საქართველოს კერძო ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მოზიდვა სურს

გამოწერა
პრემიერმა კერძო სექტორს მეტი აქტიურობისა და სახელმწიფოსთან საინვესტიციო თანამშრომლობისკენ მოუწოდა

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ მეტი კერძო ინვესტიცია დაინახოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში და სახელმწიფო-კერძო სექტორის პარტნიორობის სააგენტო ამის მიზნის მისაღწევად უნიკალური პლატფორმაა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს მთავრობის მეთაური გამოვიდა კონფერენციაზე, რომელიც სახელმწიფო და კერძო სექტორის პარტნიორობის განვითარების საკითხებს ეძღვნება. ბახტაძე დარწმუნებულია, რომ საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობის რეფორმა, რომელიც საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილებას ეყრდნობა, ყველაზე წარმატებული იქნება.

„ვეცადეთ, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება მოგვერგო ჩვენი რეალობისთვის, იმ მთავარი მიზნების მიღწევისთვის, რაც ჩვენი ეკონომიკის წინაშე დგას. ბუნებრივია, ეს არის სიღარიბის დაძლევა და მეტი ინკლუზიური ზრდა. დარწმუნებული ვარ, ეს ფორმატი საშუალებას მოგვცემს, საქართველოში მოვიზიდოთ მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილები და საქართველო გავხადოთ უფრო კონკურენტუნარიანი გლობალურ ბაზარზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, როგორც ბახტაძემ აღნიშნა, მისთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის, განსაკუთრებული და პრიორიტეტულია, რომ დარწმუნებული იყოს ნებისმიერი პროცესის გამჭვირვალობაში და იმაში, რომ გადაწყვეტილებების მიღების სტანდარტი ყველაზე მაღალი და ეფექტურია.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
პრემიერი: საქართველომ ბიზნესის კეთების კუთხით პრობლემები დაძლია

„ამ თვალსაზრისითაც, საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის ფორმატი უნიკალურია, ვინაიდან მოცემული ინდიკატორები და პარამეტრები ძალიან ამბიციურია და შეესაბამება საუკეთესო საბაზრო ეკონომიკის ქვეყნების გამოცდილებას", - აღნიშნა ბახტაძემ.

პრემიერმა ასევე ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც მთავრობამ ამ რეფორმებისთვის გადადგა და საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იმ რეფორმათა შორის, რომელსაც ჩემი მთავრობა ახორციელებს. მსურს, კერძო სექტორს მოვუწოდო მეტი აქტიურობისკენ, რათა კარგად შეისწავლონ ის პრინციპები, რომლითაც ეს სააგენტო იმოქმედებს", - განაცხადა ბახტაძემ.

თბილისში ხუთშაბათს გაიხსნა პირველი ორდღიანი კონფერენცია სახელმწიფო და კერძო სექტორების თანამშრომლობის საკითხებზე. კონფერენციის მსვლელობისას განიხილავენ საქართველოს მთავრობის მიღწევებს მდგრადი სტრუქტურული რეფორმების კუთხით, გადაწყვეტილებების მიღებისა და ღია მმართველობის პროცესის გაუმჯობესების მიმართულებით.

ბახტაძე: ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ საქართველოს>>

ყურადღება ასევე დაეთმობა საჯარო და კერძო თანამშრომლობის განვითარების როლს ინკლუზიურ ზრდაში და სიღარიბესთან ბრძოლის უზრუნველყოფაში.

კონფერენცია ტარდება საქართველოს მთავრობის, აზიის განვითარების ბანკისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობით.

 

ყველა ახალი ამბავი
0