საქართველოს ენერგოსისტემის სიმძლავრე 1,7 მეგავატით გაიზარდა

გამოწერა
ჰიდროელექტროსადგურის რეკონსტრუქციის პროექტზე 7 მლნ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. იმერეთში „გუმათი 1“-ის ჰიდროელექტროსადგურის მეორე ჰიდროაგრეგატის რეკოსტრუქცია დასრულდა, რის შედეგადაც სადგურის სიმძლავრე 11-დან 12,7 მეგავატამდე გაიზარდა, ნათქვამია ელექტროგამანაწილებელი კომპანია Energo-Pro Georgia–ს განცხადებაში.

„გუმათი 1“ ქუთაისთან ახლოს, მდინარე რიონზე მდებარეობს. ჰიდროელექტროსადგურზე სულ დადგმულია 11,5 მეგავატი სიმძლავრის ოთხი ჰიდროტურბინა და ოთხი ჰიდროგენერატორი, რომლებიც 1950-იანი წლების ბოლოს დაიდგა. 

ჩხოროწყუჰესი - Sputnik საქართველო
საქართველოში 50 წლის ჰესი გაარემონტეს: რა მოცულობის ელექტროენერგიას გამოიმუშავებს სადგური

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ავითვისოთ საქართველოში არსებული სიმძლავრეები, მით უმეტეს, როცა საუბარი უკვე არსებული ჰესების მოდერნიზებას ეხება. „გუმათჰესი 1“-ში ჩვენს მიერ ჩატარებული რეკონსტრუქცია საშუალებას გვაძლევს ამ ჰესის გამომუშავება და საპროექტო სიმძლავრე გავზარდოთ. „ენერგო-პრო“ აგრძელებს მის მფლობელობაში არსებული ჰესების რეაბილიტაციას და ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ინვესტიციებსაც ვახორციელებთ", – აღნიშნა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.

„გუმათი 1“-ის ჰიდროაგრეგატის სრული რეკონსტრუქცია დაახლოებით ორი წელი გაგრძელდა. კომპანიამ პროექტში 7 მლნ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა.

ჰიდროაგრეგატის რეკონსტრუქციისთვის აუცილებელი დეტალები ევროპაში დაპროექტდა. ნაწილები საქართველოში შემოიტანეს. რეკონსტრუქცია და მონტაჟი ადგილზე შეასრულეს Energo-Pro Georgia-ს თანამშრომლებმა.

დღეისათვის კომპანია Energo-Pro Georgia-ს საკუთრებაში სამი სადისტრიბუციო ენერგოკომპანიაა — „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია" (UEDC) (780 ათასი მომხმარებელი), „აჭარის ენერგოკომპანია" (95 ათასი მომხმარებელი), „კახეთის ელექტროდისტრიბუცია" (130 ათასი მომხმარებელი) და 10 ჰესი. კომპანია Energo-Pro Georgia-ს დაფარვის არეალი ქვეყნის ტერიტორიის 90%-ს მოიცავს, ხოლო აბონენტების რიცხვი დაახლოებით ერთ მილიონს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0