„ქინძმარაული

რომელი ქართული ღვინოებია პოპულარული საზღვარგარეთ

134
(განახლებულია 13:33 04.06.2019)
წლის დასაწყისიდან საქართველომ ექსპორტზე მსოფლიოს 39 ქვეყანაში 87 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 33,6 მილიონი ბოთლი ღვინო გაიტანა.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. წითელი ნახევრად მშრალი ღვინო „ქინძმარაული" ყველაზე პოპულარული ქართული ღვინოა საზღვარგარეთ. ამ ღვინის ექსპორტმა 2019 წლის იანვარ-მაისში 6 მილიონ ბოთლზე (0,75 ლიტრი) მეტი შეადგინა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

ყურძენი, რომლითაც „ქინძმარაულს" აყენებენ, მოდის ადგილზე, სადაც ალაზანს მდინარე დურუჯი ერთვის. ვენახების ფართობი სულ 120 ჰექტარია.

მთლიანობაში, 2019 წლის დასაწყისიდან საქართველომ ექსპორტზე მსოფლიოს 39 ქვეყანაში 87 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 33,6 მილიონი ბოთლი ღვინო გაიტანა. ექსპორტირებული ღვინის საერთო ღირებულება (87 მლნ დოლარი) გასული წლის იანვარ-მაისის მონაცემებზე 16%-ით მეტია.

ქვეყნების ხუთეულს შორის, რომლებიც ქართული ღვინის მიწოდების მხრივ ლიდერობენ, პირველ ადგილზეა რუსეთი.

ქართულ ღვინოს უფრო მეტს ყიდულობენ აშშ (+126%), საფრანგეთი (+91%), ისრაელი (+72%), ლიეტუვა (+57%), ბელარუსი (+47%) და სხვ.

ქართული ღვინის ექსპორტი 2019 წლის დასაწყისიდან სხვადასხვა მოცულობით 203-მა კომპანიამ განახორციელა.

საქართველოში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი გაიმართება>>

ასევე იზრდება მსოფლიოში ქართული ჭაჭისა და ბრენდის პოპულარობა – წლის დასაწყისიდან ბრენდის ექსპორტი გაიზარდა 60%-ით, ხოლო ჭაჭის – 61%-ით.

აღნიშნულ პერიოდში, 2019 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით ბრენდი ექსპორტირებული იყო მსოფლიოს 17 ქვეყანაში, ხოლო ჭაჭა – 19 ქვეყანაში.

134
თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა (67)
ავტოგასამართი სადგური

ნავთობპროდუქტების იმპორტი: რატომ შემცირდა საწვავის შემოტანა საქართველოში

41
(განახლებულია 10:52 25.05.2020)
საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტის შემცირება ქვეყანაში ბოლო ორ თვეში საწვავის მოხმარების შემცირებითაა გამოწვეული

თბილისი, 25 მაისი - Sputnik. საქართველოში საწვავის იმპორტი შემცირდა - 2020 წლის აპრილში ქვეყანაში 68,5 ათასი ტონა ბენზინი და დიზელის საწვავი შემოიტანეს, რაც 18,8%-ით ნაკლებია მიმდინარე წლის მარტის მაჩვენებელზე და 20,6%-ით ნაკლები - 2019 წლის აპრილის თვის მაჩვენებელზე. ამის შესახებ საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაშია აღნიშნული.

საქართველოში საწვავი შემოდის რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, თურქმენეთიდან, საბერძნეთიდან და თურქეთიდან - ნავთობპროდუქტები ქვეყანაში რკინიგზითა და ზღვით შემოდის.

ნავთობპროდუქტების ყველაზე მსხვილი მომწოდებელი რუსეთია. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, რუსეთიდან აპრილში 31,2 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი შემოვიდა, რაც მთელი იმპორტის 45,5%-ს შეადგენს.

სულ 2020 წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 312,9 ათასი ტონა, რაც 6,0 ათასი ტონით ანუ 1,9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (318,9 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, მიმდინარე წლის აპრილის თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 32,1 ათასი ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 8,6 ათასი ტონით ანუ 21,1%-ით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა -  36,4 ათასი ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 9,2 ათასი ტონით ანუ 20,2%-ით).

რატომ შემცირდა იმპორტი

ნავთობპროდუქტების იმპორტის შემცირება საქართველოში გამოწვეულია კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად საწვავის მოხმარების შემცირებით, განმარტავს საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი.

„აპრილში თითქმის ორი კვირა იყო შეზღუდული დედაქალაქში ტრანსპორტის მოძრაობა. გარდა ამისა, მოქმედებდა კომენდანტის საათი და საღამოს ცხრა საათის შემდეგ ტრანსპორტით მოძრაობა აკრძალული იყო. დიდი ქალაქები ჩაიკეტა - საქალაქთაშორისო კავშირი შეწყდა, მათ შორის, გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. მოკლედ, COVID-19-ის გამო ეკონომიკური საქმიანობა მნიშვნელოვნად შეიზღუდა“, - აღნიშნა მთვრალაშვილმა „Sputnik-საქართველოსთან" საუბრისას.

ამასთან, მისი თქმით, იმპორტის შემცირება იმდენად თვალშისაცემი არ არის, როგორც მოხმარებისა და გაყიდვების შემცირება.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის თქმით, ამ პერიოდში ნავთობის ფასი საერთაშორისო ბაზრებზე საგრძნობლად დაეცა, შესაბამისად, კომპანიებმა შეიძინეს მარაგი, რომელიც ჯერ არ არის რეალიზებული.

კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის დასაწყისიდან მთელ მსოფლიოში ეცემა საწვავის ფასი, რაც ნავთობის გაიაფებას იწვევს. მარტის დასაწყისიდან ნავთობის ფასი ლონდონის კონტინენტთაშორის ბირჟაზე (ICE Futures Europe) საშუალოდ 55,5%-ით დაეცა.

ვინ და როგორ შეძლებს მუშაობას საქართველოში: წესების და შეზღუდვების სრული ჩამონათვალი>>

„ანუ რეალურად იმპორტის მაჩვენებელი არ ნიშნავს, რომ გაყიდვა და მოხმარება იდენტური იყო. გაყიდვა და მოხმარება კიდევ უფრო ნაკლები იყო, ვიდრე იმპორტი. გამომდინარე იქიდან, რომ შეზღუდვები გარკვეული სახის ეკონომიკურ საქმიანობაზე ეტაპობრივად იხსნება, ტრანსპორტის მოძრაობა დედაქალაქსა და სხვა რეგიონებში ნაწილობრივ აღდგენილია, გაყიდვებიც მაისიდან მნიშვნელოვნად მოიმატებს“, - აღნიშნა მთვრალაშვილმა.

საწვავის ფასი

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2020 წლის აპრილის თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 23,4  ათასი ტონა ანუ 72,9%;  A-95 პრემიუმი მარკის  ბენზინი - 8,3 ათასი ტონა ანუ  25,9%, A-98 სუპერი მარკის  ბენზინი - 0,4 ათასი ტონა ანუ 1,2%.

დღეს საქართველოში 5 მსხვილი კომპანია ოპერირებს, რომელთაც მთელ ქვეყანაში 600-მდე ავტოგასამართი სადგური ეკუთვნის. მათ გარდა არის ასევე მცირე და საშუალო კომპანიები, ე.წ. არაბრენდირებული, რომლებსაც ერთად ასევე დაახლოებით 600 ავტოგასამართი სადგური ეკუთვნის.

საქართველოში საწვავის ფასი დამოკიდებულია მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ღირებულებასა და ლარის კურსზე.

„პანდემიის დაწყებას ემთხვევა ნავთობის ფასების ვარდნა გლობალურ ბაზრებზე, მათ შორის, მნიშვნელოვნად მცირდება ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასები Platts-ის მიხედვით. სწორედ ამ პერიოდში - პანდემიის დაწყებიდან დღემდე - საქართველოში საწვავის ფასები საშუალოდ ყველა სახის პროდუქტზე 60-80 თეთრით შემცირდა“, - განაცხადა მთვრალაშვილმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ამ პერიოდში ლარი რომ არ გაუფასურებულიყო დოლართან მიმართებით, საწვავი გაცილებით უფრო გაიაფდებოდა.

იაფი საწვავი ფერმერებისთვის: როგორ იმუშავებს სქემა>>

დღესდღეობით ბრენდირებული ავტოგასამართი სადგურების ქსელებში ერთი ლიტრი საწვავის საშუალო ფასია: სუპერის - 2,21-2,70 ლარი; პრემიუმის - 2,07-2,15 ლარი; რეგულარის - 1,92-2,05 ლარი; ევროდიზელის - 2,03-2,14. ლარის კურსი დოლართან მიმართებით შეადგენს $1/3,2 ლ.

პროგნოზი

მთვრალაშვილი ოპტიმისტურადაა განწყობილი და ფიქრობს, რომ მთლიანობაში ნავთობპროდუქტების იმპორტიცა და მოხმარებაც გაიზრდება, თუმცა საწყის ნიშნულს არ დაუბრუნდება და ანალოგიურად წინა წლის მაჩვენებელსაც ვერ მიაღწევს.

„ტურიზმი ქვეყანაში ნავთობპროდუქტების მოხმარების მთავარი ფაქტორი იყო. ტურიზმი, გამომდინარე იმავე მოვლენებიდან, ალბათ წელს და განსაკუთრებით მომდევნო თვეებში, არ აღდგება და მოხმარების ზრდაზეც ვერ მოახდენს გავლენას. თუმცა ჩვენ სხვა ფაქტორები და ინდიკატორებიც გვაქვს, რომლებიც მოხმარებაზე მოქმედებენ“, - აღნიშნა მთვრალაშვილმა.

რაც შეეხება ფასებს, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ფასები გლობალურ ბაზრებზე ბოლო ერთ კვირაში-10 დღეში იზრდება და ეს ლოგიკურია, ვინაიდან 1 მაისიდან ძალაში შევიდა ოპეკის შეთანხმება ნავთობის მოპოვების კვოტების შემცირების შესახებ.

„საერთო ჯამში, მსოფლიოში ეკონომიკა, ასე ვთქვათ, იხსნება, გაჩნდა მოთხოვნილება ნავთობზე და ფასებმა მატება დაიწყო. ამ ფონზე ფასი უმნიშვნელოდ გაიზარდა - საშუალოდ 3-5 თეთრით ზოგიერთ არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურზე. აქედან გამომდინარე, საქართველოში ფასების შემცირებას მომავალში აღარ ველოდებით“, - განაცხადა მთვრალაშვილმა.

რაც შეეხება ფასების ზრდასა და მათ კორექტირებას, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის თქმით, ეს დამოკიდებული იქნება მომავალში ნავთობის ფასთან დაკავშირებულ პროცესებზე.

41
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
დაკეტილი რესტორნები და კაფეები აბანოთუბანში

საქართველო განაგრძობს საერთაშორისო დონორებისგან ფინანსური მხარდაჭერის მიღებას

35
(განახლებულია 13:04 25.05.2020)
ფრანგული მხარისგან მიღებული დაფინანსება საბიუჯეტო დახმარებას წარმოადგენს და მიმართული იქნება მთავრობის ასიგნების მხარდაჭერისკენ.

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) საქართველოს COVID-19-თან ბრძოლისთვის, ასევე ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის მხარდაჭერისთვის 190 მილიონ ევროს გამოუყოფს, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, AFD-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა გაელლე ასაიაჟმა და საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა ხელი მოაწერეს ორ ხელშეკრულებას.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს დაფინანსება საბიუჯეტო დახმარებას წარმოადგენს და მიმართული იქნება მთავრობის ასიგნების მხარდაჭერისკენ.

შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან, წარმოადგენს იმ ფინანსური მხარდაჭერის ნაწილს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის საერთაშორისო პარტნიორული დონორი ორგანიზაციებისგან იღებს.

მსოფლიო ბანკი საქართველოს მოსახლეობას კორონავირუსის პანდემიის დაძლევაში დაეხმარება>>

საერთაშორისო სავალუტო ფონდი დათანხმდა პროგრამა „დაფინანსების გაფართოების მექანიზმის“ გაგრძელებას, რაც საქართველოსთვის წლის ბოლომდე 447 მილიონი დოლარის გამოყოფას ნიშნავს. ამას გარდა, რიგი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები საქართველოს 1,5 მილიარდ დოლარს გამოუყოფენ 2020 წლის ბოლომდე.

35
თემები:
COVID-19 საქართველოში
სელფი

წარუმატებლები და არასაიმედოები: სელფის მოყვარულები მეცნიერული ექსპერიმენტით შეფასდნენ

0
(განახლებულია 13:01 25.05.2020)
ამერიკელი მეცნიერების კვლევამ სელფის მოყვარული ადამიანების რეალური ფსიქოლოგიური პორტრეტი დახატა და აჩვენა, როგორი აზრი ექმნებათ მათზე სოციალურ ქსელებში

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. თუ სოციალურ ქსელებში აქამდე განაგრძობთ სელფი–ფოტოების  გამოქვეყნებას, იცოდეთ, რომ ვერასდროს გახდებით „ინსტაგრამის“ დედოფალი, აცხადებს ვაშინგტონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი  კრის ბარი, რომელიც უკვე ხუთი წელია სწავლობს, თუ როგორ აისახება ადამიანის პიროვნული შტრიხები მის ქცევაზე სოცქსელებში. 

აღსანიშნავია, რომ მაშინ სამეცნიერო საზოგადოებაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, სელფი–ფოტოების დიდი რაოდენობა ადამიანის ნარცისულ–ნევრასტენიკულ მიდრეკილებებზე მეტყველებდა. კრის ბარიმ გადაწყვიტა შეემოწმებინა ეს პოპულარული თეორია პრაქტიკაზე, რისთვისაც კვლევა ჩაატარა და... უარყოფითი პასუხი მიიღო.

კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც სოციალურ ქსელებში დიდი რაოდენობით ფოტოებს აქვეყნებდნენ, რეალურ ცხოვრებაში არ გამოირჩეოდნენ გადაჭარბებული თვითშეფასებითა და ამპარტავნებით.

მაშინ მეცნიერმა გადაწყვიტა, გამოეკვლია, როგორ აღიქვამდნენ გარშემომყოფები ამა თუ იმ ადამიანის გატაცებას სელფებით და რა შთაბეჭდილება ექმნებოდათ მათ შესახებ.

კრის ბარიმ და მისმა კოლეგებმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს. მათ სტუდენტების ორი ჯგუფი შეკრიბეს: 30 კაცი ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან და 119  — სამხრეთ მისისიპის უნივერსიტეტიდან. მეცნიერებს შემთხვევით არ შეურჩევიათ ქვეყნის საპირისპირო ნაწილებში განთავსებული სასწავლო დაწესებულებები — ეს  იმისთვის გაკეთდა, რომ გამოერიცხათ პირადი ნაცნობობა პირველი და მეორე ჯგუფის წევრებს შორის. 

ვაშინგტონელმა სტუდენტებმა სწავლულებს თავიანთი ინსტაგრამ–გვერდები წარუდგინეს ექსპერიმენტისთვის. ფსიქოლოგებმა აკაუნტებიდან რამდენიმე ათეული პოსტი შეარჩიეს ერთმანეთის მსგავს თემებზე — მაგალითად, სადაც ახალგაზრდები მოგზაურობებზე, წვეულებებზე, სპორტულ ღონისძიებებსა თუ მათ ცხოვრებაში მომხდარ სხვა მოვლენებზე „საუბრობდნენ“. ამასთან, ზოგი სტუდენტი ამისთვის სელფის ამჯობინებდა, ზოგი კი პოზირების ჟანრს, ანუ როცა სხვა უღებდა ფოტოებს.

​ამის შემდეგ ვაშინგტონელი სტუდენტების პროფილები მისისიპელ თანატოლებს გადასცეს, რომლებსაც ისინი 13 კრიტერიუმით უნდა შეეფასებინათ: ნარცისიზმი, წარმატება, ექსტრავერსიისადმი მიდრეკილება, დაბალი ან მაღალი თვითშეფასება და ა.შ.

გაირკვა, რომ ერთი და იგივე მოვლენის მიწოდების ფორმა ძლიერ გავლენას ახდენდა მომხმარებლების აღქმაზე.

„იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც აკაუნტს ერთნაირი შინაარსი ჰქონდა, იმ ადამიანისადმი დამოკიდებულება, რომელიც სელფებს აქვეყნებდა, უარყოფითი იყო. ხოლო ის სტუდენტები, რომლებიც პოზირებას არჩევდნენ, შეფასდნენ როგორც უფრო საზრიანები, კომუნიკაბელურები, საიმედოები და წარმატებულები. გარდა ამისა, იუზერები მიიჩნევდნენ, რომ ეს მაღალი თვითშეფასების მქონე და კარგი სამეგობრო ადამიანები იყვნენ. სელფის მოყვარულები ყველა პოზიციაში ჩცამორჩებოდნენ“, — ამბობს პროფესორი კრის ბარი.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ არსებობს ვიზუალური სიგნალები, რომლებიც, კონტექსტის მიუხედავად, სოციალურ ქსელებში დადებით გამოხმაურებას ჰპოვებს ან გაღიზიანებას იწვევს. სწავლულების ერთ–ერთი მოსაზრების თანახმად, ადამიანი ბევრად ბუნებრივად გამოიყურება, როდესაც პოზირებს, ანუ სხვა უღებს სურათს. ამიტომ სოციალური ქსელების მომხმარებლები გულწრფელ და გახსნილ ადამიანად აღიქვამენ ასეთებს, ხოლო სელფის მოყვარულებს მანერულ, საკუთარ თავზე შეყვარებულ და ამპარტავან ეგოისტებად აფასებენ.

 

0
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება