მამუკა ბახტაძე

საკრედიტო გარანტიები და შეღავათიანი გადასახადები: როგორ დაეხმარება მთავრობა მცირე ბიზნესს?

126
(განახლებულია 10:23 15.05.2019)
მთავრობა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის ახალ საგადასახადო ინიციატივებსა და პროგრამებს განიხილავს.

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საქართველო მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების ხარჯზე შეძლებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ვის ჩაუდგება მთავრობა კრედიტის თავდებად>>>

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემების თანახმად, საქართველოში 2019 წლის მარტში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ, წინასწარი მონაცემებით, 6% შეადგინა 2018 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. 2019 წლის პირველი კვარტლის საშუალო რეალური ზრდა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4,7%-ით განისაზღვრა.

„ჩვენ უნდა მივაღწიოთ ეკონომიკის ზრდას მცირე და საშუალო საწარმოების მეტი ხელშეწყობით. სამწუხაროდ, ასეთი საწარმოების რაოდენობა საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურაში ჯერ საკმარისი არ არის. ჩვენი მიზანია მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობა. ჩვენ მათ მეტი საგადასახადო ინიციატივები უნდა შევთავაზოთ", – განაცხადა ბახტაძემ.

ამასთან, როგორ მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერისკენ გადადგმული ნაბიჯი, პრემიერ-მინისტრმა დაასახელა მიმდინარე წლის აპრილში ამოქმედებული საკრედიტო გარანტიის პროგრამა – როდესაც ხელისუფლება საწარმოების გაფართოების მიზნით კრედიტების აღებაში ბანკის წინაშე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების გარანტორი იქნება.

„ერთ-ერთი ბოლო ინიციატივა იყო ე.წ. საკრედიტო გარანტია, რომელიც დაეხმარება მცირე და საშუალო საწარმოებს, რომ მათთვის ფინანსები უფრო ხელმისაწვდომი იყოს და ბიზნესის გაფართოება შეძლონ", – აღნიშნა ბახტაძემ.

მისი აზრით, ეს საწარმოებს ახალი ბაზრების ათვისების საშუალებას მისცემს.

სახელმწიფო კრედიტების მიღებაში იმ ბიზნესმენების გარანტორად გამოდის, რომელთაც არ აქვთ საკმარისი უზრუნველყოფა, რომ აიღონ სესხი. ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტში 20 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
2018 წლის 1 ივლისიდან მცირე ბიზნესისთვის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი ამოქმედდა, რომლის თანახმად, მათთვის ბრუნვის გადასახადი 5%-ის ნაცვლად 1%-ს შეადგენს.

საქართველოში მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭებათ ფიზიკურ პირებს, რომელთა წლიური ბრუნვა 500 ათას ლარამდე თანხას შეადგენს. ამასთან, თუ შემოსავალი გაიზრდება, პირი შემდგომი ორი წლის განმავლობაში მცირე ბიზნესის სტატუსს ინარჩუნებს.

ქესატად მყოფი მექისე ანუ ეკონომიკის შავი და თეთრი...>>>

საქართველოში მცირე ბიზნესის სტატუსის მისაღებად აუცილებელია პირი შემოსავლების სამსახურში დარეგისტრირდეს. თუ პირი ამასთანავე ინდივიდუალური მეწარმეა, მან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაცია წინასწარ უნდა გაიაროს.

მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, Doing Business-2019-ის რეიტინგში, რომელიც ბიზნესის წარმოების სიმარტივეს აფასებს, საქართველოს 190 ქვეყანას შორის მეექვსე ადგილი უკავია.

126
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (584)
უფასო WiFI-ს ნიშანი

ქართულ სოფლებში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის გაყვანა დაიწყება

29
(განახლებულია 00:25 27.05.2020)
პირველი, საპილოტე ეტაპი უახლოეს დღეებში დაიწყება, დანარჩენი ეტაპები, სავარაუდოდ, უახლოეს თვეებში ამოქმედდება, განაცხადა მინისტრმა

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. უახლოეს მომავალში საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა „ოუფენ ნეტის“ (OpenNet) საპილოტე ნაწილი დაიწყება, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

აღნიშნული პროექტის მთავარ ამოცანას წარმოადგენს სოფლების და დაბების ინტერნეტით უზრუნველყოფა, რადგან დიდი ქალაქებისთვის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მეტნაკლებად ხელმისაწვდომია. საუბარია 800 დასახლებულ პუნქტზე.

მინისტრის თქმით, მსოფლიო ბანკმა დაადასტურა მზადყოფნა, რომ დააფინანსებს აღნიშნულ პროექტს ქვეყნის მთავრობასთან ერთად.

თურნავას თქმით, აღნიშნული პროექტის შემდგომი დაჩქარების გეგმა მსოფლიო ბანკთან ერთად კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე მომზადდა.

„პროექტი დაყოფილია ორ ეტაპად. პირველი, საპილოტე ეტაპი დაიწყება უახლოეს დღეებში და შემდგომი დანარჩენი ეტაპი უკვე მსოფლიო ბანკთან შეთანხმების კვალობაზე, სავარაუდოდ უახლოეს თვეებში“, - განაცხადა თურნავამ.

თურნავას თქმით, კორონავირუსის პანდემიის ეპოქაში უფრო მეტი აქტუალობა შეიძინა პირადმა თუ სამსახურთან ან განათლებასთან დაკავშირებულმა ონლაინ ურთიერთობებმა. სწორედ ამიტომ გადაწყდა პროექტის განხორციელების პროცესის დაჩქარება.

„საპილოტე ნაწილი დაიწყება, უკვე დასრულდა ტენდერი და გვყავს გამარჯვებული კომპანია, მშენებლობა დაიწყება და მერე, შემდგომი პროექტიც მიყვება, ძალიან მალე დასრულდება“, - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია დამონტაჟდეს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი და შესაბამისი აპარატურა იმისთვის, რომ მოხდეს იმ სოფლების ინტერნეტიზაცია, რომლებიც დღესდღეობით ვერ სარგებლობს ინტერნეტით ან სადაც დაბალი ხარისხის ინტერნეტია.

ხევსურეთი online! – სოფელ როშკაში ინტერნეტი ჩაირთო >>

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, საქართველოში ინტერნეტის ქსელში სულ 901,8 ათასი აბონენტია რეგისტრირებული, მათ შორის არის როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები. აბონენტების უმრავლესობა დაფიქსირებულია თბილისში, ბათუმსა და რუსთავში, ამასთან, მთიან რეგიონებში არის სოფლები, რომლებშიც დღემდე არ არის ინტერნეტი. ყველაზე მძიმე სიტუაცია მთიან აჭარაში - შუახევში, ქედასა და ხულოში, ასევე თიანეთის და სვანეთის მუნიციპალიტეტებში.

29
თემები:
თანამედროვე ტექნოლოგიები
გაზმომპოვებელი საწარმო

თურნავა: საქართველო „გაზპრომს“ გაზის ახალ ფასზე შეუთანხმდა

55
(განახლებულია 21:03 26.05.2020)
მსოფლიოში ნავთობპროდუქტებზე ფასების ვარდნის გათვალისწინებით „გაზპრომთან“ უკვე არსებული კონტრაქტის გადახედვა ფასების შემცირებას ემსახურება, განაცხადა მინისტრმა.

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. „გაზპრომთან“ კონტრაქტის გადახედვა ბუნებრივი აირის შესყიდვის ფასის შემცირებას ემსახურება, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ქართულმა მხარემ რუსულ კომპანია „გაზპრომთან“ საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთში გაზის მიწოდების თაობაზე შეთანხმებას 2019 წლის მარტში მოაწერა ხელი. მხარეებს შორის ტრანზიტთან დაკავშირებული ანგარიშსწორება მთლიანად მონეტიზებულია. ახალი შეთანხმებით ტრანზიტის ღირებულება გაიზარდა, ხოლო შესყიდვის ფასი, თუ საქართველოს შესყიდვა დასჭირდება, შემცირდა.

„გათვალისწინებით ამ გაძლიერებული კონკურენციისა და იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში ნავთობპროდუქტების ფასები ეცემა, ახლანდელი გადახედვა, რაც ხდება „გაზპრომთან“ უკვე მოქმედ კონტრაქტში, ემსახურება ფასის დაკლებას. კომერციული საიდუმლოების გამო ციფრებს არ დავასახელებ, მაგრამ გეტყვით, რომ დაახლოებით 15 პროცენტით ხდება ფასის დაკლება ბუნებრივ აირზე“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, გაზზე ფასების შემცირება გლობალურია.

„დღეს აღნიშნული ბაზარი სრულად კონკურენტულია. კომერციულ ნაწილში ფასებს ეტაპობრივად აკლებს როგორც „სოკარი“, ანუ აზერბაიჯანული გაზის შემომტანი, ასევე „გაზპრომი“ ამ ტენდენციას მიჰყვება. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ კიდევ უფრო მეტად დავაკლებინებთ ფასებს. ეს იქნება დამოკიდებული ბაზრის კონიუნქტურაზე“, – განაცხადა თურნავამ.

ბუნებრივი აირის ბალანსის თანახმად, საქართველოში 2020 წელს გაზის მოხმარება ნავარაუდევია 2,5 მილიარდი კუბომეტრის დონეზე. აქედან რუსეთიდან შემოვა 170 მლნ კუბომეტრი. დანარჩენის შემოტანა აზერბაიჯანიდან იგეგმება.

55
თემები:
საქართველოს ენერგეტიკა
დაცარიელებული მცხეთა

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/27 მაისი

78334
23 მაისიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა აღარ მოქმედებს, მაგრამ მთავრობამ შეზღუდვების ნაწილი ძალაში დატოვა.

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოხსნის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მთავრობამ შეზღუდვების და აკრძალვების ნაწილი ძალაში დატოვა. ეს შესაძლებელი გახდა პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებებით კანონში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“. ახლა მთავრობას მიენიჭა უფლება შემოიღოს შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოხსნის შემდეგ.

ცვლილებები 15 ივლისამდე იმოქმედებს.

მოქმედი ძირითადი შეზღუდვების ჩამონათვალი:

  • დაკეტილია რესტორნები, სასტუმროები, ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მაღაზიები, სავაჭრო მოლები, სპორტდარბაზები;
  • რესტორნებს აქვთ მხოლოდ კერძების მიწოდების სერვისით მუშაობის უფლება, აგრეთვე ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მაღაზიებს შეუძლიათ ონლაინ ვაჭრობა;
  • ტაქსის მძღოლისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება, ტაქსით ორზე მეტი მგზავრის გადაყვანა არ შეიძლება, ისიც უკანა სავარძელზე
  • აკრძალულია კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა;
  • კაზინოების და ტოტალიზატორების მუშაობა დაშვებულია მხოლოდ ონლაინ;

მთავრობა საქართველოს ყველა მოქალაქეს მოქმედი რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

ტრანსპორტი

  • აკრძალულია საერთაშორისო სამგზავრო სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა;
  • აკრძალულია პირდაპირი საერთაშორისო რეგულარული ავიარეისები, ჩარტერულის გარდა, რომელიც ინიშნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა დაბრუნების მიზნით;
  • აკრძალულია სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა;
  • აკრძალულია საქალაქთაშორისო და მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით;
  • აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება.

საზოგადოებრივი ცხოვრება

  • აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა ტრადიციულ სოციალურ ღონისძიებებზე (ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.);
  • ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია და სემინარი უნდა ჩატარდეს დისტანციურად;
  • სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურად განხორციელდება;
  • დასაშვებია უნივერსიტეტში პრაქტიკული/ლაბორატორიული სამუშაოებისა და გამოცდების ჩატარება არადისტანციურად, მაგრამ რეკომენდაციების შესაბამისად;
  • კულტურული ღონისძიებები მხოლოდ დისტანციური ფორმით ჩატარდება;
  • აკრძალულია მასობრივი სპორტული ღონისძიებების, შეკრებების და შეჯიბრებების ჩატარება;

ეკონომიკური საქმიანობა

  • აკრძალულია რესტორნებში, ბარებში, კაფეებსა და სასადილოებში მომხმარებლის ადგილზე კვების მომსახურება;
  • აკრძალულია ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მაღაზიების მუშაობა;
  • აკრძალულია სავაჭრო ცენტრების და ბაზრობების მუშაობა, აგრარული ბაზრობების გარდა;
  • აკრძალულია სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება და გამართვა;
  • აკრძალულია ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა;
  • აკრძალულია სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობები და პროცედურები.

ამ მომენტისათვის ინფიცირებულთა რაოდენობა 732 ადამიანს შეადგენს, აქედან 537 გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა. კიდევ სამი ინფიცირებული მოქალაქე სამკურნალოდ სხვა ქვეყნებიდან ჩამოიყვანეს. ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ ჯერჯერობით აუცილებელია სოციალური დისტანციის უზრუნველყოფა და მოქალაქეთა მობილობის შეზღუდვა.

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების უმრავლესობა შიდა გადაცემას უკავშირდება.

საქართველო სხვა ქვეყნებისთვის კორონავირუსთან ბრძოლაში სამაგალითოა >>

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და შეიმუშავებს ახალ რეკომენდაციებს და შეზღუდვებს.

მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 3076, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 300 ადამიანია.

მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ენდონ. ყველა ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე StopCoV.ge.

„ცხელი ხაზის“ ნომრები: ცხელი ხაზი კარანტინის რეჟიმის საკითხებზე – 144. საქართველოს ჯანდაცვა – 15 05 (დღე-ღამის განმავლობაში); დაავადებათა კონტროლის ცენტრი – 116 001 (21:00-მდე სამუშაო დღეებში და 18:00-მდე დასვენების დღეებში).

ყველა მოხალისეს, რომელსაც აქვს დრო და სურვილი დაეხმაროს ხანდაზმულ ადამიანებს, ასევე მათ, ვისაც სპეციალური დახმარება ესაჭიროება, შეუძლია დარეკოს მერიის ცხელ ხაზზე (032)2722222 და წითელი ჯვრის ცხელ ხაზზე - 0800 000 018.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები
© Sputnik / Konstantin Ivanov.
კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები
78334
თემები:
COVID-19 საქართველოში