ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრი: ანაკლიის პორტი პრიორიტეტშია, მაგრამ ფოთის პორტის პრეტენზიაც გასაგებია

127
მოქმედი ფოთის პორტის და ანაკლიაში მშენებარე ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ირგვლივ ვნებათაღელვა ოთხშაბათიდან არ ცხრება

თბილისი, 1 ივნისი - Sputnik. ფოთის პორტის მფლობელ კომპანიას ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის კანონიერი გზით მოპოვების სრული უფლება აქვს, მაგრამ სახელმწიფოსთვის პრიორიტეტს მაინც ანაკლიის პორტი წარმოადგენს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეარხ Rustavi2-ის ეთერში.

ფოთში ღრმაწყლოვანი პორტი არ აშენდება: რატომ გაათავისუფლეს სააგენტოს უფროსი >>

პარასკევს ფოთის პორტის მფლობელმა კომპანიამ IPM Terminals Poti განაცხადა, რომ  შესაძლო სამართლებრივ ნაბიჯებს განიხილავს დოკუმენტის გაუქმებასთან დაკავშირებით, რომლის გარეშეც მშენებლობა შეუძლებელია. როგორც ადრე განმარტა თურნავამ, გაუქმებულია მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების შემცველი დოკუმენტი, რომელსაც მთავრობასთან შეუთანხმებლად ხელი მოაწერა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსმა.

„მათ, რა თქმა უნდა, უფლება აქვთ, რომ სამართლებრივ ჭრილში განიხილონ ჩვენი გადაწყვეტილება და რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა იყოს, მათთან ურთიერთობა კანონთან შესაბამისობაში მოყვანილი და ყველა დარღვევა, რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ, უნდა აღმოიფხვრას იმიტომ, რომ სხვაგვარად ეს არ ეკადრება არც ამ გლობალურ ინვესტორს და ჩვენს სახელმწიფოს და ეკონომიკის სამინისტროს და მეორე, ნებისმიერ ასეთ წინადადებას, რასაკვირველია, განვიხილავთ ანაკლიის პორტის პრიორიტეტის კონტექსტში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ფოთის პორტის ირგვლივ სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც ოთხშაბათს ქალაქის მერიამ განაცხადა, რომ ფოთის პორტში იგეგმება ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა. განცხადების თანახმად, უნდა აშენდეს 1,6 ათასი მეტრის სიგრძის დამცავი მოლო და 700 მეტრის სიგრძის ნავსადგური. იქვე ითქვა, რომ პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება 250 მლნ დოლარია.

ამის შემდეგ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“, რომელიც ქვეყანაში პირველ ღრმაწყლოვან პორტს აშენებს, განგაში ატეხა. კომპანიის განცხადების თანახმად, „საუკუნის პროექტი“ - ასე უწოდებს მას საქართველოს ხელისუფლება - შესაძლოა ახალი გარემოებების გამო შეჩერდეს.

ამის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა დოკუმენტის გაუქმების შესახებ, რადგან აღმოჩენილია გარკვეული პროცედურული დარღვევები. მეტიც, მან განაცხადა, რომ თანამდებობიდან მოხსნილია ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი გიორგი კაკაურიძე, რომელმაც ხსენებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ დააფუძნეს ქართულმა კომპანიამ TBC Holding და ამერიკულმა კომპანიამ Conti International LLC. ამჟამად კონსორციუმში შედიან SSA Marine (აშშ), British Wondernet Expres (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd. (ბულგარეთი).

პორტის პირველი ფაზის მშენებლობისთვის აუცილებელია 600 მლნ დოლარი. სახელმწიფომ პროექტში კრედიტის სახით 100 მლნ დოლარის ჩადების პირობა დადო, კონსორციუმმა კი 120 მლნ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. დანარჩენი 400 მლნ კონსორციუმმა დაინტერესებული უცხოელი ინვესტორებისგან კრედიტის სახით უნდა მოიზიდოს.

ახალი სკანდალი: ანაკლიის პროექტის ინვესტორები პროექტის შეჩერებით იმუქრებიან >>

კრედიტორები უკვე გამოჩნდნენ, მაგრამ თანხის მისაღებად მხარეებმა ფინანსური გარიგება უნდა დახურონ. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით წარმოიშვა პრობლემა.

უმთავრესი მოთხოვნა ტვირთბრუნვის რისკის დაზღვევაა. კრედიტორი ბანკები ითხოვენ, სახელმწიფომ, ერთი მხრივ, უზრუნველყოს ეს კრედიტები, მეორე მხრივ, დააზღვიოს ტვირთების შემოტანის რისკი.

მთავრობა, თავის მხრივ, აცხადებს, რომ არ აპირებს კომერციული რისკების დაზღვევას.

127
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (283)