გაბრაზებული ხალხი და პოლიტიკის მძევალი ეკონომიკა...

© Sputnik / STRINGERთბილისის ქუჩებში
თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
20-21 ივნისის პოლიტიკური დრამა, მეზობლის პასუხი და მომავლის გათვლები... როგორ აისახება ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები ქვეყნის ეკონომიკაზე?

სამსონ ხონელი

დამეთანხმება მკითხველი, სინოპტიკოსების პროგნოზი იშვიათად მართლდება... არადა ახლა სწორედ ის გამონაკლისი შემთხვევაა, როცა მათი ვარაუდი აგვიხდა... აკი გვაფრთხილებდნენ,  რომ წლევანდელი ზაფხული გამორჩეულად ცხელი იქნებოდა...

ამთავითვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე ასეც არის. ივნისის შუა რიცხვებიდან მოყოლებული ნამეტანი დაცხა, ერთი პერიოდი კი დღის განმავლობაში სუნთქვაც გაჭირდა... ჩვენში ხვატი და ბუღი არავის აკვირვებს, უარესის მოლოდინიც იყო, მაგრამ პოლიტიკური ტემპერატურის მატებას სავარაუდოდ არავინ ელოდა. თქვენი არ ვიცი, მე კი მქონდა განცდა, რომ პატივცემული ხალხის რჩეულები საგაზაფხულო სესიას დაასრულებდნენ და უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში არდადეგები დაიწყებოდა... მეგონა, რომ ორიოდე თვის შემდეგ მომავალი წლის მთავარი პოლიტიკური ასპარეზობისთვის დიდი სამზადისის მომსწრენი გავხდებოდით... ვინ მაცალა?! უკვე მერამდენედ დავრწმუნდი, რომ აქ, ამ ქვეყანაში „ყველაფერი მოსულა“... ჰოდა, სამართლიანად ბრაზობს ხალხი და მთავარი გამზირიც ისევ „დუღს“... სხვა საკითხია, რომ ამ საერთო „დუღილში“ ყველა თავისას ხარშავს!

გაბრაზების მიზეზი მკითხველმა იცის, დეტალებზე აღარ შევჩერდები და არც პოლიტიკური პროცესების სიღრმისეულ ანალიზს შევუდგები, მხოლოდ ერთს ვიტყვი, პარლამენტის შენობის შტურმით აღების მცდელობა და პოლიციელებზე ძალადობა დაუშვებელია. ამგვარი ქმედება სცდება გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებას და ძალიან სახიფათოა თავისი გამოუსწორებელი შედეგებით. არავინ კამათობს, რომ მოქალაქეების უფლებაა გააპროტესტონ ის უმძიმესი სურათი, რომელიც 20-21 ივნისს ვიხილეთ. დრო გვიჩვენებს, როგორ აისახება ეს ყველაფერი პოლიტიკურ ველზე, რა სახის კონფიგურაცია ჩამოყალიბდება უახლოეს პერიოდში და რითი დასრულდება კრიზისი, რომელიც აშკარად გადაჭარბებული „ოცნების“ შედეგია.

საინტერესოა განვითარებული მოვლენების შესაძლო გავლენა ქვეყნის ეკონომიკურ-ფინანსურ  სექტორზე. ექსპერტ-ანალიტიკოსთა შეფასებით, პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანა, საპროტესტო აქციები და ოპოზიციის ულტიმატუმის ენით საუბარი ბაზარზე გაურკვევლობის მოლოდინს შექმნის. ამან კი ეკონომიკის სერიოზული შენელება შეიძლება გამოიწვიოს.

ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე: „არახალია, რპოლიტიკური დაძაბულობების შემთხვევაში, ბაზრაზე წარმოიქმნება გაურკველობა. ასეთ დროს კომპანიები თავს იკავებენ გაფართოებისგან და ახალი კადრების აყვანისაგან, რაც ბიზნესის ბრუნვის ზრდას ზღუდავს. ეს მგრძნობელობა კიდევ უფრო იზრდება პოლიტიკური ველის რადიკალიზაციისას. კიდევ ერთი მნიშნელოვანი მომენტია მომხმარებლების მიერ ხარჯების შემცირება. თუ გაურკვევლობა დიდია, ადამიანები ხვალინდელი დღის შიშით ისედაც იწყებენ თანხების დაზოგვას, რაც დაძაბულობის ზრდასთან ერთად, ხარჯების კიდევ უფრო მკვეთრ შემცირებაში აისახება, რაც ისევ ეკონომიკის ზრდაზე მოახდენს ნეგატიურ ზეგავლენას. პოლიტიკური არასტაბილურობა აისახება ინვესტიციების მოცულობაზეც. არსებულ  ვითარებაში იზრდება არასტაბილურობის ინდექსი და ლოგიკურია, რომ ინვესტორები თავს იკავებენ კაპიტალის დაბანდებისგან. შექმნილი ვითარება ნეგატიურად იმოქმედებს სავალუტო კურსის დინამიკაზეც, რომელიც ჩვენში სწორედ სეზონურ ფაქტორსა და მოლოდინებზეა დამოკიდებული...“

ექსპერტთა წრეებში ვარაუდობენ, რომ ოპოზიციას, მთავრობის გადადგომის და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, საპროტესტო აქციების აგორების ფონზე, პოლიტიკური კრიზისის დაფიქსირება სურს, რაც უარყოფითი მოლოდინების ნიშნებსაც ატარებს. ქვეყანაში  პოლიტიკური კრიზისის ფასი ეკონომიკურ კრიზისზე მეტი იქნება, პოლიტიკური რისკების ზრდა, უპირობოდ უარყოფითად აისახება ეკონომიკაზეც.

ექსპერტი აკაკი ცომაია: „ჩვენ უკვე ვხედავთ პირველ სიმპტომებს, ვგულისხმობ ჩრდილოელი მეზობლის მყისიერ რეაქციას და გადაწყვეტილებას, რომლითაც რუსეთის ავიაკომპანიებს უკვე 8 ივლისიდან აეკრძალებათ ავიაგადაზიდვები საქართველოსთან... შემცირდება ტურისტული ნაკადები, რაც გავლენას მოახდენს ჯავშანზე, სასტუმროებზე, საოჯახო მეურნეობებზე, ასევე, სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე, რომელიც ამ პერიოდში იყიდება. რუსეთთან მზარდი ტემპით ხასიათდებოდა სავაჭრო ურთიერთობები, ბუნებრივია ეს იმოქმედებს შემოსავალზე და ქვეყნის ეკონომიკაზე. ამას უნდა შევეგუოთ. საერთოდ, საზოგადოებამ და სახელმწიფომ უნდა გაიაზროს, რომ რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულება არ შეიძლება. თუ ჩვენ გვსურს პროგრესი და ეკონომიკის განვითარება, უნდა ვეცადოთ დივერსიფიცირებას, ანუ არ უნდა ვიყოთ დამოკიდებულები არც რუსეთის მოქალაქეების ტურისტულ ნაკადებზე, არც რუსეთის ბაზარზე. რაც შეეხება დანაკარგს, ვფიქრობ, ის მილიარდ აშშ დოლარამდეც ავა და საგრძნობი იქნება...“

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ სახელმწიფო ამ დანაკარგის შესამცირებლად ზომებს ვერ მიიღებს, დროის მცირე მონაკვეთში საუბარი ბაზრების დივერსიფიკაციაზე, არასერიოზული და არარელევანტურია.

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე: „ბაზრების დივერსიფიკაცია აუცილებელი მოცემულობაა, მაგრამ ეს სამომავლო სტრატეგიის ნაწილია, მათ შორის არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმება. ბაზრების, მით უმეტეს ტრადიციული გასაღების ბაზრების ჩანაცვლება ერთ და ორ თვეში ვერ მოხდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ თურქეთი და რუსეთი ჩვენი წამყვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები არიან, როგორც ექსპორტ-იმპორტის, ასევე ფულადი გზავნილების კუთხითაც ეკონომიკის რეცესიის შედეგები ჩვენ ეკონომიკაზე თურქეთის ეკონომიკაზე არანაკლებ მძიმე იქნება. ურიგო არ იქნება, გავიხსენოთ თურქეთის მაგალითი, სადაც პოლიტიკურმა ფაქტორმა სერიოზულად შეანელა ეკონომიკის ზრდა. თურქეთს 2017 წელს რეგიონში ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი − 7.4 პროცენტი ჰქონდა. 2018 კი წელს ზრდის ტემპმა 2.6 პროცენტამდე დაიკლო. მიმდინარე წლის პროგნოზი კი  უარყოფითია. ბოლო ორ წელიწადში ეკონომიკის ვარდნამ 10 პროცენტი შეადგინა! სწორედ პოლიტიკური მდგენელის ზეგავლენის გამო შევიდა თურქეთის ეკონომიკა ღრმა რეცესიაში...“

საკამათო არ არის, რომ ივნისის მესამე დეკადის მიჯნაზე განვითარებული მოვლენები ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება. როგორი იქნება მესამე კვარტალი ციფრებში, ამას  სამიოდე თვის შემდეგ ერთად ვნახავთ. დღეს კი შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი ხელისუფლების ქმედებებზე იქნება დამოკიდებული. შეძლებს თუ არა ის იყოს მოქნილიც და ამავდროულად პრინციპულიც და რაც მთავარია თანამიმდევრული თავის გადაწყვეტილებებში...

 

ყველა ახალი ამბავი
0