ქართული ვალუტა – ლარი

ეროვნული ბანკი: რა გავლენა ექნება ტურისტების ნაკადის შემცირებას ქვეყნის ეკონომიკაზე

138
(განახლებულია 18:08 27.06.2019)
სავალუტო კურსზე გავლენას ახდენს შიდა და გარე ფაქტორები, ასევე მოლოდინები. ბოლო დროს რუსეთიდან ტურისტული ნაკადების შემცირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სავალუტო ბაზარზეც აისახება, აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.

თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. ეროვნული ბანკის პირველადი გათვლებით, რუსეთიდან ტურისტული ნაკადების შემცირების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე წლის დარჩენილ პერიოდში დაახლოებით 200-300 მლნ აშშ დოლარამდე იქნება, აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ტურისტული სეზონი ჩავარდა თუ პრობლემის მასშტაბი გაზვიადებულია?>>

ბანკში აღნიშნავენ, რომ სავალუტო კურსზე (როგორც ცნობილია, საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მოქმედებს) გავლენას ახდენს შიდა და გარე ფაქტორები, ასევე მოლოდინები. აქედან გამომდინარე, ბოლო დროს რუსეთიდან ტურისტული ნაკადების შემცირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სავალუტო ბაზარზეც აისახება.

როგორც ეროვნული ბანკი განმარტავს, საგარეო შოკის დროს გაცვლითი კურსი „ავტომატურ სტაბილიზატორს“ წარმოადგენს და ამ კურსის გაუფასურება „შოკის მშთანთქმელის“ როლს ასრულებს.

„რაც უფრო სწრაფად მოხდება გაცვლითი კურსის კორექცია, მით უფრო ნაკლები ნეგატიური გავლენა ექნება შოკს ეკონომიკასა და, შედეგად, დასაქმებაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასეთ დროს უცხოური ვალუტის გაყიდვა გადაავადებს გაცვლითი კურსის კორექციას, გააღრმავებს შოკს და საბოლოო გაუფასურების მასშტაბიც დიდი იქნება, აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.

რაც შეეხება ტურისტული ნაკადების შემცირებას, ბანკის დაუზუსტებელი პროგნოზით, წინასწარი გათვლებით, „რუსეთიდან ტურისტული ნაკადების შემცირებას წლის დარჩენილ პერიოდში საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა დაახლოებით 200-300 მლნ აშშ დოლარამდე იქნება. ეს საგარეო შოკი აისახება საგადამხდელო ბალანსზე და, შესაბამისად, კურსზეც“.

აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ, 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, მიმდინარე ანგარიში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, დაახლოებით ორჯერ (2017 მლნ აშშ დოლარი) გაუმჯობესდა.

„ეს ნიშნავს, რომ სხვა თანაბარ პირობებში, მათ შორის რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებითაც, წლის განმავლობაში საგარეო ბალანსი პროგნოზირებულზე მცირედით, მაგრამ მაინც გაუმჯობესდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ეროვნული ბანკის განცხადებით, ის ზრუნავს საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურობაზე, რაც ზრდის ქვეყნის მიმართ ინვესტორების ნდობას და ხელს უწყობს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, ხოლო როდესაც ქვეყანას არასათანადო რაოდენობის რეზერვები აქვს, შოკების დროს იზრდება უცხოურ ვალუტაზე სპეკულაციური მოთხოვნა, ხდება კაპიტალის გადინება და გაცვლითი კურსის გაუფასურება უფრო მაღალია.

„შესაბამისად, ადეკვატური რეზერვის გარეშე გაცვლით კურსზე ზეწოლა გაცილებით უფრო ძლიერი იქნებოდა“, – აცხადებენ ბანკში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სწორი იყო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ სესხისა და შემოსავლის ვალუტა ერთი და იგივე იყოს. ამგვარ შემთხვევებში მსესხებლები გაცვლითი კურსის მიმართ მოწყვლადი არ იქნებიან.

აისახა თუ არა პუტინის ბრძანება ავიამიმოსვლის აკრძალვის შესახებ ქართულ სასტუმროებზე>>

„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ დოლარიზაციის შემცირების პოლიტიკა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების ამოქმედება სწორი და დროული გადაწყვეტილება იყო“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

138
თემები:
ლარის კურსის დაცემა (27)