დროშები

როგორ იზრდება სახელმწიფო ვალი

168
(განახლებულია 20:10 12.06.2019)
სახელმწიფო ვალი იზრდება – 2018 წლის ბოლოს 19 მილიარდ ლარს მიაღწია (ლარის გაუფასურების შემთხვევაში საგარეო ვალი კიდევ მეტად იზრდება), მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მიმართ კი თითქმის 45%-ია.

შესაბამისად, „თავისუფლების აქტით“ დადგენილ 60%-იან ლიმიტამდე ჯერ ბევრი უკლია, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ მაქსიმალური ზღვრისკენ მაინც მიემართება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის მდგომარეობით, ქვეყნის სახელმწიფო ვალი 18,5 მილიარდ ლარს შეადგენს, სადაც სახელმწიფო საგარეო ვალი 14,5 მილიარდი ლარია, დანარჩენი 3,9 მილიარდი კი სახელმწიფო საშინაო ვალი.

2019 წლის ბიუჯეტის კანონის მიხედვით, 2019 წელს მთავრობა 1,686 მილიარდი ლარი საგარეო ვალის და 500 მილიონი ლარი შიდა ვალის აღებას გეგმავს. საგარეო ვალის უდიდესი ნაწილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების (აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის, ახალი გვირაბებისა და გზების) აშენებას მოხმარდება. ამ ახალი ვალის აღების შედეგად საქართველოს მთავრობის მთლიანი ვალდებულებების ნაშთი 20,24 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც დაახლოებით 107%-ით მეტია 2013 წლის მაჩვენებელზე.

20,24 მილიარდი ლარიდან სახელმწიფო საგარეო ვალის წილად 15,84 მილიარდი (78.3%) მოვა, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალის წილად 4,4 მილიარდი (21.7%) ლარი. ამ მაჩვენებლებთან ერთად თუ სახელმწიფო საწარმოების ვალსაც გავითვალისწინებთ, მაშინ ვალი 4,57 მილიარდით კიდევ გაიზრდება და ჯამში 24,82 მილიარდ ლარს გადააჭარბებს.

2019 წლის განმავლობაში ვალის მომსახურებაზე 1,851 მილიარდი ლარის დახარჯვაა დაგეგმილი: 1,152 მილიარდი ლარი საგარეოს, 699 მილიონი ლარი კი საშინაო ვალის მომსახურებას მოხმარდება.

აუდიტის სამსახურის მონაცემებიდან ჩანს, რომ 2018 წელს საგარეო ვალის მომსახურებაზე 1,034 მილიარდი ლარი დაიხარჯა, ხოლო საშინაო ვალის მომსახურებას 1,362 მილიარდი ლარი მოხმარდა. ჯამურად კი სახელმწიფო ვალის მომსახურებაზე შარშან 2,4 მილიარდ ლარამდე იყო განსაზღვრული.

ასევე აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს სახელმწიფო ვალის მშპ-თან შეფარდება 44.5% იქნება, რაც უკვე გადააჭარბებს თავად „ქართული ოცნების“ მიერ 2014 წელს მიღებულ სტრატეგიულ დოკუმენტში „საქართველო 2020“ განსაზღვრულ 40%-იან ლიმიტს.

აქვე, სახელმწიფო საწარმოების ვალდებულებებს თუ გავითვალისწინებთ, 20,24 მილიარდი ლარის სახელმწიფო ვალს ემატება სახელმწიფოს კუთვნილი საწარმოების (გაზის და ნავთობის კორპორაცია, რკინიგზა და ა.შ.) ვალები. ამ საწარმოების ვალდებულებები, 2019 წლის მდგომარეობით, 4,57 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობის ჯამური ვალი 24,82 მილიარდი ლარია.

გრაფიკი 1. სახელმწიფო ვალის დინამიკა

სახელმწიფო ვალის დინამიკა
photo: courtesy of Temur Ioseliani
სახელმწიფო ვალის დინამიკა

წყარო: სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის მონაცემებით, 2018 წელს სახელმწიფოს საშინაო ვალი, ანუ ეროვნულ ვალუტაში აღებული ვალდებულებები 11%-ით გაიზარდა, ხოლო საგარეო ვალი (უცხოურ ვალუტებში დენომინირებული ვალდებულებები) 8%-ით არის გაზრდილი.

ფინანსთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 2017 წლის ბოლოსთან შედარებით, ვალის მოცულობა 2018 წლის ბოლოსთვის 256 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა.

ამასთან, დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურების გამო ერთ წელიწადში სახელმწიფო ვალი 1,124 მილიარდი ლარით არის გაზრდილი.

ყველაზე დიდი მოცულობის დავალიანება საქართველოს მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე აქვს – 3,838 მლრდ აშშ დოლარი.

ორმხრივი კრედიტორების წინაშე ვალი 926 მილიონ დოლარს შეადგენს. 500 მილიონია ევროობლიგაციების ვალი.

საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალის მოცულობა 2018 წლის ბოლოსთვის 166 მილიონ დოლარს შეადგენდა.

სახელმწიფო საწარმოები – დამატებითი თავის ტკივილი

სახელმწიფო კომპანიების ვალების შესახებ „ფეისბუქში“ დაწერა „ფორბს ჯორჯიას“ აღმასრულებელმა რედაქტორმა შოთა დიღმელაშვილმა. მისი თქმით, პრივატიზაციის მოწინააღმდეგეებმა უნდა გაიგონ, რა ზარალი მოაქვს ამ საწარმოებს.

„სახელმწიფო კომპანიების ჯამური ზარალი 2013-2017 წლებში 2 მილიარდ ლარამდე თანხას შეადგენს. ეს უკონტროლო სახელმწიფო შპს-ები ჩვეულებრივი შავი ხვრელია, ამ „ბიზნესების“ ჩამონათვალი კი ჭრელია – ღვინის წარმოებით დაწყებული, სასტუმროებით დამთავრებული. ჩინოვნიკები წლების მანძილზე მილიარდობით ლარის ზარალს განიცდიან, რაც ცენტრალური ბიუჯეტიდან იფარება – ღარიბების ფულით.

მაგალითად, 2017 წლის განმავლობაში სახელმწიფო შპს-ების კაპიტალი ცენტრალური ბიუჯეტიდან 627,763,000 ლარით შეივსო. ანუ პარტაქტივით დაკომპლექტებული სახელმწიფო კომპანიების უპასუხისმგებლო მენეჯმენტის მარტო ერთი წლის შეცდომები ამდენით აანაზღაურა საქართველოს მოსახლეობამ.

საინტერესო ისაა, რომ ზარალი იწყება 2013 წლიდან – ჯერ 45 მილიონით, მერე 61-ით, მერე რეკორდული 750 მილიონი 2015-ში, მერე 441 და, ბოლოს, 2017-ში 562 მილიონი. შედარებისთვის, 2012 წელს სახელმწიფო კომპანიებმა არა თუ იზარალეს, 150 მილიონი მოიგეს კიდეც“, – დაწერა დიღმელაშვილმა.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად იზრდებოდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანიების დასახმარებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხებიც. ჯამში გადარიცხულია 1,4 მილიარდი ლარი, როგორც კაპიტალდაბანდება ან როგორც სუბსიდია. 2012 წელთან შედარებით, ვალდებულებები გაიზარდა 72%-ით, ხოლო ჯამური კაპიტალი – მხოლოდ 16%-ით.

ცალკე საკითხია სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობა და ტოპ-მენეჯერების ანაზღაურება. მაგალითად, „საპარტნიორო ფონდმა“ წელი 441 მილიონზე მეტი ზარალით დაასრულა, თუმცა დირექტორმა დავით საგანელიძემ 2017 წელს თანამდებობრივ სარგოდ 300 ათას ლარამდე აიღო (თვეში 24 500 ლარი);

საქართველოს რკინიგზამ 2017 წელს 350 მლნ ლარი იზარალა, დირექტორი დავით ფერაძე კი ხელფასის სახით თვეში დაახლოებით 15 ათას ლარს გამოიმუშავებდა;

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ 2016 წელი 300 მლნ ლარის ზარალით დაასრულა, დირექტორმა სულხან ზუმბურიძემ კი ანაზღაურება 341 ათასი (თვეში 28 000) ლარი მიიღო.

გრაფიკი 2. 2017 წლის მონაცემებით ყველაზე წამგებიანი საწარმოების ტოპ-ხუთეული.

ყველაზე წამგებიანი საწარმოების ტოპ-ხუთეული 2017 წლის მონაცემებით
photo: courtesy of Temur Ioseliani
ყველაზე წამგებიანი საწარმოების ტოპ-ხუთეული 2017 წლის მონაცემებით

ეკონომისტ რატი აბულაძის შეფასებით, შექმნილ სიტუაციაში ქვეყნისთვის ცალკე პრობლემაა საგარეო ვალი, რაც ეკონომიკისთვის დიდი ტვირთია, ხოლო ქვეყანა ამ ჭაობიდან ვერ ამოდის.

„ბიუჯეტი დიდად არის დაზარალებული, რადგან საგარეო და კომპანიების ვალებიც მისი გადასახდელია. უკანასკნელ შემთხვევაში ეს ხდება მაშინ, როცა ვალი სახელმწიფოს გარანტიით არის აღებული. მოცემულ შემთხვევაში ეს საკითხი ჯერ აქტიურად არ დგას, რომ შპს-მ შეიძლება ვერ გადაიხადოს, თუმცა, თუ სახელმწიფო არის გარანტორი, მისი გასასტუმრებელი გახდება“. მისი თქმით, ინვესტორები ყურადღებით აკვირდებიან, როგორია ვალის დინამიკა ქვეყნისთვის.

„ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მინიმალურია, ბიუჯეტი სულ 13 მლრდ-ია. ძალიან დიდი კითხვის ნიშნებია თანხების ათვისებასთან დაკავშირებით და ამ სიტუაციიდან გამოსავალს მხოლოდ ახალ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოცემულობაში ვხედავ“, - აცხადებს „რეზონანსთან“ აბულაძე.

აქვე აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ვალი მუდმივად იზრდება, მაგრამ წლის ბოლოს საბიუჯეტო თანხების ათვისების პრობლემა ჩნდება ხოლმე. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შარშან კაპიტალური ხარჯების გეგმა 105.5%-ით კი შეასრულა, მაგრამ სინამდვილეში დეკემბერში სამინისტროს ბიუჯეტის გეგმა დაზუსტდა და 230.9 მლნ ლარით შემცირდა. შედეგად – გეგმის შესრულება გაიოლდა. გარდა ამისა, ბიუჯეტიდან წლის ბოლო ერთ თვეში აითვისეს 658.4 მლნ ლარი (დაზუსტებული ბიუჯეტის 41.56%), უფრო ზუსტად, აღნიშნული თანხები ბიუჯეტიდან გადაირიცხა.

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის ბიუჯეტიც დეკემბერში დაკორექტირდა და 149.3 მლნ ლარით შემცირდა (674.5 მლნ ლარი დარჩა), დეკემბერშივე მოხდა მოცემული მიმართულებით ბიუჯეტიდან 491.2 მლნ ლარის ათვისება.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე ამბობს, არც მიმდინარე წლის სიტუაციაა უკეთესი.

„კვლავ ჩამორჩენაა ბიუჯეტის ხარჯვაში. 6 წელიწადი ჯანდაბას, მაგრამ მეშვიდე წელიწადსაც იგივე სურათი?! იგივე ინფრასტრუქტურის სამინისტრო ვერ აშენებს ამ გზებს“, – განაცხადა გოცირიძემ პარლამენტში გამოსვლისას.

დღევანდელ სიტუაციაში რთული სათქმელია, რამდენად შეძლებს სახელმწიფო პრივატიზაციის დაჩქარებას და იმ აქტივების სახელმწიფოსთვის ჩამოშორებას, რასაც ბიუჯეტისთვის ზარალის მეტი აღარაფერი მოაქვს. ფაქტია, რომ მთავრობას დასაქმება ნომერ პირველ საკითხად მიაჩნია, თანაც, სახელმწიფო საწარმოებში ტოპ-მენეჯერები საკუთარი მომხრეები და მხარდამჭერები ჰყავს, ზარალიანობის მიუხედავად გვარიან ანაზღაურებასაც აძლევს. პარალელურად იზრდება სახელმწიფო ვალი და ტრადიციულად გრძელდება საბიუჯეტო რესურსების როგორც არათანაბარი, ასევე არაეფექტიანი ათვისებაც...

თემურ იოსელიანი

168
ტესტირება

საქართველომ კორონავირუსის 400 ათასამდე ტესტი შეიძინა

82
(განახლებულია 21:53 07.07.2020)
საქართველოს COVID-19-თან ბრძოლაში დახმარების პროექტის ღირებულება 180 მლნ დოლარია, საიდანაც 80 მლნ მსოფლიო ბანკმა, ხოლო 100 მლნ – აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკმა გამოყო.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ ანტისხეულებსა და ანტიგენებზე სულ 80 მლნ დოლარის ღირებულების 250 ათასი PCR-ტესტი და 147 ათასი სწრაფი ტესტი შეიძინა. თანხა მსოფლიო ბანკმა COVID-19-ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებების პროექტის ფარგლებში გამოყო, ნათქვამია მსოფლიო ბანკის განცხადებაში.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, შეძენილი ტესტების რაოდენობა საქართველოში ივლისის შუა რიცხვებიდან კორონავირუსის გამოსავლენად ტესტირების ჩატარების საშუალებას იძლევა.

„ამასთან, მსოფლიო ბანკის დაფინანსებითა და შუამდგომლობით შეძენილ იქნა ხელოვნური სუნთქვის 30 აპარატი მთელ ქვეყანაში საავადმყოფოების ინტენსიური თერაპიის განყოფილებებისთვის, ხელოვნური სუნთქვის 20 მობილური აპარატი სასწრაფო დახმარების მანქანებისთვის. ამას გარდა, დაავადების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს გადაეცემა სამედიცინო დიაგნოსტირების აღჭურვილობა In vitro", – ნათქვამია განცხადებაში.

მსოფლიო ბანკი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს COVID-19-თან ბრძოლაში ეხმარება და ლიდერ-პარტნიორად არის მიჩნეული ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში, ასევე ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით.

„მსოფლიო ბანკი გამოწვევებით სავსე ამ პერიოდში მხარს უჭერს საქართველოს, როგორც ძლიერი პარტნიორი და სწრაფი დახმარების მექანიზმის მეშვეობით ეხმარება ქვეყანას – გადაარჩინოს ადამიანების სიცოცხლე და იპოვოს არსებული სახსრები მათთვის, ვინც პანდემიისგან დაზარალდა", – განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.

მსოფლიო ბანკის დახმარების პროგრამა

მსოფლიო ბანკმა 1 მაისს საქართველოს 80 მლნ დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარების პაკეტი გამოუყო, რათა დაეხმაროს საქართველოს მთავრობას კორონავირუსის პანდემიის სამედიცინო და სოციალური შედეგების შერბილებასა და აღმოფხვრაში.

მსოფლიო ბანკი საქართველოს მოსახლეობას კორონავირუსის პანდემიის დაძლევაში დაეხმარება>>

პროექტის ღირებულება მთლიანად 180 მლნ დოლარია. დანარჩენი 100 მლნ დოლარი აზიის ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების ბანკმა გამოყო.

80 მლნ დოლარის კრედიტი საქართველოსთვის სწრაფი დახმარების მექანიზმის ფარგლებში გამოიყო. ეს მექანიზმი მიმართულია იმ ზომების დაფინანსებაზე, რომლებიც ეხმარება კორონავირუსის პანდემიით შექმნილი საფრთხეების აღკვეთას, გამოვლენასა და მათზე რეაგირებას, ასევე დაუყოვნებლივ მხარდაჭერას უწევს მოსახლეობის ყველაზე დაუცველ ჯგუფებს სოციალური დაცვის სფეროში.

საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ზომები ჯანდაცვის სფეროში მოიცავს დაავადების შემთხვევების გამოვლენასა და დადასტურებას, ტესტირების გაფართოებას, ასევე ჯანდაცვის სისტემის განმტკიცებას დაავადების მკურნალობის კუთხით.

ამას გარდა, კრედიტის სახსრები უზრუნველყოფს შეჭირვებული ოჯახების შემოსავლების მხარდაჭერას მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის გაფართოების გზითა და დროებითი ფულადი დახმარებებით მათთვის, ვინც პანდემიის გამო სამუშაო დაკარგა.

მსოფლიო ბანკის პროგნოზი: რამდენი ადამიანი აღმოჩნდება სიღატაკეში>>

რას მოხმარდება დახმარება

„დაფინანსების პაკეტი საქართველოსთვის დაახლოებით 200 მილიონი დოლარი იქნება, რაც მთავრობას პანდემიის შედეგებზე რეაგირებაში დაეხმარება სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებებით", – განაცხადა მოლინეუსმა.

უფრო ადრე მოლინეუსმა განაცხადა, რომ 200 მილიონი დოლარი იქნება როგორც დამატება დაახლოებით 300 მილიონი დოლარისა, რომელიც უკვე გამოყოფილია 2020–2021 წლების პროექტების ფარგლებში, რომლებიც მიმართულია განვითარების უფრო ფართო მოთხოვნებზე, როგორიცაა ციფრული კავშირგაბმულობა და ინფრასტრუქტურა.

მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი სახსრები სამი დაგეგმილი ტრანშიდან პირველია, რომელსაც საფინანსო ინსტიტუტი საქართველოს უახლოეს სამ თვეში გამოუყოფს.

დაფინანსების მეორე ეტაპი განხორციელდება არსებული ოპერაციის დამატებითი დაფინანსების ფორმით ეკონომიკის მართვისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის კუთხით.

მესამე ეტაპი – ესაა პროექტი, რომელიც მიმართულია სამუშაო ადგილების შექმნის პროგრამის მხარდაჭერაზე, ასევე პანდემიისგან დაზარალებული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დახმარებაზე.

პირდაპირი დახმარების ზომების გარდა, მსოფლიო ბანკი ქვეყნის დახმარებას აპირებს განვითარების უფრო ფართო მოთხოვნების თვალსაზრისითაც, როგორიცაა ციფრული კავშირგაბმულობა და ინფრასტრუქტურა პროგრამის Log-In Georgia ფარგლებში, რომელიც მხარს დაუჭერს მთავრობის გეგმას, რომელიც ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო ქსელის მეშვეობით 700-ზე მეტი სოფლის ინტერნეტში ჩართვას ითვალისწინებს.

82
თემები:
COVID-19 საქართველოში
ქართული ღვინის დეგუსტაცია

ქართული ღვინის მორიგი გამარჯვება მსოფლიო არენაზე: ოქროსა და ვერცხლის მედლები პოლონეთში

71
(განახლებულია 19:22 07.07.2020)
პოლონეთში გამართულ ვარდისფერი ღვინოების საერთაშორისო კონკურსში სულ 28 ქვეყნის 220 ღვინის ნიმუში მონაწილეობდა.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. პოლონეთში გამართულ ვარდისფერი ღვინოების საერთაშორისო კონკურსში (International Rosé Championship 2020) ქართულმა ღვინოებმა ოქროსა და ვერცხლის მედლები დაიმსახურეს, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.

კერძოდ, ოქროს მედლები მიიღეს ღვინოებმა: იბერიელი, „ზურაბ თოფურიძე ჩხავერი (გურია) – 2018" და მარანი „დიმნა" (იმერეთი) - „ძელშავი 2017"; ღვინომ "ზურაბ თოფურიძე ჩხავერი 2018" ასევე დაიმსახურა საუკეთესო ღვინოების სპეციალური ჯილდო.

ვერცხლის მედლები მოიპოვეს: თელავის ღვინის მარანი, „ცქრიალა როზე (კახეთი) - 2019", თელავის ღვინის მარანი, „საფერავი როზე (კახეთი) – 2019" და „ლაპატი ვაინსი", „კიდევ ერთი პეტ ნატი" (ქართლი) – 2016".

„ქართული ღვინის წარმატება მსგავს საერთაშორისო პრესტიჟულ კონკურსში მიანიშნებს მის მაღალ ხარისხზე და კიდევ უფრო ზრდის ქართული ღვინის ცნობადობას მსოფლიოს მასშტაბით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Covid-19-ის ვირუსის მსოფლიო პანდემიის ფონზე, რომელმაც მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მსგავსად, საქართველოს ღვინის ინდუსტრიაც დააზარალა", – აღნიშნეს ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პოლონეთში გამართულ საერთაშორისო კონკურსში სულ 28 ქვეყნის 220 ღვინის ნიმუში მონაწილეობდა.

მსოფლიოში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით საქართველო სარეკლამო კამპანიას აფართოებს>>

ჟიურის, რომლის შემადგენლობაშიც მსოფლიოს 7 ქვეყნის 12 საუკეთესო ექსპერტი შედიოდა, ღვინის მაგისტრი ელიზაბეტ გაბაი (Elizabeth Gabay) ხელმძღვანელობდა.

კონკურსზე ქართული ღვინოები ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორმა პოლონურმა ორგანიზაცია Malinova-მ წარადგინა.

71
თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა
ნახევარმთვარე

როგორ მოქმედებებს ახალმთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე

0
(განახლებულია 12:40 07.07.2020)
ახალმთვარეობა ცხოვრებაში ახალი ეტაპის სიმბოლოა. როგორ მოქმედებს ის ზოდიაქოს ნიშნებზე, ვინ უნდა იყოს უფრო ფრთხილად და ვისთვის კი ეს ძალზე ხელსაყრელი დროა - ამის შესახებ გაეცანით ჩვენს სტატიას

მთვარე დედამიწასთან ყველაზე ახლოს მყოფი პლანეტაა, ამიტომ ის სხვა პლანეტებზე უფრო ძლიერ გავლენას ახდენს ადამიანებზე.

მთვარის ოთხი ძირითადი ფაზა არსებობს - ახალმთვარეობა, სავსემთვარეობა, ზრდის ფაზა და კლების ფაზა. თითოეულ ფაზას თავისი ენერგეტიკა აქვს. ოთხივე ფაზა ძალზე მნიშვნელოვანია, თითოეული თავისებურად კარგია და თავისებურად - საშიში, ამიტომ ამ ფაზების შესახებ ყველაფერი უნდა ვიცოდეთ.

ერთგვარ კულმინაციებს წარმოადგენს ახალმთვარეობა და სავსემთვარეობა. ამჯერად წარმოგიდგენთ ახალმთვარეობის გავლენას ზოდიაქოს ნიშნებზე.

ვერძი

ახალმთვარეობის დადგომისთანავე ვერძებს ძველისგან, დრომოჭმულისგან გათავისუფლების სურვილი უჩნდებათ. სერიოზული ცვლილებების დაჩქარება არ ღირს, მაგრამ, მაგალითად, ძველი ნივთების გადაყრა, ტელეფონის გაწმენდა არასაჭირო კონტაქტებისგან, ვისთანაც დიდი ხანია, ურთიერთობა აღარ გაქვთ, ძალიან წაგადგებათ.

კურო

ახალმთვარეობას ნებისმიერ შემთხვევაში მოაქვს ცვლილებები, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ კონსერვატიულ კუროებს ის მაინცდამაინც არ გიყვართ. ამასთან, ახალმთვარეობას თქვენთვის ენერგიის ძლიერი მუხტის მოცემა შეუძლია, რათა პრიორიტეტებს გადახედოთ. ასე რომ, ეცადეთ, მთლიანად დაიმუხტოთ ამ დღის ენერგიით. ამაში დაგეხმარებათ სეირნობა, მედიტაცია ან საყვარელი ჰობი.

როგორ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ენერგეტიკა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ტყუპი

ტყუპებისთვის, რომლებიც ისედაც ენერგიას „აფრქვევენ", დამატებითი, ახალმთვარეობის ნაკადი უკვე შეიძლება ზედმეტი აღმოჩნდეს. აქედან გამომდინარე, ამ პერიოდში არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები. სჯობს, ყურადღება შემდგომი თვის დაგეგმვაზე გაამახვილოთ.

კირჩხიბი

როგორც შემოქმედებითი პიროვნებები, კირჩხიბები მუდამ მოხარული ხართ, რომ მოსინჯოთ რამე ახალი. ახალმთვარეობა ამისთვის საუკეთესო პერიოდია. მთვარის ეს ფაზა, შესაძლოა, დაგეხმაროთ ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში თვითგამოხატვის საშუალებით.

ლომი

ახალმთვარეობის პერიოდში ლომებს ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილი გიმძაფრდებათ. ამიტომ თამამად შეხვდით მეგობრებს, წადით პაემანზე, გაიცანით ადამიანები. ეს ბევრ საინტერესო მომენტს გპირდებათ.

ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აქვთ ძლიერი ენერგეტიკა>>

ქალწული

ქალწულები შესანიშნავი ორგანიზატორები ხართ, ხოლო ახალმთვარეობისას ეს უნარი მრავალგზის ძლიერდება. აქედან გამომდინარე, მთვარის ეს ფაზა შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ დაუბრუნდეთ გადადებულ პროექტებს, საქმეებს, გადაწყვიტოთ, ღირს თუ არა მათი რეალიზება და თუ საჭიროდ ჩათვლით, რომ ღირს, მაშინ შეუდგეთ კიდეც მოქმედებებს.

სასწორი

სასწორების ნაკლი ისაა, რომ გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ. მაგრამ ახალმთვარეობის მაღალი ენერგია თითქოს „გაცოცხლებთ" და აუცილებელ ძალას გაძლევთ. ამიტომ ამ დღეებში კარგი იქნება, თუ მიხედავთ გრძელვადიან გეგმებს და ადამიანებთან კომუნიკაციას. ყველა საკითხი წარმატებით გადაიჭრება.

მორიელი

ჯიუტი მორიელებისთვის ახალმთვარეობა კარგი დროა იმისთვის, რომ დაფიქრდეთ საკუთარ საქციელზე და გულისყური მიმართოთ იმაზე, რომ რაღაც შეცვალოთ თქვენს თავში. ეს დღეები კიდევ იმისთვისაა კარგი, რომ ძველი წყენები დაივიწყოთ.

ყველაზე, ყველაზე... ზოდიაქოს ნიშნების ძლიერი მხარეები>>

მშვილდოსანი

მშვილდოსანი ის ნიშანია, რომელსაც მუდამ სწამს მომავლის და ცვლილებების არ ეშინია. ახალმთვარეობის ცინცხალი ენერგია გაძლევთ სტიმულს, რომ გაარღვიოთ ჩაკეტილი წრე, ცხოვრების რა სფეროსაც არ უნდა ეხებოდეს და სცადოთ რამე ახალი.

თხის რქა

რამდენადაც თხის რქებს არ გიყვართ დროისა და ენერგიის ტყუილუბრალოდ დახარჯვა, ეს მშვენიერი დროა იმისთვის, რომ საკუთარ ცხოვრებას გვერდიდან შეხედოთ და გათავისუფლდეთ იმ ყველაფრისგან, რასაც სარგებლობა არ მოაქვს.

მერწყული

მერწყულებში ახალმთვარეობისას განსაკუთრებით ძლიერდება სურვილი, რომ იყოთ ორიგინალური და სხვებისგან განსხვავდებოდეთ. უბრალოდ, საჭიროა ამ ყველაფრის სწორ კალაპოტში მიმართვა. მაგალითად, ძველი ჩვევებისგან გათავისუფლება, რომლებიც არაფერში აღარ გჭირდებათ და ცხოვრებაში ახალი, პროდუქტიული უნარების ჩართვა.

როგორ გავწმინდოთ სახლი ნეგატიური ენერგიისგან - სასარგებლო რჩევები>>

თევზები

ახალმთვარეობის ენერგია გაიძულებთ, დაფიქრდეთ იმაზე, თუ რა გიშლით ხელს საკუთარი მიზნების მიღწევაში. მთავარი კი ისაა, რომ ეს პერიოდი სტიმულს გაძლევთ, დაბრკოლებებისგან უმტკივნეულოდ გათავისუფლდეთ.

0