რკინიგზა

ბახტაძე: ბაქო–თბილისი–ყარსის პროექტში ცვლილებები საქართველოსთან უნდა შეთანხმდეს

239
(განახლებულია 10:10 10.05.2019)
მხოლოდ პროექტში მონაწილე ყველა ქვეყნის თანხმობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ახალი მოთამაშის შემოერთება, განაცხადა პრემიერმა.

თბილისი, 10 მაისი — Sputnik. ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის სხვადასხვა ტიპის ლიანდაგების შემაერთებელი სადგური ახალქალაქში უნდა იყოს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

რუსეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის სარკინიგზო კომპანიების ხელმძღვანელებმა ბაქო–თბილისი–ყარსის პროექტის ფარგლებში სარკინიგზო გადაზიდვების განვითარების შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.

ბაქო-თბილისი-ყარსის სრულყოფილი ამოქმედების თარიღი ცნობილია>>>

დოკუმენტი ითვალისწინებს თანამშრომლობას რეგულარული სარკინიგზო გადაზიდვების უზრუნველყოფის კუთხით. გარდა ამისა, რუსეთის რკინიგზა პროექტის მონაწილეებს ახალქალაქიდან ყარსამდე ფართოლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას სთავაზობს.

„ბაქო–თბილისი–ყარსის პროექტი ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და არსებობს სამ ქვეყანას შორის ხელმოწერილი ხელშეკრულება, სადაც კონკრეტულად განსაზღვრულია პრინციპები, რომლითაც ხორციელდება ეს პროექტი. სამუშაოების დიდი ნაწილი დასრულებულია და ჩვენ აუცილებლად დავამთავრებთ პროექტს იმ საინჟინრო გადაწყვეტილებით, რომელიც არსებობს. ამ საინჟინრო გადაწყვეტილების მიხედვით, შემაერთებელი სადგური არის სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე, ახალქალაქში", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მან აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უნდა იყოს შემაერთებელი სადგური, სადაც მოხდება ე.წ. ევროპული სტანდარტის ლიანდაგის რკინიგზის შეერთება საბჭოური სტანდარტის ლიანდაგთან.

„ანკარაში რა შეხვედრაც გაიმართა, ეს არის სრულიად სხვა რაკურსის შეხვედრა, როგორც ჩანს, ვინაიდან სამ ქვეყანას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მხოლოდ ყველა ქვეყნის თანხმობის შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ მას შემოუერთდეს ნებისმიერი სხვა მოთამაშე. სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე იქნება შემაერთებელი სადგური, სადაც მოხდება ე.წ. ევროპული სტანდარტის რკინიგზის შეერთება ჩვენი სტანდარტის რკინიგზასთან და ეს მოხდება სწორედ ახალქალაქში. არანაირი სხვა ვარიანტი არ განიხილება", – განაცხადა ბახტაძემ.

საქართველოს რკინიგზა უფრო მეტ სატრანზიტო ტვირთს იზიდავს>>>

საქართველოს 1520 მილიმეტრი სიგანის ლიანდაგი რუსეთის იმპერიიდან და საბჭოთა კავშირიდან ერგო. ევროპული ლიანდაგის სიგანე კი 1425 მილიმეტრია. ამიტომ ქართული ლიანდაგების ევროპულზე მიერთების სადგური ახალქალაქში აშენდა.

ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა აზერბაიჯანულ–ქართულ–თურქული სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების საფუძველზე აშენდა. პროექტის რეალიზაცია 2008 წელს დაიწყო. სატვირთო გადაზიდვების გახსნის ცერემონია 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა. ბაქო–თბილისი–ყარსის მარშრუტის სიგრძე 829 კილომეტრს შეადგენს.

ბაქო–თბილისი–ყარსის წლიური სავარაუდო გამტარუნარიანობაა — მილიონი მგზავრი და 6,5 მილიონი ტონა ტვირთი. მომავალში სატრანსპორტო დერეფნის წლიური გამტარუნარიანობა სამ მილიონ მგზავრამდე და 20 მილიონ ტონამდე შეიძლება გაიზარდოს.

 

239
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (643)
ახალი სახლები თბილისში

უფრო იაფად, ვიდრე გუშინ... ანუ  შეიძინე ბინა და გადმოდი დღესვე!...

31
(განახლებულია 12:29 14.07.2020)
ვის და როგორ შეუძლია საცხოვრისის შეძენისას სახელმწიფოს ფინანსური დახმარებით ისარგებლოს... რას მოუტანს სამშენებლო და საბანკო სექტორს, ზოგადად ქვეყნის ეკონომიკას იპოთეკური სესხების სუბსიდირების სამთავრობო პროგრამა?

სამსონ ხონელი

ტელეფონი არ ჩერდება... შეტყობინებას შეტყობინება მოსდევს...  

დეველოპერულ კომპანიებს კომერციული ბანკები ენაცვლებიან და პირიქით... „ისარგებლე იპოთეკური სესხების სუბსიდირების სამთავრობო პროგრამით, შეიძინე ბინა და გადმოდი დღესვე...“, − ასეთია გზავნილის მოკლე შინაარსი.

მოგეხსენებათ, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური შოკით სამშენებლო სექტორიც დაზარალდა. განვმარტავ, რატომ? მკვეთრად გაუფასურდა ეროვნული ვალუტა, საკრედიტო ბაზარზე ბოლო ერთ წელიწადში ლარში გაცემული სესხის საპროცენტო განაკვეთი კი 14.8 პროცენტიდან 16.6 პროცენტამდე გაიზარდა. სესხის გაძვირება ყველაზე მეტად ფიზიკური პირებისთვის ეროვნულ ვალუტაში გაცემულ კრედიტებს შეეხო. არადა, საცხოვრებელი ბინისა თუ სხვა ტიპის უძრავი ქონების შეძენის მსურველთათვის ძირითადი ფინანსური წყარო სწორედ საბანკო კრედიტია. ასე რომ, გაყიდვები შემცირდა და ეს არსებული საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის ლოგიკური შედეგია.

პატივცემულ მკითხველს შევახსენებ, რომ სამშენებლო სექტორის მხარდაჭერად მთავრობამ, ეროვნულმა ბანკმა და დეველოპერულმა კომპანიებმა, ერთობლივი პროგრამა შეიმუშავეს. ის ბინის შესაძენად ეროვნულ ვალუტაში გაცემულ იპოთეკურ სესხზე საპროცენტო ტვირთის შემსუბუქებას ითვალისწინებს. კერძოდ, მოქალაქეს, რომელიც ბინის შესაძენად მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე ეროვნულ ვალუტაში იპოთეკურ სესხს აიღებს, მთავრობა კრედიტის საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტს დაუსუბსიდირებს. პროგრამის ეს დებულება ყველა იმ სასესხო ხელშეკრულებას შეეხება, რომლის საკრედიტო თანხის ჯამური მოცულობა 200 ათას ლარს არ აღემატება. სუბსიდირების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წელია. ეს არის ის პერიოდი, როცა მსესხებელი ყველაზე მეტ საპროცენტო ხარჯს გასწევს და სახელმწიფო ეხმარება მას, რომ საპროცენტო ტვირთი შეუმსუბუქოს. ბიუჯეტიდან ამ მიზნით 70 მილიონი ლარი დაიხარჯება...

ერთი სიტყვით ქვეყნის წამყვანი ბანკები სამთავრობო პროგრამაში უკვე ჩაერთნენ. ამასობაში ინიციატივის გარშემო, რომელიც მაისის ბოლოს გაჟღერდა დისკუსია არ წყდება. სამშენებლო და საბანკო სფეროს წარმომადგენელთა შეფასებები დადებითია. საცხოვრისის პოტენციური მყიდველებიც კმაყოფილებას გამოხატავენ... რატომაც არა, ისინი პროგრამის მომხმარებლები არიან, სიკეთით ისარგებლებენ, მაგრამ ვიღაცეებმა შედარებით იაფი კრედიტით ბინები რომ შეიძინონ, საამისოდ ბიუჯეტიდან ხალხის ფული რატომ უნდა დაიხარჯოს, − შესაძლოა, ბრძანოს მკითხველმა და... აბა, რა გითხრათ, ყველამ თავისთვის განსაჯოს, რამდენად სწორია ამგვარი მიდგომა...

ექსპერტ-ანალიტიკოსთა აზრი გაიყო... ეკონომისტების ერთი ნაწილი სუბსიდირების ფაქტს არ მიესალმება. მათი შეფასებით, იპოთეკური სესხების სუბსიდირებით მთავრობა ბიუჯეტის ფულით ბანკებს აფინანსებს. არსებობს სერიოზული რისკი, რომ იმ მოსახლეობის ფულით, რომელსაც კრიზისში თავად გაუჭირდა, ბინების შეძენის მსურველ შეძლებულ მოქალაქეებს იპოთეკური სესხები დაუფინანსდეთ... 

„ძალიან მნიშვნელოვანია სუბსიდიის ფორმა, გამოდის რომ სახელმწიფო ბანკებს 70 მილიონ ლარს ჩუქნის. არადა, ეროვნული ბანკის დახმარებით შესაძლებელია, სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენება და ამ თანხის ბანკებისთვის სესხება, იმისათვის რომ იპოთეკურ სესხებზე ლარში დაბალი საპროცენტო განაკვეთები დააწესონ. ფაქტობრივად გამოდის, რომ ბიუჯეტის და მოსახლეობის გადასახადების ფული ტყუილად იფანტება. გარდა ამისა, ასეთი სტიმულირება სიგნალს აძლევს ბაზარს, დეველოპერები ეცდებიან ამ სუბსიდირების ფონზე მაღალი ფასები შეინარჩუნონ. ეს ძირეულად არასწორია. თუ უნდათ, ფართები გაიყიდოს, ფასები მინიმუმამდე უნდა დაწიონ. ახლა ისინი ცდილობენ თან მარჟაც შეინარჩუნონ, ბინები მაღალ ფასში გაყიდონ და ამავდროულად სახელმწიფოს მხარდაჭერით ისარგებლონ. ფასი ბაზარმა თავად უნდა დაარეგულიროს...“, − აცხადებს ეკონომისტი დავით კიკვაძე, რომელიც არ იზიარებს ეროვნული ბანკის შეფასებას, რომ სამშენებლო სექტორი, როგორც დამატებითი ღირებულების გადასახადის ყველაზე დიდი გადამხდელი, ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალია.

ექსპერტთა ერთი ნაწილი კობა გვენეტაძის უწყების ხედვას ეთანხმება და აღნიშნავს, რომ სუბსიდირება ხელს უწყობს ეკონომიკის სტიმულირებას და ტრანზაქციების გაზრდას, რაც საბიუჯეტო შემოსავლებზე პირდაპირ აისახება. სამშენებლო სექტორი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი და თანაც მაღალანაზღაურებადი დარგია. შესაბამისად, მასზე ძალიან ბევრი მომიჯნავე დარგი და უამრავი დასაქმებული თუ თვითდასაქმებულია დამოკიდებული. სტატისტიკური მონაცემების მოშველიება შორს წაგვიყვანს, მკითხველს შეუძლია, თავადაც გაეცნოს „საქსტატის“ ვებგვერდზე. სუბსიდირება ხელს უწყობს ეკონომიკის სტიმულირებას და ტრანზაქციების გაზრდას, რაც საბიუჯეტო შემოსავლებზე პირდაპირ აისახება. გარდა ამისა, გადაწყვეტილება დროულად არის მიღებული, რადგან, თუ კრიზისი გაღრმავდება, მერე ძალიან რთულია იქიდან გამოსვლა...  

„სახელმწიფო მხარდაჭერა კიდევ უფრო წაახალისებს არსებულ ბაზარს. თავის მხრივ საბანკო სექტორი მაქსიმალურად უწყობს ხელს რომ დაკრედიტება გაიზარდოს. ბინათმშენებლობის სექტორი ისედაც აღდგებოდა, უბრალოდ მთავრობის ინიციატივით, რაც სესხების გაცემებში მხოლოდ ახლა გამოჩნდება, სექტორის აღდგენა უფრო ადრე მოხდება. იპოთეკური სესხების სუბსიდირება ბანკებისთვისაც პოზიტიურია, თუმცა მთავარი გათვლა მაინც სამშენებლო სექტორზე და ზოგადად ეკონომიკაზეა...“, − აცხადებს ეკონომისტი ოთარ ნადარაია.  

ამასობაში ივლისის დასაწყისისთვის გაცემული ახალი იპოთეკური სესხების შვიდი დღის საშუალო მაჩვენებელმა პანდემიის პირობებში პირველად გადაუსწრო იანვარ-თებერვლის პერიოდის საშუალო მაჩვენებელს... სავარაუდოდ, წლის ბოლომდე კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში ეროვნულ ვალუტაში გაცემული იპოთეკური სესხების წილი კიდევ უფრო გაიზრდება... რა ეფექტი ექნება სუბსიდირების სამთავრობო პროგრამას სამშენებლო, საბანკო სექტორისთვის და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკისთვის, ამას დრო გვიჩვენებს...

 

31
სატვირთო ავტომობილი

როგორ ვაჭრობს საქართველო ექსპორტი და იმპორტი კვლავ ეცემა

44
(განახლებულია 09:35 14.07.2020)
მიმდინარე წლის ივნისში საქართველოს საგარეო ბრუნვა 16%–ით დაეცა, მათ შორის ექსპორტი 13,1%–ით, ხოლო ომპორტი – 17,2%–ით

თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. ექსპორტი საქართველოდან განაგრძობს ვარდნას – წლის პირველ ნახევარში 1,5 მილიარდზე მეტი თანხის ქართული პროდუქცია გაიტანეს, რაც 2019 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 15,6%–ით ნაკლებია, ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, „საქსტატის“ პრეს–რელიზში.

2020 წლის პირველ ნახევარში იმპორტმა დაახლოებით 3,6 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 16,5%–ით ნაკლებია.

მსოფლიო ბანკისგან დამატებით 45 მლნ ევრო: რას მოხმარდება თანხა>>

მთლიანობაში საგარეო ბრუნვა 2020 წლის დასაწყისიდან, 2019 წლის იანვარ–ივნისთან შედარებით, 16,3%–ით შემცირდა და დაახლოებით 5,1 მლრდ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად).

ვარდნის ტემპები მცირდება

ექსპორტისა და იმპორტის ვარდნის ტემპები მცირდება – მიმდინარე წლის ივნისში საქართველოს საგარეო ბრუნვა 16%–ით დაეცა, მათ შორის ექსპორტი 13,1%–ით, ხოლო იმპორტი – 17,2%–ით. ხოლო ამა წლის მაისში საქართველოს საგარეო ბრუნვა 33,2%–ით დაეცა, მათ შორის ექსპორტი 30,6%–ით, ხოლო იმპორტი – 34,3%–ით.

კორონავირუსის აფეთქებამ ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული დარტყმა მიაყენა – ზარალდება სასტუმროები, რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, დასვენებისა და გართობის ცენტრები, ტრანსპორტი. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა ასევე ფინანსური სექტორი, მშენებლობის, უძრავი ქონების, წარმოებისა და განათლების სფეროები.

ქართული საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო ექსპორტის შემცირებამ ეკონომიკას შეიძლება 200 მილიონიდან ერთ მილიარდ დოლარამდე ზარალი მიაყენოს, იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

არადამაიმედებელი პროგნოზები

ეკონომიკის დოქტორი რატი აბულაძე მიიჩნევს, რომ საგარეო ვაჭრობის შემცირების მიზეზი ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე საკარანტინო ზომებია, ასევე თითოეულ ქვეყანაში გამოცხადებული შეზღუდვები, დაბრკოლებები გადაზიდვებში და გადახდისუნარიანობის ვარდნა.

აბულაძის განცხადებით, საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ გლობალური სავაჭრო კრახის შედეგად ვაჭრობის შემცირება 2020 წელს, კრიზისის სიღრმიდან გამომდინარე, 9–32%-ის დიაპაზონში იქნება.

„აღსანიშნავია ვაჭრობის დაცემის დიდი მასშტაბები რეგიონულ დონეზე. კვლევების შედეგებით, ევროკავშირის 27 ქვეყნის ექსპორტის შემცირება გადააჭარბებს 285 მილიარდ ევროს, ხოლო იმპორტის ვარდნა – 245 მლრდ ევროს“, – განაცხადა აბულაძემ.

ის მიიჩნევს, რომ, მიუხედავად კორონავირუსის პანდემიის უკან დახევისა, საერთაშორისო ვაჭრობაში ვარდნა და დაბრკოლებები – ეს მხოლოდ დასაწყისია.

მთავრობა კრიზისს ებრძვის

მთავრობამ უკვე შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა, რომლის მიხედვით ხელისუფლება ფინანსურად დაეხმარება უმუშევრებს, სოციალურად დაუცველებს, შშმ პირებს, თვითდასაქმებულებსა და მრავალშვილიან ოჯახებს.

როგორია COVID-19-ის გავლენა ეკონომიკაზე? ანუ რეალობა და პერსპექტივა>>

ცალკე გეგმა შემუშავდა ბიზნესის დასახმარებლად. მას მთავრობა განსაკუთრებულ შეღავათებს შესთავაზებს. ამასთან, ძირითადი აქცენტი ამჯერად გაკეთდება ადგილობრივი წარმოების გაზრდასა და პროფილის შეცვლაზე.

ეკონომიკაზე კორონავირუსის ნეგატიური გავლენის შემცირების მიზნით საქართველო საერთაშორისო პარტნიორებისგან სამი მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას მიიღებს.

44
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (643)
გიორგი შაქარაშვილი

„ჩემმა გადაღებულმა ვიდეომ მკვლელი გამოააშკარავა“ - მსახიობი განცხადებას ავრცელებს

0
(განახლებულია 13:46 14.07.2020)
სოციალურ ქსელში მსახიობი გეგა სალუქვაძე ემოციურ პოსტს აზიარებს და წერს, რომ მან გადაიღო ვიდეომასალა, რომელმაც მისი მეგობრის მკვლელი გამოაშკარავა

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. მსახიობი გეგა სალუქვაძე სოციალურ ქსელში გარდაცვლილ მეგობართან, კალათბურთელ აჩიკო რუხაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ გიორგი შაქარაშვილის მსგავსი ტრაგედია მათმა სამეგობრომაც გამოიარა.

მსახიობის თქმით, აჩიკო რუხაძე, იგივე ბაჩუ, ყოვლად უწყინარი და კაცთმოყვარე 22 წლის კალათბურთელი, 2005 წელს, საბედისწერო ბანკეტზე, ქუჩურმა და კრიმინალურმა მენტალიტეტმა იმსხვერპლა, თუმცა იმ დროს ყველა ღირსეულად მოიქცა, პოლიციის ჩათვალით, თანაც იმ პერიოდში არც სათვალთვალო კამერები არსებობდა და არც უშუალო მოწმე. როგორც მსახიობი წერს, მისმა გადაღებულმა ვიდეომასალამ და რამდენიმე გოგოს ღირსეულმა და უშიშარმა ჩვენებამ, ხანგრძლივი ძიების შემდეგ, მკვლელი გამოააშკარავა.

„რა თქმა უნდა მაშინაც გამოერია ბევრი ფლიდი ახალგაზრდა, მშობლებითურთ, რომლებსაც თითქოსდა არაფერი ახსოვდათ. მინდა მოვუწოდო ახალგაზრდებს და მათ მშობლებს, გავა დრო და ძალიან შერცხვება ყველას, შეიძლება ცხოვრებისეულ ჯოჯოხეთადაც კი გექცეთ დაფარული სინამდვილე. ამიტომ, დაივწყეთ ყველაფერი და ილაპარაკეთ სიმართლე, ამაზე დიდ საქმეს შაქარაშვილის სულის პატივსაცემად ვერაფერს იზამთ ცხოვრებაში“, - წერს მსახიობი.

18 ივნისს, გვიან საღამოს მცხეთის ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება იყო, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო, რომელსაც გიორგი და მასთან ერთად კიდევ ხუთი ახალგაზრდა გაერიდა. მათ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. აგარაკზე ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით ორი მანქანით, რკინის ხელკეტებით შეიარაღებული გაეშურნენ.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე თბილისისკენ ფეხით მიმავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფი ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოახერხა. გიორგის კვალი სწორედ ამ დაპირისპირებისას დაიკარგა.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სამი მუხლით მიმდინარეობდა: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, დილით მიმართა. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს ის მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, ნათქვამია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში, თუმცა იქვე მითითებულია, რომ გარდაცვლილს ბლაგვი-მკვრივი საგნით სიცოცხლეშივე მიყენებული აქვს მრავლობითი დაზიანებები.

ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით საქართველოს პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი – დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით.l

0