური 20 იანვრიდან 1 მაისამდე არ იმუშავებს. გამოირთვება „ენგურჰესის“ ხუთივე აგრეგატი.

მასშტაბური პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია თურნავამ ქვეყნის ენერგოსექტორის სახელმწიფო უწყებებისა და იმ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა, რომლებიც ჰესის რემონტის პროექტს ახორციელებენ.

„ენგურჰესი“ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი და იაფი ენერგიის წყაროა... მისი უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის პერიოდულად აუცილებელია სადგურზე სარეაბილიტაციო–სარემონტო სამუშაოების ჩატარება. ამჯერად განხორციელდება საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები – ესაა გვირაბის ცემენტაცია, დალექილი ლამის გამოტანა, ელექტრომექანიკური ნაწილების შეკეთება–რეაბილიტაცია, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს იმას, რომ სადგურის მიერ წყლის დანაკარგი შემცირდება, ელექტროსადგურის გამომუშავება კი მოიმატებს“, – განუცხადა თურნავამ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, სარემონტო სამუშაოები უწყვეტ– 24–საათიან რეჟიმში განხორციელდება, რათა დროულად ამუშავდეს ქვეყნის უმძლავრესი ჰესი.

თურნავა: საქართველოს ენერგოსისტემა ენგურჰესის გაჩერებით არ დაზარალდება>>

სარემონტო სამუშაოები „ენგურჰესზე“ ბოლოს 15 წლის წინ ჩატარდა. თურნავას განცხადებით, ჰიდროსადგურის მუშაობის უსაფრთხოებისთვის მისი გაჩერება აუცილებელია. ამისთვის კი ყველაზე ოპტიმალური დრო შეარჩიეს, როდესაც „ენგურჰესის“ წყლის რესურსები მინიმალურია.

რემონტის პროექტის სრული ღირებულებაა 45 მლნ ევრო. აქედან 7 მლნ ევროკომისიის გრანტია, 38 მლნ – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მიერ გამოყოფილი თანხა.

„ენგურჰესი“ ყველაზე დიდი ჰესია კავკასიაში და ის საქართველოს ელექტროენერგიის ძირითად წყაროს წარმოადგენს. ამ ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ზამთარში აფხაზეთს მიეწოდება, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს.

„ენგურჰესი“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადია, რომელშიც შედის თვით ენგურჰესი, რომლის დადგმული სიმძლავრეა 1300 ათ. კვტ, ვარდნილჰესი №1 (სიმძლავრე 220 ათ. კვტ) და სამი 40 ათ. კვტ სიმძლავრის ჰესი. ენგურჰესის თაღოვან კაშხალს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში ამ ტიპის დამბებს შორის, მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი.

22
თემები:
საქართველოს ენერგეტიკა
ნინო ჩხეიძე

„15 წელი ვერ ვჩნდებოდი, რადგან...“ - ნინო ჩხეიძემ მამა გამოაჩინა

0
(განახლებულია 11:32 19.01.2021)
მომღერალმა ნინო ჩხეიძემ საზოგადოებას მამა გააცნო. ნახეთ როგორ გამოიყურება გიორგი ჩხეიძე და რატომ არ ჩნდებოდა ის 15 წლის განმავლობაში

მომღერალმა ნინო ჩხეიძემ 15-წლიანი პაუზის შემდეგ მამა გამოაჩინა. გიორგი ჩხეიძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამოჩნდა, სადაც განაცხადა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში საზოგადოებაში გამოჩენა ა რუნდოდა, რადგან ზედმეტი წონის პრობლემა ჰქონდა, ახლა 25 კილოგრამი დაიკლო და ეკრანის კომპლექსი აღარ აქვს.

როგორც ჩანს, წონის პრობლემა ოჯახში აქტუალურია. ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში ცოტა ხნის წინ მომღერალმა განაცხადა, რომ წლების განმავლობაში მუდმივად დიეტაზე იყო, არც ტკბილს ჭამდა და არც ცომეულს. მაგალითად ნამცხვარი 17 წლის ასაკიდან 15 წლის განმავლობაში საერთოდ არ გაუსინჯავს, ერთი ნაჭერიც კი არ უჭამია. ორსულობის დროსაც, მთელი ცხრა თვის განმავლობაში, დიეტაზე იყო.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია წონა, მაგრამ მგონი, ასაკთან ერთად, ნებისყოფაც ქრება… ტორტი 20 წელი არ მქონდა ნაჭამი. პანდემიის დროს დავიწყე მისი ჭამა და ეს ნამდვილი კატასტროფაა, რა თქმა უნდა, აისახა ჩემს წონაზე. არ ვმეტიჩრობ, შვიდი კილო მაქვს მომატებული, რაც უკვე საგანგაშოა“, -ამბობს მომღერალი.

ყველასთვის საყვარელი მომღერალი და სხვადასხვა შოუების ჟიურის წევრი ნინო ჩხეიძე აქტუალობას წლების მანძილზე არ კარგავს. მისი სიმღერები თბილისის ქუჩებში ჟღერს. მუსიკოსი ახალი ჰიტებით ერთგულ მსმენელს ხშირად ანებივრებს. მისი პროდიუსერი და მეუღლე გიორგი კორახაშვილია, რომელმაც ნინოს კარიერის დაწყებისას ძალიან ეხმარებოდა.

მოდური, ტრენდული და მუდამ მომღიმარი არტისტი ახლა ქმრისგან შორს ცხოვრობს. მიუხედავად მათ შორის არსებული დიდი მანძილისა გიორგისა და ნინოს ურთიერთობა არ დანგრეულა. პირიქით, კილომეტრები წყვილს აახლოებს. ნინოს კი ახალ შესაძლებლობას აძლევს, ქმარი სხვადასხვა ქვეყნებში შვილთან ერთად მოინახულოს და ახალი ქალაქი შეიცნოს.

რამდენიმე წელია ასე გრძელდება. თვიდან თვემდე გიორგი კორახაშვილი ნინო ჩხეიძეს კონტრაქტებს უფორმებს. მომღერალი კი, კორპორატიულ საღამოებსა თუ გრანდიოზულ ქორწილებზე გამოსასვლელად ქალიშვილთან ერთად მიემგზავრება. ამის მეშვეობით ოჯახი დროებით ერთიანდება. ნინო ქმართან გადაღებულ ფოტოებს იშვიათად აქვეყნებს.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება