ქართული ღვინო

ღვინის ეროვნული სააგენტო „როსპოტრებნადზორს“ პასუხობს

133
(განახლებულია 23:38 24.06.2019)
ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს იმისათვის, რომ ეჭვქვეშ დადგეს ქართული საექსპორტო პროდუქციის ხარისხი.

თბილისი, 24 ივნისი − Sputnik. ღვინის ექსპორტის რაოდენობრივი ზრდის პარალელურად ქართული მხარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქართული ღვინის ხარისხის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას ანიჭებს, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

„როსპოტრებნადზორმა“ ორშაბათს განაცხადა, რომ საქართველოდან მოწოდებული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხის გაუარესების გამო უწყებამ გააძლიერა საქართველოდან რუსეთის ტერიტორიაზე შეტანილი ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხის კონტროლი.

„ღვინის ეროვნულ სააგენტოში ხარისხის კონტროლი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ბოლო წლებში მუშაობა გაძლიერებულია. მნიშვნელოვანია, საქართველოში წარმოებული ათეულ მილიონობით ბოთლი ღვინო აკმაყოფილებდეს შესაბამის სტანდარტს. ვფიქრობთ, რომ არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს იმისათვის, რომ ეჭვქვეშ დადგეს ქართული საექსპორტო პროდუქციის ხარისხი“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტოს ვებ–გვერდზე აღნიშნულია, რომ საქართველოს მეღვინეობის დარგის მარეგულირებელი ორგანოს, ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ქართული ღვინის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა და მისი კონტროლია. ამ მიზნით 2017 წელს „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში“ შესული ცვლილებებით, 2018 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო დეგუსტაციას დაექვემდებარა ყველა კატეგორიის საექსპორტო ღვინო.

სააგენტოს ცნობით, ამ ცვლილების ინიციატივა კერძო სექტორის მხრიდან მოდიოდა და მიზანი სწორედ ღვინის ხარისხის გაუმჯობესება იყო, რადგან 2018 წლის 1 იანვრამდე სავალდებულო დეგუსტაციას მხოლოდ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები ექვემდებარებოდა.

საკანომდებლო ცვლილებებით ასევე მოხდა საქართველოდან ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტის აკრძალვა, რათა არ მოხდეს ქვეყნის გარეთ ქართული ღვინის ფალსიფიკაცია.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიამ ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით 58 დეგუსტაცია ჩაატარა. სულ წარმოდგენილი იყო 2115 ნიმუში, მათგან 196 შეფასდა უარყოფითად.

ამასთან ერთად, სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში საექსპორტო ღვინოების ინსპექტირების ფარგლებში ღვინის კომპანიებიდან აღებულია 370-მდე ნიმუში, ანუ საშუალოდ 50%-ით გაზრდილია გასული წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

კომპანიებს საექსპორტო შესაბამისობის სერტიფიკატების გაცემაზე უარი ეთქვა 24 შემთხვევაში.

სახელმწიფო კონტროლისა და სახელმწიფო ზედამხედველობის ფარგლებში შემოწმდა 30 კომპანია, აქედან 6 კომპანიის რამდენიმე დასახელების ღვინო არ შეესაბამებოდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ღვინის სხვა პარამეტრების შემოწმებასთან ერთად ხორციელდება ალკოჰოლური სასმელის ნახშირბადის სტაბილური იზოტოპის თანაფარდობაზე შემოწმება.

ქართულ–რუსული ურთიერთობების გამწვავების შემდეგ, 2006 წლის გაზაფხულზე „როსპოტრებნადზორმა“ (რუსეთის მომხმარებელთა უფლებებისა და ადამიანის კეთილდღეობის დაცვის ფედერალური სამსახური) რუსულ ბაზარზე ქართული ღვინისა და მინერალური წყლის, „ბორჯომის“ შეტანა აკრძალა, მიზეზად კი პროდუქციის დაბალი ხარისხი დაასახელა. პროდუქციის მიწოდება 2013 წელს, საქართველოს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ აღდგა.

2019 წლის დასაწყისიდან საქართველომ რუსეთში ექსპორტზე 21,4 მილიონი ბოთლი (0.75 ლიტრი) ღვინო გაიტანა, რაც ღვინის ექსპორტის 63%-ს შეადგენს.

ქართულმა ღვინომ იაპონიაში „ბრილიანტის" ჯილდო მოიპოვა >>

ქართული ღვინო მსოფლიო ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება. სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებზე მას არაერთი პრესტიჟული ჯილდო აქვს მოპოვებული. კერძოდ, მიმდინარე წლის თებერვალში იაპონიაში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე „საკურა“ (The 6rd „Sakura” Japan Women’s Wine Awards 2019) ქართულმა სხვადასხვა დასახელების ღვინოებმა 24 უმაღლესი ჯილდო დაიმსახურეს – 2 ორმაგი ოქრო, 15 ოქრო და 7 ვერცხლის მედალი. მარტში კი იგივე საერთაშორისო კონკურსზე „მეღვინეობა ვაზიანის" ღვინომ „ქისი 2017"-მა უმაღლესი ჯილდო მოიპოვა.

მოთხოვნა ქართულ ღვინოზე
© Sputnik / Konstantin Ivanov.
მოთხოვნა ქართულ ღვინოზე
133
თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა (44)