ახალი 10 ლარიანი კუპიურის პრეზენტაცია

როგორ გამოიყურება განახლებული 10-ლარიანი ბანკნოტი

442
(განახლებულია 16:33 02.07.2019)
განახლებული ბანკნოტი დაცულია როგორც მომხმარებლისთვის მარტივად აღქმადი, ასევე პროფესიონალებისთვის განკუთვნილი თანამედროვე დამცავი ნიშნებით.

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი 2019 წლის 1 ოქტომბრიდან მიმოქცევაში განახლებულ 10 ლარის ნომინალის ბანკნოტებს გაუშვებს, აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განახლებული 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები საზოგადოებას დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარუდგინა.

ახალი მოდიფიკაციის 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაში წინა წლების გამოშვების იმავე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად იქნება.

კობა გვენეტაძის განცხადებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2015 წელს, ლარის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ეროვნული ვალუტის – ლარის ბანკნოტების განახლების პროექტი დააანონსა.

„2015 წლის 3 ნოემბერს საზოგადოებას წარვუდგინეთ მოდიფიცირებული ლარის ნიშნების ახალი ოჯახი – განახლებული 20, 50, 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები, რომლებიც დაბეჭდილია უმაღლესი ხარისხის, ცვეთის მიმართ მდგრად ქაღალდზე და აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიების მქონე დამცავი ნიშნებით... დღეს კი წარმოგიდგენთ განახლებული ლარის ოჯახის ბოლო წევრს – 10 ლარის ნომინალის ბანკნოტს, ამით ლარის განახლების პროცესი დასრულდა", – განაცხადა პრეზენტაციაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

ახალი 10 ლარიანი კუპიურა
ახალი 10 ლარიანი კუპიურა

გვენეტაძის თქმით, განახლებული ბანკნოტების დიზაინში ასახულია საქართველოს ის კულტურულ-ისტორიული და ტრადიციული ღირებულებები, რომლებიც თითოეულ ნომინალზე თემატურადაა წარმოდგენილი. განახლებულ ბანკნოტებზე გამოსახულია/დატანილია ძველ ნომინალზე არსებული სურათები, თუმცა განსხვავებული პორტრეტებითა და რაკურსებით.

რაც შეეხება განახლებულ 10-ლარიანი ბანკნოტს, მის წინა მხარეს გამოსახულია აკაკი წერეთლის განსხვავებული პორტრეტი გაუმჯობესებული რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით, ასევე ნაწყვეტი აკაკის ლექსიდან „გაზაფხული" მისი ავტოგრაფით, აყვავებული რტო და მერცხალი.

განახლებული 10-ლარიანი ბანკნოტის უკანა მხარეს კი წარმოდგენილია ქართველი ფერმწერისა და გრაფიკოსის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის დავით კაკაბაძის ცნობილი ნაწარმოები „იმერეთი-დედაჩემი" ბანკნოტის დომინანტ ფერთან შეხამებული მრავალფეროვნებით და საქართველოს სახელმწიფო გერბი.

„განახლებული ბანკნოტი დაცულია როგორც მომხმარებლისთვის მარტივად აღქმადი, ასევე პროფესიონალებისთვის განკუთვნილი თანამედროვე დამცავი ნიშნებით“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

ახალი 10 ლარიანი კუპიურა
ახალი 10 ლარიანი კუპიურა

განახლებული ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვება ეტაპობრივად დაიწყო: 2016 წლის 1 თებერვლიდან მიმოქცევაში გავიდა 20 და 50 ლარის ნომინალის ბანკნოტები, 2016 წლის 1 ნოემბრიდან – 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები, ხოლო 5 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაში 2017 წლის 1 სექტემბრიდან გავიდა.

ლარის განახლებული ბანკნოტების დიზაინი ქართველმა მხატვარმა ბაჩა მალაზონიამ შექმნა.

უწყების ცნობით, ლარის განახლებული ბანკნოტების ესკიზების სრულყოფის პროცესში მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი კომპანიები: Giesecke + Devrient Currency Technology (გერმანია), Oberthur Fiduciaire (საფრანგეთი), De La Rue (დიდი ბრიტანეთი).

 

442