კრიპტომატი

რა შემთხვევაში გადაიხდის კრიპტობიზნესი დღგ-ს

278
(განახლებულია 14:22 05.07.2019)
საქართველოს მთავრობამ კრიპტობიზნესის რეგულირების მიმართულებით პირველი ნაბიჯი გადადგა.

ნატა პატარაია

კრიპტობიზნესი, რომელიც საქართველოში დარეგისტრირებული საშუამავლო კომპანიის – ე.წ. მაინინგ–პულის მომსახურებით ისარგებლებს, დამატებითი ღირებულების გადასახადით დაიბეგრება, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ კომპანია „ოქროს საწმისის“ დამფუძნებელმა ვახტანგ გოგოხიამ.

„მაინერები, რომლებიც კრიპტოვალუტას სხვა ქართული კომპანიისგან მიიღებენ, დღგ-თი დაიბეგრებიან. მომსახურების გამწევ კომპანიას კი დღგ-ის ჩათვლის უფლება ექნება“, – აღნიშნა ვახტანგ გოგოხიამ ფინანსთა სამინისტროს მიერ კრიპტოაქტივის და მის მოსაპოვებლად გამოთვლითი სიჩქარის (სიმძლავრის) მიწოდების ოპერაციების გადასახადებით დაბეგვრის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას.

კრიპტოვალუტა ვირტუალური ფულია, მაინერი – მისი მომპოვებელი კომპიუტერი, ვირტუალური ფულის წარმოების პროცესს მაინინგს უწოდებენ, ხოლო მაინინგ–პული ის შუამავალია, რომელიც ამ სიმძლავრეებს ერთ სივრცეში აერთიანებს.

კრიპტოვალუტის მოპოვება დღეს ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რომელსაც შესაბამისი სიმძლავრის კომპიუტერული მოწყობილობები და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა გააჩნია. მაინინგის პროცესში კომპიუტერები „მონეტებს" კრიპტოგრაფიული ალგორითმის გამოთვლით და ტრანზაქციების ვალიდურობის დადასტურებაში მონაწილებით მოიპოვებენ.

ფინანსთა სამინისტროს მიერ კრიპტოაქტივებზე გამოქვეყნებული საჯარო გადაწყვეტილების თანახმად, „კრიპტოაქტივის მოსაპოვებლად გამოთვლითი სიმძლავრის მიწოდება ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას, თუ ამ მომსახურების მიმღები წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ პირს ან საქართველოში გააჩნია მიღებულ მომსახურებასთან დაკავშირებული მართვის ადგილი ან მუდმივი დაწესებულება“.

ვახტანგ გოგოხიას განმარტებით, ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტში საუბარია „მაინინგ–პულებზე“ – საშუამავლო კომპანიებზე, რომლებიც უამრავ მაინერს აკავშირებს ერთმანეთთან შესაბამისი ვებ-გვერდის მეშვეობით. დღგ-ის გადამხდელი ხდება ის მაინერი, რომელიც ამ საიტს უკავშირდება, მაინინგ–პულს კი შეუძლია დღგ ჩაითვალოს.

„მაინინგ–პულები“ იმისათვის არის, რომ მცირე და საშუალო სიმძლავრის მაინერები გააერთიანოს, მათი შედარებით არასტაბილური შემოსავალი კი გაასაშუალოოს და პროპორციულად გადაანაწილოს. მაგალითად, თუ ერთი სერვერი გარკვეული კრიპტოვალუტის მოპოვებას უნდება რამდენიმე თვე და ის შემდეგ ჩაერიცხება, მაინინგ–პულთან დაკავშირების შემთხვევაში მას შეიძლება ყოველდღე ჩაერიცხოს იმ თანხის პროპორციული რაოდენობა და სტაბილურად მიიღოს შემოსავალი“, – აღნიშნა ვახტანგ გოგოხიამ.

კომპანია „ოქროს საწმისის“ დამფუძნებლის თქმით, სამინისტროს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, კრიპტო-ბიზნესის დაბეგვრაც იმავე რეჟიმით მოხდება, როგორც სხვა მომსახურების რეალიზაციის შემთხვევაში იქნებოდა. იქნება გათვალისწინებული ბიზნესის წლიური ბრუნვაც, რადგან, საგადასახადო კანონმდებლობის თანახმად, კომპანია დღგ-ის გადამხდელი მხოლოდ 100 000 ლარის მოცულობით ბრუნვის შემთხვევაში ხდება.

„აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში მაინერების 99% იყენებს უცხოურ მაინინგ–პულებს, შესააბამისად, ეს ოპერაცია საქართველოდან ჩაითვლება როგორც მომსახურების ექსპორტი ან გამოთვლითი სიმძლავრის ექსპორტი და არ დაიბეგრება“, – აღნიშნა ვახტანგ გოგოხიამ.

რაც შეეხება ქართულ მაინინგ–პულებს. ვახტანგ გოგოხიას თქმით, მართალია, საქართველოში შეიქმნა რამდენიმე, მაგრამ მათ ადგილობრივ მაინერებს შორის პოპულარობა ვერ მოიპოვეს.

ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილების თანახმად, ფიზიკური პირების საქმიანობა გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან; ფიზიკური პირის მიერ კრიპტოაქტივის მიწოდებით მიღებული შემოსავალიც ასევე გათავისუფლებულია დღგ-სგან.

ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ კრიპტოაქტივის თითოეულ ერთეულს გააჩნია საბაზრო ღირებულება, იგი შეიძლება იქნეს ემისირებული, ჰყავდეს მესაკუთრე, გადაეცეს საკუთრების უფლება სხვას და დაიყოს ნაწილებად, შესაძლებელია მისი შესყიდვა და გაყიდვა. გადაწყეტილებაში ამავე დროს დაფიქსირებულია, რომ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კრიპტოაქტივი არ არის გადახდის კანონიერი საშუალება და არც ელექტრონული ფული.

„ამ გადაწყვეტილებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რომ სახელმწიფომ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს ვირტუალური ფული ვალუტის ალერნატივაა და არა საქონელი ან სხვა რაიმე აქტივი“, – მიაჩნია ვახტანგ გოგოხიას.

მართალია, საქართველოს კანონმდებლობა არ არეგულირებს ვირტუალურ ვალუტასთან დაკავშირებულ საქმიანობას და კრიპტოვალუტა არ წარმოადგენს ქვეყანაში გადახდის კანონიერ საშუალებას, მაგრამ ფიზიკურ პირებს შორის ვირტუალური ფულით ანგარიშსწორება მაინც ხდება და ეს იგივეა, რაც, მაგალითად, ბარტერი.

რაც შეეხება საქართველოში კრიპტოვალუტის გადახდის საშუალებად ცნობის პერსპექტივას, ვახტანგ გოგოხიას აზრით, ეს ჯერ ევროკავშირში უნდა მოხდეს.

კრიპტოვალუტების მაინინგი ბოლო წლებში საქართველოში პოპულარულ საქმიანობად ითვლება. 2018 წელს გამოქვეყნებული  კემბრიჯის ალტერნატიული ფინანსების ცენტრის (CCAF) კვლევის შედეგებით, საქართველო კრიპტოვალუტის მაინინგზე დახარჯული ელექტროენერგის მოცულობით მსოფლიოში მეორე ადგილზე იყო. ქვეყანაში ვირტუალური ვალუტის მოპოვებაზე კი 60 მეგავატი ელექტროენერგია იხარჯებოდა.

278
მიწის ნაკვეთი

საქართველოში ათასობით ფერმერმა საწვავის შეღავათიან ფასად შესაძენად ბარათები უკვე მიიღო

60
(განახლებულია 22:02 29.05.2020)
ყოველი ფერმერი, რომელიც სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობს, წელიწადში მის საკუთრებაში არსებულ ერთ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე 150 ლიტრ საწვავს შეღავათიან ფასში მიიღებს.

თბილისი, 29 მაისი - Sputnik. სახელმწიფო პროგრამა „აგროდიზელის“ ფარგლებში 18 ათასმა ფერმერმა დიზელის საწვავი იაფად შეიძინა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

სოფლის მეურნეობის მიმართულებით აგრობარათებისა და დიზელის საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა მთავრობის მიერ გამოცხადებული ახალი ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. 

საქართველოს მთავრობამ სოფლის დახმარების პროგრამა ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის პერიოდში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით შეიმუშავა. სოფლის განვითარების პროგრამა მიმართულია დარეგისტრირებული მიწების მფლობელთა ფერმერული მეურნეობების განვითარებისკენ. სწორედ მიწის რეგისტრაცია გახდება დახმარების განმსაზღვრელი ფაქტორი.

 „ამ დროისთვის 18 ათასმა ფერმერმა  „აგროდიზელი“ შეღავათიან ფასად შეიძინა. 27 ათასს ჩაერიცხა აგროქულები, რომელთა გამოყენებაც უკვე დაიწყეს“, - განაცხადა გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ყველა ფერმერი, რომელიც 0,25-დან 10 ჰექტრამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობს, აგროტექნიკური სამუშაოებისთვის აუცილებელ საწვავს საბაზრო ღირებულებაზე იაფად შეიძენს. წლიური ლიმიტი იქნება 150 ლიტრი ერთ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე.

პროგრამის ფარგლებში 1 ლიტრი საწვავის ფასი ავტოგასამართ სადგურებზე 1,16 ლარია. SOCAR Georgia Petrolium-ის საბითუმო ბაზებზე 1,5 ათას ლიტრზე მეტი საწვავის შეძენისას კი – 1,07 ლარი.

სულ პროგრამით სარგებლობა შეუძლია 200 ათას ფერმერს.

დაიწყო ასევე სპეციალური აგრობარათების დარიგება ფერმერებისთვის, რომლებიც ლეგალურად ფლობენ 0,25-დან 10 ჰექტრამდე დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს – 200 ლარი ერთ ჰექტარზე. 

ამასთან, აგრობარათებზე დაირიცხება როგორც ფულადი სახსრები, ისე ქულები, რომლებითაც ფერმერები სასუქებისა და მცენარეთა დამცავი პრეპარატების, ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებების, თესლისა და ნერგების შეძენას, ასევე აგროტექნიკის მომსახურების საფასურის გადახდას შეძლებენ.

60
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა
გიორგი გახარია

ჩვენთვის გერმანიის დონის ეკონომიკა არ დაუტოვებიათ, როგორც ოპოზიცია ფიქრობს გახარია

49
(განახლებულია 21:22 29.05.2020)
იმისთვის, რომ ეჩვენებინა, რა შეიცვალა ქვეყანაში, საქართველოს პრემიერმა 2012 და 2020 წლების ბიუჯეტი და ხარჯვითი ნაწილი შეადარა.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. 2012 წლის შემდეგ ქვეყნის ბიუჯეტის მესამედი სოციალურ ხარჯებზეა მიმართული, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, როდესაც პარლამენტში ოპოზიციური ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ პრეტენზიებს პასუხობდა.

პრემიერის თქმით, 2012 წელს ჯანდაცვის სისტემის ბიუჯეტი 332 მლნ ლარს შეადგენდა, დღეს კი 1 076 მლნ ლარია.

„გაჭირვებული ადამიანი, შვილისთვის ან ოჯახის წევრისთვის ოპერაცია რომ გაეკეთებინა, სახლს ყიდდა და უკიდურესი სიღატაკისთვის იყო სამუდამოდ განწირული“, – განაცხადა გახარიამ.

კითხვას, რა გაკეთდა ეპიდემიასთან ბრძოლისთვის, გახარიამ დემაგოგიური უწოდა და აღნიშნა, რომ მოულოდნელი კრიზისის დროს, როდესაც ქვეყანა და მთელი მსოფლიო გლობალურად ვერანაირ პროგნოზს ვერ აკეთებდა, მთავრობის მთავარი მიზანი თითოეული მოქალაქის დახმარება იყო.

„ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზოგიერთებს ეშლებათ და ჰგონიათ, რომ 2012 წელს გერმანიის დონის ეკონომიკა დაგვიტოვეს“, – განაცხადა გახარიამ ყოფილი მმართველი პარტიის დეპუტატებისადმი მიმართვისას.

გახარიას თქმით, 2012 წელს შშმ პირთა სოციალური დახმარება 115 მილიონი იყო, დღეს კი 240 მილიონია.

გახარია: არასდროს მითქვამს – 38 ათას მოქალაქეს ავტომობილებზე განბაჟების თანხა გადავუვადეთ>>

„პენსიები და კომპენსაციები საქართველოში 2012 წელს იყო 905 მილიონი, დღეს არის 2 267 მილიონი... რაც შეეხება განათლების დაფინანსებას, განათლებაში 2012 წელს ბიუჯეტი იყო 757 მილიონი, დღეს საქართველოს განათლების ბიუჯეტია 1 800 მილიონი“, – განაცხადა პრემიერმა.

მასწავლებლის საშუალო ხელფასი 2012 წელს იყო 330 ლარი, დღეს 1028 ლარია, აღნიშნა გახარიამ.

„ციფრები ყველაფერს ამბობს“, – განაცხადა პრემიერმა.

49
პოლიცია

სპეციალისტები სოფელ მუშევანის ყველა მცხოვრებს კორონავირუსზე გამოიკვლევენ

0
(განახლებულია 21:55 29.05.2020)
საქართველოს სამ რაიონში – ბოლნისში, მარნეულსა და თეთრიწყაროში კორონავირუსის ინფიცირების დაახლოებით 60 შემთხვევაა გამოვლენილი.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik.  ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, სადაც ჯერ კიდევ მოქმედებს კარანტინი, სპეციალისტები კორონავირუსზე ყველა ადგილობრივ მოსახლეს გამოიკვლევენ.

სოფელში დაგეგმილია დაახლოებით 600 ნიმუშის აღება. სულ მუშევანში 250 კომლი ცხოვრობს.

გაფართოებულ ტესტირებას ეპიდემიოლოგების ცხრა ჯგუფი ატარებს, მათგან შვიდი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის თანამშრომელია, ორი კი ადგილობრივი სპეციალისტი. სოფელში იმყოფებოდა ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეც, რომელიც მოსახლეობის ტესტირების პროცესს ადგილზე გაეცნო. 

ბოლნისის რაიონი კორონავირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალდა. გამყრელიძის თქმით, საქართველოს სამ რაიონში – ბოლნისში, მარნეულსა და თეთრიწყაროში კორონავირუსის ინფიცირების დაახლოებით 60 შემთხვევაა გამოვლენილი. ყველაზე მეტად დაზარალდა ბოლნისი და მუშევანი. 55 პაციენტი კლინიკაში გადაიყვანეს, 60–მდე პირი კი კარანტინში იმყოფება.

ადრე სოფლის მოსახლეობამ სპეციალისტებს წინააღმდეგობა გაუწია და მათ ტესტირების ჩატარების საშუალება არ მისცა, თუმცა, ახლა ვითარება შეიცვალა და ადგილობრივები ეპიდემიოლოგების მუშაობით კმაყოფილი არიან.

 „ჩვენ მთელი სოფელი მოვიარეთ. პასუხების გათვალისწინებით გადაწყდება, როგორ ზომებს მივიღებთ“, – განაცხადა გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.

სოფელი მუშევანი წითელ ზონად 25 აპრილიდან გამოცხადდა, შესაბამისად ამოქმედდა მკაცრი კარანტინი.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 746-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 576 ადამიანი, გარდაიცვალა – 12.

კარანტინში იმყოფება 2966 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 250 პაციენტია.



0
თემები:
COVID-19 საქართველოში