მამუკა ბახტაძე და იურგენ რიგტერინკი

„საქართველო რეგიონში ლიდერია": რაზე ისაუბრეს ბახტაძემ და EBRD-ს ვიცე-პრეზიდენტმა

82
(განახლებულია 13:46 15.05.2019)
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და EBRD-ს ვიცე-პრემიერმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვიცე-პრეზიდენტ იურგენ რიგტერინქთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს წარმატებები აღნიშნა.

EBRD-მა საქართველო კავკასიაში სტაბილურ პარტნიორად აღიარა>>>

შეხვედრა ბრიუსელში პროგრამა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა, რომლის მონაწილეც არის საქართველო.

„საქართველო ეკონომიკური ზრდის მიხედვით რეგიონში ლიდერი ქვეყანაა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მასთან პარტნიორობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს", – ავრცელებს მთავრობის პრეს-სამსახური ბახტაძის სიტყვებს.

ბახტაძემ რიგტერინქს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„საუბრის დროს ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ევრობანკის წარმატებულ თანამშრომლობას, რაზეც საქართველოში EBRD-ს დივერსიფიცირებული პორტფელიც მიუთითებს. მთავრობის მეთაურმა ევროპული რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა", – აღნიშნულია განცხადებაში.

შეხვედრისას საუბარი შეეხო EBRD-ს სამომავლო გეგმებსა და პროექტებს, რომელთა განხორციელებასაც ბანკი საქართველოში აპირებს. განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა და დადებითად შეფასდა განათლების მასშტაბური რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული სფეროს დაფინანსების გაზრდას, რისთვისაც დაგეგმილია მთლიანი შიდა პროდუქტის 6%, ანუ ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედი.

განხილვის ერთ-ერთი თემა იყო ინვესტორთა საბჭოს საქმიანობა, რაც მთავრობისა და ინვესტორების ურთიერთობის მნიშვნელოვანი პლატფორმაა. EBRD-ს პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს აღნიშნული ფორმატის მხარდაჭერისა და მასში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი დონორია. ბანკმა საქართველოში 224 პროექტი განახორციელა და 3,2 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.

 

82
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (87)