Standard & Poor's საქართველოს ეკონომიკას პოზიტივი მოუძებნა

© photo: Sputnik / Vitaly Belousov / გადასვლა მედიაბანკშიკომპანია Standard & Poor's-ის ლოგო
კომპანია Standard & Poor's-ის ლოგო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სააგენტო იმედოვნებს, რომ საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები პროგნოზს უახლოეს 12 თვეში გადააჭარბებს

თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Standard & Poor's (S&P) საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგების პროგნოზი „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა, ნათქვამია სააგენტოს საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ამავდროულად, S&P ინარჩუნებს უცხოურ და ეროვნულ ვალუტაში ვალდებულებების რეიტინგს ВВ-/ В დონეზე.

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ეკონომიკურ ზრდას იმედიანად უყურებს >>

სააგენტოს პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა ზრდის შედარებით მაღალ ტემპს შეინარჩუნებს უფრო რთული საგარეო პირობების შემთხვევაშიც კი.

გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ საქართველო დაიცავს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დაფინანსებული პროგრამის პირობებს, რომელმაც სავალუტო რეზერვები და ინვესტორების ნდობა უნდა გაამყაროს.

„პოზიტიური პროგნოზი, პირველ რიგში, ასახავს ჩვენს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ეკონომიკურმა და საგარეო მაჩვენებლებმა შესაძლოა გადააჭარბოს მიმდინარე პროგნოზს მომდევნო 12 თვის განმავლობაში. ეს ასევე ასახავს ქვეყნის მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებული შეთანხმების პირობების განუხრელად დაცვას“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორ შეიძლება შეიცვალოს რეიტინგი

სააგენტო აღნიშნავს, რომ შეიძლება გადახედოს რეიტინგებს მათი გაზრდის მიმართულებით, თუ საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები მოსალოდნელზე მაღალი აღმოჩნდება.

სწრაფი ჩარიცხვის აპარატი - Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკი: დაკრედიტებაზე შეზღუდვების დაწესებამ ქვეყნის ეკონომიკა გადაარჩინა

 „ჩვენ შეგვეძლო ასევე რეიტინგების გაზრდა, თუ საქართველოს საგარეო პოზიცია გამყარდებოდა, მაგალითად, ექსპორტის უფრო მაღალი მაჩვენებლების შედეგად და საქართველოს ეროვნულ ბანკში უფრო მაღალი სავალუტო რეზერვების საფუძველზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

მეორე მხრივ, S&P-ს შეუძლია პროგნოზის დაწევა „სტაბილურამდე“ საქართველოს ეკონომიკის სუსტი ზრდის შემთხვევაში, რაც ნეგატიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ პერსპექტივებზე და მის საგარეო პოზიციებზე. გარდა ამისა, პროგნოზის შემცირება შესაძლებელია, თუ საქართველოს ინსტიტუციური მექანიზმები შესუსტდება და პოლიტიკა ნაკლებად პროგნოზირებადი იქნება, რაც ბიზნესის ნდობას შეარყევს და ზრდის პერსპექტივაზე აისახება.

საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობა

Standard & Poor's მიიჩნევს, რომ საქართველოს რეიტინგები კვლავ გამყარებულია რეგიონის მასშტაბით ქვეყნის შედარებით ძლიერი ინსტიტუციური მექანიზმებით. გარდა ამისა, სააგენტოს პროგნოზით, სუფთა სახელმწიფო ვალი 2022 წლის ბოლომდე მშპ-ს 40%-იან მიახლოებულ დონეზე შენარჩუნდება.

საქართველოს ეკონომიკა უფრო სწრაფად იზრდება >>

„რეიტინგები, ძირითადად, შემოიფარგლება 2019 წელს 4400 დოლარის მოცულობით ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებლით, რომელიც გლობალური თვალსაზრისით, კვლავ დაბალია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს ხელისუფლების რეაქცია

პროგნოზის ზრდას კომენტარი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ გაუკეთა.

მისი განცხადებით, S&P-ის პოზიტიური შეფასება დაკავშირებულია იმასთან, რომ „სააგენტოში დაინახეს საქართველოში საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონში მიმდინარე რეცესიისგან დამოუკიდებლად, აგრეთვე აღნიშნეს ძალიან გააზრებული რეფორმების პროგრამა, წარმატებული და გამართული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი ეკონომიკის მთავარი მოწყვლადობა საგარეო თვალსაზრისით კვლავ ხაზგასმულია“.

გიორგი ქობულიას განცხადებით, „საქართველოს ძირითად სავაჭრო ქვეყნებში, როგორიცაა თურქეთი, რუსეთი და ევროკავშირის სახელმწიფოები, მოსალოდნელია რეცესიის პროცესის გაგრძელება, ამიტომ S&P-ში განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდებიან, როგორ გაიზრდება ჩვენი საექსპორტო მიმართულება, ამიტომ ჩვენთვის ექსპორტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

Standard & Poor's - საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების „დიდ სამეულში“ შედის Fitch Ratings Inc-თან და Moody's-თან ერთად.

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტმა საქართველო ეკონომიკური განვითარებისთვის შეაქო >>

Fitch Ratings ამა წლის თებერვალში საქართველოს ემიტენტის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი უცხოურ ვალუტაში სტაბილური პროგნოზით „BB-“-დან „BB“-მდე გაზარდა. Moody's Investors Service-მა 2017 წელს გაზარდა საქართველოს არაუზრუნველყოფილი რეიტინგის პროგნოზი უცხოურ ვალუტაში და პროგნოზი დეპოზიტებისა და ობლიგაციების მიხედვით.

ყველა ახალი ამბავი
0